Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:

მკითხველის გვერდი

თუ გსურთ, მედიის შესახებ თქვენი სტატიებისა და პუბლიკაციების "მედიაჩეკერზე" გამოქვეყნება, მასალები გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: info@mediachecker.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "მკითხველის ხმა".


პუბლიკაციები გამოქვეყნდება რედაქტირების გარეშე. იმისთვის, რომ თქვენი სტატია ან ბლოგი "მედიაჩეკერზე" გამოქვეყნდეს, ის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას;
ბ) ტექსტი უნდა ეხებოდეს მედიის ეთიკურ და პროფესიულ სტანდარტებს;
ბ) ტექსტი არ უნდა შეიცავდეს უხამსობას, დისკრედიტაციას, პირის შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, სარეკლამო ხასიათის ინფორმაციას,
დ) პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში მასალა არ გამოქვეყნდება, ან წაიშლება საიტიდან.


"მედიაჩეკერი" იტოვებს უფლებას, შეხედულებისამებრ, არ გამოქვეყნოს ტექსტი.




რეიტინგი


ხუთიოდე წლის წინ ზუსტად თქვენსავით ვიყავი - წარმოდგენა არ მქონდა, რა მართავს მიკროსამყაროს, რომელშიც ვცხოვრობთ და დიდად არც მაინტერესებდა.


 

მერე ერთ მედიაჰოლდინგში მომისროლა ჩემმა მოხეტიალე ბედმა. საერთოდ, ჩემი ბედი ცუდი მშობელივითაა; ხან რომელ ბავშვთა სახლში მიმაგდებს, ხან - რომელში, თვითონ კი მომთაბარე ცხოვრების სიამეებით ტკბება. თავქარიანია. რა იცის, რომ ამ ჯოჯოხეთებში წრთობის მერე, შეიძლება აქეთ მივაბარო მოხუცთა სახლში.


 

დიდი მედიაჰოლდინგია - ცალ-ცალკე ვებგვერდები ქალებისთვის, კაცებისთვის; საინფორმაციო სააგენტო გინდა, თუ ბიზნესის ახალი ამბები, მანქანები, სპორტი, წიგნები, მედიცინა; სამი თუ მეტი ონლაინ-ტაბლიოდი, ერთი ბეჭდური გამოცემა, ტელევიზია, რადიო, გამომცემლობა - ყველა საყოფაცხოვრებო სფერო აქვთ ათვისებული. რა ნაკლიც არ უნდა მქონდეს, ყნოსვა მაინც კარგი მაქვს. იქ მისვლიდან ცოტა ხანში მივხვდი, რომ, ჟურნალისტიკაში, ცოტა არ იყოს, მიამიტური იდეალების ეპოქა საბოლოოდ დამთავრებულა. როდის მოხდა ეს ევოლუცია? მაინცდამაინც დიდი გამოცდილება არ მქონია, მაგრამ ათიოდე წლის წინ, ერთ-ერთ ბეჭდურ გამოცემაში როცა ვმუშაობდი, ჟურნალისტებს ჯერ კიდევ სჯეროდათ, რომ საზოგადოების საკეთილდღეოდ არსებობდნენ. თქვენ წარმოიდგინეთ, ხალხსაც სჯეროდა. იმ ბედნიერ დროს პათოსისგან დაცლილი, ასე თუ ისე ობიექტური საგამოძიებო ჟურნალისტიკაც კი ისახებოდა. შეიძლება ჩემი ახალგაზრდობის გამო მეჩვენებოდა ასე და თუ ვცდები, შესწორების არ მოგერიდოთ.


