Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:

ავტორი

გელა ბოჩიკაშვილი

რუსთავი 2 კურიერი არასრულწლოვნები ბავშვთა საკითხები

რუსთავი 2-ის სიუჟეტი ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინების გარეშე მომზადდა

2017-09-25

“არასრულწლოვანი მძარცველები” - ასე ერქვა სიუჟეტს, რომელიც 18 სექტემბერს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა. სიუჟეტიდან ვიგებდით, რომ არასრულწლოვანთა ჯგუფი სუპერმარკეტებს ძარცვას, თუმცა მათ არავინ იჭერს, რადგან საქართველოში, კანონმდებლობის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა 14 წლიდან იწყება. მასალის მთლიანი ფოკუსი იმაზე იყო, რომ კანონში ხარვეზია, რადგან “არასრულწლოვანი მძარცველების” დაკავება და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა ვერ ხერხდება. სიუჟეტში არ დასმულა კითხვა, რა პასუხისმგებლობა აქვს სახელმწიფოს ასეთ დროს, რა პრევენციულ ღონისძიებებს მიმართავს, რა პროგრამებში არიან ეს ბავშვები ჩართულნი რამდენად ეფექტურია ეს ღონისძიებები. ნაცვლად ამისა, აქცენტი საკანონმდებლო ხარვეზებზე კეთდებოდა.


“საქართველოს დიდ ქალაქებში მოზარდების მიერ გაძარცვული ასობით მაღაზია და დაუსჯელი დამნაშავეები. კურიერმა მოიპოვა სათვალთვალო კამერების გადაღებული კადრები, სადაც ჩანს, რომ თბილისის ცენტრში, კოსტავას ქუჩაზე მოზარდები სავაჭრო ობიექტის ვიტრინას ამტვრევენ და ძარცვავენ. თუმცა ამის მიუხედავად ქართული კანონმდებლობა მათ წინააღმდეგ უძლურია”, - ასეთი იყო სიუჟეტის შესავალი ტექსტი.




“მძარცველები ყველა შემთხვევაში ერთი და იგივე პირები არიან. მათი ვინაობა იციან როგორც მაღაზიის თანამშრომლებმა, ისე სამართალდამცველებმა, თუმცა ვერც მათი დაკავება და ვერც პასუხისგებაში მიცემა ვერ ხერხდება”, - ამბობს ჟურნალისტი, რომელიც მოგვიანებით დასძენს, რომ 14 წლამდე პირები ქვეყნის მასშტაბით ათეულობით დანაშაულს ჩადიან, საილუსტრაციოდ კი რუსთავის მაგალითი მოჰყავს, სადაც მისი თქმით, 60-მდე შემთხვევა დაფიქსირდა.


“სამართალდამცავების მიერ თითქმის ყველა შემთხვევა გახსნილია, საქმეები გადაგზავნილია სასამართლოში, თუმცა მოზარდებს პასუხისგებაში ვერ აძლევენ, რადგან ქვეყანაში მოქმედი არასრულწლოვანთა კოდექსი ამას ზღუდავს”, - ამბობს ჟურნალისტი და ნეგატიურად წარმოაჩენს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსს, რომელის მთავარი მიზანიც მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებაა.


2008 წლის პირველი ივლისიდან 2010 წლის 23 თებერვლამდე რიგ სისხლისსამართლებრივ დანაშაულზე პასუხისმგებლობა არასრულწლოვნებს 12 წლიდან ეკისრებოდათ. 2010 წლის თებერვლიდან პასუხისმგებლობის დადგომის მინიმალური ზღვარი 14 წლამდე გაიზარდა. ამით საქართველომ ბავშვთა უფლებების კომიტეტის რჩევა გაითვალისწინა.


გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი მონაწილე ქვეყნებს ურჩევს, არ დაიყვანონ მინიმალური ასაკი თორმეტ წლამდე, რადგან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაბალი ასაკობრივი ზღვარი არ შედის ბავშვის საუკეთესო ინტერესში. აქვე განმარტებულია, რომ პასუხისმგებლობის მაღალი ასაკი, როგორიცაა 14-16 წელი, ხელს უწყობს სასამართლო პროცედურების გარეშე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულებას და ბავშვის უფლებებისა და სამართლებრივი გარანტიების დაცვას.


არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროს ზოგადი სტანდარტების მიხედვით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს ქვემოთ მყოფი ბავშვები პრევენციის სფეროს ნაწილია და არა დასჯის. ამ სტანდარტების მიხედვით, სახელმწიფოს ევალება შექმნას პრევენციის ეფექტიანი მექანიზმი, ამ პროცესში წამყვანი როლი ეკისრება სოციალურ და განათლების სფეროებს, სამართალდამცველი ორგანოების ფუნქცია არა არასრულწლოვნის დასჯა, არამედ პრობლემის იდენტიფიცირება და მისი შესაბამის სექტორში გადამისამართება უნდა იყოს. გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარებში ვკითხულობთ, რომ არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციის ზომების არარსებობა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პოლიტიკის სერიოზული ხარვეზია.


რაც შეეხება მედიას, არასრულწლოვანთა საკითხების გაშუქების დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სწორად შეირჩეს კუთხე და ამბის მოყოლის დროს მუდმივად უნდა იყოს გათვალისიწინებული ბავშვის საუკეთესო ინტერესი, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის ის, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ზღვარი - 14 წელი, არ უნდა შემცირდეს, ის ბავშვები კი, რომლებიც 14 წელზე ნაკლები ასაკის არიან და ჩადიან სხვადასხვა ტიპის დანაშაულს, ჩართულნი უნდა იყვნენ სხვადასხვა ტიპის პრევენციულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებში. მსგავს შემთხვევებში მედიის ფოკუსი არა არასრულწლოვნების დასჯაზე, არამედ პრევენციის მექანიზმის მუშაობის ეფექტიანობაზე უნდა იყოს.


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპების მიხედვით, პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის.




კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების ნებისმიერი ფორმით გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ რედაქციის თანხმობით, თანხმობის მიღების შემთხვევაში კი, წყაროს მითითებით.