Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:

შეიყვანეთ საძიებო სიტყვა

   გასუფთავება

მოიძებნა 180 სიტყვა

მოვალის გარანტია

მოვალის გარანტიად ითვლება, როცა მოვალე კისრულობს რაიმე უპირობო მოქმედების ან ისეთი მოქმედების შესრულებას, რომელიც სცილდება ხელშეკრულების საგანს.
გარანტია ნამდვილად ჩაითვლება, თუ იგი არ ეწინააღმდეგება კანონით გათვალისწინებულ წესებს, ან ზედმეტად არ ავალდებულებს მოვალეს.
გარანტია უნდა გაფორმდეს წერილობით.

(საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. თავი III)

პირგასამტეხლო

პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

(საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. მუხლი 417.)

ბე

ბედ მიიჩნევა ფულადი თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე აძლევს მეორე მხარეს და ამით დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი.

(საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. მუხლი 421.)

სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა

1. სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – ექვს წელს.
2. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
3. ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც.

(საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. მუხლი 129.)

ხანდაზმულობის ვადა

1. სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
2. ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება:
ა ) პირად არაქონებრივ უფლებებზე, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
ბ ) მეანაბრეთა მოთხოვნაზე ბანკსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში შეტანილი ანაბრების გამო.
3. ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს.

(საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. მუხლი 128.)

უფლების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა

სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

(საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. მუხლი 115.)

გარიგება

გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

(საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. მუხლი 50.)

ეკოციდი

1. ეკოციდი, ესე იგი ატმოსფეროს, მიწის, წყლის რესურსის მოწამვლა, ცხოველთა ან მცენარეული სამყაროს მასობრივი განადგურება, ანდა სხვა ქმედება, რასაც შეეძლო ეკოლოგიური კატასტროფა გამოეწვია, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი შეიარაღებული კონფლიქტის დროს, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თოთხმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

(საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი. მუხლი 409.)

დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ

დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ, ესე იგი ნებისმიერი ქმედება, ჩადენილი სამოქალაქო მოსახლეობაზე ან პირებზე ფართომასშტაბიანი ან სისტემატური თავდასხმის ფარგლებში, რაც გამოიხატა მკვლელობით, ადამიანთა მასობრივი განადგურებით, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით, დეპორტაციით, თავისუფლების უკანონო აღკვეთით, წამებით, გაუპატიურებით, სქესობრივ მორჩილებაში ყოლით, პროსტიტუციის იძულებით, იძულებით ორსულობით, ძალადობითი სტერილიზაციით, პირთა ჯგუფის დევნით პოლიტიკური, რასობრივი, ეროვნული, ეთნიკური, კულტურული, რელიგიური, სქესობრივი ან სხვა ნიშნის საფუძველზე, აპარტეიდითა და სხვა არაჰუმანური ქმედებით, რომლებიც სერიოზულ ზიანს აყენებს ადამიანის ფიზიკურ ან/და ფსიქიკურ მდგომარეობას, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით

(საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი. მუხლი 408.)

გენოციდი

გენოციდი, ესე იგი ქმედება, ჩადენილი შეთანხმებული გეგმის განსახორციელებლად რომელიმე ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური ანდა რაიმე სხვა ნიშნით გაერთიანებული ჯგუფის მთლიანად ან ნაწილობრივ მოსასპობად, რაც გამოიხატა ასეთი ჯგუფის წევრთა მკვლელობით, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით, მათთვის ცხოვრების მძიმე პირობის განზრახ შექმნით, შობადობის ძალით შემცირებით ან ბავშვის იძულებით გადაცემით ერთი ეთნიკური ჯგუფიდან მეორეში, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

(საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი. მუხლი 407.)

გამოძიების მონაცემის გახმაურება

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მასალების ან გამოძიების მონაცემის გახმაურება იმის მიერ, ვინც კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყო მისი გახმაურების აკრძალვის შესახებ, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

(საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი. მუხლი 374.)

