Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:

ავტორი

Mediachecker

ნარკოპოლიტიკა ანტიდასავლური მედია

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია ანტიდასავლურ კონტექსტში

2018-02-09

0,3726 გრამი სუბოტექსის შენახვისთვის ბრალდებული მსახიობის, გიორგი გიორგანაშვილსთვის 8-წლიანი პატიმრობის მისჯასთან ერთად, ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის საკითხი საზოგადოებისა და მედიის ყურადღების ეპიცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. პარლამენტში ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციაზე ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის შემუშავებული კანონპროექტი განიხილება.


პარალელურად კი ონლაინ მედიის ერთი ნაწილი გვარწმუნებს, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია ევროინტეგრაციას უკავშირდება და მარიხუანის დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში ქვეყანა „დასავლეთის შეკვეთას“ შეასრულებს, მეორე ნაწილი კი ადამიანის ორგანიზმზე მარიხუანას დამღუპველ შედეგებზე წერს. იკვეთება, რომ სტატიებს, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის წინააღმდეგ კამპანიური ხასიათი აქვს და ამ მხრივ, განსაკუთრებით ანტიდასავლური გამოცემები აქტიურობენ. მედიაჩეკერი დააკვირდა ასეთ გამოცემაში თემის გაშუქებას.


„ვესტერნიზაციის ნამდვილი სახე“ - სტატია ამ სათაურით „საქართველო და მსოფლიოზე“ 2 თებერვალს გამოქვეყნდა. მასალის ავტორის მტკიცებით, საქართველოს საგარეო კურსს - ევროინტეგრაციას, „უამრავ სხვა სიმახინჯესთან ერთად, უკვე ნარკორეალიზატორების მიმართ თანაგრძნობა და მხურვალე მხარდაჭერაც მოჰყვა“. სტატიაში ვკითხულობთ, თითქოს ნარკოპოლიტიკის ცვლილების მომხრეები ნარკოტიკების გამსაღებლების დაცვას ითხოვენ. ავტორი ადამიანის უფლებათა დამცველებსა და აქტივისტებს ნარკორეალიზატორობის პროპაგანდაში ადანაშაულებს და წერს:


„ახლა კი აგერ, ნარკობარიგებს ვუძღვნით ტელეგადაცემებს, თოქშოუებს, აქციებს, მიტინგებს, ლექსებს, სიმღერებს და ლამისაა, ეროვნულ გმირებად გამოვაცხადოთ ისინი“.


გარდა ამისა, ამავე სტატიაში ვხვდებით ჰომოფობიურ და სექსისტურ გამონათქვამებსაც: მაშ, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც ევროპულ საზოგადოებად ნარკობარიგების დაცვას გვიხატავენ? ვინც ქალის თავაშვებულ ქცევას ქალის თავისუფლებად გვაწვდის, ხოლო მამაკაცის გაუკუღმართებას _ მის პირად უფლებად?


სტატიის ავტორი უფრო შორსაც მიდის და თუკი ერთი მხრივ ევროპას „ნარკობარიგების, ქალების თავაშვებული ქცევისა და მამაკაცების გაუკუღმართების“ ლობისტად წარმოაჩენს, მეორე მხრივ, „გვიჩვენებს“, რომ საქართველო ყველაზე ძლევამოსილი საბჭოთა პერიოდში იყო:


როდის იყო ქართული ენა უფრო დაცული საბჭოთა პერიოდში თუ ახლაროდის უფრო ვრცელ ტერიოტორიას აკონტროლებდათუნდაც ფორმალურად თბილისი საბჭოთა პერიოდში თუ ახლაროდის უფრო იყო ხელშეუხებელი სარწმუნოება - საბჭოთა პერიოდში თუ ახლა? გინდა, იფიქრეთ, რომ საბჭოეთს მივტირი; გინდა, იფიქრეთ, რომ ვსლუკუნებ და ვბღავი, ოღონდ, უბრალოდ, მიპასუხეთ იმ კითხვებზე, რომლებიც დავსვი“.


