Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:
კრიმინალი მედია მართლმსაჯულება

როგორ გავაშუქოთ კრიმინალური ამბები

2016-12-27

მომზადებულია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ 


შესავალი


კრიმინალური ფაქტები და ანტისოციალური ქცევა იმ თემებს შორისაა, რომელსაც მედია აშუქებს იმისთვის, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. როდესაც მომხდარი ფაქტის გარშემო ბევრი მნიშვნელოვანი გარემოება ჯერ კიდევ ბუნდოვანია, რთულდება ეთიკური გაშუქების პროცესი, გავრცელებული ინფორმაციის მიერ მოტანილი ზიანის შეფასება. აქედან გამომდინარე ვაქვეყნებთ პრაქტიკულ სახელმძღვანელო წესებს მედიისთვის, რათა გავაადვილოთ გაცნობიერებული, პროფესიული და ეთიკური გადაწყვეტების პოვნა (შეზღუდულ დროში). დოკუმენტში მოცემულია ის ძირითადი წესები, რაც უნდა დაიცვას მედიამ კრიმინალური თემების გაშუქებისას, რათა არ დაარღვიოს როგორც მსხვერპლის, ისე ბრალდებულის და შემთხვევასთან დაკავშირებული სხვა პირთა უფლებები და არ მიაყენოს დამატებითი ზიანი.


როდესაც საქმის გარემოებები რთულია, საჯარო ინტერესი კი მაღალი, ამბის მეორეხარისხოვანი დეტალების გაშუქების ვნება ქმნის რეალურ საფრთხეს შეიქმნას ბრალდებულების და მათი ახლობლების „დევნის“ პრეცენდენტი, რისი თავიდან აცილებაც შეიძლება მხოლოდ ძირითადი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, გადამოწმებული ფაქტების გაშუქებით, რაც ამცირებს სპეკულაციებისა და საზოგადოებაში მცდარი შეხედულებების შექმნის საშიშროებას.


უბედური შემთხვევების, ტრაგედიების, ძალადობის გაშუქებისას უნდა მოხდეს ბალანსის დაცვა საზოგადოებრივ ინტერესსა და ეთიკურ გაშუქებას შორის. მედია თანამგრძნობი უნდა იყოს ამგვარი მოვლენების მონაწილე პირების მიმართ და თავი უნდა აარიდოს პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შელახვას.


1.ზოგადი წესები


1.1. კრიმინალური ფაქტის გაშუქებისას ეთიკის სტანდარტების დარღვევის უფრო დიდ რისკი არსებობს ახალი ამბების მომზადებისას. როდესაც ფაქტი ახალი მომხდარია, ემოციური ფონი გამძაფრებულია და ხშირად ჟურნალისტები მისი ზეგავლენის ქვეშ ექცვიან. ჟურნალისტი უნდა შეეცადოს, შეინარჩუნოს ნეიტრალურ ტონი და არ მოექცეს ამბის მონაწილეთა ემოციური გავლენის ქვეშ.


1.2. მედიამ არ უნდა დაუშვას უსაფუძვლო პანიკის შექმნა საზოგადოებაში, ჭორების ან უსაფუძვლო ვარაუდების გავრცელება, რამაც შეიძლება გაუმართლებელი ზიანი მიაყენოს პირის რეპუტაციას ან კანონიერ ინტერესებს.


1.3. მედიასაშუალებამ არ უნდა გამოაქვეყნოს მასალა, რომელიც წაახალისებს კრიმინალს, დანაშაულს ან ანტისოციალურ ქმედებას. პირდაპირ ეთერში რესპონდენტის პირდაპირ მოწოდებას ძალადობისკენ მედია უნდა დაუპირისპირდეს და დაგმოს.


1.4. დაუშვებელია დანაშაულის ჩადენის ტექნიკის აღწერა.