სამსახურებრივი გულგრილობა

1. სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

(საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი. მუხლი 342.)

კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება

სამსახურებრივი სიყალბე, ესე იგი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ყალბი ცნობის ან ჩანაწერის შეტანა ოფიციალურ დოკუმენტში ან დავთარში, ანდა ყალბი დოკუმენტის შედგენა ან გაცემა, აგრეთვე საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის საქმეში არსებული ოფიციალური ან კერძო დოკუმენტის გაყალბება, ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
(საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი. მუხლი 341.)

ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელო

1. ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ დაწესებულების ან ობიექტის ნორმალური მუშაობა, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) არაერთგზის, –
ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

(საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი. მუხლი 222.)

გენეტიკური მანიპულაცია

გენეტიკური მანიპულაცია, ესე იგი ადამიანის მსგავსი არსების შექმნა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

(საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი. მუხლი 136.)

შიდსის შეყრა

1. სხვისთვის შიდსის განზრახ შეყრის საფრთხის შექმნა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
2. სხვისთვის შიდსის განზრახ შეყრა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
3. სხვისთვის შიდსის გაუფრთხილებლობით შეყრა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) ორი ან მეტი პირის მიმართ;
ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის ან არასრულწლოვნის მიმართ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
(საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი. მუხლი 131.)

ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება

1. სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფისათვის არასაპატიო მიზეზით მედიცინის მუშაკის მიერ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაუწევლობა, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ავადმყოფის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

(საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი. მუხლი 130)

დაუხმარებლობა

სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისათვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობა, თუ დამნაშავეს შეეძლო მისი დახმარება თავისთვის ან სხვისთვის სერიოზული საფრთხის შექმნის გარეშე, აგრეთვე დახმარების საჭიროების შეუტყობინებლობა სათანადო დაწესებულებისათვის ან პირისათვის, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

(საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი. მუხლი 129 )

განსაცდელში მიტოვება

დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა მიეღო ზომები თავის დასაცავად, თუ მიმტოვებელს ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

(საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი. მუხლი 128)

სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენება

სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმის ჩაყენება, ვისაც შესაძლებლობა არა აქვს მიიღოს ზომები თავის დასაცავად, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. 

(საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი. მუხლი 127 )

დაზღვევა

ურთიერთობა, რომელიც მყარდება ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე, გარკვეული გარემოებების (სადაზღვევო შემთხვევების) დადგომისას დამზღვევი (insured ) ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც გააფორმა სადაზღვევო ხელშეკრულება მზღვეველთან.

ტერორისტული ორგანიზაცია

ორგანიზაცია, რომელიც თავისი მიზნების მისაღწევად იყენებს ტერორისტულ ქმედებებს ან  მის გამოყენებას მიზანშეწონილად თვლის.

ტერორისტული აქტი

ტერორისტული აქტი, ესე იგი აფეთქება, ცეცხლის წაკიდება, ადამიანზე თავდასხმა, იარაღის გამოყენება ან სხვა ქმედება, რომელიც ქმნის ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას, ჩადენილი ტერორისტული მიზნით.

ტერორიზმი

ძალადობის გამოყენება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. შეიარაღებული თავდასხმა, რომლის მიზანია არა მოწინააღმდეგისადმი რაიმე სტრატეგიული ზიანის მიყენება, არამედ შიშის დანერგვა, შანტაჟი. 

გადაწყვეტილების განმარტება

გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას.

განცხადებას სასამართლო განიხილავს შეტანიდან 1 თვის ვადაში. გადაწყვეტილების განმარტების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

დამატებითი გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ:
ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა;
ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს;
გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.

დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.

