Media Checker
არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრმა", გამოაქვეყნა ანგარიში "საქართველოს მედიაგარემო". კვლევაში ყურადღება გამახვილებულია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ჟურნალისტების უსაფრთხოება, კრიტიკული მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და ხელისუფლების ბოიკოტი მათ მიმართ, დეზინფორმაციული კამპანიები, მედიის დამოუკიდებლობის ხარისხი პოლიტიკური და სხვა სახის გავლენისგან, ასევე - სექტორში არსებული ძირითადი გამოწვევები.

კვლევის ძირითადი მიგნებები,მოკლედ:

საქართველოში ტელევიზია ინფორმაციის მიღების მთავარ წყაროდ რჩება, თუმცა მოქალაქეები ინფორმაციას ძირითადად ამავე ტელევიზიების სოციალური არხების საშუალებით იღებენ.

პოლარიზაცია განსაკუთრებით თვალსაჩინო წამყვანი ეროვნული მედიების შემთხვევაში და ნაკლებად შეინიშნება რეგიონულ დონეზე. კვლევაში გამოყენებულია სხვადასხვა წლის მონაცემები და სტატიები, როგორც ორგანიზაციების ანგარიშებიდან, ასევე ფაქტ-ჩეკერებისა და გამოცემების ვებგვერდებიდან.

მოკლედ:
  • ტელეკომპანია "იმედი" - ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი მედიაკომპანიაა, ღიად პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკით.
  • „რუსთავი 2“ ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი არხია.
  • "მთავარი არხი" სარედაქციო პოლიტიკა პროოპოზიციურია.
  • ტელეკომპანია „ფორმულა“ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მედიასაშუალებას წარმოადგენს.
  • "ტვ პირველს" ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა აქვს.
  • „პოსტვ“ პროსახელისუფლებო არხია, რომელიც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ მადისკრედიტებელი კამპანიების გავრცელებით არის ცნობილი.

საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებელი მიუკერძოებლად უნდა ასახავდეს ქვეყანაში არსებულ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მრავალფეროვნებას, მაგრამ საქართველოში ეს სატელევიზიო არხი ასევე პოლიტიკურად მიკერძოებულია.

ქართული მედიაგარემო საერთაშორისო რეიტინგებში

"საქართველო მრავალი წლის განმავლობაში რეგიონში მოწინავე ქვეყანად ითვლებოდა მისი მიღწევების გამო. ქვეყანამ შეძლო განემტკიცებინა დემოკრატიული ინსტიტუტები და გაეტარებინა მნიშვნელოვანი რეფორმები. თუმცა, ბოლო წლებია ეს მიღწევები სტაგნაციას განიცდის" - ვკითხულობთ ანგარიშში.

მოკლედ:
  • „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) შეფასების თანახმად, 2022 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებზე გამიზნული თავდასხმის შედეგად, rsf-ის ინდექსში საქართველომ 89-ე ადგილი დაიკავა 180 ქვეყნიდან, რაც მნიშვნელოვანი გაუარესება იყო. 2023 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო 77-ე ადგილზეა, მაგრამ RSF შეფასების მიხედვით, ქვეყანა რჩება პრობლემური ქვეყნების კატეგორიაში.
  • Freedom House-ის „გარდამავალ ეტაპზე მყოფი სახელმწიფოები 2023“ შეფასების თანახმად, 50 დამოუკიდებელი მედიის რეიტინგი შემცირდა, რაც განპირობებულია ჟურნალისტების მიმართ ძალადობრივი გარემოს მრავალწლიანი ტენდენციით, პოლარიზებული და პოლიტიზებული მედიაგარემოთი და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიასაშუალების დირექტორის დაპატიმრებით.
  • 2022 წელს ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია „ამნესთი ინტერნეშენალმა“ „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას, დაპატიმრებას „განსხვავებული აზრის პოლიტიკური მოტივით ჩახშობა“ უწოდა. "სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარმია შეიწყალა"- წაიკითხეთ ვრცლად
  • 2022 წლის რეზოლუციაში ევროპის პარლამენტმა კრიტიკულად შეაფასა ბოლო წლებში საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხი და ჟურნალისტთა უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები.

ფიზიკური ძალადობა, მუქარა და დაშინება
  • DW Akademie-ის 2022 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებულ კვლევაში მონაწილე რესპონდენტთა (ჟურნალისტები) აბსოლუტურმა უმრავლესობამ (93%) განაცხადა, რომ თავს ნაკლებად დაცულად გრძნობს, ვიდრე სამი წლის წინ.
  • ამავე კვლევის მიხედვით, ყველაზე მოწყვლად ჯგუფად მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების წარმომადგენლები განიხილებიან, განსაკუთრებით - რეპორტიორები და გამომძიებელი ჟურნალისტები.
  • ჟურნალისტების მიმართ ძალადობის შემთხვევები ხშირდება წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს.

როგორ იყენებენ SLAPP სარჩელებს კრიტიკული მედიის წინააღმდეგ?

სტრატეგიული სარჩელები სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ (SLAPP), ანგარიშის მიხედვით არის უსაფუძვლო ცილისწამების სარჩელები, რომლებიც შეტანილია პოლიტიკურად ან ფინანსურად გავლენიანი პირების მიერ საჯაროდ აქტიური მოქალაქეების გაჩუმებისა და მათთვის ფინანსური ბარიერების შექმნის მიზნით. "მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესები კრიტიკული მედიის წინააღმდეგ" - წაიკითხეთ ვრცლად.

საჯარო ინფორმაციაზე წვდომა

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი", IDFI-ის მიერ მომზადებული 2022 წლის სტატისტიკური მიგნებები საჯარო დაწასებებულებებიდან ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებით:
  • ჟურნალისტთა დაახლოებით 12% -მა შეძლო კანონით გათვალისწინებული ვადის დაცვით საჯარო ინფორმაციის სრულად მოპოვება.
  • საჯარო დაწესებულებებმა, უმრავლეს შემთხვევაში ან დაარღვიესსაქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული - საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადები ან უპასუხოდ დატოვეს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნები.
  • ხშირად, საჯარო დაწესებულებები არასრულყოფილად გასცემენ მოთხოვნილ ინფორმაციას და არც ასაბუთებენ,თუ რატომ არ გაიცემა მოთხოვნილი ინფორმაცია, რაც აფერხებს გასაჩივრების უფლებით ჯეროვნად სარგებლობას.
  • წაიკითხეთ ვრცლად - "რატომ არ გასცემენ საჯარო უწყებები ინფორმაციას?"

ანგარიშის ბოლოს, ჩამოთვლილია რეკომენდაციები ჯანსაღი მედიაგარემოსა და ჟურნალისტების უფლებების ეფექტური დაცვის უზრუნველსაყოფად:
  • ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მედიისა და ჟურნალისტების უფლებების საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაცვა.
  • ეფექტურად უნდა იყოს გამოძიებული მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის, დაშინებისა თუ პროფესიული საქმიანობის უკანონოდ ხელშეშლის შემთხვევები.
  • მედიასა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განხორციელდეს უშუალოდ დაინტერესებული პირებისა და დამოუკიდებელი აქტორების მონაწილეობით, ჩართულობით და ფართო კონსესუსის საფუძველზე.
  • კომუნიკაციების ეროვნული კომისიამ, მედიის და სხვა დაინტერესებული პირების ჩართულობით, უზრუნველყოს სიძულვილის ენასა და უხამსობის განმარტებასთან დაკავშირებით სახელმძღვანელო დოკუმენტის მომზადება. - წაიკითხეთ ვრცლად - "სადავო ცვლილებების დაჩქარებული განხილვა - რა საფრთხეს ხედავენ კანონპროექტში?"
  • მმართველმა პარტიამ შეწყვიტოს ბოიკოტი კრიტიკული მედიების წინააღმდეგ. ანტაგონისტური და მტრული გარემო უნდა შეიცვალოს პროფესიული და ჯანსაღი თანამშრომლობით.
  • ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ცვლილებები კანონმდებლობაში, რათა დაიცვას ჟურნალისტები SLAPP საჩივრებისგან. მედიის წარმომადგენლების მხრიდან უნდა გადაიდგას ეფექტური ნაბიჯები პროფესიული და ეთიკური სტანდარტების გაძლიერებასა და პრაქტიკაში მათ გამოყენებასთან დაკავშირებით.
რა ვალდებულებები აქვთ ე.წ
ე.წ. "ინფლუენსერებს" მზარდი გავლენა აქვთ სოციალური ქსელების აუდიტორიაზე, რაც არაერთი კვლევით დასტურდება. ზოგიერთ ქვეყანაში უკვე მოქმედებს რეგულაციები ამ მიმართულებით. საქართველოში ჯერ მსგავსი რეგულაციები არ არსებობს, თუმცა კონკურენციის სააგენტოს ამ თემაზე უკვე მუშაობს.

რიცხვებში:
  • 27-42 წლამდე ამერიკელი მომხმარებლების 50% ენდობა "ინფლუენსერების" რეკომენდაციას ამა თუ იმ პროდუქტზე.
  • თავის მხრივ, კი მარკეტერების 92% თვლის რომ "ინფლუენსერ მარკეტინგი" მარკეტინგის ყველაზე ეფექტური ფორმაა.
  • დამატებით, 2023 წელს გამოიკვეთა ახალი ტენდენცია, რომ მომხმარებლებისთვის ინფლუენსერები ახალი ამბების მიღების მთავარი წყაროცაა - წაიკითხეთ ვრცლად.
რა რეგულაციები არსებობს "ინფლუენსერებისთვის" მსოფლიოში?

ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში, "ინფლუენსერები" ვალდებულები არიან, რომ გამჭვირვალობისთვის მიუთითონ:
  • თუ კონკრეტული პროდუქტის პოპულარიზაციას თანხის აღების სანაცვლოდ ეწევიან, აუცილებლად ვიდეოს დასაწყისში აცნობონ ამის შესახებ მომხმარებლებს;
  • ჰქონდეთ წარწერა "რეკლამა" და შეარჩიონ შესაბამისი ჰეშთეგები; თუ პროდუქცი საჩუქრად მიიღეს, ვალდებულები არიან, რომ ამის შესახებაც მიაწოდონ ინფორმაცია მათ გამომწერებს;
  • ევროკომისიას გამოქვეყნებული აქვს ვიდეო ინსტრუქციაც ინფლუენსერებისთვის.