2.იდენტიფიცირება


2.1. საზოგადოებას ლეგიტიმური ინტერესი აქვს ჰქონდეს ინფორმაცია კრიმინალური ამბების, გამოძიებისა და სასამართლო პროცესების შესახებ. მედიას მხოლოდ მაშინ აქვს კრიმინალისა და ანტისოციალური ქმედების მონაწილე პირების იდენტიფიცირების უფლება, როდესაც საზოგადოებრივი ინტერესი გადაწონის პირის ინტერესებს. ფაქტორები, რომელიც ამ დროს უნდა გაითვალისწინოს მედიამ არის: დანაშაულის სიმძიმე, არიან თუ არა მონაწილეები ცნობილი პირები და რამდენად მაღალია საჯარო ინტერესი იცოდეს საზოგადოებამ პირთა ვინაობა.


2.2. დანაშაულისა და ანტისოციალური ქმედების გაშუქებისას, მედიამ არ უნდა მოახდინოს სავარაუდო დამნაშავის, ბრალდებულის ან მსჯავრდებულის იდენტიფიცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მისი სახელი საზოგადოებისთვის ცნობილია ან საქმე საზოგადოებრივი ინტერესის მქონეა.


2.3. დაუშვებელია კრიმინალურ ისტორიებში მონაწილე, დაზარალებული, ბრალდებული და მსჯავრდებული ან/და თვითმხილველი არასრულწლოვნების იდენტიფიცირება.


2.4. დანაშაულის ან ანტისოციალური ქმედების გაშუქებისას, მაუწყებელმა არ უნდა მოახდინოს პიროვნების იდენტიფიცირება, როცა:


  • ადამიანი გამოიყენება ქმედების ილუსტრირებისათვის ან არ არის სრულად პასუხისმგებელი საკუთარ ქმედებაზე;
  • რთულია ინფორმირებული თანხმობის მიღება, მაგალითად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო;
  • არსებობს მაყურებლის მიერ გონივრული ვარაუდის საფუძველზე კადრში შემთხვევით მოხვედრილი პიროვნებების დანაშაულთან დაკავშირების შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, მასალა საჯარო ადგილას არის გადაღებული თუ კერძო ტერიტორიაზე.

2.5. მსხვერპლებს აქვთ უფლება, არ იყვნენ იდენტიფიცირებული საჯაროდ. მსხვერპლის სახელის და გვარის ცოდნა როგორც წესი არაფრისმომცემია ხოლმე. სახელის, გვარისა და ფოტოების ჩვენება შესაძლებელია ოჯახის წევრების ან თავად მსხვერპლის ნებართვით.


2.6. დაუშვებელია გარდაცვლილი პირის, უბედური შემთხვევისას დაზარალებულის ან ძალადობის მსხვერპლის იდენტიფიცირება, სანამ ფაქტი ოჯახის წევრებისთვის არ გახდება ცნობილი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამგვარი ინფორმაციის გავრცელება გამართლებულია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით.


2.7. თუ არსებობს სამართლებრივი საფუძვლები იმისა, რომ საქმის მონაწილეების სახელი და გვარები არ გამჟღავნდეს (თუ თავად საგამოძიებო ორგანოები იცავენ ანონიმურობას ან სასამართლო პროცესებია დახურული) მედიამ არ უნა მოახდინოს მათი იდენტიფიცირება.


2.8. როცა საქმე ეხება პედოფილიას, ან სექსუალურ ძალადობას, მაშინაც კი, როცა საგამოძიებო უწყებები ასახელებენ ბრალდებულის ვინაობას, მედიამ თავი უნდა შეიკავოს მათი იდენტიფიცირებისგან. გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს განსაკუთრებულად მაღალი საჯარო ინტერესი.


