Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:

ავტორი

Mediachecker

არჩევნები 2017 მედია საზოგადოებრივი მაუწყებელი მოამბე

როგორ აშუქებდა საზოგადოებრივი მაუწყებელი არჩევნებს

2017-10-24

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია წინასაარჩევნო პერიოდში აკვირდებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის პოლიტიკურ ტოკშოუსა და დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში არჩევნების გაშუქებას. მონიტორინგის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ პირველი არხის საინფორმაციო გამოშვება, ტელეკომპანია „იმედთან“ ერთად, „ხელისუფლების მიმართ რბილი, არამოდარაჯე პოზიციით ხასიათდება”.


საინფორმაციო გამოშვება


რაოდენობრივი მონაცემების მიხედვით, მონიტორინგის პერიოდის განმავლობაში მოამბეში ყველაზე მეტი დრო მთავრობას დაეთმო. ყველაზე დადებითად პრემიერ-მინისტრი გაშუქდა, მისთვის დათმობილი დროის 14% პოზიტიური იყო. ყველაზე უარყოფითად კი მიხეილ სააკაშვილი შუქდებოდა, რადგან მისთვის დათმობილი 35 წუთიდან 22% ნეგატიური იყო.


chart_1


მონიტორინგის შედეგების ანგარიშში ვკითხულობთ, რომ იშვიათობაა 8 საათიან „მოამბეში“ მწვავე, ექსკლუზიური სიუჟეტები: „მაუწყებელი თითქმის ვერ ავლენს კორუფციულ ფაქტებს, იშვიათად აშუქებს ადამიანის უფლებების დარღვევის ექსკლუზიურ შემთხვევებს, თუმცა აშუქებს თითქმის ყველაფერს და უმეტესწილად, დაბალანსებულად, - აღნიშნულია ანგარიშში.


კვლევის მიხედვით, ხელისუფლებისადმი ლოიალური სარედაქციო პოლიტიკა კონკრეტულ სიუჟეტებშიც ფიქსირდება. მაგალითად, ანგარიშში მოყვანილია 6 ივლისის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გასული სიუჟეტი კალაძის ბოლო სამუშაო დღეზე, ენერგეტიკის სამინისტროში. ჟურნალისტმა ჩამოთვალა მისი მიღწევები. კალაძეს აქებდა პრემიერი: ჟურნალისტს ადვილად შეეძლო რამდენიმე რესპონდენტის (სფეროს ექსპერტის) პოვნა, რომლებიც კონკრეტულ პრეტენზიებს გამოთქვამდნენ კალაძის მინისტრობისას განხორციელებულ კონკრეტულ პროექტებზე. მაყურებელს შეექმნებოდა უფრო რეალისტური, რამდენიმე წყაროს ინფორმაციაზე დაყრდნობილი წარმოდგენა კალაძის საქმიანობაზე. თუმცა ამ შემთხვევაში ჟურნალისტი მეტწილად შემოიფარგლა კალაძის, როგორც მერობის მომავალი კანდიდატის დადებითად წარმოჩენით, რაც არ არის მედიის ფუნქცია, მით უფრო საზოგადოებრივი მაუწყებლის- აღნიშნულია მონიტორინგის ანგარიშში.




ქარტიის ანგარიშის მიხედვით, 3 ოქტომბერს, ეთიკური სტანდარტების დარღვევით მომზადდა სიუჟეტი თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატზე, ალეკო ელისაშვილზე. სიუჟეტში მაყურებელს საშუალება ჰქონდა ელისაშვილის ხედვების შესახებ მიეღო ინფორმაცია, თუმცა ერთ მონაკვეთში ჟურნალისტმა შემდეგი წინადადება თქვა: „იმაზე, რისი მოგვარებაც სურს, საუბრობს ყველგან, ყველაზე მეტს კი პოტენციურ ამომრჩევლებთან შეხვედრისას, თუმცა სტაჟიანმა ჟურნალისტმა და უკვე პოლიტიკოსმა იცის, რომ წინასაარჩევნო შეხვედრების მედალს ორი მხარე აქვს, ერთი, როცა კონკურენტების უფრო სჯერათ, ვიდრე შენი და მეორე, როცა პირიქით, მეტად გენდობიან“. ამ ტექსტის ფონზე კადრებში ჩანდა ორი აქტიური ადამიანი. ჟურნალისტის ტექსტის მიხედვით რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ისინი იყვნენ ელისაშვილით უკმაყოფილო ამომრჩევლები, რომლებსაც მასთან გარკვეული პრეტენზიები ჰქონდათ და ტყუილში ადანაშაულებდნენ.




მოგვიანებით, ალეკო ელისაშვილის საარჩევნო შტაბმა გაავრცელა 8 წუთიანი ვიდეო ჩანაწერი სადაც ჩანს, რომ პირველი არხის სიუჟეტში რიგით, უკმაყოფილო ამომრჩევლებად წარმოჩენილი ადამიანებიდან ერთი დიდუბის გამგებლის მოადგილე, მეორე კი ქართული ოცნების დიდუბის საარჩევნო შტაბის წევრი იყო.