კიდევ ერთი პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი განსხვავება ახლანდელ და ევოლუციამდელ ჟურნალისტიკას შორის - მაშინ თავისთავად იგულისხმებოდა, რომ ტექსტები ცოტად თუ ბევრად გამართულ ქართულ ენაზე უნდა ყოფილიყო დაწერილი და ნათქვამიც, წინადადების თავი და ბოლო ერთმანეთთის მოსისხლე მტერი არ უნდა ყოფილიყო, ან სულაც აბზაცების ომი არ გაჩაღებულიყო, ან ერთი ზმნის ადგილი სამს არ გაეყო და ა. შ.;


მაგრამმთავარსდავუბრუნდეთ;  


 

წარმოიდგინეთ, ჟურნალისტებით, რედაქტორებით, სტაჟიორებით, მენეჯერებით და სხვა ხალხით მოთუხთუხე მრავალსართულიანი შენობა (მე კომბინატს ვეძახდი), სადაც დერეფანში შეიძლება ისე მწარედ შეეჯახო ვინმეს, რომ ცხვირი მოიტეხო. ყველას ეჩქარება, სადღაც გარბიან, რაღაცას (ვერ) ასწრებენ. დიდ ნიუსრუმის რედაქტორები ორ მონიტორს ერთდროულად ადევნებენ თვალს. სადღაც თათბირია, ვიღაც რესპონდენტს ვერ პოულობს, ვიღაცას უფროსმა უყვირა. ტუალეტში, სულ ცოტა, ერთ მტირალს და ორ მწეველს მაინც წააწყდები (ორთქლი ხომ უნდა გამოუშვა). ორ მონიტორს დავუბრუნდები. ამ ალიაქოთის, გავარვარებული ნერვების, უჟანგბადობისგან გახევებული ტვინების მერე, დღის ბოლოს ერთადერთი, რასაც მნიშვნელობა აქვს ერთ-ერთ მონიტორზე გამოსახული ხუთნიშნა ან ხშირად ოთხნიშნა ციფრებია - რეიტინგი.


 

ყველაფერი წარმავალია რეიტინგის გარდა: შიმშილით მკვდარი ბავშვები, ხანძრები, ბუნებრივი კატასტროფები, გაუმართლებელი და სისხლიანი ომების ასობით დღიური მსხვერპლის დასახიჩრებული გვამების ფოტოები, ქიმიოთერაპიის მერე კიბოიანი მომღერლების შეშუპებული სახეები ჩუმად გადაღებულ ფოტოებზე, მცოცავი ოკუპაცია თუ ანექსია, რევოლუციები, არჩევნები, სახელმწიფო გადატრიალებები - ეს ყველაფერი მხოლოდ ახალი ამბების უწყვეტი ნაკადია, მოუბრუნებლად რომ ეშვება დავიწყების მორევში. არა, ვიტყუები. რეიტინგიც წარმავალია. უფრო სწორად, რეიტინგი ამოუვსები სტომაქია - სულ რაღაც უნდა ჩააყარო, რაღაცით გამოკვებო, თორემ დაიჩუტება და ბოლოს მთლად გაქრება. რეიტინგი თუ გაქრა ან მთლად უარესი - პირამდე ამოივსო (შეუძლებელი საქმეა), მედია აღარ იქნება და არც ჟურნალისტებს ექნებათ საქმე. აქ სიფრთხილეა საჭირო, საკვების სწორად გადანაწილება - რაღაცის შავი დღისთვის შენახვა.


 

რეიტინგს კი უცნაური გემოვნება აქვს. ზემოთ ჩამოთვლილი სამწუხარო ამბები მისთვის... როგორ ვთქვა, მზესუმზირასავითაა, ისე, საკნატუნოდ. შეიძლება იმიტომ, რომ ეს ამბები უკვე იმდენია ჩვენს გარშემო, სათვალავი გვერევა და აღარც ვითვლით, არც ვუყურებთ, არც განვიცდით და დინება თავის ნებაზეა მიშვებული. რეიტინგს უფრო პარიზის ტერაქტებისნაირი მთავარი კერძები ანაყრებს, მაგრამ ესეც არ არის საკმარისი.


 

ყველაზე ხშირად და მაძღრისად რეიტინგი მაინც სისულელით და სისასტიკით იკვებება. „იბიარდის“ მაგალითი ავიღოთ: ერთი პარლამენტარის ვულგარული იმპროვიზაცია რეკოსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკის აბრევიატურის თემაზე კარგა ხანს არ ჩამოსულა პირველი გვერდებიდან.