3. მსხვერპლი

3.1. მასალის მოსამზადებლად განკუთვნილი მცირე დროის გამო პირველი გამოწვევა ჟურნალისტებისთვის არის მსხვერპლის ინტერვიუზე დათანხმება. ეს განსაკუთრებით რთულდება მათთვის, ვისაც ვიდეორეპორტაჟის მომზადება სურს, რადგან დაზარალებულს შესაძლოა, არ სურს კადრში გამოჩენა იმ მდგომარეობაში, რაშიც მომხდარის შემდეგ იმყოფება. ეთიკურად გაშუქებისთვის:


  • მსხვერპლთან საუბარი დაიწყეთ კამერისა და სხვა ტიპის ჩამწერის გარეშე. შეუთანხმდით ინტერვიუზე და ამის შემდეგ დაიწყეთ ჩაწერა. წარუდგინეთ საკუთარი თავი, რათა რესპონდენტმა იცოდეს ვის ესაუბრება.
  • დაიწყეთ საუბარი ისეთი ფრაზებით რითიც აჩვენებთ, რომ თანაუგრძნობთ მსხვერპლს.
  • ერიდეთ შეცოდების ტონით საუბარს.
  • შეარჩიეთ მსხვერპლისთვის მოსახერხებელი ადგილი ჩასაწერად. ადამიანებს, რომლებიც არიან ტრავმის ქვეშ ხშირად არ სიამოვნებთ უცხო ადამიანებთან კონტაქტი, მით უფრო მათი შეხება. ამიტომ ეცადეთ ნაკლებად გამოიყენოთ დასამაგრებელი მიკროფონი (ეწ „პეტლიჩკა“).
  • კითხვები დასვით ისე, რომ მსხვერპლმა არ იგრძნოს თავი დამნაშავედ მომხდარ ამბავში.

3.2. მედია უნდა შეეცადოს, არ მოახდინოს მსხვერპლის რეტრავმირება. ადამიანს აქვს „დავიწყების უფლება“, რაც ნიშნავს იმას, რომ მედიამ არ უნდა შეუწყოს ხელი პირისთვის მძიმე ისტორიის გახსენებას და ხელახლა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩაყენებას. თუმცა, ძველი ამბის შეხსენება შესაძლებელია საჭირო გახდეს ახალი და წარსულში მომხდარი ფაქტის დასაკავშირებლად.


4. ბრალდებული

4.1. პირი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით.


4.2. მედიამ არ უნდა მოიხსენიოს პირი დამნაშავედ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას.


4.3. დაუშვებელია ბრალდებულის ეთნიკური, რელიგიური ან სხვა სახის იდენტობის დაკავშირება დანაშაულთან, ან მისი იდენტობის ხსენება, თუკი ის პირდაპირ არ უკავშირდება დანაშაულის მოტივს.


4.4. სასამართლო პროცესების გაშუქებისას, დაუშვებელია, მედიაგაშუქებაში იკვეთებოდეს წინასწარგანწყობა ბრალდებულის ბრალეულობის შესახებ.


4.5. ბრალდებულის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ შესაძლებელია გამოიწვიოს აგრესია საზოგადოებაში როგორც მის, ისე მისი ახლობლების მიმართ. შესაბამისად, მედიას უნდა ესმოდეს ის რისკი, რასაც ბრალდებულის შესახებ ინფორმაციის გავრცელება გამოიწვევს.


4.5. მნიშვნელოვანია მედია ბოლომდე მიყვეს კრიმინალური ამბის გაშუქებას, განსაკუთრებით მაშინ, როცა პირის იდენტიფიცირება ხდება. შესაძლოა ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგეს და ამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია უნდა მიეწოდოს იმისათვის, რომ არ მოხდეს პირის სტიგმატიზაცია.


4.6. მედიამ უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა ადამიანის რეპუტაციისათვის გაუმართლებელი ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით.


5. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა


5.1. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობით სარგებლობენ როგორც კერძო, ისე საჯარო პირები. მედიამ პატივი უნდა სცეს შემთხვევასთან დაკავშირებული ყველა პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.


5.2. მედიამ თავი უნდა შეიკავოს დაზარალებულის, ბრალდებულის და შემთხვევასთან დაკავშირებული სხვა პირთა ცხოვრებიდან ისეთი დეტალების გასაჯაროვებისგან, რომელიც საქმესთან კავშირში არ არის.


5.3. ჟურნალისტებს შეუძლიათ რამდენ ხანსაც სურთ იმყოფებოდნენ დაზარალებულის, ბრალდებულის სახლებთან მხოლოდ გზაზე, საზოგადოებრივ ადგილას და არა სახლის კართან, მიუხედავად იმისა, ის პირი საჯარო არის თუ არა.


