ბლოგი
კატეგორია - ბლოგი

მედიაში და განსაკუთრებით სატელევიზიო მედიაში არსებული პრობლემები, ექსტრემალურ სიტუაციებში ზედაპირზე ამოდის და მკაფიოდ ჩანს. ფემიციდი ის საკითხია, რომლის გაშუქებაც ჯერ ისევ ვერ ისწავლა მედიამ. ცხადია არის რამდენიმე გამონაკლისი, მაგრამ მათი რიცხვი იმდენად მცირეა, რომ მათი ხმა იკარგება და არ ისმის.

სამწუხაროდ, მედიას ჯერ ისევ არ აქვს გაცნობიერებული მისი სოციალური პასუხისმგებლობა და ის, რომ საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი, ამა თუ იმ პრობლემატურ საკითხებს, სწორედ მედიის პრიზმიდან ხედავს. ქართული მედიის უდიდესი ნაწილი ჯერ ისევ ვერ ხედავს და ჯეროვნად ვერ აფასებს საკუთარ როლს საზგადოებრივი აზრის, სოციალური ქცევის, სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბების პროცესში.

alt

  ფოტო: © RONALDO SCHEMIDT/AFP/Getty Images


დაახლოებით ერთი კვირის წინ, ხაშურში, ყოფილმა ქმარმა ცოლი მოკლა, ჯერ ყუმბარა ესროლა, შემდეგ გაქცეულს გაეკიდა და თავი იარაღის კონდახით გაუჩეჩქვა. მიზეზი ბანალურია, ვერ დამორჩლებულ და ვერ მანიპულირებულ ქალზე შურისძიება.

რა მიზანს შეიძლება ისახავდეს ჟურნალისტი, რომელიც ამ ტრაგიკული ფაქტის გასაშუქებლად მიდის? პირველადი მშრალი ინფორმაციის გადაცემის შემდეგ (სად? რა გარემოებაში? რა იარაღით? რომელ საათზე და ა.შ. ) რა უნდა აინტერესებდეს და რა აინტერესებთ, როგორც ყველაზე რეიტინგული საინფორმაციო გამოშვებების კორესპონდენტებს, ასევე ყვითელი პრესის ავტორებს?

ხაშურში მომხდარი ფემიციდის შემთხვევაში, ყველა საინფორმაციო გამოშვების ჟურნალისტმა დაიწყო მეზობლებში, ნათესავებში სიარული და გარკვევა, რატომ მოკლა კაცმა ქალი. თითქოს არაფერი არალეგიტიმური აქ არ არის, რადგან ყველას უნდა იცოდეს მიზეზი. მაგრამ ჩვენ, ჟურნალისტები არ ვფიქრობთ იმაზე თუ რა პასუხი შეიძლება მოვისმინოთ, იმისათვის, რომ გასაგები გავხადოთ ეს მკვლელობა. რას ვიძიებთ? არის რამე რაც ამართლებს ამ მკვლელობას? დავუშვათ, რომ კაცმა ცოლს შეუსწრო საყვარელთან ერთად ლოგინში. ეს ალბათ ყველაზე უარესი ვერსიაა ხომ? თორემ საჭმელს არ უმზადებდა, პერანგს არ უუთოვებდა, ბევრს ტლიკინებდა, მოკლე კაბებს იცვამდა და ა.შ. „დანაშაულები“ ცნობისმოყვარე საზოგადოებისათვის არაფერია ფიზიკურ ღალატთან შედარებით. ვთქვათ კარგი გამომძიებლის ფუნქცია შევასრულეთ, მივაგენით მიზეზს და ვამხილეთ ქმრის მოღალატე ქალი, რას ვაკეთებთ შემდეგ, ან კი რას ვიღებთ შედეგად? ვაკმაყოფილებთ სეირის მაყურებელი საზოგადოების ინტერესს, თავად ვივიწყებთ ამ თემას, რადგან სხვა და ახალი თემები შემოდის ნიუსრუმში და ვტოვებთ მოკლულ და შეურაცხყოფილ მსხვერპლს, რომელიც ქმარმა ფიზიკურად მოკლა და ახლა ჩვენ, მედიამ მისი ცხედარი ამ სეირის მაყურებელ ხალხს მივუგდეთ საჯიჯგნად.



პატრიარქალურ კულტურაში სადაც ქალი აპრიორი დამნაშავეა და მოთვალთვალე საზოგადოება მისი სიკვდილის შემთხვევაშიც კი მიზეზებს მასში ეძებს, მედია სწორედ ამ აუდიტორიის დაკვეთას ასრულებს. ვერცერთი ტელევიზია ვერ გაექცა ამ კითხვებს და ყველამ ამცნო მაყურებელს, რომ „საქმეში მესამე პირი იკვეთება“.

altსინამდვილეში რა არის მედიის ფუნქცია და პასუხისმგებლობა, რა უნდა იყოს მისი მიზანი და რა კითხვებს უნდა სვამდეს? ხაშურის ინციდენტის შემთხვევაში ჟურნალისტი პირველ რიგში უნდა იკვლევდეს, რატომ და საიდან აღმოაჩნდა მკვლელს ყუმბარა და ცეცხლსასროლი იარაღი, მითუმეტეს, რომ პირი უკვე ნასამართლევია. რატომ ვერ მოახერხეს სამართალდამცავმა ორგანოებმა ქალის სიცოცხლის დაცვა, რამდენად ეფექტურია შემაკავებელი ორდერი და როდის უნდა დაიწყოს სახელმწიფომ განსხვავებული ზომების მიღება, მაშინ, როდესაც ნათლად ჩანს - შემაკავებელი ორდერი სინამდვილეში არ არის მკვლელობის შემაკავებელი. როგორია ქალზე ძალადობის სტატისტიკა და რა ხარვეზებია კანონმდებლობაში. სწორედ ამ კითხვებისა და სტატისტიკური მონაცემების შემდეგ ჟურნალისტი ყველა გავლენიან ინსტიტუციას, მათ შორის ეკლესიას, უნდა უსვამდეს კითხვებს, რას აკეთებენ ისინი ჩვენს მიზოგინურ საზოგადოებაში ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ამას უნდა აკეთებდეს პასუხისმგებლიანი მედია, რომელიც საკუთარ ფუნქციას საზოგადოებრივი აზრის რეკონსტრუქციაში ხედავს და არა „ბოზობის“ ძიებაში.

დღევანდელი ქართული მედია, რომელიც ხაშურის უმოწყალო მკვლლობის საქმეს აშუქებდა, თავისდაუნებურად მკვლელობის მონაწილედ იქცა. ჩვენმა ჟურნალისტებმა არ დაუტოვეს მსხვერპლს იმის შანსიც კი, რომ საზოგადოებამ მის მიმართ თანაგრძნობა ისე გამოხატოს, რომ სიტყვა „მაგრამ“ არ გამოიყენოს და მისი ცხოვრება არ გააკრიტიკოს.

და ბოლოს, რაც ყველაზე მთავარია, ამ სიუჟეტების მაყურებელი ქალები, რომელნიც თავად განიცდიან ოჯახში სხვადასხვა ტიპის ძალადობას, კიდევ უფრო მეტად დაფიქრდებიან, დაეჭვდებიან და შეშინდებიან ვიდრე გაშორების, ძალადობისგან გათავისუფლების გადაწყვეტილებას მიიღებენ. და რაც ყველაზე ცუდია, მათ არა მხოლოდ სიკვდილის შეეშინდებათ, არამედ საზოგადოებრივი აზრის, რომელიც მათ სიკვდილის შემთხვევაშიც კი არ დაინდობს. შეეშინდებათ ხმამაღლა ისაუბრონ საკუთარ პრობლემებზე, იბრძოლონ როგორც საკუთარი, ასევე სხვა მსხვერპლი ქალების უფლებებისთვის და მათი თავისუფლებისთვის, შეეშინდებათ სეირზე მონადირე ჟურნალისტების, რომელნიც მის პირად ცხოვრებაში დაიწყებენ ხელების ფათურს.

ამიტომ ამ ტიპის ჟურნალისტიკა, რომელიც ფსევდო მორალისტური საზოგადოების და მისი ცნობისმოყვარეობის მკვებავია და არა მეამბოხე, რომელიც სწორედ ამ მანკიერი ცნობიერების შეცვლისთვის იბრძვის, არის მავნებელი. ამ ტიპის მედია ჩვენ კიდევ უფრო გვაშორებს იმ მომავლისგან, სადაც საზოგადოება თანხმდება, რომ ქალი და კაცი თანასწორია და ოჯახურ ძალადობას ყველა ერთად ებრძვის.

P.S. ვიდრე ეს ტექსტი იწერებოდა, ბოლნისში კიდევ ერთი ქალი მოკვდა ქმრის ხელით.

 

 

კატეგორია - ბლოგი

alt

უნდა მოირგოს თუ არა მედიამ ცუდი პოლიციელის როლი? პროკურორის? მოსამართლის? ბადრაგის? ჭორიკანა მეზობლის? მჩხიბავის? ქირომანტის? ასტროლოგის? - არა, მედიას არ სჭირდება ამ როლების მორგება, რადგან მას უკვე აქვს თავისი როლი, უმნიშვნელოვანესი როლი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში.

ასე რომ, იმ იშვიათ შემთხვევებში, როცა ქალები ძალას იკრებენ და საჯაროდ საუბრობენ ძალადობაზე, განსაკუთრებით კი, ისეთ საზოგადოებაში, რომლის ცნობიერებაშიც ღრმადაა ჩაკირული გენდერული სტერეოტიპები და ქალის სექსუალობის კონტროლის დაუძლეველი სურვილი, განსაკუთრებით კი, როცა მოძალადე მათზე თანამდებობრივად და სოციალური სტატუსით მაღლა მდგომი, ძალაუფლების მქონე, საზოგადოებრივად მისაღები მამაკაცია, როგორც შემთხვევათა უმეტესობაში ხდება, მედიამ არ უნდა დაივიწყოს, რომ ის არ არის ცუდი პოლიციელი და ქალთა მიმართ სექსუალური ან/და სხვა სახის ძალადობის შემთხვევების გაშუქებისას:

  • არ უნდა შექმნას ძალადობის შემთხვევისგან შოუ და სენსაცია
  • არ უნდა მოახდინოს ძალადობის შემთხვევის ნორმალიზება და ტრივიალიზაცია
  • არ უნდა მოახდინოს მსხვერპლის რეტრავმატიზაცია ძალადობის შემთხვევის დეტალური აღწერითა და ისეთი გარემოს შექმნით, რომელიც მისთვის უსაფრთხო და კომფორტული არ არის
  • არ შეუწყოს ხელი საზოგადოებაში ფესვგადგმული დამაზიანებელი სტერეოტიპების გაძლიერებას
  • არ წარმოაჩინოს ისე, თითქოს ძალადობა ქალის “გამომწვევი სამოსით”, სისხლში ალკოჰოლის შემცველობით, სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებით, ფსიქიკური მდგომარეობით ან რაიმე სხვა მიზეზით იყო გამოწვეული
  • არ განიხილოს ქალის მორალი,პირადი ცხოვრება, წარსული ურთიერთობები, სექსუალური პარტნიორების რაოდენობა
  • არ დაუპირისპიროს ქალს მის წინააღმდეგ დაწერილი/ნათქვამი შეურაცხმყოფელი და გამკიცხავი კომენტარები
  • არ გააშუქოს შემთხვევა გენდერულად არამგრძნობიარე ენით, კონკრეტულად კი დაარქვას ყველაფერს მკაფიო, არაეპატაჟური და კანონთან შესაბამისი სახელი, სექსუალური ძალადობა და არა სექსუალური სკანდალი, მოძალადე და არა მონსტრი, არაჩვეულებრივი მამა, კარგი პროფესიონალი ან კარგი მეგობარი.

 

მედიას კრიტიკული როლი აქვს საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის იდეის გავრცელებასა და ქალთა მიმართ ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლში, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ქალზე ძალადობის თითოეულ შემთხვევას სწორედ მედიის პრიზმიდან ხედავს.


ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მედიამ, ძალადობის მსხვერპლთან/ძალადობას გადარჩენილ ქალთან საუბრისას:

  • შეუქმნას მას უსაფრთხო და კომფორტული გარემო
  • მკაფიოდ წარმოაჩინოს მესიჯი, რომ ძალადობაზე პასუხისმგებელი მხოლოდ მოძალადეა და ის მიზეზები (ქალის სამოსი, “პროვოკაციული ქცევა” და ა.შ) რომლითაც იგი ძალადობის გამართლებას ცდილობს, მოცემულობას არ ცვლის.
  • დაუსვას მას მკაფიო, არაგამკიცხავი შეკითხვები
  • ყურადღებით მოუსმინოს
  • მასთან საუბრისას იხელმძღვანელოს ჟურნალისტური ეთიკისა და ადგილობრივი და საერთაშორისო კანონდებლობით განსაზღვრული სტანდარტებით
  • ინტერვიუირების პროცესამდე გაიაროს კონსულტაცია პროფესიონალებთან, გენდერული საკითხების ექსპერტებთან, ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებთან, ფსიქოლოგები

 

***


თამთა თოდაძე საოცრად გამბედავი ახალგაზრდა ქალია, ქალი, რომელიც არ შეუშინდა საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებს, მსხვერპლის შერცხვენის კამპანიას, სირცხვილს, მის პირად ცხოვრებაში უამრავი ცნობისმოყვარე ადამიანის ხელის ფათურის პერსპექტივას, ძალაუფლების ვექტორს, რომელიც მოძალადის მხარესაა და საჯაროდ ისაუბრა სექსუალური ძალადობის შემთხვევაზე, რომლის მსხვერპლიც საკუთარი უფროსის, თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის მხრიდან გახდა.

პირველი მედიასაშუალება, რომელმაც თამთა თოდაძე პირდაპი ეთერში მიიწვია, “მთავარი არხი” იყო. გადაცემაში “ღამის მთავარი” ნიკა გვარამია თამთა თოდაძეს მის ადვოკატთან, თამუნა ლუკავასთან და ორგანიზაცია “საფარის” დირექტორთან ბაია პატარაიასთან ერთად შეხვდა. ნიკა გვარამიამ ინტერვიუს დაწყებამდე განაცხადა, რომ არ იცის, როგორ დაიცვას “ის ხაზი, რომელზეც მსხვერპლთან ურთიერთობისას უნდა გაიაროს” და გადაცემის მსვლელობისას ეს წარმოაჩინა კიდეც.

ის მიყოლებით უსვამდა კითხვებს რესპონდენტს ჯიშკარიანთან მის წარსულ ურთიერთობაზე, სამსახურებრივ მოვალეობებზე, სამსახურში აყვანის შესაძლო ნეპოტისტურ მიზეზებზე, სამუშაო დროს დალევასა და “ჭიქის მიჭახუნებაზე”, კითხვებს უსვამდა, მაგრამ პასუხებით დიდად არ ინტერესდებოდა, საუბარს ხშირად და აგრესიულად აწყვეტინებდა და ახალ თემაზე გადადიოდა. როგორც მოგვიანებით გვარამიამ აღნიშნა, საუბრის მსგავსი ფორმატი წინასწარ იყო დაგეგმილი და თამთა თოდაძესთან შეთანხმებული, მაგრამ, უნდა უწევდეთ თუ არა სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალებს ასეთ “დაკითხვებთან” გამკლავება? არა!

მედიის ასეთი დამოკიდებულება კიდევ ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ დუმან ქალები, ისინი უყურებენ მსხვერპლის შერცხვენას (victim shaming) ეშინიათ, რომ თავადაც ცუდი პოლიციელის პირისპირ აღმოჩნდებიან.

თამთა თოდაძე დაძაბულად უმკლავდებოდა იმპროვიზებულ დაკითხვას, მას არ შეეშინდა ცუდი პოლიციელის როლში შეჭრილი ნიკა გვარამიას შეკითხვების. თამთას არ შეეშინდა, მაგრამ მე მეშინია, რომ თუ “მთავარი არხის” ერთ-ერთი მთავარი სახე  ჟურნალისტიკის სტანდარტებსა და თვითრეგულირების მექანიზმებს კიდევ ერთხელ არ გადახედავს, სექსუალურ ძალადობასა და სხვა მგრძნობირე თემებზე მომზადებული ყველა მასალა ისეთივე ყვითელი გამოვა, როგორც ის ფოთლები, რომლებიც მან თამთა თოდაძეს “ყანჩელის ხსოვნისთვის” მისცა, რამდენიმე წუთით ადრე, სანამ ჰკითხავდა - “შარვალი გეცვა, თუ კაბა?”

კატეგორია - ბლოგი
ხელისუფლებისა და გავლენიანი ბიზნეს თუ სხვა ჯგუფების მანკიერებების მხილებისთანავე მათი ცხელი სამიზნე ხდება გამოხატვის თავისუფლება და დამოუკიდებელი მედია.

 ასე მოხდა სულ ბოლო შემთხვევაშიც, როცა რადიკალურ ჯგუფებში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი აქტორი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე მედიის გაკონტროლების ინიციატივით გამოვიდა. ვასაძემ ასე ირეაგირა “თავისუფლების მონიტორის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, თუ როგორ მიიღო მან 600 ათას ლარიანი საბიუჯეტო დაფინანსება.

ვასაძემ ხელისუფლებას მიმართა, რომ სასწრაფოდ შექმნას რეგულატორი, რომელიც “ცილისწამებისთვის, შეურაცხყოფისთვის, მათ შორის რელიგიური და ტრადიციული გრძნობების შეურაცხყოფისთვის უსასტიკესად დასჯის მედიასაშუალებებს და პერსონალურად ჟურნალისტებს”.

ცილისწამების დასჯა-კრიმინალიზაცია, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა - ეს მოთხოვნები ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ არაერთხელ გაჟღერებულა. განსაკუთრებით აქტუალური ეს საკითხები 2016 წლიდან გახდა, როცა “ოცნების” ხელისუფლებას კრიტიკოსები არა მხოლოდ გარედან, არამედ შიგნითაც მოუმრავლდა, რამაც მმართველი კოალიცია რღვევამდე მიიყვანა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე “ოცნების” დეპუტატის, სოსო ჯაჭვლიანის საკანონმდებლო ინიციატივას ჯარიმის დაწესებაზე პირის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის, ადამიანის უფლებათა კომიტეტმაც კი დაუჭირა მხარი. ეს ინიციატივა არა მხოლოდ ოპოზიციაში, არამედ მმართველი კოალიციის შიგნითაც მიიჩნიეს გამოხატვის თავისუფლებისთვის დარტყმად. საბოლოოდ, მისი კანონად ქცევა შეუძლებელი გახდა.

ჯერ კიდევ 2004 წელს დეკრიმინალიზებული ცილისწამების კვლავ სისხლის სამართლის წესით დასჯის საკითხი “ოცნების” ხელისუფლებაში წამოწიეს. ამას კონკრეტული მიზეზი ჰქონდა: შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები - ეკა ბესელია და მანანა კობახიძე კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულა პოლიტპატიმრების საქმეზე. რეაქციამ არ დააყოვნა და მანანა კობახიძის ძმამ - თედო კობახიძემ, რომელიც თბილისის საკრებულოს წევრი იყო, განაცხადა, რომ პარლამენტს მიმართავდა ცილისწამების კრიმინალიზაციის დაკანონების წინადადებით.

“მე ამ დღეებში საქართველოს პარლამენტს მივმართავ საკანონმდებლო წინადადებით, მექნება წარდგენილი კანონპროექტი, რომლითაც მოვითხოვ, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი გახდეს ცილისწამება,” - განაცხადა მაშინ თედო კობახიძემ.

რეაქცია არც თავად მანანა კობახიძემ დააყოვნა და განაცხადა, რომ უკვე მუშაობდა კანონპროექტზე, რომელიც მტკიცების ტვირთის დაკისრების სტანდარტს შეცვლიდა: კერძოდ, დღეს მოქმედი კანონმდებლობით მოსარჩელეა ვალდებული, ამტკიცოს მის მიმართ გავრცელებული ცნობების სინამდვილესთან შესაბამისობა. კობახიძეს კი სურდა, რომ მტკიცების ტვირთი ინფორმაციის გამავრცელებელზე გადაეტანა. კანონი უცვლელი დარჩა, კობახიძემ კი პარლამენტიდან საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლა მოსამართლის პოზიციაზე.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს ერთ-ერთმა ორგანიზაციამ - “საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიამ” მიმართა წინადადებით, რომლის მიხედვით, ცილისწამება და შეურაცხყოფა სისხლის სამართლის დანაშაული უნდა გამხდარიყო.

ეს ინიციატივა პარლამენტში ამჯერად “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენელმა ემზარ კვიციანმა აიტაცა და ცილისწამების კრიმინალიზება საჯაროდ მოითხოვა.

ამის შემდეგ ასპარეზზე სასამართლო ხელისუფლება გამოვიდა: სასამართლო სისტემა აქტიური კრიტიკის საგანი გახდა რამდენიმე გახმაურებული საქმის, მათ შორის რუსთავი 2-ის საქმის გამო, ასევე, სისტემაში მიმდინარეობდა იმ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესი, ვის მიმართაც წარსულში მიღებული გადაწყვეტილებების გამო საზოგადოებაში ყველაზე მეტი უკმაყოფილება იყო დაგროვილი. კრიტიკაზე რეაქცია იუსტიციის საბჭომ საჯარო განცხადებით გამოხატა, რომლითაც არც მეტი, არც ნაკლები - მოსამართლეებზე ცენზურის დაწესება მოითხოვა.

კიდევ ერთი ინსტიტუცია, რომელიც გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ პერიოდულად ილაშქრებს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოა. “ციანიდის საქმის” დეტალების მედიაში გასაჯაროების შემდეგ მნიშვნელოვნად შეირყა ერთ დროს ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის იმიჯი. რეაქციამაც არ დააყოვნა და პატრიარქმა 2019 წლის საშობაო ეპისტოლეში ცილისწამება იმ სისხლის სამართლის დანაშაულთა კატეგორიაში გაიყვანა, როგორიცაა ფიზიკური ძალადობა და სხეულის განზრახ დაზიანება.

პატრიარქის ეპისტოლეს ეს ნაწილი მოიწონა პარლამენტის მაშინდელმა სპიკერმა ირაკლი კობახიძემ და განაცხადა, რომ აუცილებელია ცილისწამების პრობლემაზე მსჯელობა.

წლის დასაწყისში იგივე შინაარსის განცხადებებით დაგვამახსოვრა თავი ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც: “ვერ დავხუჭავთ თვალს იმ საფრთხეზე, რომელიც კონკრეტულ ადამიანებსა და მთელ საზოგადოებას ცილიწამებისა და ცრუ ინფორმაციის სახით ემუქრება,” - განაცხადა ზურაბიშვილმა 2019 წლის მარტში.

ამ განცხადებებიდან რამდენიმე თვეში კი მმართველმა გუნდმა პარლამენტში ჯერ კიდევ 2017 წელს შეტანილი კანონპროექტი გაიხსენა, რომლის ინიციატორია საქართველოს კომინიკაციების ეროვნული კომისია და რომლითაც თვითრეგულირებიდან რეგულირების სფეროში ინაცვლებს მთელი რიგი საკითხები, მათ შორის სიძულვილის ენის გამოყენება.

ეს ინიციატივა უარყოფითად შეაფასა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ და მიუთითა, რომ “პროგრამის შინაარსის გამო მაუწყებლის სანქცირება მარეგულირებელ კომისიას აძლევს ბერკეტს ზეგავლენა მოახდინოს მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაზე ანდა გამოიყენოს მის წინააღმდეგ”.

სულ ბოლოს ხელისუფლება გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გასულ თვეში დაირაზმა, როცა ერთხმად დაგმო და შემდეგ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, “სათანადო შეფასება” მიეცათ ტელეკომპანია რუსთავი 2-ისა და ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქციელზე, როცა მან პირდაპირ ეთერში აგინა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.

ფაქტია, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ “ქართული ოცნება” მუდმივად ცდილობს საკანონმდებლო დონეზე შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება. სამწუხაროა, რომ ამ ქვეყანაში, რომელსაც ცენზურის პირობებში ცხოვრების სულ მცირე 70-წლიანი გამოცდილება აქვს, ცენზურაზე მეოცნებეებს შორის ხელისუფლების წარმომადგენლები მარტონი არ არიან.
კატეგორია - ბლოგი
ის, რაც გუშინ "რუსთავი 2-ზე" მოხდა, მხოლოდ იმათ გააკვირვებდა, ვისაც "რუსთავი 2-ის" ეთერი და ზოგადად ქართული ტელევიზიები, მინიმუმ, ბოლო 16 წელის განმავლობაში არ უნახავს. გიორგი გაბუნია იქნება ასეთი ამბების ანტი-გმირი თუ ნიკა გვარამია, ისინი მხოლოდ და მხოლოდ ცვლადები არიან მოცემულობაში. ამ მოცემულობას კი პოლარიზებული მედია გარემო ქვია. ასეთ მედია გარემოში ჯანსაღი ჟურნალისტიკისათვის ადგილი არ არის. ასეთ მედია გარემოში არაფერი უკეთესობისაკენ არ შეიცვლება. ყველაფერი უფრო ცუდად იქნება. უბრალოდ, გარკვეული პერიოდულობით მოგვიწევს ასეთი მიკრო კრუნჩხვების გადატანა. ასეთ კონვულსიებს ხან "რუსთავი 2" დაგვმართებს, ხან "იმედი", ხან საზოგადოებრივი მაუწყებელი და ხანაც სამივე ერთად.