იგივე ხდება აშშ-შიც. ინფლუენსერები ვალდებულები არიან, რომ მომხმარებლებს მიაწოდონ ინფორმაცია თუ პროდუქტის რეკლამის სანაცვლოდ თანხა აიღეს. ვაჭრობის ფედერალური კომიის (FTC) გაიდლაინის მიხედვით:
  • "ინფლუენსერებს" არ აქვთ უფლება, რომ რეკლამის შესახებ ინფორმაცია "წაიკითხე მეტის" (Read More) ველში იყოს.
  • რეკლამის შესახებ მხოლოდ აღწერაში მიუთითონ, ისინი ვალდებულნი არიან, რომ ამის შესახებ მომხმარებელს ვერბალურადაც შეატყობინონ და სხვა.

რა ხდება საქართველოში?

საქართველოშიც, ისევე როგორც მსოფლიოში, ინფლუენსერ მარკეტინგი, განსაკუთრებით პოპულარული პანდემიის დროს და მის შემდგომ პერიოდში გახდა. "საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო" ამ მიმართულებით "ინფლუენსერებისთვის" გზამკვლევის შექმნას გეგმავს, მათი განცხადებით, "არ იგეგმება არანაირი დამატებითი საკანონმდებლო რეგულაციის შემოღება, ამჟამინდელი, კანონი ელექტრონული კომერციის შესახებ საკითხს სრულად ფარავს."
  • "ინფლუენსერებს" ექნებათ ვალდებულება, რომ მიუთითონ თუ კონკრეტული სერვისი ან პროდუქტი თანხის აღების სანაცვლოდ განათავსეს, ისე, როგორც ეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებშია.
რაზე საუბრობდნენ ჩვენი რესპონდენტები 2023 წელს
2023 წელს, მედიაგარემო როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში დაძაბული და მრავალფეროვანი აღმოჩნდა.მედიაჩეკერმა არაერთი ინტერვიუ ჩაწერა ჟურნალისტებთან, მედიაში დასაქმებულ ადამიანებთან და ექსპერტებთან. ამ მასალაში გაეცნობით ყველაზე მნიშვნელოვან მონაკვეთებს წლის ინტერვიუებიდან.

1. ინტერევიუ გერონტი ყალიჩავასთან


2023 წლის პირველ თებერვალს ინტერნეტგამოცემა livepress.ge დაიხურა. სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აფხაზეთის ამბებზე ფოკუსირებული დამოუკიდებელი მედია უმეტესწილად, გრანტების დახმარებით ფუნქციონირებდა და ქმნიდა სამენოვან კონტენტს ქართულ, რუსულ და აფხაზურ ენებზე.

"ლაივპრესი" 2011 წელს ჟურნალისტმა გერონტი ყალიჩავამ დააფუძნა, რომელიც მანამდე სხვადასხვა მედიასაშუალებაში მუშაობდა, მათ შორის, "რადიო თავისუფლებაში" და ამ გამოცემისთვის სამეგრელოს ამბებს აშუქებდა.

ყალიჩავა თქვა, რომ ფინანსური სირთულეები, რაც "ლაივპრესის" დახურვის მთავარ მიზეზად იქცა, შემცირებულ საგრანტო თანხებთან იყო დაკავშირებული. ასევე აღნიშნავდა, რომ ბიზნესი მეტწილად, "კლიკბეით" (*მხოლოდ რეიტინგზე ორიენტირებული მედია) ინტერნეტგამოცემებს სწყალობს, რამაც შესაძლოა, საქართველოში სხვა დამოუკიდებელი, შედარებით მცირე, მაგრამ კვალიფიციური მედიასაშუალებების მუშაობის შეწყვეტაც გამოიწვიოს.

მოკლედ, ინტერვიუს ძირითადი ფრაზები:

  • "ლაივპრესის" დახურვა უნდა იყოს სიგნალი დონორებისთვისა და ბიზნესისთვის";
  • "დამოუკიდებელი მედიები კი არ უნდა სთხოვდნენ დონორებს გრანტს, დონორები უნდა ეკითხებოდნენ, რამდენი გჭირდებათ სრულფასოვნად ფუნქციონირებისთვისო, თუ ორივე ერთ პრინციპს — დემოკრატიის მშენებლობას ვემსახურებით";
  • "ვთხოვ დონორებს, არ მიატოვონ სხვა კარგი, დამოუკიდებელი გამოცემები, რომ მათაც არ გაიზიარონ "ლაივპრესის" ბედი";
  • " არ იქნება დამოუკიდებელი მედია — არ იქნება დამოუკიდებელი ბიზნესი და სასამართლო";
  • "ბიზნესმა უნდა გაიაზროს, რომ დემოკრატიაში უფრო მეტ ფულს იშოვის ადამიანი, ვიდრე - დიქტატურაში";
  • "სატელევიზიო მედია 2012 წლამდეც პოლარიზებული იყო და "ვარდისფერი სათვალით" აშუქებდა ამბებს, მაგრამ ახლა უფრო მეტი OPT (*კრემლის პროპაგანდისტური არხი) გვაქვს”.

2. ინტერვიუ აჭარის მაუწყებლის ხელმძღვანელთან


ვლადიმერ (ლადო) ტატიშვილი 2022 წლის 11 ნოემბერს გახდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არჩეული დირექტორი. ინტერვიუში არხთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე და განვითარების მისეულ ხედვებზე ისაუბრა.

მოკლედ, ინტერვიუს ძირითადი ფრაზები:

  • "ყოველთვის წინააღმდეგი ვარ, დირექტორი სარედაქციო პოლიტიკაში ერეოდეს";
  • "მაუწყებელი არ უნდა აკეთებდეს სიუჟეტს ვინმეს გულის მოსაგებად, ან აკრიტიკებდეს მხოლოდ კრიტიკისთვის და აღარ ინტერესდებოდეს, რა მოხდა შემდეგ";
  • "საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალი უნდა იყოს, შეამციროს პოლარიზება"; "ტელევიზიას აქვს დიდი ძალა და გვინდა, ვიქცეთ ხიდად მოქალაქესა და როგორც ადგილობრივ, ასევე, ცენტრალურ ხელისუფლებას შორის";
  • "ჩვენთვის ღირებულება არის საქართველოს მოქალაქე, მიუხედავად რელიგიური, გენდერული, თუ სხვა სახის იდენტობისა… ის ადამიანი არის საზოგადოების ნაწილი და დამთავრდა";
  • "ყველაფერს გავაკეთებ, რომ კულტურა ასოცირდებოდეს ჩვენს მაუწყებელთან და ეს ჟანრი სრულად ჩვენ დავიკავოთ ტელესივრცეში".

3. ინტერვიუ ნესტან ცეცხლაძესთან


2023 წლის თებერვალს ანტიდასავლურად განწყობილმა პარტია "ხალხის ძალამ" პარლამენტში დაარეგისტრირა რუსული კანონის ანალოგიური კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". ამ კანონის საწინააღმდეგო კამპანიაში აქტიურად ჩაერთო მედია.

"ნეტგაზეთი" 10 წელზე მეტია, უცხოური გრანტების საშუალებით ფუნქციონირებს და საზოგადოებას გადამოწმებულ, სიღრმისეულ ინფორმაციას აწვდის. სანამ კანონპროექტს პირველი მოსმენით მიიღებდნენ და აქციების შემდეგ ჩააგდებდნენ, მედიაჩეკერმა ინტერვიუ "ნეტგაზეთის" მთავარ რედაქტორთან, ნესტან ცეცხლაძესთან ჩაწერა.

მოკლედ, ინტერვიუს ძირითადი ფრაზები:

  • “ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველოში გაქრება დამოუკიდებელი, კრიტიკული მედია და ეს უნდა იყოს განგაშის ზარი ამ ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის. შეიძლება ეს სიტყვები ძალიან "პლაკატურია", მაგრამ ეს იქნება რეალობა”;
  • “როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ადამიანს, რომელსაც "აგენტის" სტატუსს მიანიჭებენ, ნორმალურად შეძლოს მუშაობა და ფუნქციონირება. ნუ გვექნება ილუზია, რომ აგენტის "სტატუსმინიჭებულ" ადამიანებს არ აღიქვამენ ჯაშუშებად”.

4. ინტერვიუ კახა კინწურაშვილთან


2023 წლის მარტში მსახიობმა კახა კინწურაშვილმა ტელეკომპანია "იმედთან" თანამშრომლობა შეწყვიტა. კინწურაშვილი, 10 წელზე მეტი იყო არხის ერთ-ერთი სახე. ინტერვიუში გვესაუბრა იმაზე რა პრობლემებს ხედავს არხის ღიად გაცხადებულ პროსამთავრობო საინფორმაციო პოლიტიკაში და დღევანდელი მოცემულობის გათვალისწინებით, რა რისკებს ქმნის "იმედის" პოზიციები ქართული საზოგადოებისა და ქვეყნის საგარეო კურსისთვის.

მოკლედ, ინტერვიუს ძირითადი ფრაზები:

  • “უპირისპირდებოდე შენს მოქალაქეებს და თან, თამაშში შედიოდე იმ ქვეყანასთან, რომელმაც გაანადგურა შენი სახელმწიფო და საზოგადოება, რუსული საქმეა”; “მე არასდროს ვეთანხმებოდი "იმედის" საინფორმაციო პოლიტიკას და ღიადაც ვაფიქსირებდი ამას, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ღალატს, ეს უკვე აღარაფერში წერია”;
  • “საერთო მიზნებისთვის, ყველას ჩვენი საბრძოლველი გვაქვს. ზოგჯერ, საზოგადოება, ერთმანეთს იმაზე მეტს ვთხოვთ, ვიდრე შესაბამისი უნარი და შესაძლებლობა გვაქვს, ამიტომ, ჩემი თხოვნაა, ყველამ საკუთარი ბრძოლა მოვიგოთ — თუნდაც, ფართო სურათში პატარად და უმნიშვნელოდ გვეჩვენებოდეს”.

