Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:

მკითხველის გვერდი

თუ გსურთ, მედიის შესახებ თქვენი სტატიებისა და პუბლიკაციების "მედიაჩეკერზე" გამოქვეყნება, მასალები გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: info@mediachecker.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "მკითხველის ხმა".


პუბლიკაციები გამოქვეყნდება რედაქტირების გარეშე. იმისთვის, რომ თქვენი სტატია ან ბლოგი "მედიაჩეკერზე" გამოქვეყნდეს, ის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას;
ბ) ტექსტი უნდა ეხებოდეს მედიის ეთიკურ და პროფესიულ სტანდარტებს;
ბ) ტექსტი არ უნდა შეიცავდეს უხამსობას, დისკრედიტაციას, პირის შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, სარეკლამო ხასიათის ინფორმაციას,
დ) პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში მასალა არ გამოქვეყნდება, ან წაიშლება საიტიდან.


"მედიაჩეკერი" იტოვებს უფლებას, შეხედულებისამებრ, არ გამოქვეყნოს ტექსტი.




ჩემი ბავშვი ტელევიზორში იქნება

როდესაც მედიამკვლევრები ბავშვებსა და მედიაზე ვსაუბრობთ, ძირითად აქცენტს ვაკეთებთ ბავშვთა საკითხების გაშუქებაზე, ერთი შეხედვით ყბადაღებული და გადაღეჭილი თემაა, მაგრამ სულაც არაა ასე. გაცილებით მეტ ცოდნას, ეთიკურობასა და ყურადღებას მოითხოს ჟურნალისტისგან, ვიდრე ნებისმიერი სხვა ამბავი. დილემა მრავლანაირია: როდის შეიძლება იდენტიფიცირება და როდის არა, გამოვაჩინოთ თუ არა ბავშვები კადრში, როგორ გამოვაჩინოთ, ხომ არ დავბლაროთ; ან იქნებ ეს ბლარებიც დისკრიმინაციულია; სასაცილოდ ხომ არ ვაჩვენებთ მათ…


ბოლო დროს სოციალურ ქსელში ხშირად მხვდება ილო ბეროშვილის შოუს გაზიარებები, განსაკუთრებული პოპულარობით ის რუბრიკა გამოირჩევა, სადაც თანაწამყვანი ჩადის რეგიონების საბავშვო ბაღებში და იქაურ ბავშვებს იღებს. „საყვარლები“, „სასაცილოები“ „ვაიმე აქანაო“, „რეიზაო“, „ამოწყდნენო“ და მიდის შემდეგ ბავშვების კილო-კავზე, სცენარისტების დაწერილ ხუმრობებსა თუ გულუბრყვილო პასუხებზე საერთო ეროვნული აჟიტირება. ბავშვები საყვარლები არიან, თუმცა ისმის კითხვა, რამდენად ეთიკურია მათი „სასაცილო“ კონტექსტში ჩვენება, ბავშვების ისე წარმოჩენა, რომ მათ ნათქვამზე ჩვენ, უფროსებმა ბევრი ვიცინოთ და ვიხალისოთ. არის თუ არა მიზანშეწონილი, შეუვარდე საძინებელში მძინარე ბავშვს და მიუშვირო მიკროფონი, აქვს გადამღებ ჯგუფს ყველა ბავშვის მშობლისგან გადაღების ნებართვა?!


ცალკე საუბრის თემაა უშუალოდ ბავშვებისთვის შექმნილი მედიაპროდუქტი. თუ ქართულ ტელეარხებზე მსავსი ფორმატის გადაცემებს გადავხედავთ, დარწმუნდებით, რომ მაუწყებლები ან მართლა ვერ ხვდებიან ან არ უნდათ მიხვდნენ, სად გადის ზღვარი საბავშვოსა და არასაბავშვოს შორის. რჩება შთაბეჭდილება, რომ ე.წ. საბავშვო გადაცემები სინამდვილეში, ბავშვების მონაწილეობით, უფროსების გასართობადაა შექმნილი. მაგალითად, გადაცემა „ეკი-ვოკი“ ბავშვების გასრთობ ობიექტებად გამოყვანის დაგვირგვინებაა – ტიპური მაგალითი, როგორ გავერთოთ ბავშვური აზრებით. არა, ბოროტად ხომ არ გვეცინება, თან „ხომ საყვარლები არიან“, მაგრამ… ან კიდევ „GG TV”-ის გადაცემა „ანცი“, რომლის წამყვანიც ერთი შეხედვით უწყინარ კითხვებს უსვამს ბავშვებს, თუმცა თავად განსაჯეთ მათი „უწყინარობა“: „ბიჭები უფრო ჭკვიანები არიან თუ გოგოები“; „მამაშენი რომელზე იძინებს?“; „მამა სვამს?“; „მამა სად მუშაობს?“; „ღვინოს სვამენ ოჯახში თქვენთან?არაყს სვამს ბებია? რატომ სვამს არაყს ბებია?“…