ასეთი ამბების დადებითიც და უარყოფითიც ის არის, რომ საზოგადოება მალე ივიწყებს ყოველ მომდევნო მედია „გამოხდომას“ - ეპატაჟს, რომელიც დრო და დრო შეარხევს ხოლმე გაყურსულ საზოგადოებას. საზოგადოებას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სენტიმენტებზე რეაგირებს და სადაც სამოქალაქო (თუ არასამოქალაქო) საზოგადოება უმეტესწილად რეაქციულია. ასე ხდება მხოლოდ იმ საზოგადოებებში, სადაც თავისუფალ მედიაზე დაკვეთა არ არსებობს; სადაც მედიის არაეთიკურ თუ უპასუხისმგებლო ქმედებებზე პირველადი რეაქცია არა შიდა პროფესიული თუ შიდა ორგანიზაციული სანქციები, არამედ „ავკრძალოთ“, „გადადგეს“, „ჩავქოლოთ“, „მცხეთას ვუმტვრიოთ საკეტურებია“. ასეთ გარემოში უბრალოდ მიწას ვუნაყოფიერებთ ძალაუფლებას, რომ დაიკმაყოფილოს თავისი მარადიული სწრაფვა, გავლენის სფეროში მოიქციოს რაც შეიძლება მეტი სივრცე.

altშიდა ორგანიზაციულ სანქციებად კი პირგამეხებული გენერალური დირექტორის განცხადება არ კმარა. ისევე როგორც საკმარისი არ იყო ზაქარია ქუცნაშვილისა და პარლამენტის  ბიუროს თანამშრომლების შერისხვა ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარისაგან. ისევე, როგორც საკმარისი ვერ იქნება 20 ივნისს ახალგაზრდების თვალების დამთხრელი პოლიციელისათვის უფლებამოსილების შეჩერება და წარბაწეული კომენტარები ამ მოვლენებზე პოლიტიკურად პასუხისმგებელი მინისტრისაგან. ნებისმიერი თავმოყვარე მედიასაშუალება ასეთი ორგანიზაციული კრიზისის დროს გადადგამდა რეალურ საპასუხო ნაბიჯებს და არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი კონკრეტული ჟურნალისტის სიტყვათწყობისაგან გამიჯვნით.

მეტი სიცხადისთვის - ზედმეტიც კია იმაზე კომენტარის გაკეთება თუ რაოდენ არაადეკვატური იყო სახელმწიფოს წარმომადგენლების რეაგირება "კურიერი P.S.-ში" გასულ მონოლოგზე - სახელმწიფო უწყებებმა თუ მათმა წარმომადგენლებმა, რომლებიც პირში წყალჩაგუბებულები არიან ყველა მნიშვნელოვანი კრიზისის დროს, რომლებიც ჯიუტად დუმან ყველა საზოგადოებრივი მღელვარების დროს (კონტრ-ტერორისტული ოპერაცია იქნება ეს, მომიტინგეების დარბევა თუ საოკუპაციო ხაზზე სიტუაციის გამწვავება) უბრალოდ საკუთარ თავს აჯობეს არაადეკვატურობაში. ქართულ ოცნებას ისევ დაავიწყდა, რომ მთავრობას ის აკომპლექტებს და არა "რუსთავი 2". მთავრობას ისევ დაავიწყდა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ზალკალიანია და არა გაბუნია. თუმცა, ეს ალბათ სხვა საუბრის თემაა.

ის, რაც გუშინ "რუსთავი 2-ზე" მოხდა, მხოლოდ და მხოლოდ ერთი კუთხეა უფრო დიდი მედია სურათისა, რომელშიც მას შემდეგ აღმოვჩნდით, რაც სამი ერთ მხარეს მიკერძოებული მსხვილი ტელევიზიის ნაცვლად, მივიღეთ ორი სხვადასხვა პარტიული ნიშნით გადანაწილებული მედია. ახლა ცალკარა თამაშის ნაცვლად, ორი ერთზე არიან მოთამაშეები გადანაწილებული. უბრალოდ იმ ორიდან ერთი ღმერთსაც კი დავიწყებია, არა თუ მაყურებელს და რეალურად ორი დიდი მედია მოთამაშე ერკინება რინგზე. მედია რინგი კი, სარკისებურად იმეორებს იმას, რაც ხდება პოლიტიკურ რინგზე. ხან ერთი გაწიწმატდება და პირდაპირ ეთერში დედის გინების ღვარცოფი მოვარდება, ხან მეორე დაპანიკდება და საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს; ხან ერთი მედიის წარმომადგენლები წავლენ პრეს-კონფერენციებზე პოლიტიკური განცხადებების საკეთებლად და ხან მეორე მედიის წარმომადგენლები დაუსხდებიან ქვეყნის მმართველებს გუნდრუკის საკმევად. შესაკრებთა გადანაცვლებით მედიარეალობა ისევ არ შეიცვლება.

ახლა ტემპერატურა მაღალია. იმდენად მაღალი რომ მამუკა ბახტაძესაც კი კომენტარების კეთება უწევს. ასეთ დროს, არაპოპულარულია მოითხოვო მედია გარემო, სადაც ტელევიზიებმა მოსახლეობის ეგზალტაციას კი არ უნდა შეუწყონ ხელი, არამედ შექმნილი მდგომარეობის ანალიზს, ამბების გამოძიებას და გამოსავლების ძებნას. ასეთ დროს, ყველას ურჩევნია რომ ან ერთ მხარეს იდგე ან მეორე მხარეს. ასეთ დროს, როგორც წესი, ორივე მხარე გვარწმუნებს რომ რეალობა შავ-თეთრია. ასეთ დროს „კურიერში“ ქვეყანა ინგრევა, „ქრონიკაში“ კი ქვეყანა ყვავის. ასეთ დროს ნიკა გვარამია იგინება, ირაკლი ჩიხლაძე კი ნიკა გვარამიას გინებაზე შფოთავს. შესაძლოა მე ვცდებოდე, მაგრამ ისტორია არასდროს ცდება. პოლიტიკა არ არის კეთილებისა და ბოროტების დაპირისპირება. პოლიტიკა ძალაუფლების გადანაწილებისთვის ბრძოლაა. ძალაუფლება კი ყოველთვის კეთილსა და ბოროტს მიღმაა. "ნაცებსა" და "ქოცებს" მიღმაა. საქმე ის არის, შევძლებთ თუ არა ნაბანი წყლისთვის ბავშვის საბოლოოდ გადაყოლებას; თუ მოვახერხებთ და შევქმნით ისეთ მედია სისტემას, სადაც მსხვილი მედიასაშუალებები პოლიტიკური პარტიებისაგან დამოუკიდებლად შეძლებენ არსებობას. "ნაცებიც" წავლენ, "ქოცებიც" - მედია სისტემა კი დარჩება.

კლიშეა, თუმცა სიმართლეა, რომ მედია მნიშვნელოვანი ინსტიტუტია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის. ისეთივე მნიშვნელოვანი როგორც საკანონმდებლო, სასამართლო ან აღმასრულებელი ხელისუფლება. ამიტომაც ეძახიან ხოლმე მას „მეოთხე ხელისუფლებას.“ პოლარიზებული მედია გარემო კი ვიღაც NGO-შნიკების მოგონილი ტერმინი არ არის - რეალური პრობლემაა, რის მხოლოდ და მხოლოდ ერთეულ გამოვლინებასაც ვაწყდებით ხოლმე ასეთ მომენტებში. ჯანსაღი მედია გარემო მეტია ვიდრე მხოლოდ ხელისუფლებისაგან თავისუფალი მედიის არსებობა.

მხოლოდ სამთავრობო გავლენისგან თავისუფალი მედია არ და აღარ არის საკმარისი დემოკრატიული საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად, სადაც ყველა ერთად შევძლებთ თანაცხოვრებას და საერთო სიკეთეების განვითარებას. ეს მხოლოდ მინიმუმია იმისა, რასაც უნდა ვითხოვდეთ. ამაზე აღარც კი უნდა ვმსჯელობდეთ. რეალურად, პარტიული დღის წესრიგებისაგან თავისუფალი მედია უნდა გვინდოდეს. ექნება თუ არა უფრო საღი რეაგირება "რუსთავი 2-ს" ერთ კონკრეტულ წამყვანთან დაკავშირებით და „გადადგება“ თუ არა გაბუნია (გახარიას გადადგომის მოლოდინში) ეს ალბათ შიდა ორგანიზაციული სიჯანსაღის საკითხია, მაგრამ ერთი რამე ცხადია - პარტიული მედია უნდა გადადგეს.
კატეგორია - ბლოგი
alt
ანტისაოკუპაციო აქცია თბილისში. 20 ივნისი, 2019 წ. ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media

ხშირად ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათი საქმე ისეთივეა, როგორც მსახიობისთვის სცენა, რომ ეს „მტვერი ერთხელ თუ ჩაყლაპე, ვეღარ შეეშვები“ და ეს განსაკუთრებით მაღალალბათურია მათთვის, ვისთვისაც ეს „მტვერი“ არამხოლოდ წარმატებული სტატია, სიუჟეტი ან ვიდეო/ფოტო კადრები იყო, არამედ, მისთვისაც, ვისთვისაც ამ ყველაფრის უკან რაღაც სტრესი, ტრავმა ან დანაკარგი იდგა, ვისთვისაც ეს ერთგვარი გამოწვევა იყო. გამოწვევას ადრენალინის შესაბამისი დოზა ახლავს თან, თავისი პოზიტიური და არც ისე პოზიტიური შედეგებით. ამ ყველაფერში კი მთავარი ისაა, რომ გადავრჩეთ აქ და ამჟამად. მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც გადარჩენის საჭიროებამ ჩაიარა, გადავრჩით და ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ?

იმის გამო, რომ ჩვენი ფიზიკური და გონებრივი რესურსის საკმაოდ დიდი ნაწილი გაიხარჯა სტრესულ და ტრავმულ გარემოსთან გამკლავებაში და გადარჩენაში, გვჭირდება, რომ ეს რესურსი აღვადგინოთ; ეს მარტივი და გასაგებია, მაგრამ როგორ? რა გვიშლის ამაში ხელს და რატომ არ არის ხოლმე ეს სინამდვილეში ასეთი მარტივი და ნათელი?

მოდით დავიწყოთ იქიდან,  რა ხდება მას შემდეგ, რაც გადაღების ადგილიდან დავბრუნდით და მასალა გამოვაქვეყნეთ?

♦  ვბრუნდებით შინ, სადაც იგივე პრობლემებზე მსჯელობენ (რადგან ეს ჩემი ქვეყანაა და მოვლენა ამ დღით არ დასრულებულა)...

♦  ვცდილობთ რაიმე ფორმით დროებით გამოვეთიშოთ არსებულ სტრესულ რეალობას, გადავერთო სხვა რეალობაზე, თუნდაც სწრაფად მომქმედი მეთოდებით, რაც ზოგჯერ, ხშირად გამოყენების შემთხვევაში საზიანოც კია, მაგრამ დღეს ეს „ეფექტური, სწრაფი და ხელმისაწვდომი გზაა“... 

  ვბრუნდებით რეალობაში, სადაც სხვა უამრავი საზრუნავები გვაქვს, მოსაწყენად არ გვცალია, ამას ჩვენს მეტი ვერავინ მოაგვარებს...

♦  
რეალობაში, სადაც ვფიქრობთ, რომ სამსახური მაინც მაქვს, პურის ფული, სხვა სამსახურს სად ვიპოვით, არ გვაქვს უფლება ეს დავკარგოთ და ა.შ.

ეს ყოველივე ნიშნავს, რომ რეალურად ჩვენთვის არაფერიც არ დასრულდა და ისევ გადარჩენის რეჟიმში ვმოქმედებთ. ამიტომ, სტრესთან გამკლავების სტანდარტული სტრატეგიები და ტრავმის გადალახვა აქ არაეფექტურია. ეს მიმდინარე მოცემულობაა, არ გვაქვს ფუფუნება ყველაფერს სხვა კუთხიდან შევხედოთ, დავალაგოთ, თავისი სახელი დავარქვათ, რეაქციები გავაანალიზოთ და დასკვნები გამოვიტანოთ - რა იქნებოდა უკეთესი და რისი გაკეთება შეიძლება შემდეგში სხვაგვარად, რადგან ტვინშიც და ფანჯრებს მიღმაც ერთნაირი სისწრაფით ვითარდება მოვლენები თავისი ქაოტურობისა და სუბიექტურობის ელფერებით.

