23.04.2020
ვირუსის ფართოდ გავრცელებისთანავე, მედიასაშუალებებსა თუ სოციალურ ქსელში ვირუსის წარმოშობაზე არაერთი კონსპირაციული თეორია გავრცელდა. Covid-19-ის გავრცელება ხან გველს დაუკავშირეს, ხან უსადენო 5G ინტერნეტ კავშირს, ზოგი წერს, რომ ვირუსი უჰანის ლაბორატორიიდან “გამოეპარათ”, ზოგი გამოცემა დღემდე ირწმუნება, რომ კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილი ბიოლოგიური იარაღია, ზოგი კი, განსაკუთრებით, კრემლისტური და ანტიდასავლური გზავნილების გამავრცელებელი გამოცემები, დაჟინებით ამტკიცებენ, რომ ვირუსის გავრცელებაში ამერიკის ხელი ურევია.
"მედიაჩეკერმა" კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსის წარმოშობის შესახებ გავრცელებული მითები მოიკვლია. ქვემოთ რამდენიმე, ყველაზე გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ გიამბობთ და ამ მითების გაქარწყლებას შევეცდებით.
#1 - კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილი,
ბიოლოგიური იარაღია
Â
ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული დეზინფორმაცია კორონავირუსის
შესახებ არის ის, რომ Covid-19 ლაბორატორიაში ხელოვნურად შექმნილი
ბიოლოგიური იარაღია. Ამგვარ, კონსპირაციული თეორიის გამავრცელებელ
მედიასაშუალებებსა თუ ჯგუფებს, ეს აქცენტი უმეტეს შემთხვევაში
სათაურშივე აქვთ გამოტანილი, ზოგ შემთხვევაში კითხვითი ფორმით, ზოგან
კი ციტატად. შევხვდებით იმ ვერსიასაც, რომ კორონავირუსი ჩინეთის ან
ამერიკის ლაბორატორიებში შეიქმნა.მაგალითისთვის, “კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილი ბიოიარაღია?” - ამ სათაურით Versia.ge-ზე გამოქვეყნებულია მასალა, რომლის ავტორი ვირუსს მომაკვდინებელს უწოდებს და შეთქმულების თეორიის შესაძლებლობაზე საუბრობს, რომლის მიზნადაც გავრცელებულ აზრს: “ადამიანების გამოხშირვას” ასახელებს.
“ზუსტად საიდან მოიპარეს ჩინელებმა, რა გზით მოხვდა ვირუსი უხანის ლაბორატორიაში, ან საიდან გაჟონა მოსახლეობაში, ჯერჯერობით დაუდგენელია. არადა, საყურადღებოა, რომ უხანის ლაბორატორიის მეცნიერებმა ღამურიდან კორონავირუსის ადამიანზე გავრცელების შესაძლებლობაზე წლების წინ დაიწყეს საუბარი ანუ შეიძლება ითქვას, რომ ამერიკელი და ჩინელი მეცნიერები დაახლოებით, 15 წელი მუშაობდნენ ბიოლოგიურ იარაღზე, რომელიც კაცთმოძულეთა ჯგუფს საშუალებას მისცემდა, გაენადგურებინა ადამიანთა მებრძოლი ნაწილი ბრძოლისუნარიანი მამაკაცების სახით”, - ციტირებს გამოცემა ვინმე ჯაბა ტყემალაძეს, თერაპევტსა და მეცნიერს.
მსგავს კონსპირაციულ თეორიებს ვირუსის წარმოშობაზე აქტიურად ავრცელებენ ისეთი ვებპორტალები, როგორიცაა: siaxleni.com, gewold.ge, kvira.ge, The Georgian times, qartuliazri.reportiori.ge, exclusivenews.ge, for.ge, newposts.ge.