5. ინტერვიუ ირინე კურტანიძესთან


ე.წ. რუსული კანონის დაინიცირებისა და მისი გაწვევის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ, ღიად ანტიდასავლური საკომუნიკაციო სტრატეგია აირჩია. ამ პერიოდში მმართველი პარტიის ლექსიკაში, პოლიტიკური, თუ საზოგადოებრივი ჯგუფების მარგინალიზების მიზნით, გაჩნდა ფრაზები: "ფაშისტები", "ეკლესიის მაგინებლები", "ელგებეტე" პროპაგანდის გამავრცელებლები".

ირინე კურტანიძემ წლებია საარჩევნო ტექნოლოგიებსა და პოლიტიკურ კომუნიკაციებს იკვლევს. ის ინტერვიუში საუბრობს კონკრეტულ მაგალითებზე, რომელიც მიუთითებს, რამდენად ახლოს არის "ოცნების" პროპაგანდისტული ენა რუსულ პროპაგანდისტულ ტაქტიკებთან.

მოკლედ, ინტერვიუს ძირითადი ფრაზები:

  • “სტრატეგიული ნარატივის გასავრცელებლად იყენებენ როგორც მაღალი თანამდებობის პირებს, ასევე, სხვადასხვა აქტორებს, მათ შორის, ექსპერტებად, ან მედიაპერსონებად ცნობილ მათთან აფილირებულ პირებს. "ოცნებამ", “ფაშისტი” პირდაპირ გადმოიტანა რუსული პროპაგანდიდან”.
  • “კრემლმა, ჯერ კიდევ 2014 წელს, ყირიმის კრიზისის პერიოდში დაიწყო უკრაინელების ფაშისტებად მარგინალიზების კამპანია და ეს ისმოდა ყველა სატელევიზიო გადაცემაში”;
  • “რუსეთი არ ცდილობს, გააერთიანოს ადამიანები ღირებულებების ირგვლივ, პირიქით — ამის საპირისპიროზე, ადამიანების დემობილიზებისკენაა მოწოდებული, გარკვეული ორგანიზაციებისა და ჯგუფების დეჰუმანიზებისკენ და იმაზე, რომ დათესოს ნიჰილიზმი”;
  • “როდესაც ყველა სამთავრობო პროპაგანდისტული არხიდან გეუბნებიან, ეკონომიკური პარამეტრებით ყველაფერი რიგზე გვაქვსო, ეს ინფორმაციული მანიპულაციის ნაწილია, რომ შენ გაგიჩნდეს ეჭვები და იფიქრო, იქნებ ქვეყანა წინ მიდის და ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ეს მე ვხარჯავ უფრო მეტს, ან უფრო არამიზნობრივადო”.

6. ინტერვიუ თეონა სეხნიაშვილთან


მედიაჩეკერი მარტის ბოლოს ასევე ესაუბრა თეონა სეხნიაშვილთან, რომელიც ვენაში, "პრესის საერთაშორისო ინსტიტუტში" (*IPI) მუშაობს. თეონა სეხნიაშვილი ამბობს, რომ საქართველოსა და ბელარუსს ბევრი ფაქტორი განასხვავებს, თუმცა, საერთოა ტენდენციაა, არა მხოლოდ მარგინალიზების გზით, საკანონმდებლო ბერკეტებითაც ჩაახშონ დამოუკიდებელი მედიის ხმა.

სეხნიაშვილმა იმ პარალელებზე ისაუბრა, რომელიც მედიასთან ბრძოლაში, "ოცნებასა" და ავტორიტარ ლუკაშენკოს შორისაა.

მოკლედ, ინტერვიუს ძირითადი ფრაზები:

  • “განსხვავება ისაა, რომ იქ, პირდაპირ ამბობს ლუკაშენკო, ჩვენ ავტორიტარული ქვეყანა-ვართო და, ამით ამაყობს კიდეც. საქართველოში კი, თან გვეუბნებიან, დემოკრატიული ქვეყანა ვართ და მაღალია ჩვენთან პრესის დამოუკიდებლობის ხარისხიო, და ამავდროულად, აშკარად ავტორიტარიზმისკენ მიდიან და ზღუდავენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას”;
  • “მე არ ვარ ასეთი ოპტიმისტი, სკეპტიკურად ვარ განწყობილი, თუნდაც, "იმედის" არსებული შემადგენლობის მიმართ. მე მგონია, რომ აი აქ და ახლა გადის ზღვარი. ახლა თუ არ წავლენ, ამას არ გააკეთებენ ხვალ. ვინც თავის დროზე დაინახა ცენზურის პირველი ნიშნები, უკვე დიდი ხნის წინ დატოვა არხი, მაგალითად, დიანა ტრაპაიძემ, თამუნა ჩიხლაძემ. დღეს კი, "იმედი", თავისი შინაარსით იგივე დონეა, რაც "პოსტივი", ან "ალტ ინფო".

7. ინტერვიუ ანა აბაშიძესთან


20 მარტს, გამოცემა "ტაბულას" ჟურნალისტმა, მაკო ჯაბუამ, სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამდენიმე წლის წინ გასაუბრებაზე, ტელეკომპანია "პოს ტვს” თანადამფუძნებელმა, შალვა რამიშვილმა სექსუალურად შეავიწროვა. მის "ფეისბუქ პოსტს" გამოეხმაურნენ სხვა ქალები, რომლებიც რამიშვილს იმავე დანაშაულში ამხელდნენ. მანამდე, 2018 წელს ის ტელეკომპანია "იმედის" ყოფილმა თანამშრომელმა, თათია სამხარაძემაც ამხილა და სასამართლო პროცესი მოუგო.

მედიაჩეკერმა იურისტ ანა აბაშიძესთან ისაუბრა სექსუალური შევიწროების თემაზე დამკვიდრებულ სტერეოტიპებსა და მედიის მიერ სწორად გაშუქების მნიშვნელობაზე.

მოკლედ, ინტერვიუს ძირითადი ფრაზები:

  • “სასამართლო სისტემას თათია სამხარაძემდე არცერთხელ უმსჯელია სამსახურეობრივ ურთიერთობებში სექსუალური შევიწროების შემთხვევებზე”;
  • “მედიას დღეს, პრაქტიკულად, გადამწყვეტი როლი აქვს იმაში, თუ როგორ წავა საზოგადოებრივი განვითარების ხაზი. მას შეუძლია დრამატული ზიანი მიაყენოს ამ განვითარებას და ამავდროულად, შეუძლია, დადებითი თვალსაზრისით, ყველაზე სწრაფი ცვლილებაც კი გამოიწვიოს”;
  • “მედიას ერთ-ერთ მთავარ აქტორად მივიჩნევ ადამიანის უფლებებში, ჩვენ მათ გარეშე გაგვიჭირდებოდა იმ საქმეების გაკეთება, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ადამიანებისთვის სასიკეთო შედეგი მოაქვთ”.

8. ინტერვიუ ანნა მირონიუკთან

რუსეთისომი უკრაინაში 2023 წელსაც განხილვადი იყო. უკრაინელი კორესპინდეტები კი ყოველდღიურად ჰყვებიან რეალურ ამბებს მსოფლიოსთვის.

შესაძლებელია, ჟურნალისტებმა შეინარჩუნონ ობიექტურობა საკუთარ ქვეყანაში ომის გაშუქებისას? რა ეთიკურ და მორალურ დილემებს აწყდება უკრაინული მედია, უკრაინაში რუსეთის ომის გაშუქებისას — "The Kyiv Independent"-ის ერთ-ერთ დამფუძნებელთან, ჟურნალისტ ანნა მირონიუკთან ინტერვიუში ვისაუბრეთ.

მოკლედ, ინტერვიუს ძირითადი ფრაზები:

  • "ომის დროს არ გაქვს უფლება, რომ უბრალოდ, სხვა ამბავზე "გადაერთო";
  • "ობიექტურობა ნიშნავს, რომ აუდიტორიას მიაწოდო საჭირო კონტექსტი და სრული სურათი, რათა თავად მიიღონ გადაწყვეტილება”;
  • "ვფიქრობ, "The Kyiv Independent"-ი თავისი გაშუქებით ადასტურებს, რომ ჩვენ არ ვართ ხელისუფლების პრესსამსახური”;
  • "პრეზიდენტი ზელენსკი არ მიიჩნევს, რომ მედია შუამავლად ესაჭიროება, მას შეუძლია, პირდაპირ მიმართოს საზოგადოებას და "კუთხეში მომწყვდეულს" არ მოუწიოს ჟურნალისტების კრიტიკულ კითხვებზე პასუხის გაცემა”;
  • "იმოქმედეთ ეთიკურად და მიჰყევით ფაქტებს, სწორედ ეს არის ჟურნალისტიკის ფუნდამენტი, სხვა შემთხვევაში ხდები პიარი ან პროპაგანდისტი”;
  • “არ მიმაჩნია, რომ რუსულ პროპაგანდას აუცილებლად უკრაინული პროპაგანდა უნდა დავუპირისპიროთ”.
პარლამენტში გუშინ, 23:00 საათიდან ამოქმედებული უსაფრთხოების წითელი დონე 14.00 საათზე გაუქმდება და მოქმედებას ყვითელი დონე დაიწყებს

პარლამენტში გუშინ, 23:00 საათიდან ამოქმედებული უსაფრთხოების წითელი დონე 14.00 საათზე გაუქმდება და მოქმედებას ყვითელი დონე დაიწყებს.
 
უსაფრთხოების დამატებითი ზომების გამო საკანონმდებლო ორგანოში დღეს, 2 მაისს დაგეგმილი ღონისძიებები: ბიუროს და პლენარული სხდომები აღარ გაიმართება.

პარლამენტის ოფიციალური განცხადებით, „წითელი დონის დროს შენობაში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა".

უსაფრთხოების ყვითელი დონე კი ვიზიტორების შეზღუდვას გულისხმობს და შენობაში მხოლოდ პარლამენტის თანამშრომლები დაიშვებიან.

უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიზანი პარლამენტის განცხადებით, შენობაში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაა.