6. ვიზუალური მხარე


6.1.მედია სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ისეთი ვიზუალური მასალის ჩვენებას, რომელზეც ასახულია ადამიანთა ტრაგედია და ტანჯვა.


6.2. მიზანშეწონილი არ არის დაზარალებულის, გვამისა ან დასახიჩრებული სხეულის, სისხლისა და სხვა მსგავსი სცენების ჩვენება მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთების გარეშე. მათი გადაღება უნდა მოხდეს მხოლოდ გარკვეული მანძილიდან, რათა შეუძლებელი იყოს დაზარალებულის იდენტიფიცირება.


6.3. ტანჯვისა და მწუხარების ამსახველი საარქივო მასალის (დანაშაულის ჩათვლით) გამოყენებისას მაუწყებელი უნდა შეეცადოს, შეამციროს ის პოტენციური ტრავმა, რომელიც შესაძლოა ამ მასალამ მიაყენოს მასში ასახულ პიროვნებას და/ან მის ნათესავებს. იგივე ეხება ინსცენირებულ რეკონსტრუქციებსა და ფაქტებზე დაფუძნებულ პროგრამებს.


6.4. დაუშვებელია დანაშაულის ჩადენის ხერხის ისეთი აღწერა ან დემონსტრირება, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს დანაშაულის ჩადენას, გარდა იმ შემთხევებისა როცა არსებობს სარედაქციო დასაბუთება.


6.5. მტკიცებულებების შეგროვების მიზნით, დანაშაულის რეკონსტრუქციის გადაცემისას, მაუწყებელმა მკაფიოდ უნდა მიუთითოს სად იწყება და მთავრდება რეკონსტრუქცია.


7.ტერმინოლოგია


7.1. კრიმინალის გაშუქებისას ჟურნალისტები განსაკუთრებით ყურადღებით უნდა მოეკიდნენ სახელებს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ტერმინებს.


7.2. ინტერვიუს ჩაწერისას მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს დანაშაულის მოწონების ან გამართლებისგან და დაიცვას პატიმართან ინტერვიუს ჩაწერის წესები.


ძირითადი სამართლებრივი ტერმინები, რომელიც კრიმინალის გაშუქებისას გამოიყენება


(ტერმინები მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად)


ბრალდებული– პირი, რომლის მიმართაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული

მსჯავრდებული– პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი

ეჭვმიტანილი– ქართულ კანონმდებლობაში ეს ტერმინი აღარ არსებობს.

დაზარალებული– სახელმწიფო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი მიადგა უშუალოდ დანაშაულის შედეგად.

მხარე– ბრალდებული, მსჯავრდებული, გამართლებული, მათი ადოკატი, გამომძიებელი, პროკურორი.

ბრალდების მხარე– გამომძიებელი, პროკურორი.

დაცვის მხარე– ბრალდებული, მსჯავრდებული, გამართლებული, მათი ადვოკატი.

დაკავება– დაკავება არის თავისუფლების ხანმოკლე აღკვეთა, რომლის საფუძველი შეიძლება გახდეს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული, რომლისთვისაც კანონით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა, ამასთანავე, პირი მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულ დაკავების მომენტიდან პირი ითვლება ბრალდებულად.

აღკვეთის ღონისძიება– დაკავებიდან არა უგვიანეს 48 საათისა პროკურორი მოსამართლეს წარუდგენს შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ. მოცემულ ვადაში შუამდგომლობის წარდგენის არ არსებობის შემთხვევაში პირი გათავისუფლდება.

აღკვეთის ღონისძიების სახეებიგირაო, არასრულწლოვანი ბრალდებულის მეთვალყურეობაში გადაცემა, შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, პირადი თავდებობა, სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა დაპატიმრობა.

საპროცესო შეთანხმება– სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველია საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და უთანხმდება პროკურორს სასჯელზე, ბრალდების შემსუბუქებაზე ან ნაწილობრივ მოხსნაზე.

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.