ცოდვა გამხელილი სჯობს, და კონკრეტულად ამ მოწვევის პარლამეტარების და მთავრობის წევრების წყალობით, რეიტინგმა კარგა ხანს იხეირა - სხდომათა დარბაზში ცემა-ტყეპით დაწყებული, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ სრულიად უდიერი გამონათქვამებით დამთავრებული.


 

თოფაძის ყოველ წამოროშილზე ცალკე სტატიები და ინტერვიუები რომ იწერებოდა და კარგა ხანს, სერიოზულად განიხილავდნენ პარლამენტში მისთვის ბედნიერი შემთხვევის წყალობით მოხვედრილი ამ ბიზნესმენის სიტყვებს, ეს ცალკე ამბავია. პირადად ვარ მოწმე, როგორ ურეკავდა რომელიმე ბედკრული ჟურნალისტი სრულიად უდანაშაულო რესპონდენტს და ეკითხებოდა, თოფაძის გამონათქვამებზე რას ფიქრობთო. ამ პატიოსანი რესპონდენტებიდან მგონი არცერთს არ უთქვამს, ჯობია არ მკითხოთ, რას ვფიქრობო. შეიძლება რომელიმემ თქვა კიდეც და მე არ ვიცი. თუ ვინმემ თქვა, დარწმუნებული ვარ, ლაშა ბუღაძე იქნებოდა.


 

ტელევიზიაში მუშაობისას ხშირად მიკითხავს: რატომ მოგყავთ სტუდიაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდ პრორუსული და დაუფარავად რუსეთის ინტერესების გამტარებელი „პოლიტიკოსები“ ან, ვთქვათ, ისეთი პარლამენტარები, ვინც სრულიად შემთხვევით, გავლენიანი ადამიანების წყალობით მოხვდა პოლიტიკაში და არავითარი ცოდნა და უნარი არ აქვს ამ საკითხზე სასაუბროდ. ეს კი არა, ხშირად ზოგადი განათლებაც კი არ აქვს. მაშ, რატომ? სწორედ ამიტომ. იმიტომ რომ რესპონდენტმა, რომელიც საერთოდ ვერ ერკვევა მოცემულ საკითხში, შესაძლოა საარაკო სისულელე წამოროშოს, ან იმ პრორუსული კურსის გამტარებელმა „პოლიტიკოსმა“ თქვას, რომ ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა რუსეთისკენ მიდის და ეს იმით „დაასაბუთოს“, რომ ევროპიდან საქართველოში მხოლოდ გეების ქორწინება და ათასი გარყვნილება შემოვა, რაც თავისთავად, ასევე საარაკო სისულელეა, მაგრამ არაკომპეტენტური პარლამენტარის ბოდიალისგან განსხვავებით - სახიფათო, იმიტომ რომ ცეცხლზე ნავთს ასხამს და სიღატაკის და სოციალური უსამართლობის მსხვერპლი საზოგადოების აგრესიას ევროპისკენ მიმართავს - ასე ვთქვათ, აგრესიის ობიექტს უსახავს. კითხვაზე, რა შუაშია „ევროპული გარყვნილება“, ვთქვათ, სამუშაო ადგილების არარსებობასთან ან დანგრეულ ეკონომიკასთან, პასუხად ჩვენი „მეზობელი და მეგობარი“ ქვეყნის ინტერესების გამტარებელი სხვა რამეზე გადაიტანს სიტყვას, თან ისეთ მარილიან გამოთქმებს გაურევს, რომ პროდიუსერს გული არ დაწყდეს. პროდიუსერს გული არ სწყდება. პროდიუსერმა გადაცემის მსვლელობისას უკვე ჩაიწერა, რომელ წუთზე ითქვა ყველაზე საარაკო სისულელე და ახლა ერთი სული აქვს სამონტაჟოში გაიქცეს და ამოჭრას. მერე ამ პატარა ვიდეოს სოციალურ ქსელებში გააზიარებენ. ბევრი ხალხი გააზიარებს და რეიტინგი მოიმატებს. პროდიუსერს, რომელიც პატარა ჭანჭიკია მთელ ამ მანქანაში, სხვა არაფერი სჭირდება - მაღალი რეიტინგი მაღალი ხელფასი და უზრუნველყოფილი კარიერაა.