რუსული კანონის საპარლამენტო განხილვებისას ონლაინ მედიის ჟურნალისტებს შენობაში სწორედ, უსაფრთხოების ყვითელი დონის მოქმედების გამო არ უშვებენ.

დაწესებული შეზღუდვები მიმდინარე კვირაში ნაწილობრივ ტელემედიის წარმომადგენლებსაც შეეხოთ.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონი, რომელსაც მოქალაქეები ხელმეორედ დაინიცირების დღიდან აპროტესტებენ, პარლამენტმა გუშინ მეორე მოსმენით მიიღო.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია 30 აპრილსა და 1 მაისს სპეცრაზმმა რამდენჯერმე დაარბია. შსს-ის წარმომადგენლები მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებდნენ: ცრემლსადენ გაზს, წიწაკის სპრეის, წყლის ჭავლსა და რეზინის ტყვიებს. პრეცრაზმელები სცემდნენ  და აკავებდნენ აქციის მონაწილეებსაც.

დარბევის დროს, ორივე დღეს, დაშავდნენ და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელი ეშლებოდათ მედიის წარმომადგენლებსაც.
ქარტია საქართველოს ხელისუფლებას კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნებისკენ მოუწოდებს
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ 30 აპრილსა და 1 მაისს საპოლიციო ძალების მიერ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის განსაკუთრებული სისასტიკით დაშლას გმობს და საქართველოს ხელისუფლებას კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

„30 აპრილს გვიან ღამით და 1 მაისს გამთენიისას, საპოლიციო ძალებმა, ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე, რამდენჯერმე დაარბიეს რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი აქცია, რა დროსაც გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი. საპოლიციო ძალები იტაცებდნენ ადამიანებს და დაკავებულებზე ფიზიკურად ძალადობდნენ. ქართული უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, აქციის დასაშლელად გამოყენებული არაპროპორცული ძალა გაუტოლდა წამებას და არაადამიანურ მოპყრობას. 

ამ პროცესში საპოლიციო ძალების სამიზნე აღმოჩნდნენ ის ჟურნალისტებიც, რომლებიც აქციას აშუქებდნენ. მათი ერთი ნაწილის მიმართ საპოლიციო ძალებმა სპეციალური საშუალებები, კერძოდ, წიწაკის სპრეი, გამოიყენეს, ხოლო მეორე ნაწილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

,,ტვ პირველის” ცნობით და და ორგანიზაცია ,,მედიაომბუდსმენის” ინფორმაციით, სპეცრაზმმა ,,ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფზე (ნანუკა ქაჯაია, დავით ბერაძე) იძალადა  - მათ ჟურნალისტი ნანუკა ქაჯაია ჩიტაძის ქუჩიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. ორგანიზაცია ,,მედიაომბუდსმენის” ინფორმაციით, სპეცრაზმმა საქმიანობაში ხელი შეუშალა ,,ტვ პირველის” ჟურნალისტებს და ოპერატორებს (გიორგი შეწირულს, მარიამ მაკასარაშვილს და დიანა ჩირგაძეს). ,,ტვ პირველის” ინფორმაციით, მარიამ მაკასარაშვილს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ,,ტვ პირველის” ინფორმაციით,  მათ  ოპერატორს, ნიკა კოკაიას, სახეში წიწაკის სპრეი შეასხეს. ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“  ინფორმაციით, წიწაკის სპრეი შეასხეს სახეში „პუბლიკას“ რედაქტორს ლიკა ზაკაშვილს და ჟურნალისტს ბასტი მგალობლიშვილს.

„აი ფაქტის“ ჟურნალისტი რობი ზარიძე, სრულიად მშვიდობიანად მდგომი, პოლიციელებმა ჯერ კორდონში შეითრიეს, სადაც მას სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ , ხოლო შემდეგ დააკავეს. როდესაც პოლიციელები მიხვდნენ, რომ მათ მიერ დაკავებული პირი ჟურნალისტი იყო, მათ რობი ზარიძის პატრულისთვის გადაბარება გადაწყვიტეს, თუმცა პატრული ვერ იპოვეს და საბოლოოდ ჟურნალისტი გაუშვეს. მას დაუბრუნეს ჩამორთმეული ტელეფონიც, თუმცა დაზიანებული. 
 
პოლიციელები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს დეა მამისეიშვილს, რომელსაც ყელში სწვდნენ და ასე შეეცადნენ, მას უკან დაეხია.

თვითმხილველთა ინფორმაციით, სპეცრაზმელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ფოტოგრაფებს გურამ მურადოვსა და დავით ქორიძეს, ხოლო ფოტოჟურნალისტ გიორგი ნაკაშიძეს სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი. ფოტოჟურნალისტი ზიანისგან კამერამ დაიცვა.  
ორგანიზაცია „მედიაომბუდსმენის” ცნობით, დაშავდა ასევე CNews-ის ჟურნალისტი გიგა გელხვიძე, რომელსაც სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

ქარტია გმობს მშვიდობიანი აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას და საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, სწრაფად და ეფექტურად გამოიძიონ საპოლიციო ძალების მხრიდან უკანონო ქმედების და ძალის გადამეტების ყოველი შემთხვევა და მოძალადეები კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯონ. ქარტია ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მოქალაქეებისათვის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და მოქალაქეებთან ურთიერთობისას კონსტიტუციურ ჩარჩოებს დაუბრუნდეს“, - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.
 
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის გაშუქებისას მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეეშალათ


30 აპრილს, ღამით რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის გაშუქებისას ჟურნალისტები და მედიის სხვა წარმომადგენლები დაშავდნენ და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეეშალათ.
სპეცრაზმელებმა მუშაობაში უკანონოდ ხელი შეუშალეს ტელეკომპანია "მთავარი არხისა" და "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფებს, ონლაინ გამოცემების: "პუბლიკა", "აი, ფაქტი" და CNews Exclusive-ის ჟურნალისტებს. დაშავდნენ ფოტოჟურნალისტებიც.
მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით "მედიაომბუდსმენმა" სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უკვე მიმართა. გუშინდელი აქცია სპეცრაზმმა რამდენჯერმე დაარბია. შსს-ის წარმომადგენლებმა მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენეს: ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი. პრეცრაზმელები სცემდნენ აქციის მონაწილეებსაც.
შსს-ის ცნობით, გასულ ღამეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ჯამში, 63 პირი დააკავეს.
საკანონმდებლო ორგანოსთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან ყოველდღე იმართება.
პარლამენტთან აქცია დაგეგმილია დღესაც, 17:00 საათზე.
 



დაპატიმრებული ჟურნალისტები აზერბაიჯანში და გამოცემა, რომელიც ემიგრაციიდან გააგრძელებს მუშაობას
ბოლო 3 თვეში აზერბაიჯანული გამოცემა AbzasMedia-ს ხელმძღვანელობა “კონტრაბანდის” ბრალდებით დააკავეს. მათ შორის არიან, გამოცემის დირექტორი, ულვი ჰასანლი, მოადგილე, მუჰამედ კეკალოვი მთავარი რედაქტორი, სევინჯ ვაგიფგიზი და კორესპონდენტები. დაპატიმრებები უკვე შეფასდა, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები.

დეტალები:

  • ბოლო პერიოდში აზერბაიჯანში ყველაზე გახმაურებული ჟურნალისტური გამოძიებების ავტორი სწორედ AbzasMedia იყო.
  • დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში გამოცემის თანამშრომლებს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მუშაობის გაგრძელება ემიგრაციიდან

მიუხედავად AbzasMedia-ს ხელმძღვანელობის დაპატიმრებისა, გამოცემა მუშაობის გაგრძელებას ემიგრაციიდან გეგმავს.

  • პატიმრობაში მყოფმა ხელმძღვანელობამ მთავარ რედაქტორად ჟურნალისტი ლეილა მუსტაფაევა დაასახელეს, რომელიც ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს.
  • “იგი ზედამხედველობას გაუწევს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მიმოფანტული ახალი სარედაქციო გუნდის მუშაობას”.

“ჩვენ გვესმის ჟურნალისტური საქმიანობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მნიშვნელობა და ვაფასებთ საზოგადოების და ჩვენი უცხოელი კოლეგების მხარდაჭერას, რომლებიც აფასებენ სიტყვის თავისუფლებას ამ რთულ დროს”, — ნათქვამია გამოცემის განცხადებაში.

გარდა ამისა

დაპატიმრებები არ შემოიფარგლება მხოლოდ AbzasMedia-ს თანამშრომლებით.

  • აზერბაიჯანში დააკავეს კიდევ რამდენიმე ჟურნალისტი და ბლოგერი, მათ შორის YouTube არხის, Arzu Sayadoğlu-ს წამყვანი, რომელიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი.

რეპრესიის ახალ ტალღას ქვეყანაში დაგეგმილი არჩევნებით ხსნიან, რომელიც 7 თებერვალს იმართება. ამას ადასტურებს ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის შეფასება, რომლის მიხედვითაც 2023 წლის ბოლოს პრესის თავისუფლების მდგომარეობა აზერბაიჯანში საგრძნობლად გაუარესდა.
CPJ-ს მონაცემებით, 2023 წელს 95 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი მოკლეს
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) მონაცემებით, 2023 წელს 84 ჟურნალისტი და 11 მედიის თანამშრომელი მოკლეს.

ჟურნალისტებისთვის კრიტიკული აღმოჩნდა ისრაელ-პალესტინის ომი, სადაც 2023 წელს 77 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი დაიღუპა (2024 წლის 15 იანვირი მონაცემებით კი უკვე 82-ია გარდაცვლილი).

2023 წელს მოკლული 77 ჟურნალისტიდან:
  • 70 პალესტინელი;
  • 3 ლიბანელი;
  • 4 კი ისრაელი მოქალაქე იყო.

CPJ ასევე იძიებს უამრავ დაუდასტურებელ ცნობას სხვა ჟურნალისტების მოკვლის, დაკარგვის, დაკავების, დაშავების ან მუქარის და მედიის ოფისებისა და ჟურნალისტების სახლების დაზიანების შესახებ.