იმისათვის, რომ ამდენ ერთდროულ სტიმულს გავუმკლავდეთ, ვცილობთ ისინი მივაჩუმოთ და გავაყუჩოთ - „ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ჩემს ტვინში მოტივაციაზე, ენერგიაზე და იდეების წარმოქმნის უნარზე პასუხისმგებელ უბნებს ნოვოკაინის (გავრცელებული ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტი) ინექცია გაუკეთეს“, - ამბობს ფილიპ ეილი პროფესიული გადაწვის შესახებ, თავის სტატიაში „როდესაც ჟურნალისტობა საზიანოა თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის“.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჟურნალისტის პროფესია, ექიმის, მაშველის და სამართალდამცავის პროფესიისგან განსხვავებით (განსაკუთრებული გამონაკლისების გარდა) არ მოიცავს პიროვნების შესაბამის მომზადების კურსს განსაკუთრებულ გარემოებებში მოქმედებისთვის.

დავუბრუნდეთ დღევანდელ, ქართულ რეალობას, 24/7-ზე მუშაობის განრიგით, მუდამ „პულსზე“ ხელი სმარტფონში, ინფორმაცია რომ არ გამოგვრჩეს და გადარჩენის რეჟიმი.

რეალობა არის ასევე ის, რომ ჩვენი რესურსები გახარჯულია!

რა ხდება როდესაც რაიმეს მუშაობას ვაიძულებთ გახარჯული რესურსებით? პასუხი მარტივია, - ყველა სისტემის და მექანიზმის შემთხვევაში ასეთი რამ გამოფიტვით და გადაწვით სრულდება.

 altმაგრამ ნუთუ ამისკენ ვისწრაფოდით? რომ რეალობამ გვიკარნახოს ასე გაგრძელება არ შეგვიძლია? რომ სიტუაციამ ჩვენს ნაცვლად მიიღოს გადაწყვეტილება და საჭირო გახდეს ხშირ შემთხვევაში ცხოვრების სტილის რადიკალური ცვლილება, ღირებულებების გადახედვა და პროფესიის მიტოვებაც კი. პასუხები ამ კითხვებზე საკმაოდ ინდივიდუალურია.

მაშინ რა გავაკეთოთ, თუკი ვთვლით, რომ არ გვინდა სიტუაციამ გააკეთოს არჩევანი ჩვენს მაგიერ, თუკი ვთვლით, რომ არ ვაპირებთ ღირებულებების გადახედვას და ვაცნობიერებთ, რომ ზუსტად იქ ვართ ჩვენი პროფესიული საქმიანობით, სადაც უნდა ვიყოთ და იმას ვემსახურებით, რაც ჩვენთვის ამდენად ღირებულია?

უნდა გავაგრძელოთ თავის გადარჩენა, რაც შეიძლება მარტივი, ხელმისაწვდომი და ეკონომიური გზით, როგორიცაა:

  • ბრიფინგი-დებრიფინგი, გაზიარება - გავითავისოთ, რომ მარტო არ ვართ ამ განცდებში, ეს სიტუაცია სხვებშიც მსგავს განცდებს იწვევს და ეს ნორმალურია. რადგან არანორმალურ, შეცვლილ რეალობაზე თუ რეაქცია არ გვექნება და ძველებურად გავაგრძელებთ ცხოვრებას, ეს იქნება სწორედ არანორმალური რეაქცია, ხოლო ყველა ჩვენი ამჟამინდელი განცდები, შეგრძნებები და წუხილები ნორმალური რეაქციაა ამგვარ სიტუაციაზე.

  • განსაკუთრებული გარემოებები (გადაუდებელი სიტუაციები) და რუტინა - მას მერე რაც ვაღიარებთ, რომ სიტუაცია ჩვეულისგან განსხვავებულია და ჩვენი განსხვავებული რეაქციებიც ნორმალურია ამ სიტუაციაში, გვიდგება საჭიროება რომ ამ შეცვლილ გარემოში რაიმე მდგრადი, უცვლელი და ურყევი გვქონდეს და ამ დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება სტანდარტული დღის რუტინის შენარჩუნებას.

  • პოზიტივის დაფასება, გაძლიერება - მადლიერება სტრესთან გამკლავებაში ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან იგი ტვინის ქიმიას ცვლის და ზედმეტი ნივთიერებებისაგან ათავისუფლებს დასტრესილ ტვინს. მადლიერება სხვის მიმართ მადლობის თქმიდან დაწყებული, საკუთარი ძალისხმევის დაფასებით დამთავრებული..

  • საბაზისო მოთხოვნილებები - რადგან ამ სიტუაციაში გადარჩენა გადავწყვიტეთ, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენს ორგანიზმს, როგორც ფიზიკურ ისე ფსიქიკურ მოცემულობას საბაზისო საჭიროებები უნდა დავუკმაყოფილოთ - ვაჭამოთ, მოვუაროთ დავაძინოთ და სხვა. ვეცადოთ ყოველ ჯერზე, როდესაც საკვების ან სასმელის დიდი მრავალფეროვნებიდან არჩევანს აკეთებთ, ისინი მიახლოებული იყოს ჯანსაღთან: წყლის და სითხის საკმარისი ოდენობით მიღებიდან დაწყებული რთული ნახშირწყლებით და უჯერი ცხიმებით დამთავრებული, რაც ორგანიზმს საშუალებას მისცემს უფრო მეტ ხანს შეინარჩუნოს კვებით მიღებული ენერგია.

  • აგრესია, ნეგატივიზმი, მიუღებლობა, გარემოებები, რაც ძველ ტრავმებთან გაბრუნებთ არის ის ფაქტორები რაც დამატებით გახარჯვინებთ ენერგიას შინაგან კონფლიქტებთან გამკლავებაში, თუნდაც არაცნობიერ დონეზე, ამიტომ, შეძლებისდაგვარად, ეცადეთ აუცილებლობის გარეშე სიტუაციებში თავი აარიდოთ ამგვარ გარემოს და ადამიანებს.

  • დაგროვილი განცდები, ემოციები რომელიც ჩვენს შიგნით დუღს და ზოგ შემთხვევაში გვამოტივირებს და ძალას გვაძლევს სამყაროს შესაცვლელად, რეალურად შეიძლება ასევე ამ ძალის არასწორად გადინების ან კარგვის მიზეზი იყოს. ამიტომ, საჭიროა ამ ემოციებისგან განტვირთვა ყველა იმ მარტივი და ხელმისაწვდომი გზით, რომელიც ჩვენ ან სხვას არ დააზიანებს - მაგალითად, თუ ერთისათვის ამის საუკეთესო გზა ყვირილია, მეორისთვის შეიძლება იყოს ცეკვა, მესამესთვის ხატვა, მეოთეხესთვის - სახლის დალაგება, მეხუთესთვის სირბილი..

  • მეტი გულისყურით მოეკიდეთ თქვენს მიმდინარე და ქრონიკულ მდგომარეობებს, რომლის გამწვავებასაც სტრესი უზრუნველყოფს

  • შემოიღეთ მარტივი პროცედურა „Check in” („ჩექ ინ“ ანუ რეგისტრირება), როდესაც რამდენიმე წუთს დაუთმობთ საკუთარ თავთან ანგარიშს და გაცნობიერებას თუ როგორ გრძნობთ თავს ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად; მაგალითად დასვით კითხვა: რა არის ის 5 ძირითადი რამ, რაც განსაკუთრებით საჭიროებს აქ და ამჟამად თქვენს ყურადღებას (ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა საბაზისო მოთხოვნილებით დაწყებული, აღიარებით და გაზიარებით დამთავრებული, ნებისმიერი რამ); ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ზოგჯერ ჩვენს შიგნით მიმდინარე ცვლილებები ჩვენი ახლობელი ადამიანებისთვის (ოჯახი, მეგობრები) ასევე თვალსაჩინოა და მათაც შეუძლიათ სწორი უკუკავშირის მოცემა, ოღონდ, განსჯის და შეფასების გარეშე.

  • წინასწარი გეგმა - რომელშიც პროცედურულად გაწერილია რა, როდის, როგორ და ვის მიერ სრულდება - საშუალებას გვაძლევს გადარჩენის რეჟიმში ავტოპილოტით ვიმოქმედოთ და დავზოგოთ რესურსები დაგეგმვაში, პასუხისმგებლობების გადანაწილებაში, ფიქრში და ნერვიულობაში

  • პროფესიული დახმარების საჭიროება - პოსტტრავმული სტრესული აშლილობა სტრესულ და ტრავმული გამოცდილებებიდან ერთი თვის ან მეტის შემდეგ დიაგნოსტირდება. ჟურნალისტების შემთხვევაში მისი ალბათობა 4%-59% ვარირებს და მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. მას შემდეგ რაც სტრესული, ტრავმული სიტუაცია დასრულდება, თუ ერთი თვის შემდეგ შენიშნავთ ჩამოთვლილთაგან რამდენიმე ნიშანს, უმჯობესია შესაბამის პროფესიონალს მიმართოთ:
     ⇒  აკვიატებული მოგონებები, შეგრძნებები რომელიც შემოიჭრება ყოველდღიურ გამოცდილებებში და განიცდება როგორც ამჟამად რეალურად მიმდინარე და უკონტროლო;
     ⇒  თავის არიდება იმ ადგილებისთვის ან ტრავმასთან დაკავშირებული მოვლენების გახსენებისთვის;
     ⇒   ცვლილებები აზრებში და გუნება-განწყობილებაში, როგორიცაა, დეპრესია, დანაშაულის განცდა, ემოციური ჩართულობის ნაკლებობა, ემოციური გასადავება;
        გაღიზიანების ან რეაქტიულობის გამოხატულებები, მაგალითად ძილის პრობლემები, კონცენტრაციის პრობლემები, ბრაზი ან უგუნური ქმედებები;
        მას შემდეგ, რაც აქტუალური მოვლენები ჩაივლის, უკვე შეგიძლიათ სტრესთან გამკლავების ფართო პროგრამას მიმართოთ, აიღოთ შევბულება, გამოიყენოთ საკომპენსაციო დღეები, მოიწყოთ „გაჯეტების“ (მოწყობილობების) დეტოქსიკაცია და ხელახლა ისწავლოთ ცხოვრებით ტკბობა, რაც შემდგომ წარმატებაში და წინსვლაში დაგეხმარებათ.
კატეგორია - ბლოგი

მედიას შეუძლია ტკივილი აჩვენოს.
მედიას შეუძლია ტკივილი შეამსუბუქოს.
მედიას შეუძლია გადაარჩინოს.
მედიას შეუძლია მოკლას.
მედიას შეუძლია დაიცვას.
მედიას შეუძლია ზურგი აქციოს.

არჩევანი - ჟურნალისტზეა და არა კონკრეტული ტელევიზიის მიკროფონზე და ლოგოზე.

და არჩევანი ყოველთვის არსებობს.

altsolution journalism” - ასე დაარქვეს ევროპელმა და ამერიკელმა ჟურნალისტებმა ამ საუკუნის „მომავლის ჟურნალსიტიკას“. ჟურნალისტის ერთ-ერთი პროფესიული მოვალეობაა, აჩვენოს პრობლემა, რომელიც ეხება სხვას და/ან შესაძლოა შეგვეხოს ჩვენ. ახალი ამბების ყურებისას მაყურებელმა პრობლემასთან ერთად, ჟურნალისტის დახმარებით, უნდა დაინახოს გამოსავალი და შესაბამისი ქცევის მოდელი.

რა შეუძლია პროსოციალურ მედიას?

მედიას შეუძლია აირჩიოს გამოსავალი და აჩვენოს: ანტისოციალური ქცევები (აგრესია, ძალადობა, სტიგმატიზირება და სხვ.) ან პროსოციალური ქცევები (თანადგომა, ემპათია და გაზიარება, სოლიდარობა, ქველმოქმედება, მხარდაჭერა).

მაგალითად, ტრაგიკული მოვლენის, მკვლელობის, ძალადობის, სტიქიური უბედურების გაშუქების დროს მედიას შეუძლია აჩვენოს მოქალაქეების/მაყურებლის მხრიდან მსხვერპლის მიმართ გამოხატული თანაგრძნობა, ქველმოქმედება, ემპათია და ტკივილის გაზიარება, სოლიდარობის აქცია...

როცა მაყურებელი ტრავმირებულია

2001 წლის 9/11-ის ტერორისტული აქტი ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა, რომელსაც ამერიკელები მუდმივად იხსენებენ. ამერიკული მედია, ნაცვლად იმისა, რომ ყოველ წელს აჩვენოს შემზარავი და შოკისმომგვრელი კადრები - აჩვენებს მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს, გამოხატავს თანადგომას მათი ოჯახებისადმი, იხსენებს მათ ადამიანურ ისტორიებს, აჩვენებს უსაზღვრო ემპათიას და ტერაქტის რეკონსტრუირებულ ადგილს ისეთს, როგორიც ის არის ახლა. კარგია, რომ იქ მედიას თავში არ მოუვიდა 9/11-ის საარქივო მასალის გამოყენებით რეალობის მოდელირება და მოსახლეობის რეტრავმატიზაცია, რომელსაც, შესაძლოა, პანიკური შიშიც გამოეწვია და რეალობასა და მოდელირებას შორის საზღვარიც წაეშალა.