ბავშვი თუ ამტკიცებს, რომ დედამიწა ხარის რქებზე დგას, ხარხარი კი არ უნდა ატეხო, უნდო მოუსმინო, იმსჯელო მასთან ერთად და მიიყვანო ჭეშმარიტებამდე, რადგან თუ ის ფიქრობს, რომ ხარის რქებზე დგას, წამყვანისა თუ აუდიტორიის სიცილი მას მხოლოდ გააბრაზებს ან საკუთარი თავის რწმენას დაუკარგავს. მედიას, აუდიტორიას გვიჭირს იმის გააზრება, რომ ბავშვსაც აქვს ღირსება და მისი არასერიოზულად აღქმა, მის ნათქვამზე უფროსების სიცილი სწორედ რომ ბავშვის ღირსების შელახვაა.


კიდევ ერთი ტენდენცია, რაც ჩვენს საბავშვო გადაცემებს ახასიათებთ, ბავშვების უფროსებთან მიმსგავსება, მათი არასაბავშვო კონტექსტში წარმოჩენაა. მაგალითად „ენკი-ბენკის“ ეთერში იხილავთ კლიპს, სადაც 5-6 წლის ბავშვები ლაიზა მინელის „კაბარეს“ ასრულებენ დიდი მონდომებით. „ბასტი-ბუბუს“ „fashion bb” – ში კი, პატარებს სათანადოდ პრანჭავენ, საგულდაგულოდ ურჩევენ ტანსაცმელსა თუ მაკიაჟს, შემდეგ კი მათ ფოტოსესიებს ტელეეთერით გვთავაზოვენ.


შვილი რომ გყავს, მისი თითოეული ქმედება სასწაულად გეჩვენება, გინდა, ყველას აჩვენო – მეგობრებს, ნათესავებს… მაგრამ აი თუ მთელ ქვეყანას აჩვენებ, უფრო ბედნიერად გრძნობ თავს, ამისთვის თამამად შეგიძლია გამოიყენო მედია. შენს სურვილებს, ტელევიზიების საეთერო ბადეში განთავსებული სხვადასხვა საბავშვო სტუდიის პროდუქტი დააკმაყოფილებს. ასეთ დროს ხშირად დამრჩენია შთაბეჭდილება, რომ მათთვის არავის უკითხავს აზრი, უნდოდა თუ არა ტელევიზორიში გამოჩენა, უბრალოდ მშობელმა გადაწვიტა და მორჩა! პირველი უარი საკუთარი შვილის ეკრანზე გამოჩენაზე მაშინ ვთქვი, როცა ბავშვების შესახებ სიუჟეტისთვის გადაღება შემომთავაზეს. აი ასე, უბრალოდ, უარი ვთქვი 2 წლის ბავშვი მის დაუკითხავად გადაეღოთ. ამის შემდეგ ერთ-ერთი მუსიკალურ ტელევიზიის საბავშვო პროექტისთვის გადაღება შემომთავაზეს, აი აქ უკვე მას ვკითხე აზრი - „გინდა ტელევიზორში გამოჩნდე?“(თან ვაჩენე, კონკრეტულად სად გამოჩნდებოდა და დაახლოებით რისი გაკეთება მოუწევდა) - უარი. მოგვიანებით კიდევ ერთი შემოთავაზება მივიღე, თან „მე რომ შვილი მეყოლება, აქ მივიყვან აუცილებლად“ ეგეთი საბავშვო პროექტიდან. ცდუნება იმხელა იყო „ჩემი შვილი ტელევიზორში გამოჩნდეს, ყველამ ნახოს, რა ლამაზი, ჭკვიანი, საყვარელია“, რომ ვლოცულობდი, დამთანხმებოდა – ისევ უარი, ისევ მტკიცე, ერთი შეხედვით ბავშვურად არგუმენტიებული, თუმცა ჩემთვის გასაგები. მის აზრს პატივი ვეცი და საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ თუ ოდესმე თავად არ გამოთქვამდა სურვილს, ეს თემა დაიხურებოდა.


გამოდის, რომ, მედია ბავშვს აზრს ან საერთოდ არ ეკითხება, ან თუ ეკითხება, ისეთ თემებზე, რომელიც ბავშვმა არც იცის და არც შეიძლება იცოდეს. შედეგად, ბავშვები „სასაცილოდ“ პასუხობენ და ჩვენ, უფროსები ამ ყველაფერზე კარგად ვერთობით. მედიას ავიწყდება, რომ ბავშვები მხოლოდ მოსაფერებელი, საყვარელი არსებები არ არიან, მათ აქვთ უფლებები, აქვთ საკუთარი აზრები და სურვილები.


ნატა ლეჟავა


კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.