Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:

ავტორი

ლანა როყვა

მედია არჩვენბეი2017

[მიმოხილვა] საარჩევნო სუბიექტები არაპოლიტიკურ გადაცემებში

2017-10-20

15 სექტემბერს ვანოს შოუს“ სტუმარი „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი, ნიკა მელია, იყო. ვანო ჯავახიშვილის ფრაზას - „მიშას პიარში არ ჩაგვეთვალოს,“ ხელი არ შეუშლია მელიასთვის, მთელი გადაცემის განმავლობაში სააკაშვილის პოლიტიკურ გეგმებზე, ნარმანიას მერობის პერიოდზე, ოპონენტებსა და მისი გუნდის პოლიტიკურ ხედვებზე ესაუბრა. მელია ცდილობდა თბილისის მერობის კანდიდატის, ზაალ უდუმაშვილის, პოზიტიურად წარმოჩენასაც, რაშიც წამყვანიც დაეხმარა და ასეთი „საარჩევნო სლოგანებიც“ შესთავაზა: „აირჩიე ზაალი, გაითენე ხვაალი;“ „-რატომ ზალიკო? - უკეთესი არ იყო...“


„თქვენ რომ გაიმარჯვებთ, მე მაგაში ეჭვიც არ მეპარება... ამხელა ორი ულამაზესი ეიფელის კოშკი [ნიკა მელია და ზაალ უდუმაშვილი] რომ მოგიკაკუნებს კარზე, როგორ უნდა გაძლო, რომ არ შემოხაზო ორივე ერთად,“ - ეს ფრაზა კი მელიას „კომედი შოუს“ იმ მსახიობმა უთხრა, რომელიც წამყვანმა მას „ამომრჩევლად“ წარუდგინა.


22 სექტემბერს „ვანოს შოუს“ ალეკო ელისაშვილი ესტუმრა. თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა და წამყვანმა, ტრადიციულად, პოლიტიკურ თემებზე ისაუბრეს, მათ შორის, პარტიების შემოწირულობებზე, „ოცნების“ მმართველობაზე, თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკასა და დაგეგმილ პროექტებზე.


„რუსთავი 2-ის“ კიდევ ერთი გადაცემა, რომელშიც საარჩევნო პერიოდში მერობის კანდიდატები ვიხილეთ, „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ იყო. 20 სექტემბერს წამყვანი თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს, ალეკო ელისაშვილს, ჯერ - საკუთარ, შემდეგ კი მშობლების სახლში ესტუმრა და მათთან ინტერვიუები ჩაწერა.


„დღევანდელ გადაცემაში თქვენ გაიგებთ, სად ცხოვრობს ალეკო ელისაშვილი, როგორი სახლი აქვს, როგორი მეუღლე ჰყავს, როგორი მშობლები ჰყავს, რას აკეთებს თავისუფალ დროს, ბოლოს რისი გაკეთება მოახერხა თავისი მეუღლისთვის,“ - ასე დაანონსა ჟორჟოლიანმა გადაცემა.


შემდეგ კი ვნახეთ, როგორ შეხვდათ წამყვანსა და მერობის კანდიდატს სახლისკენ მიმავალ გზაზე პოტენციური ამომრჩეველი, რომელიც ელისაშვილის მხარდაჭერისკენ მოგვიწოდებდა: „ამნაირი კაცური კაცი ქალაქში არ დადის, ქალაქელებო და მიეცით სულ ყველამ ხმა,“ - თქვა მან.


„გარეთ რომ ქვეყნის და ქალაქის მოგვარებას გვპირდები, გვაინტერესებს, ოჯახში რა გაქვს მოგვარებული,“ - ეუბნებოდა წამყვანი ელისაშვილს.


„რამდდენოთახიანია სახლი,“ „რამდენი კვადრატულია მისაღები,“ „დახურეს თუ არა სახლის კრედიტი,“ - მსგავსი კითხვებით წამყვანი ცდილობდა, ხაზი გაესვა, რომ ელისაშვილი მოკრძალებულად ცხოვრობს.


