Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:
მედია აპოკალიფსის მოლოდინში
2017-06-19

2017 წლის 2 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახალიფოს“ რიგებში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 25 წლის მუხმად ბაღაკაშვილი დაიღუპა. გარდაცვლილის მამის, ახმად ბაღაკაშვილის ცნობით, მისი შვილი სირიაში 19 წლის ასაკში წავიდა და იქ მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. მუხმადი 27-ეა საქართველოდან, რომელიც სირიასა და ერაყში მიმდინარე საომარ მოქმედებებს შეეწირა.


ბუნებრივია,  ისლამურ სახალიფოში საქართველოს მოქალაქეთა ყოფნა და მათი ამბის გაშუქება ჩვენი მედიის ფოკუსში ხშირად ექცევა. თუმცა, ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ტენდენცია, სადაც გარკვეული მედიასაშუალებები ისლამური სახალიფოსა და საქართველოს ურთიერთკავშირს ხელოვნურად, ფაქტებისა და გარემოებების გაუაზრებლად წამოჭრიან ხოლმე.


ერთ-ერთ მაგალითად შეგვიძლია მივიჩნიოთ, გაზეთ „რეზონანსის“ 15 ივნისის სტატია „ხალიფატი საქართველოსკენ მოიწევს-ეს საფრთხე გადაფარავს ყველა გამოწვევას“ . სტატია სამხედრო,პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ანალიტიკოსების, ამირან სალუქვაძისა და ვახტანგ მაისაიას ინტერვიუებისგან შედგება.


600 სიტყვიან სტატიაში, საქართველოში ისლამური სახალიფოს ინტერესების გაძლიერების არგუმენტად, მკითხველთათვის მხოლოდ ორგანიზაციის მიერ ავღანეთში, ირანსა და ინდოეთში ბოლო დროს განხორციელებული აქტივობებია მოყვანილი. სტატია ვახტანგ მაისაიას კომენტარით სრულდება „..მე ვიცი, რომ ჩვენი მთავრობა ბევრი გამოწვევის წინაშე დგას, მაგრამ დრო მოქმედებს ჩვენ საწინააღმდეგოდ და ეს საფრთხე გადაფარავს ყველა შიდა თუ საგარეო გამოწვევას. ამიტომ, ამ საკითხს მთავრობამ დროულად უნდა მიხედოს...“. განცხადება საზოგადოებას არათუ ბუნდოვან და უსაფუძვლო ინფორმაციას აწვდის, არამედ ხელოვნურ შიშსა და აპოკალიპტურ მოლოდინებს უქმნის.


ტერორიზმთნ დაკავშირებული საკითხების გაშუქება მედიისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი პროცესია, რადგან პროდუქტის ფართო საზოგადოებრივი დაფარვა თითქმის გარანტირებულია. თუმცა, თავისი სენსიტიურობისა და სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ზემოთ ხსენებულ თემაზე მუშაობა მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს, მითუფრო თუ ის ფაქტებისა და რეალური გარემოების ანალიზისგან არის დაცლილი.


ნებისმიერ მსგავს დაუმუშავებელ სტატიასა თუ რეპორტაჟს, შეუძლია მრავალი უკუშედეგისა და პრობლემის გაჩენა ქვეყნისათვის. მეტი სიცხადისთვის, შეგვიძლია გავიხსენოთ ევროპარლამენტარი სტივენ ვულფი, რომელიც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების მოწინააღმდეგე იყო და ძირითად არგუმენტად სწორედ მსგავსი, წყაროების არმქონე ინფორმაცია მოიყვანა: “ქართულმა გაზეთმა "რეზონანსმა" დაწერა, რომ 600-700 ტერორისტი იყენებს საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას "ისლამური სახელმწიფოს" ტერიტორიაზე. მოდით, ნუ დავუშვებთ მსგავს შეცდომას, რაც მერკელმა გასულ წელს დაუშვა“.


იმ მიზნით, რომ საზოგადოებაში არ გაჩნდეს ცრუ განგაშის გარემო, შევეცადოთ პუნქტობრივად ავხსნათ, თუ როგორია რეალისტური მოლოდინები ისლამური სახალიფოსა და საქართველოს გადაკვეთისა. ასევე, ვის წისქვილზე შეიძლება დაასხას წყალი მსგავსი შინაარსის სტატიებმა და განცხადებებმა:


· 2014 წლიდან დღემდე, დასავლურმა კოალიციამ ისლამურ სახალიფოზე სირიასა და ერაყში 11,000-ზე მეტი საავიაციო იერიში მიიტანა. 2016 წლის იანვრისათვის, ისლამური სახალიფოს 78,000 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებდა. დეკემბრისათვის, საერთაშორისო კოალიციისა და სხვადასხვა სამხედრო ოპერაციის შედეგად ტერორისტული ორგანიზაციის გავლენის არეალი 60,000 კვადრატულ კილომეტრამდე შემცირდა. 2017 წელს ისლამურმა სახალიფომ თითქმის დაკარგა ტერიტორიული კონტროლი და გავლენა ერაყში, სადაც უკანასკნელ ბასტიონად ქალაქ მოსულის ძველი უბანიღა დარჩა. მეორე ფლანგზე, სირიის ოპოზიციურმა და დასავლური კოალიციის ძალებმა მიმდინარე წლის 6 ივნისს, ისლამური სახალიფოს მიერ სრულად კონტროლირებად ქალაქ რაქას მიმართულებითაც დაიწყეს მასშტაბური სამხედრო ოპერაცია. ქალაქის დაკარგვა ორგანიზაციას სირიაშიც გამოაცლის მნიშვნელოვან დასაყრდენს.