ჟურნალისტებისთვის კვლავ სახიფათო ქვეყანად ითვლება უკრაინა — 2023 წელს 2 ჟურნალისტი დაიღუპა.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს:

  • აშშ — 1;
  • მექსიკა — 1;
  • ჰაიტი — 1;
  • კოლუმბია —1;
  • პორტუგალია — 1;
  • ალბანეთი — 1;
  • სუდანი — 1;
  • კამერუნი — 2;
  • რუანდა — 1;
  • ლესოთო — 1;
  • ავღანეთი — 1;
  • ინდოეთი — 1;
  • ბანგლადეში — 1;
  • ფილიპინები — 2.

პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები

ჟურნალისტები საზღვრებს გარეშეს (RSF) 29 დეკემბრის მონაცემებით, 2023 წელს 779 ჟურნალისტი დააპატიმრეს, ხოლო 547 ახალი წლის ღამეს ციხეში შეხვდნენ. მათი ნახევარი დაკავებული მხოლოდ 4 ქვეყანაში — ჩინეთი, მიანმარი, ბელორუსი და ვიეტნამი. 

ფეისბუქი პრიორიტეტული აღარ არის - 2024 წლის მედიაპროგნოზი
9 იანვარს, "როიტერსის ინსტიტუტმა", "ოქსფორდის უნივერსიტეტთან" ერთად გამოაქვეყნა 2024 წლის მედიაპროგნოზი. კვლევის მიხედვით, ახალი ამბებისგან თავის არიდება მედიისთვის, კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, ასევე, 2024 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან წელს, 40-ზე მეტ სახელმწიფოში არჩევნებია, მათ შორის, საქართველოშიც.

გასულ წლებში, გამოცემებმა დაიწყეს ხელოვნური ინტელექტის აქტიურად გამოყენება, რედაქცია ვალდებულია, რომ მიუთითოს თუ მასალა AI-ს გენერირებულია.
  • 2024 წლის მედიაპროგნოზით, ხელოვნური ინტელექტის დეზინფორმაციის ან მანიპულაციური კონტენტის გასავრცელებლად გამოყენება ერთ-ერთი მთავარ გამოწვევაა;
  • 2026 წლისთვის კი ონლაინ გამოქვეყნებული მასალის 90% AI-ს გენერირებული იქნება. ამიტომ, ჟურნალისტებს სჭირდებათ ახალი უნარები და ტექნოლოგიური წიგნიერების მაღალი დონე, რათა გაუმკლავდნენ ამ გამოწვევას.
კვლევაში მონაწილეობდა სხვადასხვა გამოცემის 300-ზე მეტი მედიამენეჯერი და ციფრული პლატფორმების ხელმძღვანელი, მიგნებები მოკლედ:

რომელი ციფრული პლატფორმებია პრიორიტეტული?

გამოკითხულთა 60%-ზე მეტი პრობლემად მიიჩნევს, რომ შემცირებულია "ფეისბუქიდან" და "X"-დან (ყოფილი ტვიტერი) გამოცემის ვებგვერდზე გადმოსულ მომხმარებელთა რაოდენობა. ამიტომ, მათთვის ეს ქსელები ნაკლებად პრიორიტეტულია.
  • 2024-ში ისინი უფრო მეტად ისეთი პლატფორმების გააქტიურებაზე იმუშავებენ, როგორიაა "WhatsApp" და გამოიყენებენ "ინსტაგრამი"-ს "არხი"-ს (Channel) ფუნქციას. ასევე, ამ წელსაც დიდ რესურსს ჩადებენ "ტიკტოკ"-სა და "იუთუბი"-ში.
  • ამის გათვალისწინებით, გამოცემები გეგმავენ, რომ უფრო მეტი ვიდეო კონტენტი შექმნან, ე.წ "ნიუსლეთერი" და პოდკასტები 2024-შიც აუდიტორიისთვის ამბის თხრობის სასურველი გზაა.
თავის მხრივ, პლატფორმებმა უკვე დაიწყეს და 2024-ს ბოლოსთვის ალბათ ყველა მათგანი გადავა ე.წ "გამოწერის მეთოდზე", რაც გულისხმობს თანხის გადახდის სანაცვლოდ პრემიუმ ფუნქციების გამოყენებას და გარკვეულ შემთხვევებში, მომხმარებელს ექნება უფლება, რომ "აუკრძალოს" პლატფორმებს მისი ინფორმაციის დამუშავება და მოპოვება.

რაც შეეხება ამბის თხრობის სხვა გზებს, რედაქციები მიიჩნევენ, რომ კომპლექსური საკითხების ახსნა, უფრო მეტად გამოსავლის პოვნაზე ორიენტირებული და ადამიანური ამბები უფრო საინტერესოა აუდიტორიისთვის.

მედიამენეჯერები იმედოვნებენ, რომ 2024 წლის მნიშვნელოვანი პოლიტიკური თუ სპორტული ამბები გაზრდის აუდიტორიის ჩართულობას. თუმცა, ასევე შესაძლებელია, რომ არჩევნებმა გაამწვავოს პოლიტიკური პოლარიზაცია და კიდევ უფრო შეამციროს მედიის სანდოობა.

პროგნოზი მოკლედ:
  • 2023 წლის ბოლოსთვის, გამოცემების თითქმის 80%-მა უარი თქვა, რომ მათი მასალები AI-ს დასატრენინგებლად გამოიყენონ. ეს განაპირობა, "ნიუ-იორკ თაიმსის" საჩივარმა "OpenAI"-ს წინააღმდეგ - როგორც გამოცემაში აცხადებენ, ხელოვნური ინტელექტის დასატრენინგებლად, OpenAI იყენებდა "ნიუ-იორკ თაიმს"-ის სტატიებს მათი ნებართვის გარეშე.
  • გამოცემებს სურთ, რომ მათი მასალების ხელოვნური ინტელექტის დასატრენინგებლად გამოყენება ფასიანი გახდეს, თუმცა რედაქტორთა თითქმის ნახევარი თვლის, რომ საბოლოოდ ეს არ იქნება მომგებიანი გამოცემებისთვის.
  • გასულ წლებში, ბევრმა გამოცემამ გააცნობიერა კლიმატის საკითხების გაშუქება და მათი მნიშვნელობა, როგორც ამ თემაზე მომუშავე ორგანიზაციები იმედოვნებენ, 2024 წელს უფრო მეტი რედაქცია ისაუბრებს ამ თემებზე.
მრავალფეროვანი გაშუქების პერსპექტივები

2023 წლის ოქტომბერში, ისრაელსა და ჰამასს შორის დაწყებული კონფლიქტი, რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომთან ერთად, ჟურნალისტების ფიზიკური უსაფრთხოებისთვის ახალ გამოწვევად იქცა.
  • "50-ზე მეტი ჟურნალისტი დაიღუპა ისრაელი-ჰამასის ომში" - წაიკითხეთ ვრცლად.
ღაზას სექტორში ჟურნალისტებისთვის შეღწევა ფაქტობრივად შეუძლებელია, ამიტომ ამბის გამავრცელებლები ძირითადად ადგილობრივები გახდნენ. პალესტინელი პლესტია ალაჰადი "ტიკტოკ"-სა და "ინსტაგრამ"-ზე ავრცელებს ვიდეოებს, რაც დოკუმენტური კადრებია როგორც ჟურნალისტებისთვის, ასევე მსოფლიოსთვის. "ამბის თხრობის ამ მეთოდმა, ახალი ამბავი უფრო პერსონალური გახადა და სწორედ ეს არის ის, რაც აკლია მეინსტრიმულ მედიას" - ვკითხულობთ "როიტერსის ინსტიტუტი"-ს ანგარიშში.

რამდენიმე რედაქციამ, გადაწყვიტა, რომ ვრცლად საკითხავი სტატიების (ე.წ "ლონგ რიდები") დასაწყისში მნიშვნელოვანი ფაქტები მოკლე პარაგრაფებად დაწერონ.

რა არის newsGPT-ს ხელოვნური ინტელექტი?

newsGPT არის ახალი ამბების პირველი სრულად AI-ის გენერირებული "საინფორმაციო გამოშვება", რომელიც ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში "მაუწყებლობს". "newsGPT არის პირველი გამოშვება, რომელსაც ადამიანს არანაირი ზემოქმედება არ აქვს, newsGPT-ს არ აქვს პოლიტიკური შეხედულებები და განრიგი" - ამიტომ, საბოლოო მიზანი მხოლოდ ფაქტებზე დაფუძნებული, მიუკერძოებელი და ზუსტი ამბების თხრობაა.

თუმცა, პროფესიულ წრეებში კვლავ განიხილება სრულად AI-ს მიერ მომზადებული მასალის ღირებულება და ეთიკური დილემა, ასევე საკამათოა ინტელექტუალური საკუთრებისა და დეზინფორმაციის გავრცელების გამოწვევები.

2024 წლისთვის კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიების სავარაუდო გავლენა პოლიტიკურ პროცესებსა და არჩევნებზე. გამოკითხულ ამერიკელთა ნახევარზე მეტი (58%) ფიქრობს, რომ საარჩევნო პერიოდში AI ხელსაწყოები გაზრდის სხვადასხვა ტიპის მანიპულაციებსა და დეზინფორმაციის გავრცელებას.

გამოწვევის საპასუხოდ, "ტექ-გიგანტები" ცდილობენ, რომ გამოწვევების საპირისპიროდ, გააძლიერონ ისეთი "თავდაცვის მექანიზმები", როგორიცაა პოლიტიკური პარტიებისთვის ხელოვნური ინტელექტის გენერირებული მასალის დეკლარირება, ფაქტ-ჩეკერებთან თანამშრომლობით დეზინფორმაციის აღმოფხვრა და სხვა. - წაიკითხეთ ვრცლად "გუგლის რეგულაციები ხელოვნურ ინტელექტზე" და "რას ნიშნავს ევროკავშირის რეგულაციები სოციალური ქსელებისთვის?".
რუსული პროპაგანდის ქართული თავისებურებანი

 

  „მტრის ყოლა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ   იმისთვის, რომ განვსაზღვროთ ჩვენი მეობა, არამედ იმისთვისაც, რომ შევქმნათ დაბრკოლება, რომლის პირისპირ საკუთარ ფასეულობათა სისტემასაც გამოვცდით და ჩვენს საკუთარ ღირებულებასაც წარმოვაჩენთ, ამიტომ თუ მტერი არ არსებობს, ის უნდა შევქმნათ“
უმბერტო ეკო - „მტრის ხატის შემქნა“


ქართული ანტიდასავლური პროპაგანდა რუსულ ანტიდასავლურ პროპაგანდაზეა დაფუძნებული და ზედმიწევნით იმეორებს გზავნილებს, რომელიც თავის დროზე ყოჩაღმა რუსმა „კაგებეშნიკებმა“ მოიფიქრეს, დახვეწეს და დანერგეს პოსტსაბჭოთა, ეკონომიკურ და იდეურად გაძარცვულ უზარმაზარ ტერიტორიაზე. 