დროებითი მხარდამჭერა

პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება სასამართლოში შეიძლება შეიტანოს ამ პირმა, მისი ოჯახის წევრმა, მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, ფსიქიატრიულმა ან სპეციალიზებულმა დაწესებულებამ.
სასამართლო უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე, საქმის წარმოების დასრულებამდე დანიშნოს დროებითი მხარდამჭერი, თუ მიიჩნევს, რომ იმ პირს, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, შესაძლებელია შეუქცევადი ზიანი მიადგეს.
დროებითი მხარდამჭერი შეიძლება იყოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი.
დროებითი მხარდაჭერის დაწესების შესახებ განცხადებას სასამართლო ზეპირი მოსმენით განიხილავს მისი შეტანიდან 5 დღის ვადაში. მხარის გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ დროებითი მხარდაჭერის დაწესების საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.
დროებითი მხარდაჭერის დაწესების შესახებ სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.

დროებითი განკარგულება

 სასამართლოს შეუძლია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე მიიღოს დროებითი განკარგულება, რათა მოაწესრიგოს:
ა) შვილის მიმართ მშობელთა ზრუნვის საკითხები;
ბ) ერთ-ერთი მშობლის ურთიერთობა ბავშვთან;
გ) ბავშვის აღსაზრდელად გადაცემა ერთ-ერთი მშობლისათვის;
დ) მცირეწლოვანი ბავშვის შენახვის ვალდებულება;
ე) საკითხი ერთ-ერთი მეუღლის მიერ მეორე მეუღლისათვის მატერიალური დახმარების გაწევის შესახებ;
ვ) საოჯახო მეურნეობისა და ბინით სარგებლობის საკითხი;
ზ) საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი საქმეების განხილვასთან დაკავშირებით ხარჯების ავანსის სახით გადახდევინების საკითხი.

აღნიშნულ საკითხებზე სასამართლოს განჩინება შეიძლება გამოტანილ იქნეს საქმის ზეპირი განხილვის გარეშე.

განჩინების გამომტან სასამართლოს შეუძლია, მხარეთა განცხადების საფუძველზე, შეცვალოს ან მთლიანად გააუქმოს თავისი განჩინება.

წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილება

თუ სადავოა სასარჩელო მოთხოვნის როგორც ფაქტობრივი საფუძველი, ასევე ამ მოთხოვნის მოცულობა (ოდენობა), სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს წინასწარი გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლის შესახებ.

დაუსწრებელი გადაწყვეტილება

სასამართლოს მიერ მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე შესაძლოა გამოტანილ იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოსარჩელის ან მოპასუხის წინააღმდეგ, რომელიც გაფრთხილებულ იყო კანონით დადგენილი წესით და პროცესზე არ გამოცხადდა. 
გამოუცხადებლად ჩაითვლება აგრეთვე ის მხარე, რომელიც, მართალია, გამოცხადდა სასამართლო პროცესზე, მაგრამ მონაწილეობას არ მიიღებს საქმის განხილვაში ან თვითნებურად მიატოვებს სასამართლო პროცესს 
ორივე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში. მოპასუხის საწინააღმდეგოდ შესაძლებელია გამოტანილ იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ასევე, იმ შემთხვევაში, თუ იგი კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგენს შესაგებელს და სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას 
დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის ან გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. 
დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება ჩამოყალიბდეს სამოტივაციო ნაწილის გარეშე. 

გადაწყვეტილება

მოსამართლის მიერ საბოლოოდ მიღებული დოკუმენტი, რომლითაც მოსამართლე არსებითად წყვეტს საქმეს. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრებულ იქნას სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიძლება საკასაციო სასამართლოში (კასაცია). 

განჩინება

სასამართლოს მიერ მიღებული დოკუმენტი, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება და წარმოადგენს რაიმე პროცესუალური მოქმედების ნებართვას, ან სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოქმედებას.

ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება

არის ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს , რომ მოცემული ქმედების განხორციელდება, რაც შეიძლება გახდეს დაინტერესებუი მხარის კანონიერი ნდობის საფუძველი. 
ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების მიმართ კანონიერი ნდობა არ შეიძლება არსებობდეს, თუ:
- მას საფუძვლად უდევს კანონსაწინააღდეგო დაპირება;
- შესაბამისი ნორმატიული აქტის შეცვლის გამო პირი ვეღარ აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებს;
- მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული პირის უკანონო მოქმედება, 

დაუძლეველი ძალა

მოვლენა, გარემოება, რომელიც არ ექვემდებარება ადამიანის კონტროლს და გამორიცხავს მის შესაძლებლობას შეასრულოს სავალდებულო მოქმედება.  ასეთებად მიიჩნევა: წყალდიდობა, ხანძარი, მიწისძვრა და სხვა
დაუძლეველი ძალის დროს არ არსებობს ბრალი. 

მედიატორი

ნეიტრალური პირი, რომელიც ეხმარება დავის მონაწილეებს კომპრომისის გზით კონსესუსის (შეთანხმების) მიღწევაში.

ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია

 ეკოლოგიურად უსაფრთხო ნედლეულისაგან რესურსთდამზოგველი და საუკეთესო ტექნოლოგიითა და ტექნიკით წარმოებული პროდუქცია.

დაცული ტერიტორია

ბიოლოგიური მრავალფეროვნების, ბუნებრივი რესურსებისა და ბუნებრივ გარემოში ჩართული კულტურული ფენომენების შენარჩუნების თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახმელეთო ტერიტორია და (ან) აკვატორია, რომლის დაცვა და მართვა ხორციელდება გრძელვადიან და მყარ სამართლებრივ საფუძველზე. დაცული ტერიტორია იქმნება უმნიშვნელოვანესი ეროვნული მემკვიდრეობის _ უნიკალური, იშვიათი და დამახასიათებელი ეკოსისტემების, მცენარეთა და ცხოველთა სახეობების, ბუნებრივი წარმონაქმნებისა და კულტურული არეალების დასაცავად და აღსადგენად, მათი სამეცნიერო, საგანმანათლებლო, რეკრეაციული და ბუნებრივი რესურსების დამზოგავი მეურნეობის განვითარების მიზნით გამოყენების უზრუნველსაყოფად;

ბუნებრივი რესურსები

 ბუნებრივი გარემოს შემადგენელი ბუნებრივი ელემენტები

გარემოს დაცვის სფერო

ატმოსფერული ჰაერის, წყლის, მიწის, წიაღისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და აღწარმოების, ნარჩენების რეგულირების, ქიმიური უსაფრთხოების, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფერო.

გარემოს დაცვა

 ადმინისტრაციულ, სამეურნეო, ტექნოლოგიურ, პოლიტიკურ-სამართლებრივ და საზოგადოებრივ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს გარემოში არსებული ბუნებრივი წონასწორობის შენარჩუნებას და აღდგენას;

კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი

კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი.

იერარქია/კოლიზია

საქართველოს საკანონმდებლო აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიმართ.
თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს.
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს პარლამენტის დადგენილებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტების მიმართ.
აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტების იურიდიული ძალა განისაზღვრება აღმასრულებელ ხელისუფლებაში ამ ორგანოთა (თანამდებობის პირთა) იერარქიის შესაბამისად.
 საქართველოს ნორმატიულ აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მიმართ;
საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიულ აქტს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტების მიმართ;
საქართველოს ნორმატიულ აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტების მიმართ.

რეფერენდუმის შედეგი

ნორმატიული აქტი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს რეფერენდუმის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას.

საკანომდებლო აქტების იერარქია

საქართველოს საკანონმდებლო აქტების, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების მიმართ მოქმედებს შემდეგი იერარქია:
ა) საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი;
ბ) საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება;
გ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება;
დ) საქართველოს ორგანული კანონი;
ე) საქართველოს კანონი, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი.

საქართველოს საკანონმდებლო აქტების სახეები

ა) საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი;
გ) საქართველოს კანონი, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი.