 მოსულის რუკა. წითელი ფერით აღნიშნულია IS მიერ კონტროლირებადი ტერიტორია


· ისლამური სახალიფოს ძალების შევსების მთავარი წყარო უცხოელი მებრძოლები იყვნენ. 2011 წლიდან დღემდე, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, ისლამური სახალიფოს რიგები 27,000-მდე უცხოელმა გაირა. ზუსტი სტატისტიკა სამწუხაროდ არ არსებობს, მაგრამ თუ კი დავეყრდნობით Guardian”-ს 25,000-მდე უცხოელი მებრძოლი უკვე გარდაიცვალა, ხოლო დარჩენილთაგან დიდი ნაწილი ცდილობს თავი დააღწიოს ორგანიზაციას თურქეთის გავლით. 


მხარდამჭერთა დაკარგვის ფონზე ისლამური სახალიფო ნამდვილად გახდა უფრო აგრესიული საერთაშორისო მასშტაბით. ახალი „სისხლის“ მოზიდვის მიზნით აწყობს ტერაქტების სერიას ევროპის დედაქალაქებსა თუ ცენტრალურ აზიის ქვეყნებში. ეს ნაბიჯები გადადგმულია მხოლოდ საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში დარჩენის, საკუთარი პროპაგანდის უფრო მეტად გავრცელებისა და ახალი თანამოაზრეების გაჩენის მიზნით.

 

· 2015 წლიდან, ისლამური სახალიფოს ფინანსური შესაძლებლობი და შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდა. აშშ-სა და კოალიციის მიერ ორგანიზაციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ნავთობის ინფრასტრუქტურის განადგურებამ, თურქეთის საზღვარზე კონტრაბანდის შედარებით შემცირება და გადასახადების გადამხთელთა რაოდენობის კლებამ, ორგანიზაციის გავლენა მნიშვნელოვნად შეასუსტა. რიგითი მებრძოლის საშუალო ხელფასიც 400 დოლარიდან 200 დოლარამდე დაეცა,


დღეისათვის ისლამური სახალიფო ბოლო წლებთან შედარებით ყველაზე სუსტია. ტერიტორიების, გავლენისა და მებრძოლთა რაოდენობის კლებამ ორგანიზაციის სამხედრო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შეამცირა. ამრიგად გაუგებარი, რა ლოგიკითა და რესურსებით უნდა „დაიძრას“ ისლამური სახალიფო საქართველოსკენ. რაც შეეხება ჩვენი მოქალაქეების ჩართულობას ორგანიზაციაში:


· ISIS-ში მებრძოლ საქართველოს მოქალაქეთა ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. ტერორიზმის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ პანკისის ხეობიდან და მაღალმთიანი აჭარიდან წასული საქართველოს 50-100 მოქალაქე ისლამური სახალიფოს რიგებში იბრძვის. ამ სფეროს მკვლევარები საქართველოშიც დაახლოებით იმავე რაოდენობას ასახელებენ. ჩვენმა მოქალაქეებმა საქართველო 2015 წლამდე დატოვეს, ხოლო გადინების ახალი შემთხვევები არ ფიქსირდება. ეს რამდენიმე მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული : ა) ზოგადად ისლამური სახალიფოს დასუსტება; ბ) გავლენიანი ფიგურების, მაგალითად თარხან ბათირაშვილის ლიკვიდაცია;


ვინ შეიძლება, მსგავსი სახის სტატიები და ინფორმაცია ბოროტად გამოიყენოს?


· კითვხაზე პასუხი ნათელია - პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციამ. მოსკოვს არაერთხელ გაუკეთებია სპეკულაციური განცხადებები იმის თაობაზე, რომ პანკისის ხეობა და საქართველო არის თავშესაფარი და სატრანზიტო კორიდორი ტერორისტული ორგანიზაციებისთვის. თუ გავითვალისწინებთ ასევე ჩეჩნეთის რესპუბლიკის ამჟამინდელი ლიდერის რამზან კადიროვის სიძულვილს პანკისელებისა და ზოგადად ვაჰაბიზმის მიმდევრებისადმი, ინტერვენციის საბაბის მოძიება ამ მიმართულებით, მოსკოვისთვის წარმოუდგენლად რთული ნამდვილად არ უნდა იყოს. განსაკუთრებით ყურადსაღები იყო მცირე ხნის წინ კადიროვის განცხადება, როდესაც მან საქართველოსთან საზღვარი მოინახულა და ღიად დაიმუქრა, რომ საზღვარს საქართველოდან ტერორისტები ვერ გადალახავდნენ.


· საერთაშორისო არენაზე, კრიტიკოსებს ეძლევათ საბაბი ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე პოტენციური პრობლემების წარმოქმნის კუთხით და სერიოზულ ზიანს აყენებს ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟს.


დღეისათვის, საქართველოში ტერორიზმის ანალიზის მიმართულებით ნამდვილად არ არის სახარბიელო ვითარება. ფაქტობრივად არ არის გაანალიზებული თუ რა იყო ჩვენი მოქალაქეების რადიკალიზაციისა და გადაბირების მიზეზები. არ გვაქვს ერთი სტრატეგიული დოკუმენტიც კი სადაც ტერორიზმი, როგორც საფრთხე არის ფართოდ გაშლილი და წარმოდგენილია პრევენციის გზები. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ექსპერტებმა და მედიამ საზოგადოებას უსაფუძვლო და ფაქტების ნაკლებობით გაჯერებული აპოკალიპტური ინფორმაცია მიაწოდოს და ხელოვნურად დანერგოს შიში.


 

გიორგი გოგუაძე,  საქართველოს რეფორმების ასოციაცია


ბანერის ფოტო: THE ATLANTIC
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.