 

სახეზეა არაზუსტი ინფორმაციის მაყურებლამდე მიტანა. მოხდა ისეთი ნიუანსის მიჩქმალვა, რაც მთლიანად ცვლიდა სიუჟეტში გაჟღერებულ აზრს - ელისაშვილს უმაყოფილო ამომრჩევლები კი არ დახვდნენ (როგორც ეს სიუჟეტიდან ჩანს) არამედ ხელისუფლების მხარდამჭერები, რომელთა ქმედებებშიც საარჩევნო კამპანიაში ხელშეშლის ნიშნებიც იკვეთებოდა. ეს კი პირველი არხის ჟურნალისტის ყურადღების მიღმა დარჩა”, ვკითხულობთ ანგარიშში.


ტოკშოუ „თვითმმართველობა 2017“


 

2016 წლისგან განსხვავებით, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სამი გადაცემა მუშაობდა საარჩევნო თემებზე, მათ შორის, მონიტორინგისას ყველაზე დადებითად შეფასებული გადაცემა „ინტერვიუ, წელს ამგვარი ე.წ. Hard Talk-ის ფორმატის გადაცემა, სადაც მწვავე კითხვები დაისმებოდა, ეთერში არ გასულა. მაუწყებლის პირველმა არხმა მაყურებელს შესთავაზა „თვითმმართველობა 2017“, რომლის მიზანიც აუდიტორიისთვის კანდიდატების გაცნობა იყო. გადაცემის გუნდი ჩადიოდა ქვეყნის სხვადასხვა რეგინში და ღია ცის ქვეშ მოწყობილი სტუდიიდან სთავაზობდა მაყურებელს საარჩევნო სუბიექტების ხედვებს. ქარტიის ანგარიშის მიხედვით, თითოეულ მათგანს მიეცა აზრის გამოხატვის და დისკუსიისთვის შერჩეულ საკითხებზე მოსაზრებების დაფიქსირების თანაბარი შესაძლებლობა.


თუმცა, კრიტიკა დაიმსახურა გადაცემის ფორმატმა. ქარტიის ანგარიშში ვკითხლობთ, რომ ფორმატიდან გამომდინარე, არ გამართულა კანდიდატებს შორის დებატები და არც წამყვანი სვამდა კრიტიკულ კითხვებს: “ ფორმატიდან გამომდინარე, წამყვანს არ ჰქონდა შესაძლებლობა კონტრკითხვები დაესვა მაშინაც კი, როდესაც არარელევანტურ პასუხს იღებდა სტუმრებისგან. მაგალითად, 2 ოქტომბერს „დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელს წამყვანმა ჰკითხა რაჭაში გაზიფიცირების პრობლემის მოგვარების შესახებ, რესპონდენტის პასუხი კი გირჩის შეგროვება–მოპოვებას შეეხებოდა”.


მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ გადაცემაში დასმული შეკითხვები ყველა ქალაქში იდენტური იყო და არ ისმოდა კითხვები იმ სპეციფიკური საკითხების მიმართ, რაც ამა თუ იმ რეგიონს აწუხებს: „არსებობს ისეთი წყება საკითხებისა, რომლებიც ყველაზე მწვავედ გვხვდება მხოლოდ ამ მუნიციპალიტეტში: მაგალითად, ზუგდიდში აზიური ფაროსანას პრობლემა; ქუთაისში - მისი ფუქნციონალური დატვირთვის მნიშვნელობა - საპარლამენტო, საუნივერსიტეტო ქალაქი, თუ საერთაშორისო აეროპორტზე მიბმული ტურისტული ცენტრი და ა.შ. ადგილობრივი სპეციფიკა არ ყოფილა გათვალისწინებული არც ერთ გადაცემაში”, ვკითხულობთ ანგარიშში.


კვლევის მიხედვით გამოვლინდა, რომ კანდიდატები თავისუფლად ავრცელებდნენ სასუსრველ მოსაზრებებს, პირდებოდნენ საზოგადოებას პრობლემების მოგვარებას, თუმცა რამდენად რეალური იყო მათი დაპირება, დამაზუსტებელი კითხვების არარსებობის გამო, გაურკვეველი რჩებოდა. მაყურებელს არ ჰქონდა საშუალება გაეანალიზებინა, თუ რამდენად შეუძლიათ კანდიდატებს დაპირების შესრულება.


ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ რადგან გადაცემის სტუდია ღია ცის ქვეშ იყო მოწყობილი, მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, დამატებითი პრობლემები იქმნებოდა: მაგალითად, 29 სექტემბერს ძლიერ ქარში მოუხდათ ქუთაისის მერობის კანდიდატებსა და ჟურნალისტს რამდენიმესაათიანი საუბრის წარმართვა. ეს იწვევდა ტექნიკურ პრობლემასაც – წყდებოდა ხმა, ყანყალებდა კადრი და ა.შ. ერთ-ერთმა რესპონდენტმა, გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა კიდეც, რომ გაუსაძლისი იყო ასეთ პირობებში დებატები. შესაბამისად, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ რესპონდენტებს ერთი სული ჰქონდათ ჩაემთავრებინათ სათქმელი და დროულად დაესრულებინათ გადაცემა, რამაც, ფაქტობრივად, მოვალეობის მოხდის მიზნით საუბრად აქცია მთელი ტოქშოუ.



 


 


კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების ნებისმიერი ფორმით გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ რედაქციის თანხმობით, თანხმობის მიღების შემთხვევაში კი, წყაროს მითითებით.