Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:
ბავშვები არჩევნები მედია

მედია, არჩევნები და ბავშვი, როგორც დეკორაცია

2017-09-29

თითოეულმა პოლიტიკოსმა ზუსტად იცის შედეგი, რასაც ბავშვთან მომღიმარი სახით გადაღებული ფოტო მოუტანს. გათვლები შესაბამისი მიზნობრივი აუდიტორიისთვის ზუსტად არის გაკეთებული, კარგად აპრობირებული მეთოდი ჭრის, კადრს მედია იტაცებს, ის ვირუსულად ედება ინტერნეტში, მთელი დღის განმავლობაში აქტიურად ტრიალებს ტელესივრცეშიც და შედეგიც მიღწეულია - პოლიტიკოსის პოზიტიური იმიჯიც შექმნილია.


პოლიტიკოსები ბავშვებს განსაკუთრებით ხშირად, წინსაარჩევნო კამპანიისას იყენებენ. ამის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო, როცა პროგრამის პრეზენტაციაზე პატარა გოგონა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გვერდით აღმოჩნდა, ერთობლივმა ფოტომ კი მოიცვა როგორც სოციალური ქსელები, ისე ინტერნეტგამოცემები. მათი შეხვედრის კადრები სატელევიზიო სიუჟეტებშიც არაერთხელ ვიხილეთ.





ტენდეცნია 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროსაც გრძელდება. ამ მხრივ განსაკუთრებით,  “ქართულმა ოცნება”  აქტიურობს, პარტიამ საკუთარი პარტიისა და კანდიდატების რეკლამირებისთვის ბავშვები არაერთხელ გამოიყენა. ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, რომელზეც მოსახლეობასთან შეხვედრის დროს “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი მესამე კლასის მოსწავლესთან ერთად არის გადაღებული. 

201709172329221714834289_photo

ბავშვით ხელში ისაუბრა კახი კალაძემ მოსახლეობასთან კიდევ ერთ შეხვედრაზე, სადაც ის ჯანდაცვის პროგრამების განვითარებაზე მსჯელობდა.


 

ბავშვებს  იყენებენ კამპანიაში “ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველოც".


22164047_1642301769125217_1182810837_o 22119894_1642304125791648_426676410_o



დღესდღეობით, საქართველოში ბავშვის წინასაარჩევნო კამპანიაში გამოყენება კანონით აკრძალული არ არის და ის ეთიკის ჭრილში განსახილება. რატომ არის პრობლემა, ბავშვის წინასაარჩევნო კამპანიაში გამოყენება - ეს კითხვა ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპევტ მაია ცირამუას დავუსვით, ფიქრობს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესში არ შედის, მონაწილეობდეს პოლიტიკოსის პიარ აქტივობაში: “ეს არ არის ბავშვის გაცნობიერებული არჩევანი, ბავშვმა არ შეიძლება იცოდეს, რომელი პარტიისკენ იხრება მისი პოლიტიკური სიმპატიები, ეს ყველაფერი ემსგავსება ბავშვებით მანიპულირებას” - ამბობს მედიაჩეკერთან საუბარში მაია ცირამუა.


ვიზუალური მასალა ბავშვისა და პოლიტიკოსის მონაწილეობით, მედიის ყურადღების ცენტრში ექცევა, ხშირად, ამ შეხვედრების შესახებ მომზადებულ სიახლეებს ონლაინმედიაში სწორედ ბავშვებთან ერთად გადაღებული ფოტოები ერთვის. მედია ცალკე მასალებსაც კი უძღვნის იმის გარკვევას, თუ ვინაა ესა თუ ის ბავშვი, რომელიც პოლიტიკოსის გვერდით “შემთხვევით” გამოჩნდა.


kaladze_bavshvit  premieri

რა პასუხისმგებლობა ეკისრება მედიას, რომელიც პოლიტიკოსის ამგვარ ფოტოებს თუ ვიდეომასალას აზიარებს, ან ურთავს სიახლეს? მაია ცირამუას აზრით, მედიაც მსგავსი საკითხების გაშუქებისას სწორედ ბავშვის უფლებების პრინციპიდან უნდა ამოდიოდეს. მაგალითად, როდესაც პოლიტიკოსი ნახავს, რომ  ბავშვით მანიპულაციის მცდელობა კადრს მიღმა დარჩა და მედიასივრცეში ვერ მოხვდა,  მიხვდება, რომ მისმა  ქცევამ  შედეგი ვერ გამოიღო და მომავლში აღარ ეცდება წინასაარჩევნო კამპანია ბავშვების გამოყენებით აწარმოოს: “მედიას აქვს დიდი რესურსი და შესაძლებლობა იმისათვის, რომ ასე ვთქვათ, დაეხმაროს პოლიტიკოსებს დაისწავლონ სხვა ტიპის ქცევები” - ამბობს მაია ცირამუა.


ნატალია ვახტანგაშვილი


მასალა მომზადებულია UNICEF- ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - "ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება მედიაში". პუბლიკაციაში გამოხატული მოსაზრებანი ეკუთვნის ავტორს და არ ასახავს გაეროს ბავშვთა ფონდის ოფიციალურ თვალსაზრისს .

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების ნებისმიერი ფორმით გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ რედაქციის თანხმობით, თანხმობის მიღების შემთხვევაში კი, წყაროს მითითებით.