Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:

მკითხველის გვერდი

თუ გსურთ, მედიის შესახებ თქვენი სტატიებისა და პუბლიკაციების "მედიაჩეკერზე" გამოქვეყნება, მასალები გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: info@mediachecker.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "მკითხველის ხმა".


პუბლიკაციები გამოქვეყნდება რედაქტირების გარეშე. იმისთვის, რომ თქვენი სტატია ან ბლოგი "მედიაჩეკერზე" გამოქვეყნდეს, ის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას;
ბ) ტექსტი უნდა ეხებოდეს მედიის ეთიკურ და პროფესიულ სტანდარტებს;
ბ) ტექსტი არ უნდა შეიცავდეს უხამსობას, დისკრედიტაციას, პირის შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, სარეკლამო ხასიათის ინფორმაციას,
დ) პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში მასალა არ გამოქვეყნდება, ან წაიშლება საიტიდან.


"მედიაჩეკერი" იტოვებს უფლებას, შეხედულებისამებრ, არ გამოქვეყნოს ტექსტი.




შეიძლება ჟურნალისტები ყველაზე ადრე მოვკვდეთ …



ნინა კოპალეიშვილი


აბიტურიენტი ვიყავი, ქართულის გაკვეთილზე გავრბოდი. “მარშრუტკაში” ბიცოლაჩემი შემხვდა, რა გადაწყვიტე, სად აბარებო. ჟურნალისტიკა-მეთქი რომ ვუთხარი, ხო არ გადაირიეო, დავიჯერო შეძლებ, კუბოს მიკროფონი შემოადო ზემოდანო(იმ დროს ერთ-ერთ ტელევიზიაში მუშაობდა). 18 წლის ვიყავი, მეგონა, რომ ჟურნალისტობა კარგი მაკიაჟითა და პიჯაკით, ტელეეკრანიდან ბრტყელ-ბრტყელი ფრაზებით წაყვანილ ეთერს ნიშნავდა. წლები გავიდა, ცხადია მოლოდინი არა თუ არ გამიმართლდა, არამედ რეალობა მისგან ძალიან შორსაც აღმოჩნდა.


რაც თავი ჟურნალისტად მახსოვს, ხან ბლოკნოტით, ხან დიკტოფონით, ხან მიკროფონითა და კამერით, ხან კი ყველაფრით ერთად დავრბივარ აქეთ-იქით. ჟურნალისტობა რომ რთული ამბავი ყოფილა, მალევე მივხვდი, თუმცა ბიცოლაჩემის ნათქვამი არც გამხსენებია, სანამ სხვის უბედურებასთან, როგორც ახალ ამბავთან შეხება არ მომიწია.


მორიგ ტელევიზიაში მორიგ სტაჟირებას გავდიოდი. რაღაც ღონისძიებაზე გამიშვეს, სადაც საქმის კეთებასთან ერთად, კარგი დროც გავატარე. გადაღება დამთავრებული არ მქონდა, პროდიუსერმა დამირეკა, აფრიკის დასახლებაში ოჯახი გაზით გაიგუდა და სასწრაფოდ იქ წადიო. პირველად დამევალა ასეთი ამბის გაკეთება. მთელი გზა იმაზე ვფიქრობდი, იქ მისულებს ან რა უნდა გადაგვეღო, ან ასეთ სიტუაციაში ვისთვის რა უნდა მეკითხა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მივედი, მეზობლებიც “დავკითხე” და პოლიციაც. კიდევ რამდენიმე საათს კი მე და ოპერატორს მხოლოდ იმიტომ მოგვიხდა იქ გაჩერება, რომ ე.წ. ჩამოსვენების კადრები გვქონოდა (რაც არა მხოლოდ ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი, არამედ მიცვალებულის გადაღება და პროზექტურის მანქანაში ლამის კამერის შეყოფა, არანაირ ეთიკურ და მორალურ სტანდარტში არ ჯდება). თუმცა, ტელევიზიაში სენსაციაზე და მკვდრებზე ხშირად მუშაობენ, მაღალ რეიტინგს დებს და იმიტომ. ამიტომაც ნაკლებად მომწონს იქაური გარემო.


თუმცა, გამიმართლა. ეს ამბავი, როგორც გაზის გაჟონვით გამოწვეული კიდე ერთი ლეტალური შემთხვევა ისე გაშუქდა, რომლის ეთერში გასვლის მიზანიც მოსახლეობის გაფრთხილება იყო იმისთვის, რომ სათანადო პრევენციული ზომები მიეღოთ. რაც შეეხება იმ საშინელ კადრებს, მე და მემონტაჟემ მასალის შეგორებისთანავე ვთქვით, რომ მათი გაშვება არ შეიძლებოდა.


სიკვდილი თავისთავად დიდი ტკივილია, შენი ახლობლის, მეზობლის და უცხოსიც. საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს ჰგონია, რომ ჟურნალისტისთვის სხვისი ტკივილი ფარატინა ფურცლის ყურებას ჰგავს, ჰგონია, რომ ჩვენ განცდები არ გაგვაჩნია. არადა, ჩვენც აქაურები ვართ, ჩვენც ოჯახებში გავიზარდეთ, ჩვენც მოგვიწია ბებიებთან გამომშვიდობება და მეზობელთანაც შეგვიტანია ჯამით კოლიო.


ჩვენ თქვენგან მხოლოდ ერთი რამ განგვასხვავებს. უბედურების გაშუქებისას ჩვენს განცდებს ჩვენი პროფესიული მოვალეობაც ემატება, რომელიც გვაიძულებს, კარგად ჩავისუნთქოთ, ემოციები ჩვენში დავმალოთ, ცივი გონებით (და არა თვალებით, რომლებშიც ყველაფრის წაკითხვა შეიძლება), შევხედოთ სხვის უბედურებას, გავაკეთოთ მისგან ახალი ამბავი, რომლის გაკეთების ერთადერთი გამამართლებელი მიზეზი მისი ღირებულება უნდა იყოს (ცხადია სენსაციურობას და რეიტინგს არ ვგულისხმობ).


ცუდი, ჟურნალისტიც არსებობს და ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანიც. უბრალოდ, როგორც ცუდი ექიმის შემთხვევაში, ჟურნალისტის მიერ არასწორად გაკეთებულ საქმესაც ძალიან ცუდ შედეგამდე მივყავართ. ცხადია, ადამიან ჟურნალისტსაც სტკივა და განიცდის. ხშირად ამ დროს საკუთარ თავს გარედან უყურებს, აღიზიანებს ის და ჰგონია, რომ ყველაზე დიდი საშინელება ამ დროს დედამიწაზე მისი არსებობაა.


ახლა ისეთ ადგილას ვმუშაობ, სადაც ვაკეთებ იმას, რაც დანამდვილებით ვიცი, რომ სწორია. თსუ-ს ბოლოდროინდელი ამბების გაშუქების დროს სიკვდილი არა, მაგრამ დიდი ტკივილი და ემოცია ვნახე, განვიცადე, ბევრი ცრემლი ჩამიდგა თვალში, მაგრამ ყოველ ჯერზე საკუთარ თავს ძალა დავატანე და გავაკეთე ის, რასაც თუ ჩვენ-ჟურნალისტები არ გავაკეთებთ, სხვა არ და ალბათ ვერც იზამს.


ერთხელ ერთმა ლექტორმა გვითხრა, სტატისტიკურად ჟურნალისტები ყველაზე ადრე კვდებიანო. არ ვიცი, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს ინფორმაცია, მაგრამ გამორიცხული ნამდვილად არ არის.

 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.