როცა მსხვერპლი რესპონდენტია

საინფორმაციო გამოშვებებსა თუ ტოქ-შოუებში, მედია ცალსახად უნდა მოერიდოს მსხვერპლის რეტრავმატიზაციას. ფსიქოთერაპევტებიც კი ბეწვის ხიდზე გადიან, როცა ადამიანი ტრავმაზე საუბარს იწყებს და მოვლენებს იხსენებს... ასეთ დროს, პროცესის „ეკოლოგიურად“ (ფსიქოლოგიურად დაცული გარემოს შექმნით და უსაფრთხო მიდგომით) წარმართვისთვის ხშირად წლების მანძილზე მიღებული გამოცდილებაც არ კმარა, ფსიქოთერაპევტებისთვისაც კი, რადგან იმპროვიზაციები შეიძლება იყოს ძალიან სახიფათო და/ან ახალი ტკივილის მომტანი.

ტრაგიკული მოვლენების რეკონსტრუირებისას, არის დიდი ალბათობა, რომ მსხვერპლის გონებაში თანმიმდევრულად გაცოცხლდება ტრავმული ეპიზოდები და პირველადი შეგრძნებები. ასეთი სახის ჩარევა შესაძლოა განხორციელდეს (დიდი სიფრთხილით) ფსიქოთერაპიული სეანსის ან ჰიპნოზის დროს. თითოეული სიტყვა შეიძლება იყოს აგრესიის ან სიმშვიდის გამოწვევის ტრიგერი.

თუ ტრავმული ეპიზოდის გახსენება მედიით ხდება, სჯობს ინტერვიუ რესპონდენტისთვის იყოს იმ რეალურ სამყაროსთან შემაკავშირებელი ხიდი, საიდანაც მისთვის მოდის თანადგომა და უსაფრთხოება. სჯობს ჟურნალისტების კითხვები (პერიოდულად მაინც) მისთვის ასოცირდებოდნენ არა მხოლოდ წარსულთან, არამედ აწმყოსთან და მუდმივად ახსენებენ მას, სად იმყოფება, რას გრძნობს, რას ფიქრობს და რა გეგმები აქვს.

 

» ამავე თემაზე: კვირის ტრავმული აქცენტები

 

მაგალითად, ინტერვიუს დროს, ჟურნალისტის დახმარებით უმჯობესია რესპონდენტმა გაიხსენოს ის პერიოდი, როცა ჯერ კიდევ არ იყო ტრავმა, ხოლო ინტერვიუს ადგილად აირჩეს ის ადგილი, რომელიც ნაკლებად ტრავმულია მისთვის. თუ ეს ადგილი სატელევიზიო სტუდიაა, რესპონდენტმა სტუდიაში ან ჩაწერაზე, პირველ რიგში, თავი უნდა იგრძნოს დაცულად და უსაფრთხოდ.

დაუშვებელია შოკური ტრავმის მსხვერპლის ბულინგი და/ან კუთხეში მიმწყვდევა. ამ დროს შესაძლოა, ტრავმის გამოღვიძებით და ფსიქოლოგიური საშიშროების დანახვით რესპონდენტი: ან გაიქცეს, ან აგრესია აჩვენოს, ან გაშეშდეს/გაიყინოს. და თუ სტრესული სიტუაცია არ დასრულდა ბრძოლით ან გაქცევით, ამან შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს ფიზიკურ მდგომარეობაზე (ფსიქოთერაპევტებმა იციან, რომ ეს მდგომარეობა განსაკუთრებით საშიშია ჰიპერტონიით ან დიაბეტით დაავადებულთათვის).

საბოლოოდ, ფსიქოთერაპევტსაც და მედიასაც უნდა სურდეს და რაც მთავარია, უნდა იცოდეს და შეეძლოს, მსხვერპლისთვის ტკივილის შემსუბუქება და არა მხოლოდ მისი ტკივილის ჩვენება, ზედაპირზე ამოტანა. ამისთვის კი მნიშვნელოვანია მისი მუდმივად რეალობაში დაბრუნება, რეალობის შეხსენება და არა წარსულით რეტრავმატიზაცია. ასეთ დროს, მთავარი ადამიანის, მსხვერპლის ემოციური თანადგომაა და არა მისი კათარზისის მცდელობა.

რა შეუძლია მაყურებელს?

თურმე, მაყურებელს შეუძლია მსხვერპლს ტკივილი შეუმსუბუქოს.

ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იყო 2015 წლის 13 ივნისი, როცა სტიქიამ 19 უდანაშაულო ადამიანი მოკლა, 6 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მედიაში მხოლოდ პრობლემის და ტრაგედიის ჩვენება როდი მოხდა. მაყურებლის, მოხალისეების ჩართულობა და აქტიურობა გასცდა ე.წ. clicktivism-ს .

მოქალაქეები სოციალური ქსელებით (გამოცდილების და ინფორმაციის გაზიარებით, მობილიზებით, ქველმოქმედებით) და მის მიღმა, რეალურად ჩაერთნენ პრობლემის მოგვარების პროცესში, დაინახეს მისაბაძი ადამიანები (ძირითადად ახალგაზრდები) და მათი საქციელის მედიაში დემონსტრირებით გამოიკვეთა სოლიდარობის, ემპათიის და თანაგრძნობის, ქველმოქმედების, რეალური დახმარების ფრეიმები. ასეთი დიდი ტკივილის დროს მაყურებელიც ხედავს სცენარს, რომ „თურმე რაღაცის გაკეთება ასეთ საშინელ დროსაც შეუძლია“ და „თურმე შეგვიძლია შევამსუბუქოთ სხვების და ჩვენი ტკივილი“.

ნებსით თუ უნებლიეთ, მაყურებელი, რომელიც ტრავმული სცენარის ნაწილი ხდება, მსხვერპლთან ერთად პოულობს გამოსავალს, ეძებს სხვის და უკვე საკუთარ უსაფრთხოებას, პოულობს გადარჩენის სცენარებს და რაც მთავარია - მოქმედებს. და ეს კარგია.

რას ვთხოვთ ჟურნალისტს?

პროფესია მოითხოვს, რომ ჟურნალისტი მეტაპოზიციიდან დააკვირდეს მოვლენებს, რაც რთულია. იგი არ უნდა აღმოჩნდეს მხარე „კარპმანის დრამის სამკუთხედში“, სადაც „გმირი შეიძლება მსხვერპლი გახდეს, მსხვერპლი – მოძალადე, მოძალადე - გმირი“ და ასე დაუსრულებლად.

ინტერვიუს მოსაპოვებლად ზოგჯერ ჟურნალისტებიც თითქოს იძულებულები არიან იყვნენ აგრესიულები, მაგრამ არა ჭირისუფალთან, არა ტრავმირებულ მოზარდთან, არა შვილმკვდარ მშობელთან... როცა მსხვერპლის ტკივილს ვუყურებთ, ან როცა ვხედავთ, რომ მისი დასჯა და ტრავმირება ისევ გრძელდება, ან როცა მის მიმართ ბულინგი წახალისებულია, მინდა გვახსოვდეს, რომ მსხვერპლი ჩვენგან სხვა რამეს ელის. ჟურნალისტი მისთვის შესაძლოა გახდეს საყრდენი, რომელიც მაყურებელთან ერთად, თანადგომის ხიდის გავლით, დააკონტაქტებს რეალობასთან და ცოტათი მაინც შეუმსუბუქებს ჭირისუფალს გაუსაძლის ტკივილს და იქნებ დაეხმაროს კიდეც რესურსების აღდგენაში.

და მაშინ, კითხვები, პასუხები და ლოგოიანი მიკროფონიც კი შეიძლება გახდეს ემპათიური.

 

alt
კატეგორია - ბლოგი

alt

 

კვირა კრძალვის და ცახცახის დღეა.

იმიტომ, რომ "რუსთავი 2-ზე" გადაცემა „კვირის აქცენტები“ გადის. იმიტომ, რომ ორშაბათ დილას რედაქტორისთვის და მკითხველთა ნაწილისათვის გამზადებული უნდა მქონდეს არგუმენტები, თუ რატომ ვერ დავწერ ამ გადაცემის კრიტიკას (გადაცემის, სადაც ძირითადად მხოლოდ გინების კონფიგურაციები იცვლება, დანარჩენი მეორდება); თუ რატომ მგონია, რომ ამ გადაცემას არაფერი აქვს საერთო ჟურნალისტიკასთან, მედია პროდუქტთან, რომელიც შეიძლება გააკრიტიკო; თუ რატომ მგონია, რომ „კვირის აქცენტები“ საერთოდ გასულია მედია სისტემიდან, არ აქვს ჟურნალისტური მიზნები და წარმოადგენს უბრალო პლატფორმას, რომ მთავრობაზე (სავსებით სამართლიანად) გაბრაზებული ტელევიზიის დირექტორმა დრო და დრო გული მოიოხროს; თუ რატომ შეიძლება არ გინდოდეს აბსურდულ დისკუსიაში შესვლა, უნდა გააკრიტიკო თუ არა "რუსთავი 2", მაშინ როდესაც ის ოპოზიციური ტელევიზიაა, ხოლო მის საპირწონედ ტელებაზარზე ტელეკომპანია "იმედი" და საზოგადოებრივი მაუწყებელი არსებობს, მედიის პოლარიზაციაზე გაუთავებელი საუბარი კი წყლის ნაყვას ემსგავსება თანდათან.

altამ გადაცემის მაგალითი ადასტურებს, რომ ყველაფერი, რაც ტელე-ეთერში გადის, მედია პროდუქტი არ არის. რაღაც სხვაა, რომელსაც პირადად მე სახელს ვერ ვუფიქრებ და რომელსაც გადაცემის ავტორებმა ედიტორიალი დაარქვეს, რითაც თავი გაითავისუფლეს პასუხისმგებლობებისგან. იმისათვის, რომ ეს გადაცემა გააკრიტიკო, შენც უნდა გახვიდე მედია სისტემიდან და სულ სხვა გადმოსახედიდან წერო მათზე, რასაც ჩემს საქმედ არ მივიჩნევ.

ფეხბურთის და პოლიტიკის არ იყოს, ჟურნალისტიკაც ის სფეროა, რომელიც ყველას ჰგონია რომ იცის. არადა, ჟურნალისტიკა მხოლოდ მატერიალურ-ტექნიკური ბაზებსა და ელექტრონული კომუნიკაციების რესურსებზე წვდომა არ არის. ის, რაც ჟურნალისტიკას ჟურნალისტიკად აქცევს ეთიკაა. ეთიკის გარეშე მედია მხოლოდ ხმაურია. საზოგადოებრივი სიკეთისაგან დაცლილი ლაყაფია, რომლითაც ყველას შეუძლია რომ დაკავდეს, ვისაც კი ხელი მიუწვდება ზემოთ ნახსენებ ბაზებსა და რესურსებზე.

თუმცა, მეორე მხრივ, არც ეთიკაა ზუსტი მეცნიერება. მით უმეტეს მედია ეთიკა. ჟურნალისტიკის, როგორც პროფესიული სფეროს აღწერისას, სიტყვა „სტერილურობა“ ალბათ ბოლოა, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ადამიანმა. იმიტომ რომ ჟურნალისტიკა არ არის საკრალური სივრცე და შეცდომაც ყველას მოსდის. მით უმეტეს ქვეყანაში, სადაც მაყურებლებს, ჯერ კიდევ 30 წლის წინ, ტელეეკრანებიდან წამყვანების ნაცვლად დიქტორები ელაპარაკებოდნენ, სადაც დამოუკიდებელი მედიის ინსტიტუციური მეხსიერება, ქვეყნის დამოუკიდებლობაზე და ზოგიერთი ტელეწამყვანის ლექსიკონში ეთიკური სიტყვების მარაგზე კიდევ უფრო მოკლეა.

მაგრამ, იმისთვის რომ რომელიმე მედია პროდუქტის პროფესიულ ეთიკურობაზე ისაუბრო, აღნიშნული პროდუქტი, ალბათ, ჯერ ამ პროფესიის საზღვრებში უნდა თავსდებოდეს. „კვირის აქცენტების“ შემთხვევაში კი, ეს ასე არ არის, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა 9 ივნისს გასული გადაცემით. არავითარი განსაკუთრებული პროფესიული ინტუიცია არ სჭირდება მიხვედრას, რომ ინტერვიუს შვილმოკლულ მამასთან, რომელმაც გლოვის ნაცვლად, სახელმწიფოს უსამართლობასთან ბრძოლას შეალია რამდენიმე ათეული თვე, განსაკუთრებული მზაობა სჭირდება. მით უმეტეს, თუკი ეს იმ არხზე ხდება, რომელმაც ობიექტურად ბევრი რამე გააკეთა იმისათვის, რომ ახალგაზრდის მკვლელობა, მთავრობის დაჟინებული მცდელობის მიუხედავად, საზოგადოებრივი რადარებიდან არ გამქრალიყო.

