31.01.2018
ტელევიზიის ჟურნალისტების დიდ უმრავლესობას ჰგონია, რომ შენზე ღირებულ პროდუქტს ქმნის, უფლება აქვს პედესტალიდან გელაპარაკოს, კითხვის დასმა შეგაწყვეტინოს, ან უბრალოდ მობილურით ვიდეოს გადაღებისთვის ადგილი მიგითითოს, რადგან გვიან მოსულს, "ხელს უშლი", მას უკეთესი კადრი სჭირდება.
გადის წლები, ონლაინმედია ვითარდება, საზოგადოების უფრო და უფრო დიდი ნაწილი იღებს ინფორმაციას ინტერნეტიდან, მცირედით, მაგრამ მცირდება ტელევიზიების გავლენაც, თუმცა კოლეგების ნაწილის დამოკიდებულებები არ იცვლება - "მე ტელევიზიის ოპერატორი/ჟურნალისტი ვარ, შენ - არავინ", “მე დიდი კამერით ვიღებ, შენ ტელეფონით”.
ტელევიზიის ჟურნალისტების განცდას, თავი იგრძნონ უფრო პრივილეგირებულად, პირდაპირ თუ ირიბად ხელს უწყობენ საჯარო პირებიც. მაგალითად, ონლაინ მედიაში მომუშავე ჟურნალისტი თუ ვერ ასწრებს გადაღებას - არა უშავს, თუ ტელევიზიის ჟურნალისტს აგვიანდება - ყველამ ერთად უნდა დავუცადოთ. ამაში ვრწმუნდებით ყოველ ახალ მასალაზე მუშაობის დროს.
გამონაკლისი არ ყოფილა არც მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერის ჩამონგრევის გაშუქებაც. იმის მიუხედავად, რომ ხშირ შემთხვევაში, ტელევიზიის ჟურნალისტებს ონლაინ მედიის წარმომადგენლები ვასწრებდით რესპონდეტებთან მისვლას, კომენტარებისთვის შეთანხმებას, დაგვიანებულების გაბრაზების ობიექტები ვხდებოდით: "წადი, რა, იქედან გადაიღე; გაწიე მობილური, თორემ გადაგამტვრევ თავზე, ჩემი დედა მ***" და ა.შ.
ამ ყველაფრის ფონზე, კი ძნელია მოსთხოვო პოლიტიკოსს პატივი გცეს, როცა შენივე კოლეგისთვის ძნელი აღსაქმელია, რომ შენც ჟურნალისტი ხარ, მიუხედავად იმისა, რომ ტელეფონით იღებ და არა დიდი კამერით, რომ შენც ისევე მუშაობ, როგორც დიდკამერიანი ოპერატორები, რომ შენც თანასწორი ხარ და შესაძლოა, შენ უფრო მეტი აუდიტორია გყავდეს, ვიდრე მას.