ნორმატიული აქტების დაყოფა

საქართველოს ნორმატიული აქტები იყოფა საქართველოს საკანონმდებლო და საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად, რომლებიც ქმნის საქართველოს კანონმდებლობა; აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება.

კოდექსი

კოდექსი არის განსაზღვრული (ერთგვაროვანი) საზოგადოებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმათა სისტემატიზებული ნორმატიული აქტი.

ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი

ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი ერთჯერადია და უნდა შეესაბამებოდეს ნორმატიულ აქტს. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი მიიღება (გამოიცემა) მხოლოდ ნორმატიული აქტის საფუძველზე და მის მიერ დადგენილ ფარგლებში.

ნორმატიული აქტი

ნორმატიული აქტი არის უფლებამოსილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს.

სამართლებრივი აქტის სახეები

სამართლებრივი აქტის სახეებია ნორმატიული აქტი და ინდივიდუალური აქტი.

სამართლებრივი აქტი

 უფლებამოსილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული), შესასრულებლად სავალდებულო აქტი.

საკანონმდებლო ინიციატივის უფლება

საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვთ:
საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წევრს, საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის კომიტეტს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს, არანაკლებ 30000 ამომრჩეველს.

ადგილობრივი გადასახადი

საგადასახადო კოდექსით დაწესებული და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით შემოღებული გადასახადი (ზღვრული განაკვეთების ფარგლებში), რომლის გადახდაც სავალდებულოა შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე.
ადგილობრივ გადასახადს მიეკუთვნება ქონების გადასახადი.

საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადები

საგადასახადო კოდექსით დაწესებული გადასახადები, რომელთა გადახდაც სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე:
ა) საშემოსავლო გადასახადი;
ბ) მოგების გადასახადი;
გ) დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ);
დ) აქციზი;
ე) იმპორტის გადასახადი.

გადასახადის სახეები

საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები.

გადასახადი

გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.

სააგიტაციო მასალა

პლაკატი, დროშა და ნებისმიერი სხვა მასალა, რომლებზედაც გამოსახულია საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი ;

საარჩევნო შემოწირულება

 საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის დროს შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის ანგარიშზე ფიზიკური პირების მიერ ჩარიცხული ფულადი სახსრები, აგრეთვე უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის მატერიალური ფასეულობა და მომსახურება, გარდა ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული უფასო საეთერო დროის ღირებულებისა;

წინასაარჩევნო კამპანია

საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მიერ არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა;

საარჩევნო ბლოკი

  ცესკოს მიერ რეგისტრირებული 2 ან 2-ზე მეტი პარტიის გაერთიანება;

საარჩევნო სუბიექტი

შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული პარტია, საარჩევნო ბლოკი ან ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი, საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის კანდიდატი;

პასიური საარჩევნო უფლება

საქართველოს მოქალაქის უფლება, კენჭი იყაროს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ასარჩევად და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად;

აქტიური საარჩევნო უფლება

საქართველოს მოქალაქის უფლება, ხმის მიცემის მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ხალხის წარმომადგენელთა ასარჩევად და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებულ საყოველთაო არჩევნებში, რეფერენდუმში, პლებისციტში;

საარჩევნო უფლება

აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება;

მაჟორიტარული არჩევნები

საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრების არჩევნები ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით;

პროპორციული არჩევნები

 საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრების არჩევნები პარტიული სიების საფუძველზე;

არჩევნების (კენჭისყრის) დღე

საერთო, შუალედური ან ხელახალი არჩევნების ჩატარების დღე, ასევე მეორე ტურის, განმეორებითი კენჭისყრის დღე;

არჩევნების მეორე ტური

კენჭისყრა, რომელიც იმართება ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ვადებში, როდესაც არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა;