ამ გამოცემების მასალებში წყარო ან არ ჩანს, ან გამოყენებულია ისეთი ფრაზები, როგორიცაა მაგალითად: “ჩინეთის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით” ან “გარკვეულ წრეებში”. ზოგიერი, მაგალითად, progressnews.ge, მიხეილ ცაგარელს ეყრდნობა და წერს რომ “ჩინელებმა ღამურებში 50 შტამი სხვადასხვა გრიპის ვირუსი შეუშვეს. აქედან გამომდინარე ერთ-ერთი ღამურა ან გაუშვეს ან გაექცათ.”
#2 - Covid -19 -ისა და 5G-ს კავშირი
მას შემდეგ, რაც ვირუსზე, როგორც ბიოლოგიურ იარაღზე ვნებათაღელვა
შედარებით ჩაცხრა, სოციალური ქსელი ახალმა კონსპირაციულმა თეორიამ
მოიცვა. ამ თეორიის მიმდევრები წერენ, რომ კორონავირუსის გავრცელებას
მაღალსიჩქარიანი უსადენო ინტერნეტი 5G იწვევს.“კორონავირუსი ადამიანის მიერ შექმნილი ვირუსია, რომელიც რაღაც მიზეზის გამო, ზუსტად მაშინ გავრცელდა, როცა 5G-ს ტესტავენ. შესაძლოა ვირუსის მიზანი დედამიწის პოპულაციის კონტროლი იყოს და მათ უამრავი ჩვენგანის თავიდან მოშორება სურდეთ”, - წერს მაგალითად სპორტული გამოცემა Crystalsport.ge, ერთ-ერთ მოკრივეზე დაყრდნობით.
ამირ ხანის ციტატას აქვეყნებს Popsport.com -იც. თუმცა ვებგვერდზე, ტექსტის ბოლოს აქვს მითითებული რომ ეს “ვერსია მეცნიერულ საფუძველს მოკლებულია”.
Siaxleni.com და Pressa.ge კი ლალი მოროშკინას სტატუსს აქვეყნებს 5G ანტენების შესაძლო კავშირზე ახალ კორონავირუსთან. ამავე თეორიაზე საუბრობს Alia.ge-ც.
- იხილეთ ვრცელი მასალა კორონავირუსის 5G ინტერნეტთან უსაფუძვლო კავშირზე
#3 - ამერიკული კვალი
ჩინეთში ახალი კორონავირუსი ამერიკელმა სამხედროებმა განზრახ შეიტანეს - ეს არის ერთ-ერთი თეორია ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, რომელიც ყველაზე აქტიურად ანტიდასავლური გზავნილების გამავრცელებელ მედიებში შეინიშნება. მაგალითად, სწორედ ამაზეა საუბარი NewsFrontGeorgia-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში “კორონავირუსი ჩინეთში არ წარმოიშვა! გამარჯობა, ლუგარის ლაბორატორიავ”.
ანალოგიურ კონსპირაციულ თეორიას ავითარებს gewold.ge. ორივე მათგანი, ამ თეორიას, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ტვიტზე დაყრდნობით ავრცელებს.
#4 - გველი, როგორც ვირუსის პირველწყარო
რამოდენიმე პორტალზე გამოქვეყნდა მოსაზრება
იმის შესახებაც, რომ ახალი კორონავირუსის პირველწყარო გველია.
მაგალითად Fortuna.ge-ზე ვკითხულობთ, რომ: ”მსოფლიო
ჯანდაცვის მეცნიერებზე დაყრდნობით CNN წერს, რომ ახალი ვირუსის
გავრცელების მიზეზი შესაძლოა იყვნენ გველები, ჩინური კრეიტი და ჩინური
კობრა”.თუმცა, უცნობია რას ეყდრნობა გამოცემა, ვინაიდან, ასეთი ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არ გაუვრცელებია, ოფიციალურ ვერსიებში არსადაა ნახსენები რომ ვირუსის პირველწყარო შესაძლებელია გველი იყოს.