არავითარი გამართლება არ აქვს იმას, რომ უზარმაზარი ტრავმის შემდეგ, ადამიანი დასვა სტუდიაში და რაც არ უნდა კეთილი განზრახვა გქონდეს, გაუმართო პოლიტიკური პოლემიკა, ესაუბრო უკმაყოფილო ტონით იმაზე თუ რა სტრატეგიული შეცდომები დაუშვა, რატომ მისცა ინტერვიუ "იმედს" და არა "რუსთავი 2-ს", უმეორო, რომ „რაღაც აქვს სათქმელი“ ზვიად კუპრავასთან დაკავშირებით, როცა მას აშკარად არ უნდა საუბარი. ხოლო როდესაც ტრავმირებული ადამიანი ემოციურობის პიკშია და პირდაპირ ეთერში აგრესიული ხდება, შეეცადო დაამშვიდო, მაგრამ თან გაუგრძელო პოლემიკა, ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ ეთერიდან სარეკლამო ჭრაზე გახვიდე (მიუხედავად იმისა, რომ გადაცემაში რეკლამაზე გასვლა დაგეგმილი არ ყოფილა) და შეეცადო, რომ ადამიანის რე-ტრავმირებას არ შეუწყო ხელი და ეს ყველაფერი ეკრანზე არ აჩვენო. სამწუხაროა, რომ პირდაპირ ეთერში იმის ხილვა გახდა საჭირო, რაც ვიხილეთ, რათა გადაცემის წამყვანები მისულიყვნენ დასკვნამდე, რომ „მგონი ყველამ თავი უნდა დავანებოთ ამ ადამიანს.“

ტრავმა არ არის მოვლენა, რომელიც ერთ დღესაც უბრალოდ მთავრდება. ტრავმული სტრესი არ ქრება სასამართლოს გამოტანილ გადაწყვეტილებასთან ან პროკურატურის მიერ საქმის მსვლელობის შეცვლასთან ერთად. თითქმის ყველა სახელმძღვანელო, რომელიც ტრავმის გაშუქებაზე დაწერილა, ცალსახად უსვამს ხაზს, რომ ადამიანები, რომლებმაც უდიდესი დანაკლისი გადაიტანეს ოჯახის წევრის დაკარგვით (რომ აღარაფერი ვთქვათ წლობით ვერ მიღწეულ სამართლიანობაზე), შესაძლოა წლების შემდეგაც კი განსაკუთრებით ემოციურად იყვნენ განწყობილები ამბების გახსენებისას. მათი რე-ტრავმირების საფრთხე იმაზე რეალურია, ვიდრე ხშირად ჟურნალისტებს წარმოუდგენიათ. ზაზა სარალიძეს მედიისაგან არ სჭირდება ენის მოჩლექით საუბარი, მას არ სჭირდება შებრალება. ერთადერთი რაც მას ჩვენგან შეიძლება სჭირდებოდეს მისი ამბის ობიექტური, სენსიტიური და ეთიკური გაშუქებაა.

თუმცა რთულია, ამ გადაცემის და ამ კონკრეტული გამოშვების მაგალითზე ჟურნალისტურ ეთიკასა და სტანდარტებზე ისაუბრო. იმიტომ, რომ ამ გადაცემას არ აქვს მედია ლოგიკა. იმიტომ რომ ამ გადაცემას არ აქვს განზრახვა, რომ მაყურებლამდე მივიდეს ინფორმაცია. ამ გადაცემის დღის წესრიგი ხმაურია. ხმაური რომელსაც შეიძლება სარგებელი მოჰქონდეს პოლიტიკური ძალ(ებ)ისთვის (მათ შორის იმათთვისაც, ვისაც ებრძვის), მაგრამ არა მაყურებლისთვის ან რესპონდენტისთვის. ეს გადაცემა უბრალოდ სცდება მედია კრიტიკის პრეროგატივას.

კატეგორია - ბლოგი

alt
2017 წელს ბავშვებს ჰკითხეს, რა არ მოსწონდათ მედიაში ბავშვების გაშუქებასთან დაკავშირებით.

ბავშვებმა ჩამოთვალეს :

  •  მათ არ მოსწონთ, როდესაც ბავშვების სერიოზულ კომენტარებზე მედიაში სიცილის ხმაურს ადებენ და მაყურებლები ამაზე იცინიან.
  •  არ მოსწონთ როცა „საყვარელი“ ბავშვების სახეებით კადრებს ალამაზებენ.
  •  არ მოსწონთ, როდესაც ბავშვების ფოტოებს იყენებენ უბედური შემთხვევების დროს ემოციების გამოსაწვევად.
  •  არ მოსწონთ, როდესაც უფროსები საუბრობენ იმაზე, რაც ბავშვებმა მათზე უკეთ იციან, მაგალითად: რას გრძნობენ ბავშვები.
  • მათ არ მოსწონთ როცა ცირკის ცხოველებივით ავალებენ რაიმეს გაკეთებას და ამას კამერებით იღებენ.
  •  მათ არ მოსწონთ, როდესაც კამერები აფიქსირებენ, როცა ბავშვმა რაღაც არ იცის.
  •  მათ არ მოსწონს, როდესაც მათ კადრში კარნახობენ რა თქვან ან აწყვეტინებენ, შემდეგ კი ტელევიზიით აჩვენებენ.
  • ბავშვებს არ მოსწონთ, როდესაც ისინი ხდებიან ვინმეს პრობლემა და მთელი გადაცემა მათი ანუ „პრობლემის“ მოგვარებას ეძღვნება.

ყველაფერი ეს არც რომელიმე ზრდასრულს მოეწონებოდა და იმის შიშით, რომ ზრდასრული ამგვარი გაშუქებისთვის მედიას ერთ ამბავს აუტეხდა, ჟურნალისტები არც გააშუქებდნენ. ბავშვების შემთხვევაში კი ასეთი გაშუქება ნორმაა. უფრო მეტიც, გადაცემები მხოლოდ იმ მიზნითაც იქმნება, რომ ბავშვების ნათქვამზე ვიცინოთ.

მისაუბრია ჟურნალისტებთან მედიაში ბავშვების პრობლემურ გაშუქებაზე. ისინი ამბობენ, რომ ტელევიზია იმას ასახავს რა რეალობაცაა, ამიტომ თუ ჩვენს რეალობაში ბავშვებზე იცინიან ან პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებენ, მედიაც ამას აჩვენებს.

მაგრამ, საინტერესოა, როგორ გვესმის რეალობა. რეალობა - ეს ჩვენს თავშია და თუ ჩვენ ყველა ვაღიარებთ რომ თავი ბევრია, შესაძლებელია, ჟურნალისტები სხვის თავში არსებული რეალობის გაშუქებითაც დაინტერესდნენ.

როგორია რეალობა ბავშვების თავში და რას გრძნობენ ისინი, როდესაც პოლიტიკოსები მუხლებზე დაისვამენ და საარჩევნო ბანერებში იღებენ? რას გრძნობენ სხვა ბავშვები, რომლებიც მუხლებზე დასმისთვის არ შეარჩიეს და ამ პოლიტიკოსების უპასუხისმგებლობის გამო მათ რეკლამას ბავშვთა ციხიდან უყურებენ ტელევიზორში? როგორია რეალობა ბავშვისთვის, რომელიც ბავშვთა სახლში ცხოვრობს და იცის, რომ მხოლოდ აღდგომას ან შობას მივლენ მათთან ქველმოქმედი ბიზნესმენები? მოიტანენ პროდუქტებით სავსე ცელოფნებს და ეტყვიან, რომ ნაჩუქარი საჭმელი შეჭამონ მაშინ, როცა კამერიანი ოპერატორი დაიძახებს - „ეთერში ვართ“! ამასთან, როცა ავალებენ, რომ ისეთი სახე მიიღონ, თითქოს, ამ საჭმლით ისე დაპურდნენ, რომ ეს ბედნიერება ცხოვრების ბოლომდე გაჰყვებათ, გულში ამ ბავშვებმა მაინც იციან, რომ ქველმოქმედის ოჯახში, ყოველ დღე, სწორედ ასეთ საჭმელს ჭამენ და შობას არ ელოდებიან.

ეს რეალობები ჩვენს მედიაში, ფაქტობრივად, არ ჩანს. ზუსტად არ ვიცი რატომ, თუმცა, შესაძლოა, მათ წინაშე კიდევ ერთი რეალობაცაა - ჟურნალისტები ტელევიზიით გვიღებენ მაშინ, როდესაც რამე გვემართება ან იმ დღეს პოლიტიკური, სენსაციური სიუჟეტი არ აქვთ და ბადის შევსება სჭირდებათ.

იქნებ, არც არის ასეთი რეალობა? - კითხეთ ბავშვებს. მათი რეალობები აღმოუჩენელი მიწებივითაა, ან უფრო, ჩვენი გაუცნობიერებელი შიშებივით. ამ შიშების გამო რაღაც შინაარსს ჩვენი ცნობიერება გონებიდან განდევნის რადგან ჩვენ მასთან თვალის გასწორება არ გვინდა. ბუნებრივია, არ გვინდა იმის მოსმენა, რომ ჩვენ ისე გადავეშვით პოლიტიკაში და ერთმანეთის ანგარიშსწორებაში, რომ ბავშვებს ვეღარ ვიცავთ, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ვერ ვუფრთხილდებით და მხოლოდ პოსტ-ფაქტუმ ვიწყებთ პანიკას, ისიც მხოლოდ რამდენიმე დღით მედიაში და სოციალურ ქსელში. მოვუსმინოთ ბავშვებს, იქნებ აღარ დავაგვიანოთ მათი დაცვა და მანამდე შევძლოთ მათი დახმარება, სანამ ტრაგედიები მოხდება. იქნებ მათი რეალობა ჩვენს რეალობაზე მეტად რეალურია და ჩვენი შექმნილი ერთგანზომილებიანი კომფორტული რეალობის გარეთ სხვა მრავალგანზომილებიანი რეალობაც აღმოვაჩინოთ?!
კატეგორია - ბლოგი
alt

რამდენიმე კვირის წინ, ამერიკელი პოლიტიკური კომენტატორი და იურისტი ბენ შაპირო BBC-ის ჟურნალისტმა ენდრიუ ნეილმა გადაცემა "Politics Live"-ში მიიწვია სტუმრად. შაპირო, რომელიც თავისი ანტილიბერალური და უკიდურესად კონსერვატიული, მათ შორის აბორტის საწინააღმდეგო შეხედულებებით გამოირჩევა, ფაქტობრივად ეთერიდან გაიქცა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა შაპიროს შეკითხვები დაუსვა აშშ-ის ზოგიერთ შტატში, აბორტთან დაკავშირებით ახლახან მიღებულ, დასავლური ქვეყნებისათვის საკმაოდ მკაცრ კანონმდებლობაზე. ნეილის მწვავე შეკითხვებმა შაპირო ფაქტობრივად წყობიდან გამოიყვანა, რის შემდეგაც სტუმარმა წამყვანს მემარცხენეების სასარგებლოდ მიკერძოებულობაში ბრალი დასდო.

შაპირო, რომელიც მგზნებარე მოდებატეა და ხშირად დემაგოგიასაც არ ერიდება, მომდევნო დღეს სრულიად ინგლისურენოვანი Twitter-ის დაცინვის ობიექტად იქცა. როგორც აღმოჩნდა, ენდრიუ ნეილი თავად კონსერვატიულად განწყობილი ჟურნალისტია, ოდესღაც კონსერვატიული პარტიისთვის მუშაობდა მკვლევრად და ამჟამად სათავეში უდგას ჯგუფს, რომელიც ფლობს კონსერვატიულ ჟურნალს The Spectator. შაპიროს შეკითხვაზე ობიექტური ჟურნალისტი ხართ თუ მიკერძოებული ჟურნალისტი, ნეილს მარტივი პასუხი ჰქონდა: „მე ვარ ჟურნალისტი, რომელიც სვამს შეკითხვებს [...] ჩემი საქმეა დავუსვა კითხვები იმათ, ვისაც აქვთ მტკიცე შეხედულებები და ვაჩვენო ამ მოსაზრებების ალტერნატივა. თუ თქვენ აბორტის მოწინააღმდეგე ხართ, მე დაგისვამთ აბორტის მომხრეთა შეკითხვებს.“

ენდრიუ ნეილის პასუხი შაპიროს ბრალდებებზე, ალბათ, საუკეთესოდ აჯამებს ზოგადად რატომ შეიქმნა სატელევიზიო სივრცეში ტოქშოუები და რატომ ჰყავს ამ გადაცემებს წამყვანები. მხოლოდ და მხოლოდ საინფორმაციო გამოშვებების ხარჯზე დემოკრატიულ საზოგადოებაში რთულია ადამიანები სათანადოდ ინფორმირებული გყავდეს. ხოლო ისეთი გადაცემების დამატებით, როგორიც საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუებია, მაყურებელს უჩნდება შანსი, რომ აქტუალურ საკითხებზე მრავალმხრივი ინფორმაცია მიიღოს.