ნანუკა ჟორჟოლიანი დაინტერესდა, სად გაიცნო მეუღლე თბილისის მერობის კანდიდატმა, რამდენ ხანში მოიყვანა ცოლად, სად შედგა პირველი პაემანი და ახერხებს თუ არა სიურპრიზებს: „სად მოახერხა ბოლოს, რომ იგრძენით, რომ ქალი ხართ,“ „მესამეს[შვილს] ხომ არ აპირებთ?“ - ეს კითხვები წამყვანა ელისაშვილის მეუღლეს დაუსვა.


შემდეგ გადაცემამ მერობის კანდიდატის მშობლების სახლში გადაინაცვლა, სადაც ელისაშვილის ბავშვობასა და ხასიათზე მისმა დედ-მამამ ისაუბრა.


იმავე დღეს „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“ კიდევ ერთი ნაწილი „ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანიდატს, ელენე ხოშტარიას, დაეთმო. ამ შემთხვევაშიც პოლიტიკოსზე მისმა მეუღლემ, მეგობრებმა და მშობლებმა ისაუბრეს. წამყვანი ცდილობდა, გაერკვია, რატომ არ ატარებს მაკიაჟს ხოშტარია, როგორი ხასიათი აქვს, როგორი ბავშვი იყო...


4 ოქტომბერს „ნანუკას შოუ“ მასთან სახლში აღარ მისულა, თუმცა მას შემდეგ რაც სტუდიაში შუქი „ჩაქრა,“ თვითონ მოვიდა გიორგი გუგავა. „ლეიბორისტული პარტიის“ თბილისის მერობის კანდიდატი „ნანუკას შოუს“ მეუღლესთან და შვილებთან ერთად სტუმრობდა.


„ნანუკას შოუ“ არჩევნების კვირაშიც, 18 ოქტომბერს, საარჩევნო კანდიდატებს დაეთმო. გადაცემის პირველ ბლოკში ბავშვობაზე, პოლიტიკური ცხოვრების დაწყებასა თუ მშობლების ავადმყოფობის ისტორიებზე, სენტიმენტალური მუსიკის ფონზე, ზაალ უდუმაშვილმა ისაუბრა. „შენი გულშემატკივარი ვარ ყოველთვის,“ - ასე დაემშვიდობა წამყვანი თბილისის მერობის „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს. ამავე გადაცემის მეორე ბლოკში კი „ნანუკას შოუ“  ქუთაისის მერობის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს, ესტუმრა.

 

საარჩევნო სუბიექტების ხილვა არაპოლიტიკურ გადაცემებში ტელეკომპანია „იმედის“ მაყურებლებსაც შეეძლოთ. 17 სექტემბერს კომედიურ შოუ „მეგობრებს“ გიორგი ვაშაძე, 24 სექტემბერს კი ალეკო ელისაშვილი სტუმრობდნენ. გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე, აქ კანდიდატებთან ინტერვიუები არ გამართულა, მხოლოდ გადაცემის დასაწყისში ისინი წამყვანებმა წარადგინეს და რამდენიმე სიტყვით გაეხუმრნენ.


თუმცა მერობის კანდიდატებთან ინტერვიუები შედგა „იმედის“ კიდევ ერთ არაპოლიტიკურ გადაცემაში - „რა დროს ძილია,“ რომელსაც 7 ოქტობერს ელენე ხოშტარია ეწვია. მან წამყვანთან ერთად სტუდიაში ივახშმა და თავის პოლიტიკურ ხედვებზე ისაუბრა. „დღეს დადიოდი კარდაკარ მთელი დღე. რაღაცა მიირთვი,“ - ეუბნებოდა წამყვანი ხოშტარიას, რომელმაც ინტერვიუს ბოლოს საკუთარი ძალები კრივშიც მოსინჯა.


