Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:
მედია პირადი ცხოვრება

თემირლან მაჩალიკაშვილის დაკრძალვა მედიის ობიექტივში

2018-01-12

26 დეკემბერს, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალება და დაკრძალვა 10 და 11 იანვრის დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვებების წამყვანი თემა იყო. გარდაცვალების დღეს, 10 იანვარს 9 საათიან „კურიერში“ მაყურებელი დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში ისმენდა ჭირისუფლების ტირილსა და მოთქმას. გლოვა და ტირილი ისმოდა იმავე დღეს, „TV პირველის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაშიც.


11 იანვრის კი 9 საათიან „კურიერში“ და 8 საათიან „ქრონიკაში“ მაჩალიკაშვილის ცხედარი აჩვენეს, TV პირველის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ცხედართან ერთად, ის კადრებიც გაუშვეს, სადაც ჩანს, როგორ აყრიან მიწას 19 წლის ახალგაზრდას.


საჯარო ინტერესი თემის მიმართ ცხადი და ნათელია. ამბის კონტექსტის გათვალისწინებით გარკვეული საჯარო ინტერესი, მედიის მხრიდან ჭირისუფლების პოზიციების ჩაწერისა და ჩვენების მიმართაც არსებობს, თუმცა ბუნდოვანია, რა საინფორმაციო ღირებულება აქვს ცხედრის, წესის აგებისა და დატირების კადრების ჩვენებას.


მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 35-ე მუხლში კი ვკითხულობთ: „მაუწყებელმა არ უნდა გადაიღოს ან გაავრცელოს მასალა, რომელშიც ასახულია უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულები, ან პიროვნება პირადი ტრაგედიის ან მწუხარების დროს, მათ შორის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ან დაკრძალვაზე“.


ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სახელმძღვანელო წესებში კი ვკითხულობთ: “მედია სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ისეთი ვიზუალური მასალის ჩვენებას, რომელზეც ასახულია ადამიანთა ტრაგედია და ტანჯვა. მიზანშეწონილი არ არის დაზარალებულის, გვამისა ან დასახიჩრებული სხეულის, სისხლისა და სხვა მსგავსი სცენების ჩვენება მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთების გარეშე. მათი გადაღება უნდა მოხდეს მხოლოდ გარკვეული მანძილიდან, რათა შეუძლებელი იყოს დაზარალებულის იდენტიფიცირება“.


ფოტო / სქრინი რუსთავი 2 ის სიუჟეტიდან 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების ნებისმიერი ფორმით გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ რედაქციის თანხმობით, თანხმობის მიღების შემთხვევაში კი, წყაროს მითითებით.