Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:

მკითხველის გვერდი

თუ გსურთ, მედიის შესახებ თქვენი სტატიებისა და პუბლიკაციების "მედიაჩეკერზე" გამოქვეყნება, მასალები გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: info@mediachecker.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "მკითხველის ხმა".


პუბლიკაციები გამოქვეყნდება რედაქტირების გარეშე. იმისთვის, რომ თქვენი სტატია ან ბლოგი "მედიაჩეკერზე" გამოქვეყნდეს, ის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას;
ბ) ტექსტი უნდა ეხებოდეს მედიის ეთიკურ და პროფესიულ სტანდარტებს;
ბ) ტექსტი არ უნდა შეიცავდეს უხამსობას, დისკრედიტაციას, პირის შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, სარეკლამო ხასიათის ინფორმაციას,
დ) პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში მასალა არ გამოქვეყნდება, ან წაიშლება საიტიდან.


"მედიაჩეკერი" იტოვებს უფლებას, შეხედულებისამებრ, არ გამოქვეყნოს ტექსტი.




სინდისის ტერმინატორი


დილაა, ის ისაა, გაიღვიძე, ტელეფონი განბლოკე და ოჯახის წევრებისა და რამდენიმე ახლობლის გამოტოვებული ზარი გხვდება. მაგრამ უცნაურს ამაში მაინც ვერაფერს ხედავ - „რა ყველას ერთდროულად გავახსენდი, ამ დილაუთენია“?! - ფიქრობ და მათთან გადარეკვა აზრადაც არ მოგდის. facebook-ის აპლიკაციას ხსნი და მშვიდად ჩასქროლვას აპირებ, მაგრამ როგორც კი აპლიკაცია იხსნება, მარჯვენა ზედა კუთხეში წითლად მოციმციმე ნოთიფიქეიშენების რაოდენობა გაკვირვებს, რადგან ის ჩვეულებრივზე ბევრად მეტია. ღილაკს აჭერ და ხედავ, რომ შენი facebook მეგობრები რაღაცებზე გნიშნავენ. ფიქრობ, რომ რაღაც ახალი ვირუსია და არცერთს არ ნახულობ. თუმცა, ამას მაინც ვერსად გაექცევი...


გადადიხარ საკუთარ კედელზე და - შენ მოკვდი!


შენი პროფილიდან ერთ-ერთი იმ ფოტოს გვერდით, რომელზეც საუკეთესოდ გამოიყურები, ვიღაცას ავტოკატასტროფის დროს გადაღებული სისხლიანი ფოტო მიუკვრია, სადაც ჩანს, როგორაა ვიღაცის გვამი ჩამოკიდებული მანქანის მოტეხილი კარიდან და სათაურად წაუწერია - სასწრაფოდ! დედისერთა 26 წლის ბიჭი/გოგო ავარიას ემსხვერპლა.


მერე სათითაოდ იწყებ ყველა იმ პოსტის კითხვას, რომელზეც მოგნიშნეს: - „ვურეკავ და არ მპასუხობს (ცრემლიანი სმაილები)“, „ვიზიარებ ოჯახის ტრაგედიას“, „არ მჯერა, რომ ეს შეიძლება მომხდარიყო“, „შვილები არ უნდა კვდებოდნენ დედებზე ადრე“, „ღმერთი უსამართლოა (ძახილის ნიშნებით)“ - და ყველაფერი ისე გამოიყურება, როგორც სინამდვილეში იქნებოდა, - მოკვდი, როგორც - დედის კარგი შვილი, ძმის კარგი და/ძმა, მეგობრების კარგი მეგობარი, - ღვთის საყვარელი შვილი მოკვდებოდა.


შენ კი, წარმოდგენაც არ გაქვს, რომ ერთ-ერთი facebook მეგობრისთვის, ზუსტად ისეთისთვის, ჩვენ ყველას თითო ასეთი მაინც რომ გვერიცხება ქსელის მეგობრებში, შემთხვევითი მსხვერპლი აღმოჩნდი, რომელიც რომელიღაც საიტის რეიტინგს შესწირა. შენს ტრაგედიაზე, შედეგად - 40 000 მნახველი, 2000 კომენტარი და 1000 გაზიარება დადო, რაც ნიშნავს, რომ ამ თვეში ბონუსად 100 ლარით მეტი ჩაერიცხება და ბედნიერია.


ამ ამბავში ცუდი ისაა, რომ ვერასდროს გაიგებ, ვის მოუვიდა თავში შენი „მოკვლა“, რადგან ავტორები თავიანთ სახელ-გვარს არასოდეს აწერენ. მსგავს ნიუსებზე პასუხისმგებლობას არასდროს არავინ იღებს, რადგან თავადაც ხვდებიან, რომ ამ საქმიანობაში საამაყო არც არაფერია. პირიქით, ახარებთ კიდეც ის ამბავი, რომ ავტორის ვინაობა არასდროს არავისთვის გახდება ცნობილი, რაც მათში კიდევ უფრო მეტ გამბედაობას ბადებს. კვირაში ერთი ასეთი სენსაცია ყველა ამ ონლაინ ქსელში გაბმული ადამიანის მკვებავი ხდება.


მერე რა, თუ თავიანთ ნამოღვაწარს ვერავის აუფრიალებენ თვალწინ?! მაინც ამაყობენ თავიანთი პროფესიით. ისინი ხომ ყველანი საინფორმაციო სააგენტოს ჟურნალისტებად მოიაზრებენ თავებს?! რა ვიცით, იქნებ, მართლაც როგორ უყვართ ეს პროფესია, მაგრამ, როგორღაც, მთავარი პრინციპი გამორჩენიათ - ჟურნალისტი პასუხს აგებს სინდისის წინაშე! რა თქმა უნდა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.


თამარ კურატაშვილი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.