ამავე გამოცემამ, ამავე რიტორიკით გამოაქვეყნდა კიდევ ერთი მასალა -„ნარკომაფია გულუხვად აფინანსებს ღონისძიებებს, რომლებიც ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციისა და ლეგალიზაციის მოთხოვნით ეწყობა“. მასალაში ვკითხულობთ, რომ მარიხუანის მომხმარებელთა 30 პროცენტს სხვადასხვა ტიპის ფიზიკური და ფსიქიკური პრობლემა უვითარდება, თუმცა ავტორი არმაზ სანებლიძე არ აკონკრეტებს, რომელი სამეცნიერო ინსტიტუტის მონაცემებს ეყრდნობა.


„ბევრი უცხოელი სპეციალისტის აზრით, სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია ჩამორჩენილი რეგიონია იმის გამოც, რომ იქაური მოსახლეობა დიდი რაოდენობით ეწეოდა და ეწევა მარიხუანას, რაც არხეინობის განცდას იწვევდა, კლავდა და კლავს მიზნის მიღწევის, დაბრკოლების გადალახვის სურვილს“, - წერს სანებლიძე.


ონლაინმედია For.ge-ის სტატიაში კი, სათაურით „ბარიგების ხელში ვართ“, ვკითხულობთ, თითქოს ქართველი ნარკოლოგები თანხმდებიან, რომ „მარიხუანა უაღრესად საშიში ნარკოტიკული ნივთიერებაა, რომელიც გზას უხსნის სხვა უფრო მძიმე ნარკოტიკებს და ამ დამღუპველი ნივთიერებების მიმართ ადამიანის შეჩვევას იწვევს.“


სტატიის ავტორი თელავის სამხარეო ნარკოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელზე, ლია კირვალიძეზე დაყრდნობით წერს, რომ პაციენტების ნაწილში, რომელთაც მერყევი ფსიქიკა აქვთ, მარიხუანა შეიძლება გახდეს ფსიქოზების, ფსიქოზური აშლილობების გამომწვევი:


მასალაში მოყვანილია ექიმ-ნარკოლოგ ილია ჩიკვილაძის მოსაზრება, რომლის თანახმად, ნარკოტიკების გამსაღებლები ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციას იყენებენ და სინამდვილეში მცდარია მოსაზრება, რომ მარიხუანის შემადგენლობა უვნებელია. ალტერნატიული პოზიციები სფეროს სხვა სპეციალისტების მხრიდან, არ ისმის.


თბილისი 24-სთვის ინსპირაციის წყარო კი „კლუბ ბასიანთან“ მომხდარი ინციდენტი გახდა, როცა მოქალაქემ კლუბის დაცვის წევრები დაჭრა. 31 იანვარს გამოქვეყნებული სტატიის სათაური ასეთია - „დაბოლილებს და დაშტერებულებს წინ ნაჯა თუ არ წაგვიძღვა, ისე ევროკავშირში ვინ მიგვიღებს?!“ სტატიის ავტორი ამტკიცებს, რომ კლუბში ნარკოტიკები იყიდება და „რამდენიმე ახალგაზრდა საიქიოდან მოაბრუნეს“.


ზემოხსენებულ მედიასაშუალებებში თემის გაშუქებაზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ მედიის ნაწილი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკითხს განიხილავს ანტიდასავლურ კონტექსტში და წარმოაჩენსროგორც „გარყვნილი დასავლეთისგან თავსმოხვეულ პროცესს, რომელიც ეწინააღმდეგება ე.წ. ქართულ, ტრადიციულ ღირებულებებს.


ფოტო: on.ge
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების ნებისმიერი ფორმით გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ რედაქციის თანხმობით, თანხმობის მიღების შემთხვევაში კი, წყაროს მითითებით.