Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:

აივნის ჩამონგრევა - ფოტოისტორია

2017-06-12

შემზარავია სტენლი ფორმანის ფოტო, ჰაერში გაშეშებული ქალითა და ბავშვით. ქალი პირდაპირ დაბლა ეშვება - ქვემოთ, მიწისა და სიკვდილისკენ. ბავშვი კი ოდნავ ზემოთ, ფიცარს მაისურითაა გამოდებული. შემზარავია ფორმანის ფოტო, რადგან დასამტვრევად განწირულ სხეულებთან ერთად, ყვავილების ქოთნებიც კი შესანიშნავ კომპოზიციას ქმნის. სტენლი ფორმანის ფოტო პულიტცერისა და მსოფლიო პრესის ჯილდოსა მფლობელი გახდა. თუმცა ფოტომ, ჯილდოებისა და პრემიის გარდა, კრიკიტაც დაიმსახურა.


 

არადა, ყველაფერი მოსაწყენი იყო იმ დღეს. ფორმანი უკვე გამოცემა “ბოსტონ ჰერალდის” ოფისის დატოვებას აპირებდა, როცა ხანძრის შესახებ ცნობა მოვიდა.1975 წლის 22 ივლისი იყო. ცეცხლი მარლობოროს ქუჩაზე გასჩენოდა ძველ სახლს. “თავიდან, ზუსტად არც ვიცოდი სად მივდიოდი. შემდეგ, კვამლი და სახანძრო მანქანები დავინახე, მეც იქით გავექანე. მერე შენობის უკნიდან ყვირილი მომესმა, კიბეს ითხოვდნენ. მივხვდი, რომ ბინაში ვიღაც ჩარჩა, ამიტომ შენობას უკნიდან შემოვურბინე და თან ვფიქრობდი, გადარჩენის მორიგ ლამაზ სცენას გადავიღებდი,” - იხსენებს სტენლი ფორმანი. თუმცა, იქ ყველაფერი სხვანაირად მოხდა.



კიბე უკვე აივანს მიადგეს და მეხანძრემ 19 წლის დაიანა ბრანტს სთხოვა, მისი 2 წლის ნათლული ტაირი მიეწოდებინა. ცოტაც და კიბეზე გადაიყვანდა. ფორმანი ამ დროს სახანძრო მანქანის ძარაზე აძვრა, კარგი პოზიცია დაიკავა და კამერაც ჩართო. ეს საშუალებას მისცემდა, მოძრავი ობიექტები ფოკუსში მოექცია. “15 მეტრის სიმაღლეზე იყვნენ. იმ წამს, როცა მეხანძრე კიბეს მოეკიდა, აივანი ჩაიშალა და წაიყოლა ქალი და ბავშვი. ისინი ვარდებოდნენ, მე კი ვიღებდი. შემდეგ შემოვტრიალდი, არ მინდოდა მათი დაცემა მენახა. არასდროს დამავიწყდება ჩემი ეს შემოტრიალება და კანკალი,” - ყვება ფორმანი.


თუმცა, ფორმანი ამ სცენას მაინც ვერ დაინახავდა, ქალი და ბავშვი ღობის უკან ურნებს შორის ჩავარდნილიყვნენ. მეხანძრე კი ისევ ზემოთ იყო, ცალი ხელით ეკიდა სახანძრო კიბეზე. ქვემოთ, სხვა მაშველები დაცემულებს ეხვივნენ, გადარჩენას ცდილობდნენ. ქალი იმ ღამეს დაიღუპა, ამბობნდნენ, რომ მან შეაფერხა პატარას ვარდნა. ტაირი ჯონსი გადარჩა. ფორმანი იხსენებს, რომ წამოსვლამდე მეხანძრესთან მივიდა. “დაბნეული ვიყავი, არ ვიცოდი რა მეთქვა. - მაინც, ყოჩაღ! - ვუთხარი მერე. ის კი მიყურებდა თითქოს გაბრაზებული, თან თავისთვის იმეორებდა: - ორი წამი, მხოლოდ ორი წამი და მე მათ გადავიყვანდი”.



 

სტენლი ფორმანის ფოტომ 1976 წელს პულიტცერის პრემია აიღო, მალევე გახდა მსოფლიო პრესის წლის ფოტოც. ბოსტონ ჰერალდში გამოქვეყნებულმა ვარდნის სცენამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ჯერ ბოსტონის, შემდეგ კი სხვა ქალაქების მმართველებმა, დაიწყეს საევაკუაციო ინფრასტრუქტურის შემოწმება და გამართვა. ფოტო მსოფლიოს მოედო, ფორმანი კი კრიტიკას ვერ აუდიოდა. ბევრმა მას სიკვდილის სცენის გადაღების გამო, ჟურნალისტური ეთიკის დარღვევაში დასდო ბრალი. ამბობდნენ, რომ ეს იყო დაიანა ბრანტის პირად სივრცეში უხეში შეჭრა და სტენლიმ მხოლოდ სენსაციისთვის გამოაქვეყნა სურათი. თუმცა, ფორმანის ფოტო იმაზე რეზონანსული აღმოჩნდა, ვიდრე მისი კრიტიკა. ხელი შეუწყო საევაკუაციო სისტემის გამოსწორებას და ვინ იცის, ამით იქნებ სხვების სიცოცხლეც იხსნა.


ალექს ქეშელაშვილი



კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების ნებისმიერი ფორმით გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ რედაქციის თანხმობით, თანხმობის მიღების შემთხვევაში კი, წყაროს მითითებით.