 

ქართულ და რუსულ ტელევიზორებს შორის მსგავსება იმდენად დიდია ფერების, მუსიკის, კონცეფციის, პათოსისა და ტონალობის დონეზე, რომ იფიქრებთ, რუსული გადაცემებია ქართულად ნათარგმნი. არადა, ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, გვეგონა, ამ ქვეყანასთან აღარაფერი გვაკაშირებს, იდეოლოგიური კლანჭებიდან თავი დახსნილი გვაქვს და ფიზიკურიდანაც რომ დავიხსნათ, ამიტომ ნატოსა და ევროკავშირში უნდა შევასწროთ, სადაც ყოველი ქვეყანა და ადამიანი საიმედოდაა დაცული რუსული აგრესიისგან.

 

მაგრამ რუსეთმა, ტანკებით ომისა და ჩვენში ომის შიშის გაძლიერების მერე, "ქართული ოცნების" საშუალებით ნამდვილი ჰიბრიდული ომი წამოიწყო, ახალი მტრის ხატი გამოგვიძერწა და დღეს უკვე „რუსული კანონის“ მიღების წერტილთან ვართ, რომლის  მერეც მთავრდება სიტყვისა და აზროვნების თავისუფლება. კანონის ტრაგიზმი გადაჭარბებულად რომ არ მოგვეჩვენოს, უნდა გავიხსენოთ, როგორ ევოლუციონირებდა რუსეთში ეგრე წოდებული „უცხოური გავლენის აგენტების კანონი“. თავიდან ეს მხოლოდ უცხოეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს ეხებოდა. უბრალოდ დარეგისტრირდით, რომ ვიცოდეთ, მეტი არაფერიო. მერე მედიას მოსთხოვეს უცხოური გავლენის აგენტებად გამოეცხადებინათ თავები. დღეს კი უკვე ამ იარლიყის მიკვრა ფიზიკურ პირებზეც შესაძლებელია და ქვეყნიდან ადამიანები მასიურად გარბიან. ჯერ ამ „აგენტების კანონის“ გამო უწევდათ რუსეთის დატოვება, ბოლო ორი წელია, ამას მობილიზაციის გამო საკუთარი სახლებიდან მასიური გაქცევაც დაემატა. კი, ამას სხვა არაფერი ჰქვია, თუ არა კისრისტეხით გაქცევა საკუთარი ქვეყნიდან, სადაც ვერაფერს ცვლი, რადგან აგენტების შესახებ კანონმა უკვე პირწმინდად მოასუფთავა ველი, რომელზეც ცვლილებები ხდება ხოლმე.

 

უკრაინასთან ომის პარალელურად, რუსეთმა დანარჩენი ქვეყნების გავლენის ქვეშ საბოლოოდ დაბრუნება სწორედ ამ კანონით გადაწყვიტა. ყირგიზეთში ყველაფერი უმტკივნეულოდ მოგვარდა. საქართველოში კი რუსული კანონის გატანა პირველ ცდაზე, შარშან არ გამოუვიდა "ქართულ ოცნებას". მერე ერთი წელი იმუშავა პროპაგანდისტული არხებისა და ტროლ-ბოტების ფაბრიკა-ქარხნების საშუალებით (ეს ის ქარხნებია, რომლის აგუგუნებასაც დაჰპირდა "ქართული ოცნება" ხალხს ხელისუფლებაში მოსვლისას), მაგრამ ერთი წლის თავდაუზოგავი რუსული პროპაგანდირების მიუხედავად, ისევ მიიღო სამოქალაქო საზოგადოებისა და ხალხის პროტესტი ქუჩაში, როგორც კი ამ კანონის გაცოცხლება გადაწყვიტა. განსაკუთრებით მტკივნეული იყო დრო, რომელიც ამისთვის შეარჩიეს. საერთო სახალხო ზეიმი და ჟრიამული ჩვენი საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის გამო.

 

პუტინს უკვე დიდი ხანია ვერ წარმოუდგენია, რას ნიშნავს ხალხის ნება და წინააღმდეგობა, ამიტომ ივანიშვილისგან ვერ მიიღებს არგუმენტს „ხალხის წინააღმდეგობის შესახებ“. შესაბამისად, "ქართული ოცნება" ყველგან დაუფარავად აცხადებს, რომ ეს კანონი რადაც არ უნდა დაუჯდეთ, უნდა მიიღონ. 

 

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ანტიდასავლური პროპაგანდა რუსულის პირმშოა, არის რამდენიმე თვისებრივი განსხვავება რუსულ და ქართულ ანტიდასავლურ მოძრაობას შორის.

 

რუსეთში „დასავლეთი“ ოფიციალური მტრის ხატია. ყველა უბედურება, რომელიც 140-მილიონიან ქვეყანას სჭირს, დასავლეთის ბრალია. დაწყებული იქიდან, რომ რეგიონებში ჯერ კიდევ ჩეჩმებია და ნაგავი წლობით არ გააქვთ, დამთავრებული იმით, რომ დასავლეთს თურმე რუსეთის განადგურება და რუსული სულის წარწყმედა სურს. ანტიდასავლური გზავნილები იქ მკაფიოა. ყოველი ბოროტის სათავედ ამერიკაა გამოცხადებული და დასავლეთის აგენტის წოდება საყოველთაო სიძულვილისა და ზიზღის საფუძველია მასაში. რამდენიმე ასეთი იარლიყის მქონე ადამიანს უკვე შეასხეს ბრილიანტის მწვანე სახეში, მოუსაქმეს მანქანაზე, წააწერეს სახლის კარებზე „Z”, მოწამლეს ან იძულებული გახადეს ქვეყნიდან გაქცეულიყო. მერე კი პატიმრობა მიუსაჯეს დაუსწრებლად (ვინც ვერ გაასწრო, ციხეში ზის.).

 

საქართველოს დასავლეთში ინტეგრაცია კონსტიტუციაშიც გვიწერია და ქართველი ხალხის ურყევ ნებადაც ჩანს ყველა გამოკითხვაში, ამიტომ აქ ასე ადვილად დასავლეთის მტრად გამოცხადება არ გამოდის და შესაბამისად, ქართველმა პროპაგანდისტებმა ყველაფრის გადღაბვნა გადაწყვიტეს, რათა მათ მომხრეებსაც ეგონოთ, რომ გვინდა ევროპა და ევროკავშირი, განა არ გვინდა?! მაგრამ ღირსებითა და სუვერენული დემოკრატიით (ესეც რუსული ტერმინია). ევროპულ არჩევანს არც ქალაქის მერის როლში მყოფი კალაძე უარყოფს და არც პრემიერის როლის შემსრულებელი კობახიძე, მაგრამ.. და აქ იწყება მაგრამების მთელი წყება. "ქართული ოცნება" ცდილობს ისე წარმოაჩინოს, თითქოს, დასავლეთი ჩვენ ორიენტაციის ძალით შეცვლას, იდენტობის დაკარგვას, საკუთარ თავსა და ქვეყანაზე უარის თქმას და ათას რამეს გვიყენებს პირობად. სწორედ ამიტომ რეგიონებში უკვე ერთი კვირაა, უკანალზე დისკუსიები იმართება, სადაც წინასწარ დაქირავებული ადამიანები კითხვებს სვამენ, ლგბტ პროპაგანდისგან შვილები როგორ დავიცვათო და "ქართული ოცნების" წევრებიც ბლოკნოტ-პასტა მომარჯვებულები ენთუზიაზმით პასუხობენ ამ „კითხვებზე“.  

თუმცა, საქართველოში, საბედნიეროდ, ჯერჯერობით ავტორიტარიზმია და არა ტოტალიტარიზმი, ამიტომ შესაძლებელია ჟურნალისტმა დაადუმოს და გააცამტვეროს მათი აგიტაციური კამპანია. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც სასიცოცხლოდ სჭირდება "ქართულ ოცნებას" აგენტების შესახებ კანონი, ისიცაა, რომ ეთერ თურაძესა და შალვა პაპუაშვილს შორის დიალოგის მსგავსი აღარ განმეორდეს. 

 

"ქართულ ოცნებას" ჯერ კიდევ უწევს ქართული რეალობის გათვალისწინება და ამიტომ დასავლეთს მტრად პირდაპირ ვერ აცხადებს, უბრალოდ ცდილობს დაგვაჯეროს, რომ უნდათ ევროპა, ოღონდ გარყვნილების და „ცალ ფეხზე დგომის“ გარეშე. მაგრამ, საბედნიეროდ, თავადაც არ სჯერათ საკუთარი სიტყვების და ეს იგრძნობა ვიდეოშიც, აუდიოშიც, ტექსტშიც, სტატუსშიც და მათ სახეზეც. 

 

გარდა ამისა, თუკი რუსეთში ხელისუფლება იმპერიალისტურ იმპულსებს ემსახურება და ახალ ტერიტორიებს იერთებს ადამიანის უფლებებისა და ღირსების სანაცვლოდ, ტელევიზორმა კი დიდი ხანია მაცივარი დაამარცხა, საქართველოში ეს პროპაგანდა ომის შიშზე დადგა. ოფიციალურად აცხადებენ, რომ დასავლეთს სურს ჩვენი ომში ჩართვა, არაოფიციალურად კი ჭორებს ავრცელებენ, რუსეთი ომს დაგვიწყებს, თუ ამ კანონს არ მივიღებთ.