14 ოქტომბერს იმავე გადაცემის სტუმარი კახი კალაძე იყო, თუმცა ამჯერად გადაცემა მხოლოდ სტუდიაში ჩაწერილი ინტერვიუთი არ შემოიფარგლა და მას სახლშიც ესტუმრა. გადაცემის განმავლობაში ვნახეთ, როგორ თამაშობდა კალაძე შვილებთან ერთად, როგორ ეფერებოდა ძაღლს, როგორ პოზიტიურად ახასიათებდნენ მას ოჯახის წევრები.


წამყვანი დაინტერესდა, როგორ დაიწყო კალაძემ სპორტული და შემდეგ უკვე პოლიტიკური კარიერა. მერობის კანდიდატმა დაგეგმილ პროექტებსა და იმ პოზიტიურ ცვლილებებზეც ისაუბრა, რაც მის ენერგეტიკის მინისტრობას მოჰყვა, დაგვპირდა, რომ ასეთივე წარმატებული იქნება მისი მერობის პერიოდიც.


„ყველა რაიონმა, ყველა უბანმა დედაქალაქი უნდა იგრძნოს საკუთარ ქუჩაზე, საკუთარ უბანში,“ - მსგავს პოლიტიკურ განცხადებებს გადაცემიდან არაერთხელ მოისმენდით.


„მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების თვალაზრისით, ჩემი მხრიდან იქნება მაქსიმალური თანადგომა;“ „პროექტები და რეფორმები, რომლებსაც ჩვენ განვახორციელებთ, იქნება თვალშისაცემი და ხელშესახები,“ - ამბობდა კალაძე.


პოლიტიკურ თემებზე საუბრისა და საკუთარი კანდიდატურის რეკლამირების შანსი არაპოლიტიკურ გადაცემაში „TV პირველზე“ მხოლოდ „ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანიდატს, ელენე ხოშტარიას, 13 სექტემბერს, გადაცემა „ქალების ნარატივში“ ჰქონდა. ხოშტარიამ პოლიტიკური კარიერის დასაწყისზე ისაუბრა: როგორ გაუცრუა ბებიას იმედები, არ გახდა ექიმი და პოლიტიკოსობა არჩია. გადაცემიდან მოვისმინეთ მისი პოლიტიკური გეგმების შესახებაც.


მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 23-ე მუხლში ვკითხულობთ, რომ „საარჩევნო პერიოდში კანდიდატის ან პარტიის წარმომადგენლის იმ პროგრამებში მონაწილეობა, რომლებიც არ არის პოლიტიკასთან პირდაპირ კავშირში, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება პროგრამაში მონაწილოების შესახებ შედგა საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე“, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ რესპონდენტის სტუმრობაზე შეთანხმება საარჩევნო პერიოდის დადგომამდე შედგა, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ რესპონდენტი არჩევნებში იღებს მონაწილეობას, მხოლოდ იმიტომ, რომ ის კანდიდატია, მისი ეთერში სტუმრობა არ უნდა ჩაიშალოს, ან გადაიდოს, მიუხედავად იმისა, რომ ქცევის კოდექსის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტის არაპოლიტიკურ გადაცემაში სტუმრობა დაუშვებელია.გარდა ამისა, 23-ე მუხლის თანახმად, კანდიდატს არ უნდა მიეცეს საშუალება, გამოთქვას პოლიტიკური მოსაზრებები ან სხვა გზით მოახდინოს საკუთარი კანდიდატურის რეკლამირება“.


არაპოლიტიკურ გადაცემებში კანდიდატების მოწვევის და მათთან პოლიტიკურ თემებზე საუბრის ტენდენცია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც გამოიკვეთა.


კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების ნებისმიერი ფორმით გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ რედაქციის თანხმობით, თანხმობის მიღების შემთხვევაში კი, წყაროს მითითებით.