Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:

ავტორი

Mediachecker

საკრებულო პანორამა თბილისი ივანიშვილი იმედი ქრონიკა

სარკაზმი ოპოზიციის მისამართით და „პანორამა“ პოზიტიური რაკურსით „ქრონიკაში“

2017-10-11

8 საათიან ქრონიკაში 10 ოქტომბერს, საკრებულოს წინ მომხდარ დაპირისპირებას, რომელიც საკრებულოს სხდომაზე პარლამენტის დეპუტატების და „პანორამა თბილისის“ პროექტის მოწინააღმდეგეთა არშეშვებას მოჰყვა, 8 საათიან „ქრონიკაში“ თითქმის ნახევარი საათი დაეთმო. თემის გაშუქებისას, სარკასტული იყო წამყვანების შესავალი ტექსტები ოპოზიციის მიმართ, მასალებში გამოტოვეს ამბის მნიშვნელოვანი დეტალები, საკრებულოს წინ მომხდარი დაპირისპირების შემდეგ კი, გაუშვეს სიუჟეტი „პანორამა თბილისზე“, რომელშიც კიდევ ერთხელ გვიამბეს ამ პროექტის სიკეთეების შესახებ. (ამგვარი სიუჟეტი 8 ოქტომბრის „იმედის კვირაშიც“ გავიდა )


წამყვანების შესავალ ტექსტში მომხდარი „პოლიტიკურ სანახაობად“ შეფასდა: „დღეს კვლავ ხმაური იყო თბილისის საკრებულოსთან, სადაც ოპოზიციურმა პარტიებმა შენობაში შესვლა სცადეს, თუმცა საკრებულოს წევრების გადაწყვეტილებით, პარლამენტის წევრები და თბილისის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატები მხარდამჭერებთან ერთად, შენობაში არ შეუშვეს, რადგან წინასწარ იყო დაანონსებული, რომ ისინი ისევ სხდომის ჩაშლას გეგმავდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. დეპუტატებმა სამართალდამცავების კორდონის გარღვევა და შენობაში ძალით შეჭრაც სცადეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. განსაკუთრებით აქტიურობდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა, რომლის კადრიც, სხვების დახმარებით როგორ ახტება ის რკინის ჯებირს, სოციალურ ქსელებში დღის ჰიტად იქცა.


ცოლის რკინის ჯებირებზე აძრომას და პოლიციასთან ფიზიკურ დაპირისპირებას ქმრის დაკავება მოჰყვა. პოლიციამ შეხლაშემოხლის დროს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი და თინა ბოკუჩავას მეუღლე კოტე იოსელიანი ადმინისტრაციული წესით დააკავა. ამის შემდეგ, პოლიციის ეზოს ჯებირზე გადაძრომა უკვე თინა ბოკუჩავას მამამ სცადა, რომელიც სიძეს ეძებდა. საბოლოოდ, პოლიტიკური სანახაობა იმით დასრულდა, რომ საკრებულომ პუშკინის სკვერის მიმდებარედ და თაბორის მთაზე მიწის პირდაპირი წესით პრივატიზების საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა“.




ირონიული იყო წამყვანის  ტექსტი მაშინაც, როცა პოლიციის მთავარი სამმართველოდან ჟურნალისტის ჩართვას წარადგენდა: „რა ხდება ამ წუთებში თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, სადაც დაკავებული თანაგუნდელის დასახსნელად ნაციონალური მოძრაობის ლიდერები იკრიბებიან“. ამავე ტექსტში მან აქციაზე დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და მაჟორიტარობის კანდიდატი კოტე იოსელიანი კოტიკო იოსელიანად მოიხსენია.


მაუწყებელთა ქცევის კოდექსის იმ მუხლში, რომელიც ახალი ამბების გაშუქებას ეხება, ვკითხულობთ, რომ აუდიტორიის შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით, მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ახალი ამბების გაშუქებისას იუმორის, ირონიის ან სატირის გამოყენებისგან.


გარდა ამისა, თავად თემაზე მომზადებულ სიუჟეტებში არ თქმულა ამბის მნიშვნელოვანი დეტალები, მაგალითად, იმაზე საუბრისას, თუ რამდენად კანონიერი იყო საკრებულოს გადაწყვეტილება სხდომის დახურვასთან და დეპუტატების არშეშვებასთან დაკავშირებით, ტელეკომპანიამ შემოგვთავაზა მხოლოდ შსს-ს განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ პოლიცია საკრებულოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე კანონიერად იყო განლაგებული, მაგრამ არაფერი უთქვამთ, იმავე დღეს, საინფორმაციო გამოშვების ეთერში გასვლამდე დაახლოებით 3 საათით ადრე, სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომელშიც ვკითხულობთ, რომ საკრებულოს წევრების და სხვა პირების არშეშვება კანონის დარღვევა იყო.


ტელეკომპანიას თემაზე მომზადებულ მასალაში არ გაუშუქებია, რომ საკრებულოს შენობაში საეჭვო პირები ვიდეოკამერებით დადიოდნენ და კადრებს აქციის მონაწილეებს უღებდნენ. ფრაქცია რესპუბლიკელების თავმჯდომარეს ხათუნა სამნიძეს ერთ-ერთმა მათგანმა უთხრა, რომ უსაფრთოხების სამსახურს წარმოადგენდა და ეს სამნიძის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებშიც ჩანს.


