Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:
ტერიტორიული მთლიანობა (და ეშმაკი) დეტალებში
2015-12-29

ცოტა ხნის წინ, როცა ევროკავშირის დიპლომატთან კვლევის მორიგ ინტერვიუს მოვრჩი, სოციალიზაციის მიზნით ვკითხე, ნამყოფი თუ იყო საქართველოში: „კი, ნამყოფი ვარ. თუმცა, მხოლოდ სოხუმში“ მიპასუხა ეკატერინამ და დაამატა: „იცი, როცა ჩემს ქართველ მეგობარს იგივე პასუხი გავეცი, გაიკვირვა, საქართველოში კი არა აფხაზეთში ყოფილხარო!“


ეკატერინას ზრდილობიანად ვუთხარი მადლობა, რომ ევროკავშირის არაღიარების პოლიტიკას მოლაპარაკებების მაგიდის მიღმაც არ ივიწყებს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ეშმაკი და ტერიტორიული მთლიანობის აღიარება დეტალებშია.


არაღიარებული ერთეულების დაკნინების მიზნით, მედიაში ხშირად გვესმის ფრაზები “დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობა”, “მარიონეტული რეჟიმი”, ოფიციალური ტერმინოლოგიის გავლენით კი დამკვიდრდა “ოკუპირებული რეჟიმი”. მედიას სინონიმები სჭირდება, ტერმინების რეალური მნიშვნელობა კი ხშირად ანტონიმურია.

 

საქართველოს პოლიტიკურ ტრანსფორმაციასთან ერთად იცვლებოდა ის ტერმინები, რომლითაც აფხაზეთს/ცხინვალის რეგიონს მოიხსენიებდნენ.


მაგალითად, ედუარდ შევარდნაძე 90-იანი წლების ბოლოს აფხაზეთს - “სეპარატისტების მიერ დროებით ოკუპირებულად” მიიჩნევდა.


2014 წლის ზაფხულში, როცა არაღიარებული აფხაზეთის პრეზიდენტი გადადგა სოხუმში გამართული საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, თბილისში ამ ფაქტს მედიის მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მორიგი არაღიარებული არჩევნების ჩატარებამდე, ქართული არხის ერთ-ერთ ტოკ-შოუში, წამყვანმა შემაშფოთებელი უწოდა იმჟამინდელ მდგომარეობას აფხაზეთში, რადგან “საფრთხე ექმნებოდა აფხაზეთის სახელმწიფოებრიობას”.


ვფიქრობ, რომ აუცილებელია განვმარტოთ, რატომ ვაპროტესტებთ რუსეთის გავლენას აფხაზეთში - არა იმიტომ, რომ აფხაზეთის დემოკრატიულობას ექმნება საფრთხე, არამედ იმიტომ, რომ აფხაზეთში მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებები კიდევ უფრო აძლიერებს რეპრესიებს იქ მცხოვრები ეთნიკური ქართველების მიმართ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა რუსეთ-საქართველოს ომია. არამგონია, იმ შოუს წამყვანს, სუვერენულ აფხაზეთზე ნათელი წარმოდგენა ჰქონოდა.


დღეს თავისუფლად ვუწოდებთ აფხაზეთს და ცხინვალს “ოკუპირებულ ტერიტორიებს”. 2008 წლამდე კი ქართული დიპლომატია უძლური იყო, ტერმინი “ოკუპირებული” დაემკვიდრებინა და მხოლოდ აგვისტოს ომის შემდეგ გახდა შესაძლებელი საერთაშორისო დოკუმენტებში მისი გამოყენება.


მედია მეტწილად ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ ტერმინებს იყენებს. მაგალითად, ასე გაქრა ქართული მედიასივრციდან ტერმინი “სეპარატისტი”. თუმცა ის გამოცემები, რომლებიც რეგულარულად აშუქებენ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ამბებს, განმარტავენ, რომ მათი ვებგვერდები არაღიარებულ ტერიტორიებზე მიღებულ ტერმინებს იყენებენ. ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ სოხუმში და ცხინვალში დიდი ინტერესით აკვირდებიან “წამოცდენით აღიარებას” და საქართველოში დამკვიდრებულ ტერმინებს დამაკნინებლად იღებენ.


