Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:

ავტორი

თაზო კუპრეიშვილი

რუსული პროპაგანდა ევროინტეგრაცია

რუსული დეზინფორმაცია უვიზო მიმოსვლის სანაცვლოდ, საქართველოში ლტოლვილთა ბანაკების მშენებლობის შესახებ

2017-03-06

6 მარტს რუსულმა მედიასაშუალებებმა აქტიურად დაიწყეს ინფორმაციის გავრცელება იმის შესახებ, რომ თითქოს, ევროკავშირი საქართველოს, უვიზო მიმოსვლის სანაცვლოდ, სირიელ ლტოლვილთა ბანაკის აშენებას ავალდებულებს. ერთ-ერთი პირველი მათ შორის იყო Gazeta.ru, რომელმაც ინფორმაციის დასტურად მოიყვანა რუსეთის დუმის სენატორის, ალექსეი პუშკოვის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებული იგივე შინაარსის განცხადება. უვიზო მიმოსვლის სანაცვლოდ, ბანაკების მშენებლობის შესახებ ინფორმაცია ქართული გამოცემების ნაწილმაც გამოაქვეყნა. 

 

Gazeta.ru-ს შემდეგ, ეს ინფორმაცია თითქმის ყველა ძირითადმა რუსულმა საინფორმაციო საშუალებამ გაავრცელა, მათ შორის NTV-მ, Russia Today-მ და ა.შ. როგორც აღმოჩნდა, რუსული მედია ეყრდნობოდა ავსტრიის საგარო საქმეთა მინისტრის, სებასტიან კურცის მიერ გერმანულ გაზეთ ბილდისთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის ამბობს, რომ ევროკავშირმა უნდა განიხილოს ლტოლვილთა ბანაკების აშენების საკითხი ევროკავშირის საზღვრებს მიღმა, მაგალითად, ბალკანეთსა და საქართველოში. თუმცა, ინტერვიუში არსად არ არის ნახსენები, რომ ეს საქართველომ უვიზო მიმოსვლის სანაცვლოდ უნდა გააკეთოს. ეს კავშირი არის მხოლოდ და მხოლოდ რუსი სენატორისა და რუსული მედიის ინტერპრეტაცია.

 

რუსული მედიის ამ ნარატივს მიჰყვა რამდენიმე ქართული მედიასაშუალებაც. საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი განცხადება  გაავრცელა, სადაც წერია: “ევროკავშირის ტერიტორიაზე მყოფი მიგრანტების გადანაწილების საკითხი ქართულ მხარესთან არასდროს, არც ერთ დონეზე ოფიციალურად არ დამდგარა. მათ შორის, ამ საკითხს არ შეხებია თავად ბატონი კურცი არც საქართველოში სტუმრობისას და არც რაიმე სხვა ფორმატში. ეს საკითხი საქართველოში დღის წესრიგში არ დგას, რადგან შეუძლებელია დღევანდელი ჩვენი გამოწვევების გამო ამ პროექტის განხორციელება”.


ერთ-ერთი პირველი, ვინც ეს სიახლე რუსული ნარატივით შესთავაზა მკითხველს, არის TB24, რომელმაც გამოაქვეყნა ამბავი სათაურით: “ლტოლვილთა სანაცვლოდ უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან, უღირს კი ეს საქართველოს?“. ამავე საიტზე გამოქვეყნდა სიახლე: "რუსეთი არ დაუშვებს საქართველოში სირიელი ლტოლვილების განთავსებას". გამოცემას ჯერჯერობით, 6 მარტის 16:30 საათის მონაცემებით, არ გაუვრცელებია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, სადაც უარყოფილია ნებისმიერი სახის მოლაპარაკება ევროკავშირთან ლტოლვილთა ბანაკების მშენებლობაზე.


 


სიახლე RIA Novosti-ზე დაყრდნობით მოამზადა “საქართველო და მსოფლიომ” სათაურით: რუსეთი საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე: "უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია". კიდევ ერთი სიახლე კი ასეა დასათაურებული: რუსი სენატორი: საქართველო ვიზალებირეალიზაციას სირიელი დევნილების შეფარების სანაცვლოდ იღებს".

სიახლე მოხვდა “ჯორჯიან ტაიმსის” მიერ მომზადებულ პრესის მიმოხილვაში, სადაც შემდეგი რამ წერია: “რამდენად აუცილებელია პროევროპული კურსი საქართველოსთვის, როგორც უძველესი თვითმყოფადი ტრადიციების მქონე მართლმადიდებელი დამოუკიდებელი ქვეყნისათვის, თუ ევროპის მხრიდან ასეთი კარნახის პირობებში ცხოვრება მოგვიწევს?”


ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერვიუ სხვა მედიასაშუალებებმაც გააშუქეს, თუმცა, ამ ჟურნალისტურ მასალებში მისი ეს განცხადება არ ყოფილა დაკავშირებული საქართველოსთვის მინიჭებულ უვიზო მიმოსვლასთან. გარდა ამისა, სხვებმა მკითხველს მიაწოდეს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული უარმყოფელი განცხადება, რაც არ გაუკეთებიათ  ჯორჯიან ტაიმსს, TB24-სა და საქართველო და მსოფლიოს.

 

ფოტო:http://euromaidanpress.com
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების ნებისმიერი ფორმით გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ რედაქციის თანხმობით, თანხმობის მიღების შემთხვევაში კი, წყაროს მითითებით.