სიღრმისეული, დინამიკური და საინტერესო ფორმით ინფორმაციის მისაღებად კი ერთადერთი გზა ოპონირებაზე გადის. ქართული ტელესივრცისთვის რაც არ უნდა უჩვეულოდ ჟღერდეს, ოპონირება გადაცემის წამყვანმა უნდა გასწიოს და არა გადაცემაში მოსულმა, რესპონდენტთან დაპირისპირებულმა სხვა სტუმარმა. ყველა სხვა ფორმატი, სადაც ჟურნალისტი ოპონირების ფუნქციას არ ასრულებს, სცდება ჟურნალისტურ საზღვრებს და უახლოვდება პოლიტიკოსთა პიარს, ჟურნალისტის ფუნქციის დაკნინებას მოდერატორის ფუნქციამდე ანდა როგორც ხშირად ქართულ სადისკუსიო გადაცემებში ხდება ხოლმე - ქაოსს.

ქართულ ტელესივრცეში გასული ტოქშოუებიდან ალბათ თითზე შეიძლება ჩამოვთვალოთ ისეთი შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტმა თავისი არსებობის გამო რესპონდენტს ისეთი დისკომფორტი შეუქმნა, რომ გადაცემა პოლიტიკოსისათვის ტრიბუნის დათმობას არ დამსგავსებოდა. სამაგიეროდ, იოლად შეიძლება გავიხსენოთ ისეთი მაგალითები, სადაც როლები იცვლებოდა და რესპონდენტებს მიჰყავდათ გადაცემა. ასეთი ჟურნალისტური მარცხების თავიდან ასარიდებლად კი, ჩვენი ტელეწამყვანები რამდენიმე ხერხს მიმართავენ ხოლმე, სადაც ჟურნალისტები ასრულებენ შემდეგ ფუნქციებს:

1) მოდერატორ - გამშველებელი - მოგყავს ორი დაპირისპირებული პოლიტიკოსი, დასვამ ერთმანეთის პირისპირ, შუაში თავად ჩაჯდები, იტყვი რომ დღეს მოდერატორის ფუნქციას ასრულებ, რამდენიმე გამხსნელ შეკითხვას სვამ და შემდეგ უკვე ეთერში მოწვეულ ფალავნებს უთმობ ტატამს. განსაკუთრებულ შემთხვევებში, სტუმრებმა უნდა დაასისხლიანონ ერთმანეთი ისე, რომ მაყურებელს შეიძლება სულაც დაავიწყდეს ჟურნალისტის სტუდიაში არსებობის შესახებ მანამ, სანამ რომელიმე სტუმარი ჭიქას არ გადაალეწავს მეორეს და ამ დროს ირთვება შენში გამშველებლი. სტუდია იწყებს ზანზარს, ირღვევა დეკორაციები, სტუმარი გარბის, მეორე სტუმარი მისდევს და აჩქარებული სუნთქვით გადიხარ ეთერიდან. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება ევრონიუსზეც მოხვდეთ;

2) მსაჯი - სტუდია იყოფა ორ მხარედ. თითოეულ მხარეს სტუმართა რაოდენობა შესაძლოა მერყეობდეს 3-დან 6-მდე. სასურველია სტუმართა შორის იყოს იყვნენ „ექსპერტები“ და „ცნობადი სახეები“, რომლებსაც შეუძლიათ კვანტური ფიზიკიდან ფისკალურ პოლიტიკამდე ყველა თემაზე საუბარი. ხსნი გადაცემას შეკითხვით, „როგორია თქვენი კომენტარი“, საუბარს იწყებს ერთ-ერთი სტუმარი, რამდენიმე წუთში მას აჰყვება მეორე სტუმარი, საუბარში ერთვება მესამე რესპონდენტი, იწყება პოლიფონია, მოსაუბრეთა რაოდენობამ შესაძლოა ხუთსაც მიაღწიოს, ეკრანიდან ისმის კაკაფონია, ჰაერში გოგირდის სუნი ტრიალებს, კულმინაცია ახლოვდება, სცენაზე შემოდის წამყვანი და შელოცვასავით იმეორებს სიტყვებს „გთხოვთ, დაასრულებინეთ სათქმელი,“ „გთხოვთ, დაასრულებინეთ სათქმელი.“ სტუმრები (ზოგჯერ) ჩუმდებიან, მაგრამ რამდენიმე წუთში მეორე ტაიმი იწყება;

3) დირიჟორი - გადაცემაში მოსულ სტუმართა რაოდენობას თავისუფლად უნდა შეეძლოს თბილისის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის შევსება. სასურველია, სტუმართა 100-ვე პროცენტი ერთ აზრზე იყოს, მაგრამ რეგალიებით განსხვავდებოდნენ. აუდიტორიის ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე ისე გადადის მიკროფონი, რომ რთული მისახვედრია ეკრანის შეხედვის გარეშე მიხვდე როდის მორჩა ერთი რესპონდენტი სათქმელს და გააგრძელა მეორემ. ვიდრე ერთი საუბრობს დანარჩენი 24 მორჩილად ელოდება რიგს. წამყვანის მთავარი ფუნქცია კი გამომსვლელთა რიგითობის დაცვაა. თითოეულ რესპონდენტს აქვს 5-7 წუთი (გარდა ტელევიზიის დირექტორისა), გადაცემა გრძელდება უსასრულობამდე, მაყურებელი იძინებს ტკბილად, ტელევიზორის პულტით ხელში.

4) დეკორაცია - უბრალოდ ზიხარ.

რა თქმა უნდა, ამით არ ამოიწურება ჩვენში საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ტოქშოუთა მრავალფეროვნება. თუმცა, ყველაზე ხშირად, სწორედ ამ 4 ტიპის ტელეწამყვანებს მოკრავთ თვალს ეკრანებზე. ქვეყანაში, სადაც წამლად ერთი ნორმალური Hard Talk შოუც კი არ გადის, შეუჩვეველმა აუდიტორიამ შესაძლოა იკითხოს - რა არის პრობლემა ასეთ გადაცემებში? რა და არაინფორმირებული მაყურებელი, რომელიც მათი ნახვის შემდეგ ან სრულ პოლიტიკურ აპათიაში ვარდება ან კიდევ უფრო ნაკლებად ინფორმირებული და დაბნეული თიშავს ტელევიზორს.

არადა, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, ჩვენს წამყვანებს ოპონირება რომ ეცადათ.
კატეგორია - ბლოგი
მისაღებია თუ არა გინება პირდაპირ ეთერში? - ეს არის იმ ქვეყნის ორი მთავარი არხის მთავარი საკვლევი საკითხი, სადაც ბავშვები შიმშილით კვდებიან; სადაც სასამართლო უვადოდ ბარდება კლანს; სადაც ერთი ადამიანის ხელშია ყველა სახელისუფლებო ბერკეტი; სადაც ოკუპანტი ქვეყანა რბილი ძალის გამოყენებით სულ უფრო აფართოებს მხარდამჭერების წრეს, სადაც მოსახლეობა იძულებულია ქვებით და ხელკეტებით დაიცვას თავი ხელისუფლებისგან და ა.შ.

ჩამონათვალი ძალიან გრძელი გამოვა. იმდენი პრობლემაა, რომელიც მედიის ყურადღებას იმსახურებს, მაგრამ…

მაგრამ მთავარი არხის გენერალური დირექტორი ქვეყნის დე ფაქტო მთავარს აგინებს; მთავრის მაგინებელს კი საგულდაგულოდ შერჩეულ მოქალაქეებს აგინებინებს მთავარი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ საგანგებო რეჟიმში მომუშავე ტელეარხი.

და ზუსტად ამ დროს არ დააყოვნა საზოგადოების სახელით მოლაპარაკე ადამიანების ჯგუფის ინიციატივამაც, რომელიც მედიასივრციდან უხამსი ლექსიკის კანონით განდევნას ითვალისწინებს. ამ ინიციატივის თაობაზე ტელეიმედიდან შევიტყვეთ, რომელმაც საქართველოს მეცნიერთა, მწერალთა და კულტურის მოღვაწეთა მიმართვა უწოდა ერთგვერდიან წერილს, რომელსაც ხელს 60-მდე ადამიანი აწერს.

ამ წერილს მოჰყვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრესმდივნის განცხადებაც, რომლის მიხედვით, საპატრიარქოში სამუშაო ჯგუფი შეისწავლის სატელევიზიო სივრცის რეგულირების საერთაშორისო გამოცდილებას, რათა “ამ სივრციდან არ იღვრებოდეს, აგრესია, ძალადობა, უხამსობა”.

არადა, საქართველოში უკვე მოქმედებს ორი კანონი, რომლებშიც უხამსობაზეა საუბარი. ესენია, კანონები “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისა” და “მაუწყებლობის შესახებ”. ამ კანონების მიხედვით, უხამსობა - ეს არის განცხადება ან ქმედება, რომელსაც არ აქვს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება და ლახავს საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს.

აქვს თუ არა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ღირებულება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები კონკრეტული ხელისუფალის, კონკრეტული ინსტიტუციის მიმართ ტელეეთერით გინებას? - ეს არის კითხვა, რომელზე პასუხიც ნებისმიერ ზემოთ აღნიშნულ მოქალაქეს შეუძლია დღეს მოქმედი კანონებითაც მიიღოს, თუკი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტს მიმართოს კონკრეტული მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს ან პირდაპირ სასამართლოს.

მაშინ რატომ შეიძლება ირჯებოდნენ ისინი დამატებით და რა საფრთხის მატარებელია ამ მიმართულებით მედიის ნებისმიერი სახის რეგულირებაზე აპელირება?

ამ ხერხს უკვე მიმართა რუსეთმა. 2013 წლის მარტში რუსეთის დუმამ მიიღო კანონი, რომლითაც ჯარიმები დაწესდა მედიაში უცენზურო სიტყვებისა და გამონათქვამების გამოყენებისთვის. შედეგი იქამდე მივიდა, რომ როსკომნადზორი მედიასაშუალებებს უცენზურო გამონათქვამების შემცველი რეპ-ბათლის ვიდეოს გამოქვეყნებისთვისაც კი აჯარიმებს.

საქართველოს სინამდვილეში, ასეთი კანონის ამოქმედების შემთხვევაში, მედიასაშუალებების დაჯარიმესთვის საკმარისი იქნებოდა პარლამენტის სხდომების ვიდეოტრანსლაციაც, რადგან საპარლამენტო სხდომებზე აქ ნამდვილად “მოსულა” პრემიერის მხრიდან კეთილების გინება, შეიძლება ჩართულ ან გამორთულ მიკროფონშიც “გაიპაროს” სპიკერის უცენზურო გამონათქვამი და ა.შ.

უფრო მეტიც, პოლიტიკოსების მხრიდან გინება არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი მოვლენა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხშირად მიმართავს უხამს ლექსიკას და მას, ცხადია, აქტიურად აშუქებს მსოფლიო მედია.

თუმცა, მხოლოდ გინება არ არის უხამსობა. მაგალითად, სექსზე ტელეეთერიდან საუბარი რამდენიმე წლის წინ უხამსობად აღიქმებოდა საქართველოში საზოგადოების დიდ ნაწილში და ტელევიზიებთან მასობრივი საპროტესტო აქციებიც იმართებოდა ასეთი გადაცემის აკრძალვის მოთხოვნით. დღეს ამ თემაზე დისკუსიები იმართება, ვსაუბრობთ სკოლებში სექსუალური განათლების აუცილებლობაზე და ა.შ.

ამდენად, მედიაში ამ მიმართულებით დამატებითი რეგულაციების შემოღება ვერანაირად ვერ მოემსახურება საზოგადოების განვითარებისთვის აუცილებელ კეთილ ზრახვებს და ის მხოლოდ ხელისუფლებისთვის არასასურველი მედია ორგანიზაციების დევნისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული.