განმეორებითი კენჭისყრა

კენჭისყრა, რომელიც განმეორებით იმართება იმ საარჩევნო უბანში (უბნებში), რომელშიც (რომლებშიც) ბათილად იქნა ცნობილი კენჭისყრის შედეგი, ან მთელ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პარტიული სიების მიხედვით, როდესაც მანდატი არც ერთ პარტიას/საარჩევნო ბლოკს არ მიეკუთვნა

შუალედური არჩევნები

შესაბამის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, ამ კანონით დადგენილი წესით ჩატარებული არჩევნები, რომელიც ტარდება ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს შემადგენლობის შესავსებად;

რიგგარეშე არჩევნები

არჩევნები, რომელიც ტარდება საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო;

მორიგი არჩევნები

არჩევნები, რომელიც ტარდება საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებითა და სათანადო კანონებით დადგენილ ვადებში;

საერთო არჩევნები

 ორიგი ან რიგგარეშე არჩევნები.

არჩევნები

 საარჩევნო პროცესი, რომლის დანიშნულება და შედეგია საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოებისა და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირთა არჩევა;

პლებისციტი

ფარული კენჭისყრის გზით საერთო-სახალხო გამოკითხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე ამომრჩეველთა ან მათი ნაწილის აზრის გასაგებად, რომლის შედეგები სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა;

რეფერენდუმი

 საერთო-სახალხო გამოკითხვა საყოველთაო, თანასწორი და ნების პირდაპირი გამოვლენის მიზნით, ფარული კენჭისყრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების საბოლოოდ გადასაწყვეტად, რომელიც იმართება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;

ირიბი დისკრიმინაცია

ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა კანონით გათვალისწინებული პირობებისა.

პირდაპირი დისკრიმინაცია

პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა კანონით გათვალისწინებული პირობებისა.

საიდუმლო ინფორმაცია

საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას.

საჯარო ინფორმაცია

ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია;

ადმინისტრაციული ორგანო

ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს;

ბოლო მომხმარებელი

მომხმარებელი, რომელიც საკუთარი მოხმარებისათვის იყენებს ან განზრახული აქვს გამოიყენოს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით განხორციელებული მომსახურება და მიზნად არ ისახავს მის შემდგომ მიყიდვას სხვა მომხმარებლისათვის;

წყალგამყოფი

საეთერო ტელერადიოსამაუწყებლო ბადეში დროის გამყოფი ზღვარი, რომელიც იწყება 06.00 საათზე და სრულდება 20.00 საათზე და რომელიც თავისუფალია არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი პროგრამებისაგან;
არასრულწლოვნებისათვის მავნე ზეგავლენის მომხდენი პროგრამებისა და პროგრამებში მასალების განთავსება 20.00 საათიდან 24.00 საათამდე შეზღუდულია

ფარული ჩაწერა

ნებისმიერი ტექნიკური საშუალების გამოყენებით საუბრის ჩაწერა ან ჩაწერის გაგრძელება ინფორმირებული თანხმობის გარეშე, როდესაც ჩაწერის ობიექტმა არ იცის, რომ იწერენ ან როცა ობიექტი ვარაუდობს, რომ ჩაწერა დამთავრდა; ფარული მეთოდებით მასალის გადაღებად ან ჩაწერად ჩაითვლება ჩამწერი აპარატურის ან ჩართული ვიდეო-კამერის გამოყენება ან დატოვება კერძო მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე მობინადრის ან მისი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე. აღნიშნული მეთოდების რიცხვს შესაძლოა ასევე განეკუთვნებოდეს სატელეფონო საუბრის ჩაწერა რესპოდენტის ინფორმირებული თანხმობის გარეშე;

სპონსირებული პროგრამა

რეკლამის დამკვეთის მიერ დაფინანსებული პროგრამა, ასევე პროგრამა, რომლის მომზადების ხარჯებს მთლიანად ან ნაწილობრივ ფარავს სპონსორი, რომელსაც სურს საფირმო/სასაქონლო ნიშნის, სახელწოდების, იმიჯის, საქმიანობის, მომსახურების, პროდუქციის პოპულარიზაცია ან გააჩნია სხვა სახის პირდაპირი ან არაპირდაპირი ინტერესი;

