Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:
ავტორი

ნატალია ვახტანგაშვილი

2018-02-16
“იქნების” მორევში ჩაკარგულნი


femicide

ფოტო:  newstatesman


თეორიის დონეზე, ალბათ, ყველა დაუფიქრებლად იტყვის, რომ არც დანაშაულს, არც დამნშავეს და არც მსხვერპლს სქესი არ აქვს, იმ გაგებით, რომ შედეგად მიღებულ ფატალურ სურათს, რომელიმე მხარის გენდერული იდენტობა არ განსაზღვრავს. ის თუ რა სქესს განეკუთვნება დამნაშავე და მსხვერპლი, რაიმე ფორმით ვითარებას არც უფრო მეტად ამძიმებს და პირიქით, ვინმეს არც ნაკლებ პასუხისმგებლობას აკისრებს. თუმცა, როგორც წესი, თეორიის პრაქტიკაში გადატანა, მთლად ასე იოლადაც არ გამოგვდის და ეს, ერთი შეხედვით მარტივი ჭეშმარიტება, ხშირად განსჯის საგანი ხდება, რომლის გასწვრივაც “იქნებ-ით” დაწყებული ათასი შეკითხვა იყრის თავს. საბოლოოდ, ამ “იქნების” იმდენი ვარიაცია ჩნდება, რამდენიც “მოხალისე”. ანუ, ის, ვინც მომხდარში მტყუან-მართლის ძიება არ დაიზარა, “იქნებზე” დამყარებული იმდენი ვერსია შექმნა, სანამ საბოლოოდ საკუთარ “იქნების” მორევში არ ჩაიკარგა.


ქარაგმების ზღვით არც მე დაგღლით და სათქმელზე გადავალ. შინაგან საქმეთა სამინისიტროს  სტატისტიკის მიხედვით, 2017 წელს ოჯახში ძალადობის  მუხლით 2 143  დანაშაულია რეგისტრირებული.  2017 წლის მხოლოდ პირველი 9 თვის მონაცემებით, ქვეყანაში 22 ქალი მოკლეს, საიდანაც 13 იდენტიფიცირებული იყო, როგორც ოჯახში მომხდარი დანაშაული.


არ ვიცი, ეს ჯერ კიდევ კარგად გამჯდარი მენტალიტეტის ნაყოფია, თუ “კაცი მაინც უპირატესიას” ცნობიერებიდან ვერგამოსვლის შედეგი, თუმცა, ნათელია, რომ ყოველ ასეთ შემთხვევას, თან ახლავს მოძალადე კაცის რაიმე ფორმით გამართლების უამრავი მცდელობა. “იქნებ, გამოიწვია?”, “იქნებ, არ დაუთმო და რამე ისეთი უთხრა?”, “იქნებ, დააშავა?”, “იქნებ, არასწორად მოიქცა?”, “იქნებ, ცუდი დედა იყო?” ან საერთოდაც - “იქნებ უღალატა?”. ამ “იქნებების” ჭიდილში კი ხშირად საღი აზრი გვეკარგება და თავად მომხდარის ნიველირებაც ხდება. თითქოს, შევეგუეთ, თითქოს სწორია და მართლაც ასე უნდა იყოს. ყველა უპირატესია, თუმცა ზოგი უფრო მეტად, ზოგიც ნაკლებად.


საზოგადოებაში ისედაც გამჯდარი კლიშეების კიდევ უფრო გაღრმავებას და ჩარჩოებში მოქცევას, ხშირად მედია ახალისებს, ზოგჯერ პირდაპირ, ზოგჯერ შეფარულად, ზოგჯერ კი სრულიად გაუცნობიერებლად. მაგალითად, ძალადობის ამბის თხრობისას, აუცილებლად მოვისმენთ, მინიმუმ ერთი ისეთი მეზობლის, მეგობრის, ნათესავის, თუ უბრალო გამვლელის “კომპეტენტურ” მოსაზრებას და “იქნების” საკუთარ ვერსიას, რომელსაც მომხდართან არავითარი კავშირი არ აქვს, არც ამბავს სძენს რაიმე დამატებით ღირებულებას და არც თავად ფაქტს ხდის უფრო მკაფიოს ან გასაგებს. მერე რა, მრავალფეროვნებისთვის ამანაც თქვას, რას გვიშლის. არადა, სწორედაც რომ გვიშლის.


ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის ერთ-ერთი ბოლო ფაქტი, მიმდინარე წლის 3 იანვარს დაფიქსირდა. 22 წლის გოგო ყოფილ ქმარს ფიზიკურ და სიტყვიერ ძალადობაში ადანაშაულებდა. მისი თქმით, მას ყოფილი ქმარი სახლში შეუვარდა და მცირეწლოვანი დისა და შვილის თანდასწრებით მას და მის მამას ფიზიკურად გაუსწორდა. 6 იანვარს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ძალადობაში ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 12 იანვარს სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალა და ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.


ამის შემდეგ, მალევე მედიაში გაჩნდა სტატიები სათაურებით: “ასეთი დედა ამბობს, რომ მსხვერპლია” - რას ყვება კაცი, რომელიც ყოფილ ცოლზე ძალადობაშია ბრალდებული?”, “ვინ არიან ცნობილი პირები, რომლებიც ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული მამაკაცის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ?”, “სკანდალური მორიგების აქტი, დედამ მხოლოდ ორი ღამე ისურვა შვილის ნახვა. ბაკურაძეები ყოფილი რძლის მიმართ სარჩელს ამზადებენ”. ფეისბუკზე ძალადობაში ბრალდებულის მხარდასაჭერად გვერდიც შეიქმნა, სახელწოდებით - “მოძალადე თუ მსხვერპლი?”.


ყველა ამ მასალაში არის მცდელობა, დაზარალებული ასე ვთქვათ, უღირსი ქალის როლში, დედობისთვის შეუფერებელ კონტექსტში წარმოჩნდეს, თითქოს, ბრალდებული ამ ზომამდე სწორედ მისმა, ქალისთვის შეუფერებელმა საქციელმა მიიყვანა და მანაც დამსახურებული მიიღო.


მაგალითად, კვირის პალიტრისთვის მიცემულ ინტერვიუში, ბრალდებული ყვება, თუ როგორ გამოიწვია ის მისმა მეუღლემ, როგორ მისცა მან ყოფილ მეუღლეს გამოსწორების რამდენიმე შანსი, რომელიც მან ვერ გამოიყენა, შედეგად კი იძულებული გახდა, რომ ოჯახი დაენგრია. ბრალდებული ხაზგასით აღნიშნავს, რომ მისი მეუღლე არასწორი ცხოვრების წესით ცხოვრობდა და მარიხუანას მომხმარებელიც კი იყო. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. პირიქით, მიიჩნევს, რომ შეილახა არა დაზარალებულის, არამედ მისი უფლებები და ღირსება. ჟურნალისტი კი საპასუხო კითხვას იმაზე, თუ რა შუაშია ეს ყველაფერი მომხდართან და რა მორალური თუ კანონიერი ნორმა აძლევდა მას ყოფილ მეუღლეზე ძალადობის უფლებას, არ დაუსვამს. პირიქით, ის თავად დაზარალებულს ეუბნება - “ამბობს, რომ მარიხუანას მომხმარებელი ხართ”, რითიც შესაძლოა, გაუცნობიერებლად და არამიზანმიმართულად, მაგრამ მაინც ხაზს უსვამს, რომ მისი ეს საქციელი მართლაც შეიძლება რაიმე ძალადობრივი ქმედების გამართლების აქტად ჩავთვალოთ, რაც თავის მხრივ, მომხდარის ერთგვარ ლეგიტიმაციას ახდენს. საზოგადოებაში ისედაც გამჯდარი კლიშეების ფონზე კი, მედიის მხრიდან წამოსული ყოველი ასეთი გზავნილი პრობლემის მოგვარებისკენ მიმავალ გზას კიდევ უფრო გვაშორებს.



ეს ერთი ისტორიის, ერთი შეხედვით უმნიშვნელო ნაწილი, მხოლოდ მცირე ფრაგმენტია, იმ მასშტაბური პრობლემისა, რაც ქალთა მიმართ ძალადობისა და მისი მედიის მიერ გაშუქებისას იკვეთება. ის, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ დანაშაულის “იქნებ” თეორიებით გამართლების  მედიაც ახალისებს, ჯერ კიდევ პრობლემის არსებობასა და მის მასშტაბებზე მიანიშნებს. 



იხილეთ სტატია ვრცლად
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების ნებისმიერი ფორმით გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ რედაქციის თანხმობით, თანხმობის მიღების შემთხვევაში კი, წყაროს მითითებით.