 

"ქართულ ოცნებას" სურს ბიძინა ივანიშვილი კარგი ლავირების უნარის მქონე დიდ პოლიტიკოსად წარმოაჩინოს და არა რუსეთის მოკავშირე ვაჭრად, რომელიც ახლა საკუთარი თავის გადარჩენის შანსს აქ საკუთარი და რუსი ოლიგარქების ფინანსური პოლიგონის გახსნაში ხედავს.  

რუსეთის „დიადი მიზანი“ იმპერიის აღდგენაა, საქართველოს „დიადი მიზანი“ კი - „ჩვენი თავის ჩვენადვე ყუდვნება“, - როგორც განაცხადეს.  

ჩვენი თავი ჩვენადვე რომ გვეყუდვნოდეს, სწორედ ამიტომაა ძლიერი მოკავშირეები, მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები საჭირო. სწორედ ამიტომ გაწევრიანდნენ ფინეთი და შვედეთი ნატოში, რომ საკუთარი თავები მათვე ეყუდვნოდეს და არა რუსეთს, რომელიც მზადაა გადაყლაპოს ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც ზურგს არ უმაგრებს ევროკავშირი და ნატო. 

 

მეორე მიზეზი რის გამოც "ქართულ ოცნებას" ძალიან უჭირს ამ კანონის გატანა, ახალგაზრდები, ე.წ. ჯენ ზია. სანამ "ქართული ოცნება"  

"ნაციონალ მოძრაობას" დასდევდა და მისგან ცდილობდა მტრის ხატის შექმნას, საქართველოში გაიზარდა თაობა, რომელსაც არ ჰყავს ავტორიტეტები, არ უყურებს პროპაგანდისტულ მედია-არხებს, არ არის ტრავმირებული 90-იანებით და აქვს სილაღე და ზუსტი ცოდნა იმის შესახებ, რა სჭირდებათ მომავალში და ეს იარლიყებისა და აზრის ჩახშობის გარეშე ცხოვრებაა.

 

პუტინმა 2005 წელს რუსეთში შექმნა ახალგაზრდული მოძრაობა „ნაში“, მათი ოფიციალური იდეოლოგია პუტინიზმი იყო. მიზანი კი - ახალგაზრდობაზე გავლენის მოხდენა  და რუსეთის კაგებეშნიკი პრეზიდენტისა და სამშობლოს გაიგივება. თითქოს, სამშობლო და პრეზიდენტი ერთია. ვისაც პუტინი არ უნდა, ის რა თქმა უნდა, დასავლეთის აგენტი და ქვეყნის მოღალატეა. ათასობით ახალგაზრდა დააზომბეს და მოუწამლეს მომავალი. 

 

მოგვიანებით მათი ყოფილი ლიდერი მარია დროკოვა ამერიკაში გაიქცა და იქაც ჩუმადაა, რადგან რუსეთის გრძელი, „ნავიჩოკიანი“ ხელის ეშინია. პუტინი არამხოლოდ პოლიტიკურ და იდეოლოგიურ მტრებს, არამედ საკუთარ ყოფილ მოკავშირეებსაც ძალიან მკაცრად სჯის.

 

საქართველოში, საბედნიეროდ, საქმე სხვაგვარადაა. ქართული ჯენ ზი ლაღი, თავისუფალი, თვითორგანიზებული და მიზანზე ორიენტირებულია. და ეს მიზანი "ქართული ოცნების" სამუდამოდ ხელისუფლებაში ყოფნა და ამის გასაძლიერებლად მიღებული ოფშორისა და აგენტების კანონი კი არა, საკუთარი მომავალი, განვითარება და ბედნიერებაა.

 

სწორედ ამიტომ წერდნენ ქვეყნიდან იძულებით წასული რუსი ჟურნალისტები ტვიტერზე, სადაც უზარმაზარი ქართული აქციის ვიდეო დევს, - „გშურდეთ ქართველების“.

 

ეს ორი ფუნდამენტური განსხვავება, რაც დღეს ართულებს რუსეთის საქმეს საქართველოში, ჩვენი შანსია. შანსი რომ ამ კრიზისს დავძლევთ და დავბრუნდებით ბუნებრივ სივრცეში, რომელიც კონსტიტუციაში გვიწერია - ევროატლანტიკური კურსის მტკიცე ერთგულება.

 
სად გაქრა პროფესია ჟურნალისტი?!

დაკარგული პროფესიის პრობლემა, რომლის წინაშეც ქართული ჟურნალისტიკა დგას. სად იგრძნობა ის ყველაზე მწვავედ და რა არის ამის მიზეზი?! 

ჩვენს ჟურნალისტებს ხშირად ადანაშაულებენ იმაში, რომ აქტივიზმს ეწევიან, რომ ისინი მხარეს წარმოადგენენ და არა ჟურნალისტებს. ყველაზე ხშირად და ყველაზე მეტად ეს ბრალდება სატელევიზიო ჟურნალისტების მიმართ ისმის. სამწუხაროდ, ეს სიმართლეს შეესაბამება. მაგალითად, ამა თუ იმ მოვლენის გასაშუქებლად წასული „იმედის“, „პოსტივის“, „პირველი არხისა“ და „რუსთავი 2“-ის კორესპონდენტი მუდმივად ფიქრობს, როგორ გააშუქოს მომხდარი ისე, რომ ხელისუფლების ბრალეულობა გადაფაროს, მისი გაკეთებული საქმე პოზიტიური რაკურსით წარმოაჩინოს და რაც მთავარია, შეძლებისდაგვარად, (მოვლენის შინაარსიდან გამომდინარე) მოახდინოს ოპოზიციური პარტიებისა თუ მისი წევრების დისკრედიტაცია. 

იგივეს აკეთებს სიტყვაზე, „მთავარი არხის“, „ფორმულას“ და „ტვ პირველის“ ჟურნალისტიც ოღონდ, ცხადია, სარკისებრი ეფექტით. 

გაცილებით დაბალანსებული, კვალიფიციური და პროფესიულ სტანდარტებთან შესაბამისობაშია ონლაინ მედია. ამიტომ ვისი დისკრედიტაციაც ყველაზე რთულია, სწორედ მათ წინააღმდეგ მიმართულ, ვითომ გამჭვირვალობის კანონს მიადგა ხელისუფლება და ამით უკვე ონლაინ მედიის ჟურნალისტებიც აქტივისტებად აქცია. 

კრიტიკული მედიების წარმომადგენელთა მიმართ ხელისუფლების აგრესიაც ძველია და სამთავრობო ჟურნალისტების მიმართ გაბრაზებული ხალხის უკმაყოფილებაც. ყველას ახსოვს, "ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგო აქციებზე როგორი ბულინგისა და რამდენიმე შემთხვევაში, ფიზიკური დაპირისპირების მსხვერპლნიც გამხდარან მაშინდელი სამთავრობო ტელევიზიების კორესპონდენტები. 

პოლარიცაზიამ და დაპირისპირებამ "ქართული ოცნების" პირობებში პიკს მიაღწია. ამიტომაც არის, რომ ჟურნალისტებისთვის მუშაობა ყოველდღიურად უფრო და უფრო რთულდება. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ოპოზიციურად განწყობილ ტელევიზიებში არ დადიან, არ მონაწილეობენ დებატებში, არ პასუხობენ კრიტიკულ კითხვებს, რაც მათი ვალდებულებაა. (რამდენიმე დღეა მაგალითად, ონლაინ მედიებს პარლამენტის შენობაშიც არ უშვებენ.) ოპოზიციურ პარტიებს კი სახელისუფლო მედია ან არ ეპატიჟება, ან ნაკლებ დრო უთმობს. ამიტომ ნაციონალურ ტელევიზიებში პოლიტიკური ტოქშოუები, ორივე მხარეს, ცალმხრივია. ერთგან მხოლოდ ოპოზიციას ლანძღავენ და მეორეგან - ძირითადად ხელისუფლებას. ხანდახან ერთმანეთის, ოპოზიციის კრიტიკაც გამოერევა ხოლმე. ესეც, თითქოს, ხელოვნურად არის გამოწვეული, რადგან ტელევიზიას დებატების იმიტირება სურს. 

იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები პოლიტიკურ ოპონენტებთან დებატებში არ შედიან, ეს ფუნქცია ჟურნალისტებმა იკისრეს და მმართველმა ძალამაც სიამოვნებით მიანიჭა მათ ეს როლი. ამიტომაც არასახელისუფლო მედიის ჟურნალისტებს უწევთ "ქართული ოცნების" წევრებთან კამათი, დაპირისპირება, აგრესიული ტონით პასუხის მოთხოვნა და ა.შ. მთავრობა მეტად კომფორტულ მდგომარეობაშია, რადგან მისი ძირითადი ოპონენტები, როგორც მედიაში მუდმივად ჩანს, კრიტიკულად  განწყობილი ჟურნალისტები არიან. 

საბოლოო ჯამში,  ვხვდებით, რომ ამ მდგომარეობაში ჟურნალისტები საკუთარი ნებით არ აღმოჩენილან. საქართველოს ხელისუფლებამ მათ სხვა გზა არ დაუტოვა. მმართველმა გუნდმა სახელისუფლო მედიებში დასაქმებულ მუშაკებს (მუშაკებს, რადგან რთულია, მხოლოდ პროპაგანდით დაკავებულ ადამიანებს ჟურნალისტები უწოდო) უთხრა, არ შეასრულებთ დაკვეთას და დაკარგავთ სამსახურს. მისი კონტროლის გარეთ მყოფ ჟურნალისტებს კი - არ გავაკეთებ კომენტარს, არ დაგელაპარაკები, თუკი ისე არ მოიქცევი, როგორც მე მსურს. ამიტომ როგორც არ უნდა გვინდოდეს, სხვაგანაც ვეძებოთ დამნაშავეები მაგალითად, ოპოზიციური პარტიების ფლანგზე თუ თავად ჟურნალისტებში, ამ ანტიჟურნალისტიკას ერთადერთი დამნაშავე ჰყავდა და დღესაც ჰყავს - საქართველოს  მმართველი პარტია. მიუხედავად იმისა, რომ ტენდენცია წინა ხელისუფლების პირობებში დაიწყო, "ქართულმა  ოცნებამ" ის საბოლოოდ, სისრულეში მოიყვანა. ბიძინა ივანიშვილის პარტიამ ჟურნალისტებს პროფესია წაართვა. მათი ერთი ნაწილი რუსული ყაიდის პროპაგანდისტებად აქცია, მეორე ნაწილი კი - პოლიტიკოსებად თუ  აქტივისტებად.