სექსუალური სცენა

კადრი, რომელშიც ნაჩვენებია პერსონაჟთა ფიზიკური კონტაქტი სექსუალური ლტოლვის დაკმაყოფილების მიზნით ან/და პერსონაჟი სხვა პირთან კონტაქტის გარეშე, სექსუალური თვითდაკმაყოფილების ან/და სხვა პირზე სექსუალური ზემოქმედების მიზნით, რა დროსაც არ ჩანს შიშველი სხეული;

სექსუალური კონტექსტი

სექსუალური ლტოლვის დაკმაყოფილების, თვითდაკმაყოფილების ან სხვათა აღგზნების მიზნით შიშველი სხეულის დემონსტრირება;

საბავშვო დრო

 დროის ისეთი მონაკვეთი, როდესაც არსებობს დიდი ალბათობა, რომ არასრულწლოვნები ოჯახის წევრ ზრდასრული წევრებისაგან დამოუკიდებლად უსმენენ ან უყურებენ ტელერადიოსამაუწყებლო პროგრამებს;  

ოჯახური ძალადობა

 განმეორებადი და ხშირი ციკლი ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან სხვა სახის შეურაცხყოფისა, რომელსაც ოჯახის ერთი წევრი ახორციელებს მეორეზე მასზე კონტროლისა და ძალაუფლების მოპოვების მიზნით, მხედველობაშია რეალური ქმედება ან მუქარა;

კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის ლეგიტიმური მოლოდინი

პირის მოლოდინი, რომ მას მოეპყრობიან აღიარებული და დამკვიდრებული პრაქტიკის ან წესების შესაბამისად. კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის ლეგიტიმური მოლოდინი არ არის დამოკიდებული პიროვნების საზოგადოებრივ სტატუსზე. კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის მოლოდინი პიროვნებას შეიძლება აგრეთვე ჰქონდეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე. საზოგადოებრივი ინტერესის სფეროში შემავალი პირები ინარჩუნებენ კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, თუმცა ზოგიერთმა კერძო ქმედებამ შესაძლოა წამოჭრას საკითხები, რომლებიც ლეგიტიმურ საზოგადოებრივ ინტერესს უკავშირდება;

მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბათა სუ­ბი­ექ­ტები

შემ­სრუ­ლე­ბ­ლე­ბი, ფო­ნოგ­რა­მის ან ვი­დე­ოგ­რა­მის და­მამ­ზა­დებ­ლე­ბი და მა­უწ­ყებ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი.

უვადო სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბი

ნა­წარ­მო­ე­ბთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ავ­ტო­რო­ბის უფ­ლე­ბის, სა­ხე­ლის უფ­ლე­ბის, ნა­წარ­მო­ე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის უფლებისა და რეპუტაციის პატივისცემის უფლების დაც­ვა ხორ­ცი­ელ­დე­ბა უვა­დოდ.

სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბა

სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა წარ­მო­იშო­ბა ნა­წარ­მო­ე­ბის შექ­მნის­თა­ნა­ვე და მოქ­მე­დებს ავ­ტო­რის სი­ცოც­ხლე­ში და მი­სი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ 70 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა სამ­სა­ხუ­რებ­რივ ნა­წარ­მო­ებ­ზე

 ქონებრივი უფლებები დასაქმებულის ან შეკვეთის მიმღების მიერ შექმნილ ნაწარმოებზე, რომელიც დაკავშირებულია სამსახურებრივი მოვალეობის ან შეკვეთის შესრულებასთან (სამსახურებრივი ნაწარმოები), ეკუთვნის შესაბამისად დამსაქმებელს ან შემკვეთს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
დამსაქმებელს უფლება აქვს, სამსახურებრივი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისას მიუთითოს თავისი სახელი(დასახელება) ან მოითხოვოს ასეთი მითითება.
სამსახურებრივი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისას საავტორო გასამრჯელოს(ჰონორარის ) ოდენობა და გადახდის წესი შეიძლება განისაზღვროს ავტორსა და დამსაქმებელს შორის ხელშეკრულებით.