 

საკრებულოს წინ მომხდარი დაპირისპირების შესახებ გასული მასალების შემდეგ, ქრონიკაში „პანორამა თბილისზე“ მომზადებული სიუჟეტი შემოგვთავაზეს, წამყვანებმა ხაზი გაუსვეს, რომ ეს თემა „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგში წინასაარჩევნოდ მოხვდა:


„და კვლავ თემა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათგან გამოყოფილი „ევროპული საქართველოს“ დღისწეს რიგში წინასაარჩევნოდ, ნომერ პირველად იქცა. ჩვენ არაერთხელ დავინტერესდით კონკრეტულად რას აპროტესტებს ოპოზიცია - მრავალმილიონიანი პროექტი დედაქალაქისთვის თუ ბიძინა ივანიშვილი, ვის სახელსაც ეს პროექტი უკავშირდება“ - ასეთი იყო შესავალი ტექსტი.


„ავტომობილთა ქაოტურ წყობას, სასტუმროს მშენებლობის დასრულების შემდეგ მაღალი სტანდარტების მქონე ავტოსადგომი ჩაანაცვლებს“ - ეს კი სიუჟეტის ავტორის საკადრო ტექსტია, მასალაში ჟურნალისტი და „თანაინვესტირების ფონდის“ წარმომადგენლები გვიხსნიდნენ, თუ რა კარგია „პანორამა თბილისი“, თან პროექტის გეგმის ფოტოებს გვათვალიერებინებდნენ. სიუჟეტიდან გავიგეთ, რომ სასტუმროდან ფანტასტიკური ხედები გადაიშლება, რომ თაბორის მთაზე რეკრეაციული ზონა მოეწყობა, სადაც „უნიკალურ გარემო“ იქნება. 8 ოქტომბერს, „იმედის კვირაში“ გასული სიუჟეტის მსგავსად, ახლაც კიდევ ერთხელ გაუმეორეს აუდიტორიას, რომ „სტუმრები ქალაქის ისტორიულ და პანორამულ ხედებს 48 მეტრის სიმაღლიდან, წყლიდან ე.წ. უსასრულო აუზიდანაც დაათვალიერებენ“.


fin


„ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი საცობების გარეშე ქალაქში მცხოვრებლებსა და უცხოელ სტუმრებს მინიმალურ ფასად სოლოლაკის ქედზე და თაბორის მთაზე აიყვანს. პროექტის ავტორების თქმით, თაბორის მთაზე მეოწყობა გოლფის 9 მოედანი, ხელოვნური ტბა, საფეხმავლო ბილიკები. თუ იმ ქალაქიდან გასვლა გსურთ სადაც ჰაერის დაბინძურების დონე განსაკუთრებით მაღალია, თბილისიდან ახლოს, ახალ რეკრეაციულ ზონაში რამდენიმე წუთში მოხვდებით“ - აგრძელებს სიუჟეტის ავტორი.


„პანორამა თბილისის“ სიკეთეებზე საუბარს. არც ამ და არც წინამორბედ მასალებში არ ისმის კრიტიკული აზრი თავად პროექტის შესახებ, არ ისმის სფეროს სპეციალისტთა განცხადებები და შეფასებები, რომელიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მედიაში არაერთხელ გაკეთდა იმასთან დაკავშირებით, რომ პროექტი დააზიანებს ქალაქის ლანდშაფტს და იერსახეს. (მაგალითისთვის, ამგვარი შეფასებები შეგიძლიათ იხილოთ ამ სტატიებში: „პანორამა თბილისი“ - ძველი თბილისის რეკვიემი? "პანორამა თბილისი" - ინვესტიცია, რომელიც კლავს"„პანორამა თბილისის” ლანდშაფტის ზონაში მშენებლობის წინააღმდეგ NGO-ებმა სარჩელი შეიტანეს.„საერთაშორისო ორგანიზაციები „პანორამა- თბილისის“ წინააღმდეგ“ პანორამა თბილისი - ახალი სატრანსპორტო პრობლემების მოლოდინში? შეცვლილი ზონა - დარტყმა ძველ ქალაქზე თუ ახალი სუნთქვა? )


სიუჟეტის მიწურულს კი ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ესაა „ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში განხორციელებული ყველაზე მსხვილი ინვესტიციაა, რომელიც მთლიანად ტურიზმის განვითარებაში ჩაიდო“ .


ამ სიუჟეტის შემდეგ „ქრონიკაში“ მასალა ტელეკომპანია „იმედის“ საქმესთან დაკავშირებით გავიდა, წამყვანის შესავალი კი ასეთი იყო: „სასამართლო განხილვა ისევ გრძელდება, ტელეკომპანია „იმედის“ იძულებით გასხვისებასთან დაკავშირებით. ამ საქმეში სწორედ ის პოლიტიკოსები და მათი ლიდერები ფიგურირებენ, ვინც დღეს თბილისში მიწისქვეშა პარკინგის მოწყობას ასე შეუპოვრად აპროტესტებდნენ“.


კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების ნებისმიერი ფორმით გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ რედაქციის თანხმობით, თანხმობის მიღების შემთხვევაში კი, წყაროს მითითებით.