 
კითხვები, რომელსაც  მამუკა მდინარაძემ უნდა უპასუხოს. ტყუილები,  რომელშიც დამოუკიდებელმა მედიამ


3 აპრილს, დილის 11 საათზე მამუკა მდინარაძის კიდევ ერთი ბრიფინგი დაიწყო, რომელმაც 2 აპრილს, გვიან ღამით მმართველი პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შედეგები გაგვაცნო. "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვეტილება მიიღო ხელმეორედ, თითქმის ერთი წლის თავზე, კვლავ დააინიციროს რუსული კანონი, სახელწოდებით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი“. პარლამენტში კანონპროექტი უცვლელი სახით დაბრუნდა. მდინარაძე ბრიფინგზე ხშირად იმეორებდა სიტყვებს „მდიდარი ენჯეოები“ და დაუფარავად აცხადებდა, რომ ამ ქვეყენაში (როგორც ჩანს ქვეყანაში "ქართული ოცნება" მოიაზრება) პრობლემას სწორედ ეს არასამთავრობო სექტორი და გარედან დაფინანსებული მედიები წარმოადგენს.

"ქართული ოცნების"აღმასრულებელი მდივანი რუსული კანონის მიღების აუცილებლობას რამდენიმე „არგუმენტით“ ხსნის და წინა წლების გამოცდილებით ასაბუთებს. 2020 წლის არჩევნების დროს „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებული ხმების პარალელური დათვლის შედეგები და მოვლენები, რომელიც მას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოჰყვა. 2021 წელი, რომელშიც ალბათ, 5 ივლისს განვითარებული პროცესები იგულისხმა. მდინარაძემ გაიხსენა 2022 წელს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ვერ მიღებით ხალხში გამოწვეული უკმაყოფილება და ქუჩის მანიფესტაციებიც. არასამთავრობო სექტორის მიერ წარმოებული კამპანია დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნით, მისი განცხადებით, კიდევ ერთი არგუმენტია საიმისოდ, რომ მათ არსებობას პრობლემები შევუქმნათ. ცხადია, სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ე.წ. ლგბტ პროპაგანდა კიდევ ერთი პრეტენზიაა. ამას თან მოსდევს „ქართული ოცნების“ მიერ „გახსნილი“ საქმეები: „დროას“, „ფრანკლინის კლუბისა“ და „კანვასის ტრეინინგების“ შესახებ, რომელიც მდინარაძის თქმით, პოლარიზაციის გაღვივებას უწყობს ხელს. უმრავლესობის ლიდერის განმარტებით, გამჭვირვალობის უზრუნველყოფის თხოვნით „დემოკრატიის ევროპულ ფონდსა“ (EED) და „დემოკრატიის ნაციონალურ ფონდსაც“ (NED) მიმართეს, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწიეს.

ერთი სიტყვით, ეს არის ის მთავარი საკითხები, რომლის მეშვეობითაც"ქართული ოცნება" ცდილობს, რუსული კანონპროექტის დაბრუნების აუცილებლობა ახსნას. მამუკა მდინარაძე მედიას შეჰპირდა, რომ კანონპროექტს კენჭს დაჩქარებული წესით არ უყრიან და დებატებში მონაწილეობას მიიღებენ. თუმცა, ეს არაფერს ნიშნავს. სიტყვაზე არ უნდა ვედნოთ, რადგან მამუკა მდინარაძე და "ქართული ოცნება" მთელი ქვეყნის მოსახლეობას ჰპირდებოდა, რომ რუსულ კანონსაც აღარ დაუბრუნდებოდნენ. მდინარაძემ ღიად განაცხადა, რომ მათ არჩევნებში გამარჯვების პრობლემა არ აქვთ, უბრალოდ მათი მიზანი საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლაა. სწორედ აქედან მინდა, დავიწყო საუბარი. რომ დიახ, უკვე აშკარაა, ამ ქვეყნის ბედი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გადაწყდება. "ქართული ოცნება" ცდილობს მეოთხე ვადით მოიპოვოს ძალაუფლება, თანაც საკონსტიტუციო უმრავლესობით, ისე როგორც 2012 წელს იყო. ამ მიზნის მიღწევაში მას ხელს მხოლოდ ორი, ამ დროისათვის მარტოდ დარჩენილი სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია უშლის. ორივე მათგანი სწორედ საერთაშორისო დონორებისგან ფინანსდება, ამიტომაც მათი ინტერესი სწორედ ამ დონორებისთვის იმგვარი პრობლემების შექმნაა, რომელიც მათ იძულებულს გახდის გავიდნენ ქვეყნიდან, ისე როგორც გავიდნენ რუსეთიდან.

მე მაქვს კითხვები და იქიდან გამომდინარე, რომ მამუკა მდინარაძის ბრიფინგზე ვერასდროს მოვხვდები და არც ის დამთანხმდება ინტერვიუზე, სულ რამდენიმეს აქ დავწერ. ვფიქრობ, ეს ნათლად გამოაჩენს იმ დიდი აბსურდის ერთ პატარა ნაწილს, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერი ავრცელებს.

- 5 ივლისს მოძალადე ჯგუფები ემუქრებოდნენ ქვიარ თემის წევრებსა და მათ მხარდამჭერებს, თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენელებს და ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ. ამ თავდასხმას 40-მდე ჟურნალისტის ფიზიკური დაზიანება და ერთი მათგანის, ლექსო ლაშქარავას სიცოცხლე შეეწირა. რაში მდგომარეობს დონორების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების ბრალეულობა? მხოლოდ პრაიდ ფესტივალის ჩატარების სურვილში, რომელიც მთელს ცივილიზებულ სამყაროში ტარდება, გარდა რუსეთის, ჩინეთის, ირანისა და სხვა ავტორიტარული თუ ტოტალიტარული სახელმწიფოებისა? რატომ არ დააკავეთ ამ ძალადობრივი თავდასხმის ორგანიზატორები და რატომ არ აღკვეთეთ ეს დანაშაული ისე, როგორც ეს 2022 წლის 2 ივლისს?

- კონკრეტულად „დროას“, „ფრანკლინის კლუბისა“ და „კანვასის ტრეინინგების“ რა საქმეები გახსენით? სად არის მტკიცებულებები? რატომ ისმის მხოლოდ ზოგადი ბრალდებები? თუკი მტკიცებულებები არსებობს, რატომ არ ასაჯაროვებთ? კადრები, რომელიც გაავრცელეთ არაფერს ამტკიცებს. მსგავსი ტრეინინგები ყოველთვის ტარდება და "ფრანკლინის კლუბის" მსგავსი საგანმანათლებლო ცენტრებიც ბევრია.

- კონკრეტულად რის გამჭვირვალობას ითხოვდით და ვერ მიიღეთ? უფრო ზუსტად, რა გაინტერესებთ და არ იცით? რატომ ატყუებთ თქვენს ამომრჩეველს, რომ რომელიმე დაფინანსების შესახებ ინფორმაცია დამალულია?

- თქვენ არასამთავრობო სექტორს ბრალს სდებთ ე.წ. ლგბტქ პროპაგანდაში. გთხოვთ განმარტოთ, რას ნიშნავს ლგბტ პროპაგანდა? კონკრეტულად რაში გამოიხატება? სად ვლინდება? ვისზე მოახდინა გავლენა? როდის? როგორ? როგორ არის შესაძლებელი, რომ ადამიანმა სექსუალური იდენტობა პროპაგანდის საშუალებით შეიცვალოს? როგორ აპირებთ, რომ საუბარი და ინფორმაცია განსხვავებული სექსუალური იდენტობების შესახებ დაარეგულიროთ და შეზღუდოთ ინტერნეტ სივრცეში, რომლის მომხმარებელიც ახალგაზრდა თაობაა. ის თაობა, რომელზე ზრუნვითაც თქვენ იძულებული ხართ, მიიღოთ კიდევ ერთი პუტინის რუსეთის კანონი?!

- და ბოლოს, ინფორმაცია, რომელიც ბოლო დღეებია აქტიურად ვრცელდება, სწორედ იმიტომ რომ რუსული კანონის ხელმეორედ დაინიცირებას მეტი ლეგიტიმაცია ჰქონოდა. „მთავარმა არხმა“ მიიღო საერთაშორისო გრანტი იმისათვის, რომ დამოუკიდებლად არსებობა გააგრძელოს. ყველამ კარგად იცის, რომ არსებობს ორი ტიპის გრანტი - თემატური და ორგანიზაციის გასაძლიერებლად გაცემული დახმარება. მედია მისი ინტერესების მიხედვით ითხოვს დაფინანსებას. ნებისმიერი გრანტი საბოლოო ჯამში დემოკრატიული პრინციპების განვითარების ხელშეწყობისთვის არის გამიზნული. რატომ ცდილობს „ქართული ოცნება“ ეს დაფინანსება ჰომოფობიური პროპაგანდის ქვეშ მოაქციოს? რა მტკიცებულებები გაქვთ, რომ ეს გრანტი თემატურად იყო გაცემული?

ეს მხოლოდ ის რამდენიმე კითხვაა, რომელიც ჩემს საქმესა და ინტერესის სფეროს ეხება, მაგრამ კითხვები ძალიან ბევრია. კითხვები, რომელიც ყველგან უნდა ისმოდეს. ახლა საქმე მედიასა და იმ კონკრეტულ ჟურნალისტებზეა, რომელთაც საშუალება მიეცემათ კითხვები მამუკა მდინარაძეს და "ქართული ოცნების" სხვა ლიდერებს დაუსვან და გამოააშკარავონ მათი ტყუილები, მათი მიზანმიმართული პროპაგანდა, მანიპულაცია, რომლის მიზანიც ერთადერთია - ქვეყნის სათავეში მეოთხედ მოსვლა და თანაც საკონსტიტუციო უმრავლესობით.