ავტორი

ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგადაც შეიქმნა ნაწარმოები

საავტორო უფლების წარმოშობა

სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა მეც­ნი­ე­რე­ბის, ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ებებ­ზე წარ­მო­იშ­ო­ბა მათი შექ­მნის მო­მენ­ტი­დან. ნა­წარ­მო­ე­ბი შექ­მნი­ლად ით­ვლე­ბა, რო­დე­საც იგი გა­მო­ხა­ტუ­ლია რაიმე ობი­ექ­ტუ­რი ფორ­მით, რაც მი­სი აღ­ქმი­სა და რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

საავტორო უფლებები და ოფიციალური დოკუმენტები

სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა არ ვრცელ­დე­ბა შემ­დეგ ნა­წარ­მო­ე­ბებ­ზე:
ა) ოფი­ცი­ა­ლუ­რ დო­კუ­მენ­ტე­ბზე (კა­ნო­ნე­ბი, სა­სა­მარ­თლოს გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბე­ბი, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი და ნორ­მა­ტი­უ­ლი ხა­სი­ა­თის სხვა ტექ­სტე­ბი), აგ­რეთ­ვე მა­თ ოფი­ცი­ა­ლუ­რ თარ­გმა­ნე­ბზე;
ბ) სა­ხელ­მწი­ფო­ს ოფი­ცი­ა­ლუ­რ სიმ­ბო­ლო­ე­ბზე (დრო­შა, გერ­ბი, ჰიმ­ნი, ჯილ­დო­ე­ბი, ფუ­ლის ნიშ­ნე­ბი, სა­ხელ­მწი­ფო­ს სხვა ოფი­ცი­ა­ლუ­რი ნიშ­ნე­ბი და სიმ­ბო­ლო­ე­ბი);

სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა

1. სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა ვრცელ­დე­ბა მეც­ნი­ე­რე­ბის, ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ებებ­ზე, რო­მ­ლებიც წარ­მო­ად­გენს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ-შე­მოქ­მე­დე­ბითი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დეგს, გა­ნურ­ჩევ­ლად ნა­წარ­მო­ე­ბის და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­სა, ავ­კარ­გი­ა­ნო­ბი­სა, ჟან­რი­სა, მო­ცუ­ლო­ბი­სა, გა­მო­ხატ­ვის ფორ­მი­სა და სა­შუ­ა­ლე­ბი­სა.
2. საავტორო უფლება ვრცელდება ნაწარმოებზე, რომელიც არსებობს ობიექტური ფორმით, მიუხედავად იმისა, მოხდა თუ არა მისი გამოცემა ან საჯარო გაცნობა.
3. საავტორო უფლება არ ვრცელდება იდეებზე, მეთოდებზე, პროცესებზე, სისტემებზე, საშუალებებზე, კონცეფციებზე, პრინციპებზე, აღმოჩენებსა და ფაქტებზე, მაშინაც კი, თუ ისინი გამოხატულია, აღწერილია, ახსნილია, ილუსტრირებულია ან ხორცშესხმულია ნაწარმოებში.

სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირები

სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს წარმოადგენენ:  
ა) საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) საქართველოს პარლამენტის წევრი;
გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საქართველოს მთავრობის სხვა წევრი;
დ) აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი;
ე) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელები.

სახელმწიფო თანამდებობა

სახელმწიფო თანამდებობა არის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც განსაზღვრავს მოქალაქის ადგილსა და სოციალურ-შრომით როლს საჯარო სამსახურის სისტემაში, მის უფლებებსა და მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.