ისევ 2014 წელს, როცა აფხაზეთის ტერიტორიაზე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, პირდაპირ ეთერში მოსაუბრე ჟურნალისტს წამოსცდა: “- აფხაზეთში გამართულ არჩევნებს არ აღიარებენ საქართველოში”. ამ წინადადებაში, აფხაზეთი და საქართველო თანასწორ სუბიექტებად შეიძლება აღვიქვათ. მართალია, პირდაპირ ეთერში წამოცდენილი ფრაზა არ შეიძლება გავაიგივოთ გაეროს მიერ სახელმწიფოების აღიარებასთან, მაგრამ ქართულ საზოგადოებასაც ხშირად სჭირდება შეხსენება, რომ “აფხაზეთი საქართველოა”.


მედია და უფრო ფართო საზოგადოებაც დააბნია ცოტა ხნის წინ ახალი ტერმინის “ანექსიის” დამკვიდრებამ. თუ ტერიტორიის ოკუპაცია მტრის საჯარისო ნაწილების მიერ ტერიტორიის კონტროლს ნიშნავს, ანექსია ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე პოლიტიკური კონტროლის ძალით დამყარებას გულისხმობს.


მას შემდეგ რაც რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არა მარტო აღიარა, არამედ “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის” ხელშეკრულება გააფორმა მათთან, ქართულ დიპლომატიას ახალ რეალობასთან შესაბამისი ტერმინის მოფიქრება მოუხდა.


შედეგად, საქართველომ ამ მოვლენას აფხაზეთის “დეფაქტო ანექსია” უწოდა, რითიც ხაზი გაუსვა იმ პოლიტიკურ, სამხედრო და ეკონომიკურ გავლენებს, რომლის ქვეშაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ექცეოდა.


ალბათ, ყველაფერს მედიას ვერ გადავაბრალებთ. 2015 წელს, საქართველოს იმჟამინდელი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ზვიად სიჭინავა დიდ უხერხულობაში ჩააგდო სოხუმში წარმოთქმულმა სადღეგრძელომ. ყველა იმ ოფიციალური შეცდომის გარდა, რაც ბატონმა სიჭინავამ სოხუმში ჩასვლით დაუშვა, გავრცელებულ ვიდეოში, ის ქალაქ სოხუმს მოიხსენიებს, როგორც Сухум”, სწორედ იმ ფორმით, როგორადაც აფხაზებს სურთ ამის წარმოჩენა. ერთი შეხედვით - წვრილმანია, სინამდვილეში კი, ქართულმა დიპლომატიამ “აფხაზეთი, საქართველოს” საერთაშორისო დოკუმენტებში დამკვიდრებას წლები შეალია.


ცოტა ხნის წინ, „ინტერპრესნიუსის“ მიხედვით, “რუსეთმა საქართველოს საზღვარი დაარღვია”. თავდაცვის სამინისტროს განმარტებით კი,"რუსულმა ვერტმფრენმა გადმოკვეთა საოკუპაციო ხაზი და რამდენიმე წუთის შემდეგ უკან გაბრუნდა”. როგორც ჩანს, ჟურნალისტის სურვილმა, ნიუსის სათაური შეემოკლებინა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ტერიტორიად წარმოაჩინა.


ტოკ-შოუს წამყვანს, ზვიად სიჭინავას,ან პირდაპირი ეთერის კორესპონდენტს ვერავინ დაავალდებულებს ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას, მაგრამ როცა ჩემი ქართველი ნათესავი ფოტოს გადაღების ადგილად “გალის” მაგივრად “Гал-ს“ უთითებს, მაინც აღიარების ეშმაკური დეტალები მახსენდება.


ანა წურწუმია, დუბლინის უნივერსიტეტი, Marie Curie სახელობის სადოქტორო მკვლევარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.