"ფიზიკური ანგარიშსწორება ჟურნალისტების მიმართ გრძელდება", - მედიის ადვოკატირების კოალიცია
24.04.2024
 
ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტ ია სართანიაზე მომხდარ თავდასხმის ფაქტს "მედიის ადვოკატირების კოალიცია" განცხადებით ეხმიანება: 
 
"ჟურნალისტებზე თავდასხმა განსაკუთრებით გახშირდა ბოლო წლებში, რასაც მეტად ახალისებს ხელისუფლების მხრიდან კრიტიკული მედიის დისკრედიტების მცდელობა და კომენტარები, რომელიც  თავისუფალი მედიის საზოგადოების მტრად წარმოჩენას ისახავს მიზნად.

ჟურნალისტზე თავდასხმა პრესის თავისუფლების დარღვევაა და დემოკრატიული საზოგადოებას მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის. სამწუხაროდ, ხელისუფლება არ უზრუნველყოფს ქვეყანაში მედიის წარმომადგენლების უფლებების დაცვას და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას".

"მედიის ადვოკატირების კოალიცია" ხელისუფლებას მოუწოდებს, ჟურნალისტზე თავდასხმის შემთხვევა დროულად გამოიძიოს და დამნაშავე პირის კანონმდებლობის შესაბამისად, პასუხისგება უზრუნველყოს.

შეგახსენებთ, რომ 22 აპრილს ტელეკომპანია „ფორმულას" ჟურნალისტს, ია სართანიას მეტროს სადგურში უცნობი პირი თავს დაესხა.

ია სართანიას თქმით, უცნობი მამაკაცი ჯერ ფიზიკურად შეეხო რამდენჯერმე, შემდეგ ხელი ჰკრა, აგინებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ჟურნალისტის განმარტებით, მას “ფორმულას” ლოგოიანი ჩანთა ეჭირა და "თავდამსხმელმა იცოდა, ვის უპირისპირდებოდა".  

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე ადმინისტრაციული საქმის წარმოებაა დაწყებული. ია სართანიას თქმით კი, სასამართლო პროცესი 16 მაისს გაიმართება.
 
 
 
 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