 

ერთ-ერთი დელიკატესი რეიტინგის სუფრაზე საზოგადოების ყველაზე დაუცველი ნაწილის წარმომადგენლების საცირკო ცხოველებად გამოყვანაა. ამ საქმეში პირველობა უდავოდ გია ჯაჯანიძის შოუს ეკუთვნის. ეს შოუ და მისი წამყვანი ცალკე ტექსტის თემაა - მე ჯაჯანიძეს მასტერკლასის ჩასატარებლად მოვიწვევდი - „10 საუკეთესო ხერხი ტელევიზიით კრიმინალის დასაკანონებლად“. ბევრი შემიძლია გავიხსენო და ბევრი მაგალითი მოვიყვანო. თქვენც ბევრს გაიხსენებთ და ბევრ მაგალითს მოიყვანთ, იმიტომ რომ სულ ამ ნეხვს გვაჭმევენ და ძვლებამდე ვართ გაჟღენთილები.


სამაგიეროდ, ბევრ ჩვენგანს შეიძლება არ ახსოვდეს:


 

1. გადმოწეულ საზღვრებთან მოსახლე მავანი, საზღვრის მიღმა დარჩენილ პაპისეულ ვაშლის ხეებს რომ გაჰყურებს;


2. ვაკის პარკში და, რაღა ვაკის პარკში, ყოველ მეორე ნაბიჯზე გაჩეხილი ხეები. (ჟანგბადის ნაკლებობა მეხსიერებას აქვეითებს და შეხსენების გარეშე გაცოცხლება ძნელია. ასეთ ამბებს კი ხშირად არ გვახსენებენ);


3. ყველანაირი (უპირველესად, სასკოლო და ზოგადი) განათლების უკიდურესად დაბალი დონე;


4. უკიდურესი სიღატაკე და საბანკო კრედიტებში ჩამხრჩვალი, ხშირად უსახლკარო მოქალაქეების დიდი არმია;


5. რელიგიური ფანატიზმი და ეკლესიის გაუმაძღარი სტომაქი; და ასე შემდეგ.


 

იწერება და ითქმის ამაზეც კანტი-კუნტად, მაგრამ გადმოწეულ საზღვრებთან სანამ ჩახვალ და გლეხთან ინტერვიუს ჩაწერ, პაპისეულ ვაშლის ხეს რომ გაჰყურებს, მანამდე მავანი თოფაძე სტალინის პორტრეტის კაბინეტში დაკიდებას ურჩევს ხალხს, ჯაჯანიძე მჩხიბავს მოიყვანს სტუდიაში და ცოლებს ქმრების დაბრუნებას „ასწავლის“, მერე კუბოში ჩაწვება და მორჩა:


 

რეიტინგი მაძღარია.


 

აღარ ჩაეტევა რეიტინგს გორელი გლეხის მწარე სიტყვა, ამოაბოყინებს და უკან ამოიტანს. რეიტინგს ჯანქ-ფუდი უყვარს, მამაპაპურად რომ ვთქვათ, ლეშისმჭამელია. რაც უფრო სუნიანის, მით უკეთესი.


 

ერთადერთი არგუმენტი რაც მსმენია, ისაა, რომ „ხალხს მოსწონს, ხალხი უყურებს, ხალხს აინტერესებს“, თორემ ჩვენი ნება რომ იყოს... არადა, თქვენი ნებაა.


მაგრამ:


დიეტა მტკივნეული პროცესია. დიეტაზე დასმული რეიტინგი ნაკლები რეკლამა, ნაკლები ფული და ხელფასია. მონიტორებზე რიცხვების რაოდენობა იკლებს.


 

სულელის გარდა ვინ კბენს მარჩენლის ხელს?



ნინა სურამელაშვილი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.