მსგავსი ვარაუდი ვრცელდება ipress.ge-ზეც სათაურით “მეცნიერების ვარაუდით, ჩინეთში ახალი კორონავირუსის წყარო შესაძლოა, შხამიანი გველი იყოს”
რა ვიცით კორონავირუსის წარმოშობის შესახებ - სამეცნიერო თეორიები
- ვირუსი ბიოლოგიური იარაღია და ლაბორატორიაში ხელოვნულად შექმნეს;
- ხალი კორონავირუსის წარმოშობა დაკავშირებულია 5G ანტენების დადგმასთან;
- Covid -19 ამერიკელმა ჯარისკაცებმა ჩინეთში განზრახ შეიტანეს;
- ახალი კორონავირუსის გავრცელების წყარო გველია
ამ ეტაპზე არც მეცნიერულად და არც ლაბორატორიულად არ დასტურდება, რომ COVID-19 ჩინეთის ან ამერიკის შეერთებული შტატების რომელიმე ლაბორატორიაში შექმნეს. მეცნიერები, რომლებიც ახალი კორონავირუსის წარმოშობას იკვლევენ, ამბობენ რომ ვირუსი არ არის გენერირებული ადამიანებისგან და ის ბუნებრივი პროცესების შედეგად ჩამოყალიბებული მიკროორგანიზმია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ერთ-ერთ ანგარიშში ამბობს, რომ: “COVID-19 არის ზოონოზური წარმოშობის ვირუსი. ფილოფენეტიკური (ბიოლოგიური დარგი, რომელიც შეისწავლის სხვადასხვა ორგანიზმების ევოლუციის პროცესს) ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ ვირუსის რეზერვუარი არის ღამურა, მაგრამ ჯერ არ არის გამოვლენილი მათი შუალედური გადამტანი”. ზოონოზური კი, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) განმარტებით, ისეთი დაავადებაა, რომელიც შესაძლებელი გავრცელდეს ცხოველიდან ადამიანზე და ის იყოს მისი პირველწყარო.
New England Journal of Medicine-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშიც საუბარია იმაზე, რომ ვირუსის პირველწყარო სავარაუდოდ ღამურაა, ვინაიდან კორონავირუსის რნმ-ის თანმიმდევრობა ჰგავს სწორედ იმ ვირუსების დნმ-ის მასალას, რაც ღამურებში ცირკულირებს.
ამერიკულმა სამეცნიერო გამოცემამ Nature medicine -მა, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც ნათქვამია რომ თეორია SARS-COV-2 ლაბორატორიაში მანიპულაციის შედეგად წარმოშობაზე სარწმუნო არ არის.
”ჩვენ გთავაზობთ ორ სცენარს, რომელმაც დამაჯერებლად შეიძლება ახსნას SARS-COV-2-ის წარმოშობა:
- ბუნებრივი გადარჩევა მასპინძელი ცხოველის ორგანიზმში, ზოონოზურ გადაცემამდე;
- ბუნებრივი გადარჩევა ადამიანებში ზოონოზური გადაცემის შემდეგ”, - ვკითხულობთ კვლევაში.
ახალი კორონავირუსის შესახებ ამ კონსპირაციულ თეორიებს უსაფუძვლოს უწოდებენ ქართველი ეპიდემიოლოგებიც.
“მესმის, ეს არის შეთქმულების თეორიები. მე მეცნიერულ ფაქტებზე დაყრდნობით ვმსჯელობ. მეცნიერული ფაქტი არის ერთი – შესწავლილია, ვირუსის სიკვენსი გაკეთებულია, ანუ ამ ვირუსის თანმიმდევრობა გაშიფრულია. დადგენილია, რა სიხშირით ხდება იქ მუტაციები. ეს გამოაქვეყნეს ამ დარგში მსოფლიოში წამყვანმა მოლეკულურმა ბიოლოგებმა, რომლებიც ამ მეცნიერებაში ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავები არიან. მათ სიტყვას ყველაზე დიდი ფასი აქვს. ეს ვირუსი, სადღაც ოქტომბრის ბოლოს – ნოემბერში წარმოიქმნა. ესეც გამოთვლილია და ამ სიკვენსირების საშუალებით დადგენილია, რომ ეს არის ბუნებრივად მოხდენილი მუტაციები”, - განაცხადა დაავადებათა კონკტროლისა და საზოგადოებრივის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლუგარის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.