ამის პარალელურად, აუცილებელია უშუალოდ მედიის თვითრეგულირების მექანიზმების აქტიურად გამოყენება და მას, პირველ რიგში, საზოგადოება უნდა იყენებდეს. მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში ერთ კონკრეტულ სტატიაზე ან ტელეგადაცემაზე შეიძლება 50 ათასი საჩივარი შევიდეს თვითრეგულირების ორგანოში მოქალაქეების მხრიდან. ასე იქცევა საზოგადოება, რომელსაც აღელვებს პირადი ცხოვრების უფლების დაცვა, ამბების ზუსტი და მიუკერძოებელი გაშუქება, ბავშვის უფლებები, მოქალაქეების დაცვა დისკრიმინაციისაგან და ა.შ.

და რაც მთავარია, ასეთ საზოგადოებაში ჟურნალისტები იძიებენ ფაქტებს, რომლებიც საზოგადოებაში აღძრავენ პროტესტს და შესაძლოა, იწვევენ საზოგადოების მხრიდან გინებასაც კონკრეტული ხელისუფლებების მიმართ. და ეს გინება, როგორც საზოგადოების გამოხატვის თავისუფლება, დაცული უნდა იყოს, მათ შორის, სატელევიზიო სივრცეში.
კატეგორია - ბლოგი

“კითხვები დამთავრებულია” - ჟურნალისტების ნაცვლად გადაწყვიტა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და მათ ზურგი აქცია. ის 21 აპრილს პანკისის ხეობაში პოლიციასა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირების შემდეგ ჩავიდა, ჟურნალისტებთან რამდენიმე წუთს გაჩერდა. შემდეგ ადევნებულ ჟურნალისტს გაღიმება ურჩია და თქვა: "მუშაობის საშუალებას მომცემთ?" 


alt

ჟურნალისტებთან კომუნიკაცია საჯარო მოხელეების სამუშაოს ნაწილად ჩვენთან არასდროს აღიქმება არც ჩვეულებრივ, მშვიდ დღეებში და არც კრიზისული ვითარებისას. როდესაც ისეთი ამბავი ხდება, როგორიც 21 აპრილს პანკისში დაპირისპირება, 2017 წლის 22 ნოემბერს ბერი სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია თუ 13 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობა იყო, საზოგადოებას ინფორმაცია სჭირდება. ჟურნალისტებიც ცდილობენ მომხდართან დაკავშირებით რაც შეიძლება მეტი დეტალი მოძიონ ყველა შესაძლო ხერხით. შევლენ ყველგან, სადაც შეუშვებენ, ჩაწერენ ყველას, ვინც გამოჩნდება იქნება ეს ადგილობრივი მოსახლე თუ საჯარო პირი. შეეცდებიან განიხილონ ყველა ვერსია, თავად ჩაატარონ გამოძიება და აუდიტორიას ინფორმაცია მიაწოდონ, რადგან იმ დროს ყველა სხვა თემაზე მომზადებული ამბავი არარელევანტურად ჩანს. ვერ გაუშვებენ ეთერში მხატვრულ ფილმს ბედნიერ ცხოვრებაზე, სერიალს ოჯახურ დრამაზე თუ რამე გასართობ გადაცემას, მაშინ, როდესაც ერთ-ერთ რეგიონში მოსახლეობა და სპეცრაზმი ერთმანეთს ურტყამს ანდა შუა ქალაქში სპეცოპერაცია ლამის მთელი დღე ტარდება. ეს ხდება არა იმიტომ, რომ ჟურნალისტებს უხარიათ უწყვეტად ეთერში ყოფნა ანდა სტატიების მომზადება, არამედ იმიტომ, რომ საზოგადოება იყოს დროულად ინფორმირებული.

კრიზისული ვითარებისას დაზუსტებული ინფორმაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან მიღებულმა ინფორმაციას შეიძლება მყისიერად შეცვალოს ადამიანის ქცევა. მაგალითად, დატოვოს საცხოვრებელი ადგილი, გაიაროს ქუჩაზე, რომელიც უსაფრთხო ჰგონია ანდა პირიქით, არაფერი გააკეთოს იმის იმედით, რომ ამბავი მას არ შეეხება. აღარაფერს ვამბობ პანიკის დათესვაზე და მასების მობილიზებაზე. ამ დაზუსტებულ ინფორმაციას ჟურნალისტი შესაბამის უწყებებიდან უნდა იღებდეს. ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს საკომუნიკაციო სტრატეგია თუ როდის რა ფორმით აწვდის მედიას ინფორმაციას.

ბოლო პერიოდში მსოფლიო მედიას არაერთი კრიზისული სიტუაციის, ტერორისტული აქტის თუ სხვა ტიპის ოპერაციების გაშუქების დიდი გამოცდილება დაუგროვდა. ძალიან მარტივი სანახავია, რომ ყველა ასეთ შემთხვევაში ოფიციალურ უწყებებებს გამოყოფილი ჰყავთ პირი, რომელიც მედიას პროაქტიულად აწვდის ინფორმაციას თუ რას და როგორ აპირებს ხელისუფლება, რა დაზუსტებული ცნობები აქვთ მომხდარის შესახებ, აკეთებენ განმარტებებს, აწვდიან ინსტრუქციას მედიას სამუშაო არეალის შესახებ, რათა არ შევიდნენ იქ, სადაც უსაფრთხო არ არის მათთვის და ამასთან ხელი არ შეუშალონ ოპერციის მიმდინარეობას. იქ მედიასთან ურთიერთობა სამუშაოს ნაწილია, ჩვენთან მინისტრგაკიდებულ ჟურნალისტს აქეთ ამადლიან რამდენიმე წამიან სინქრონს.

მაღალი საჯარო ინტერესის მქონე ამბისას ჟურნალისტების საინფორმაციო ვაკუუმში დატოვება ხელს უწყობს დაუზუსტებელი ცნობების, ვერსიების, ვარაუდების, სპეკულაციების გავრცელებას. როდესაც რელევანტური რესპონდენტი არ ჩანს, ჟურნალისტი იძულებულია, მას დაუსვას კითხვა, ვინც შემოხვდება, შედეგად მაგალითად, კრიმინალურ თემაზე შეიძლება მოვისმინოთ განათლების ანდა გარემოს დაცვის მინისტრის, დეპუტატის, ოპოზიციის თუ მავანის მოსაზრებები, რომელთაც ფაქტობრივი ინფორმაცია არ აქვთ. მერე ჟურნალისტებს აკრიტიკებენ დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელების გამო, ერთი და იმავე ცნობების გამეორების თუ ისეთი კადრების გამოქვეყნებისთვის, რაც აუდიტორიის აზრით, ოპერაციის მიმდინარეობას ხელს უშლიდა.

მედიას ცხადია აქვს თავისი პასუხისმგებლობა, ეთიკური სტანდარტები, წესები, რისი შესრულებაც მისი ვალდებულებაა, მაგრამ შეცდომების თავიდან აცილება და ზიანის შემცირება შესაძლებელია ანგარიშვალდებული ხელისუფლების პირობებში, როდესაც პროაქტიულად აწვდიან ინფორმაციას და გაღიმებას არ ურჩევენ ჟურნალისტებს კითხვებზე პასუხის ნაცვლად.

კატეგორია - ბლოგი
alt
გვანცა ხონელიძე, იურისტი, ორგანიზაცია ქალთა მზერის დამფუძნებელი

რამხელა ძალისხმევითაც სამოქალაქო აქტივისტები ქალების მიმართ არსებული სტერეოტიპული და არასერიოზული დამოკიდებულებების განეიტრალებას ვცდილობთ, იმდენივე ძალისხმევით მედიის დაუფიქრებელი ნაბიჯები უკუპროცესს აწარმოებს.

alt21 მარტს „რუსთავი 2-ის“ დილის ეთერში ვიხილეთ სიუჟეტი, რომელშიც შიშველი ქალის სხეულზე სუში იყო დალაგებული. ეს ფაქტი მე, როგორც რიგით მაყურებელს, მხოლოდ ერთი კუთხით მადარდებს, ეს დარდი არ ეხება სუშის ფედერაციას და იმას, ვაკეთებთ თუ არა კარგ სუშს საქართველოში. ეს ეხება ბევრისთვის უხილავ, მაგრამ ჩემთვის უცხადეს პრობლემას, - ქალები დღემდე მოვიაზრებით დეკორაციებად. ნებისმიერ სიუჟეტს გმირი ჰყავს და ისტორიის ხაზი აქვს, ტელევიზია კი ამ სიუჟეტის მთხრობელად გვევლინება. სიმპტომატურია რომ ამ სიუჟეტებში გასაგნებულის, არასერიოზული პერსონაჟის, გამრთობის როლს ქალი და მისი სხეული ასრულებს.

გასაგნებას/განივთებას ბევრად დიდი სოციალური ეფექტი აქვს, ვიდრე ერთი შეხედვით გვგონია. ეს პროცესი შეიძლება უშუალო აქტორის თავისუფალი ნებით ხდებოდეს, მაგრამ გრძელვადიანი ეფექტი იქონიოს იმ სოციალურ ჯგუფზე, რომელსაც ეს აქტორი წარმოადგენს. ქვეყანაში სადაც ქალების ფიზიკური შევიწროვება კულტურულ ნორმატივად მოიაზრება, ასევე ნორმალიზებულად აღიქმება შიშველი ქალის სხეულის მაგიდად გამოყენება სატელევიზიო ეთერში. ეს არც პირადი სივრცეა და არც ფილმის -„სექსი დიდ ქალაქში“ ცნობილი სიუჟეტი, სამანტას სხეულზე სუში რომ აქვს დალაგებული, ესაა დილის გადაცემა ქვეყანაში, სადაც ყოველ მეშვიდე ქალს ერთხელ მაინც გამოუცდია ძალადობა.

ქართული მედიასივრცისთვის ქალის აბუჩად აგდება უხარისხო მედიაპროდუქტის გასაღებისთვის დიდი ხნის აპრობირებული გზაა. ამის სათავეებში ჯერკიდევ ადრეული 2000-იანი წლებიდან დგას შალვა რამიშვილი, რომელსაც ქალები, სარეკლამო ჭრის დროს, ხან დასაცინად გამოჰყავდა, ხან უხამსი ხუმრობების სამიზნედ.

ქალების რეპრეზენტირების კუთხით, დღემდე, ტელევიზია 202-ის დაწესებული სტანდარტი არ მორყეულა. თუ „რუსთავი 2-ის“ დილის ეთერში შიშველ ქალს მაგიდის როლს ათამაშებენ რეიტინგის ასაწვად, პარალელურად, შალვა რამიშვილი გართობად გვასაღებს ქალების ჩხუბისა და თმებით თრევის ვიდეოებს, სხვა პოპულარულ არხებზე კი ქალებზე ძალადობის ისტორიებს, როგორც პირად, სასაცილო გამოცდილებას, ისე ყვებიან.

ნარატივი ყველგან ერთია, ჩვენი სხეული ჩვენგან დამოუკიდებლად ჩააბეს რეიტინგზე ნადირობის უწყვეტ ჯაჭვში. ამ სახეხატის ყოველდღიური წარმოების შემდეგ, აღარ უნდა გვიკვირდეს რატომ არ გვეკიდებიან სერიოზულად და რატომ მომართავენ ქალების სექსუალურ და პირად ცხოვრებას ჩვენსავე საწინააღმდეგოდ. ტელევიზია, როგორც ძლიერი ინფლუენსერი, არ არის შეჯერებული, რომ ჩვენი სოციალური ჯგუფი სერიოზული, პოლიტიკურად აქტიური, ჭკვიანი და ძლიერი წარმოაჩინოს.

1950-60-იანი წლების ამერიკული რეკლამები, როგორც იმდროინდელი საზოგადოების ანარეკლი, სექსიზმით და რასიზმით გაჯერებული იყო. განვითარებული დემოკრატიები, ქალების სოციალური წინააღმდეგობების გარეშე, დღეს არ იარსებებდა. რაც ამ წლებში მისაღებად ითვლებოდა, ნელ-ნელა ამ წინააღმდეგობებმა ანტისოციალურ ქმედებად და ამ ჯგუფების მიზანმიმართულ ჩაგვრად დააიდენტიფიცირა.

მე, როგორც ფემინისტი, ვამბობ, ჯანსაღად არასოდეს იფუნქციონირებს საზოგადოება, რომელიც  მაგიდად შიშველ სხეულს, როგორც სექსის ბაზისური ინსტინქტის ილუსტრაციას ისე იყენებს. თანამედროვე ადამიანის ტვინში ეს სცენა აგდებს ბმულებს - ჭამა, სექსი, დაუფლება. საგნის ფუნქციის შემსრულებისგან, ისევე როგორც საგნისგან, ნებართვას არავინ იღებს, შესაბამისად, არ არსებობს თანხმობა, როგორც ქალის ხმის, ნების გამომხატველი ცნება.

ასეთი სცენები პროტესტს უნდა იწვევდეს ჩვენში, ასეთი მედია კონტენტი არ უნდა შევისაღოთ და მეტი სიღრმისეული განათლება და მგრძნობელობა უნდა მოვითხოვოთ მედია სივრცისგან.