COVID-19 და საერთაშორისო მედიაში საქართველოს ხელისუფლების წარმატების საიდუმლო
26.04.2020

თუკი რამდენიმე თვის წინ, ვიდრე მსოფლიოს ახალი კორონავირუსის პანდემია დაატყდებოდა თავს, საერთაშორისო მედიაში მწვავედ იყო გაკრიტიკებული საქართველოს მოქმედი ხელისუფლება, ბოლო დღეების განმავლობაში კრიტიკა პოზიტიურმა პუბლიკაციებმა ჩაანაცვლა. “მედიაჩეკერი” დაინტერესდა, რამ განაპირობა დროის მცირე მონაკვეთში მსგავსი ტრანსფორმაცია.

ერთ-ერთი ბოლო პუბლიკაცია, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება და მის მიმართ ლოიალურად განწყობილი მედია ამაყად აზიარებს, “ვაშინგტონ ტაიმსმა” გამოაქვეყნა 22 აპრილს. გამოცემა კორონავირუსთან ბრძოლის წარმატებულ მაგალითად მოიხსენიებს საქართველოს და აუდიტორიას სთავაზობს საქართველოს ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის კომენტარებს იმაზე, როგორ მოახერხა ქვეყანამ ინფექციასთან გამკლავება ისე, რომ მხოლოდ 5 გარდაცვლილი ჰყავს ვირუსით იმ დროს, როცა მსოფლიოში იმავე მიზეზით ასიათასობით ადამიანია გარდაცვლილი.

“ვაშინგტონ ტაიმსს” არაფერი აქვს საერთო ისეთ რესპექტაბელურ გამოცემებთან აშშ-ში, როგორიცაა “ვაშინგტონ პოსტი” ან “ნიუ-იორკ ტაიმსი”. ამ გამოცემას ბოლო პერიოდში არაერთი მასალა აქვს გამოქვეყნებული, რომელიც COVID 19-ის წარმომავლობაზე კონსპირაციულ თეორიებს ავითარებდა. ამ მასალებს მკვეთრი კრიტიკა მოჰყვა როგორც ჟურნალისტურ წრეებში, ისე ვირუსოლოგებში, თუმცა ამ ყველაფერზე ვრცლად არ შევჩერდებით, რადგან საქართველოს ხელისუფლების წარმატებებს კოვიდთან ბრძოლის კუთხით სხვა არაერთმა საერთაშორისო მედიაორგანიზაციამ მიუძღვნა მასალები.

3 აპრილს “ფოქს ნიუსმა” შესთავაზა აუდიტორიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის კომენტარები, როგორ შეძლო ქვეყანამ ის, რომ არავინ გარდაცვლილა კორონავირუსით (საქართველოში 4 აპრილს დაფიქსირდა კოვიდით პირველი გარდაცვალების ფაქტი).

მოგვიანებით, 7 აპრილს, “ჰერითეჯ ფაუნდეიშენის” გამოცემა “დეილი სიგნალში” გამოქვეყნდა მასალა, რომლის მიხედვით, “საქართველო გამოცდილი პარტნიორია საერთო გამოწვევებთან ბრძოლაში”. ავტორი სტატიაში მიუთითებს, რომ საქართველო იმსახურებს აშშ-ის მხრიდან უფრო ძლიერ მოკავშირეობას.

ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ამერიკის შეერთებული შტატებიდან მხოლოდ კრიტიკული და ნეგატიური შინაარსის გამოხმაურებას იღებდა საქართველოს მთავრობა: გამოქვეყნდა სენატორების, კონგრესმენების რამდენიმე წერილი, სარედაქციო მასალები სხვადასხვა მედიაში, თუ როგორ შეასუსტა “ქართულმა ოცნებამ” დემოკრატიული პროცესები საქართველოში, რაც გამოიხატა მათთვის მორჩილი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნაში, უცხოელ ინვესტორებზე ზეწოლაში და ა.შ.

კრიტიკულ ნიაღვარს აშშ-დან “ქართულმა ოცნებამ” ლობისტური კომპანიების დაქირავებით უპასუხა.

DCI Group-თან 12 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ლობისტური კომპანია თვეში 33 333 აშშ დოლარს მიიღებს “ქართული ოცნებისგან” იმის სანაცვლოდ, რომ ამ უკანასკნელს წარმოაჩენს დასავლური იდეების ერთგულ სანდო პარტნიორად.

31 მარტს სწორედ DCI Group-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს, როგორც კორონავირუსთან წარმატებულად მებრძოლი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მზად იყო ინტერვიუსთვის: “ქვეყანამ წარმატებას მიაღწია COVID 19-ის გავრცელების შენელებაში, მსხვერპლი არის ნული”, - იუწყებოდა DCI. ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ 3 აპრილს სწორედ ამ პათოსით ვიხილეთ გიორგი გახარიას კომენტარები გამოქვეყნებული “ფოქს ნიუსში”.

თებერვალში “ქართულმა ოცნებამ” აშშ-ში კიდევ ერთ ლობისტურ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება. 8 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, “ქართულმა ოცნებამ” თვეში 75 ათასი დოლარი უნდა გადაუხადოს Hogan Lovell-ს. ამ კომპანიის ვებ-გვერდზე 24 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, Hogan Lovell-ს-მა საქართველოს ისტორიული გამარჯვება მოუტანა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში. ამ შემთხვევაში ლობისტური კომპანიის კლიენტი იყო “საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაცია”, რომელსაც დავა ჰქონდა ამერიკულ ნავთობის და გაზის კომპანია “ფრონტერასთან”, ეს უკანასკნელი 3.5 მლრდ აშშ დოლარის ზარალის ანაზღაურებას მოითხოვდა.

ბოლო პერიოდში, საქართველოს ხელისუფლებისადმი პოზიტიური მასალები ამერიკულის გარდა, ევროპულ მედიაშიც მომრავლდა. მაგალითად, ამ კუთხით აქტიურად მუშაობს ფრანგული გამოცემა “ატლანტიკო”. ერთ-ერთი ბოლო სტატია საქართველოს შესახებ ამ ვებგვერდზე 17 აპრილს გამოქვეყნდა. სტატიის ავტორი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივაზე საუბრობს, პრემიერ გახარიას და საქართველოს სანდო პარტნიორად აცხადებს და მიიჩნევს, რომ საფრანგეთისა და ბრიუსელის სტრატეგიული ინტერესებისთვის ეს რეგიონი და მთელი სამხრეთ კავკასია პრიორიტეტული უნდა გახდეს. სტატიის ავტორია პატრისია ლალონდი, ფრანგი პოლიტიკოსი, რომელიც იყო ევროპარლამენტის წევრი, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის აქტიური დამცველი იყო მაშინ, როცა მას მკაცრად აკრიტიკებდნენ აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო.

ზემოთ აღნიშნული მასალები გასული დღეების განმავლობაში აქტიურად შუქდებოდა საქართველოში ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ მედიასაშუალებებში. ამ შემთხვევაში ადგილობრივი აუდიტორიისთვის განკუთვნილი მესიჯი იყო ის, რომ საერთაშორისო მედია დამსახურებულად აქებს და ადიდებს საქართველოს ხელისუფლებას.


alt
სტატია მოამზადა "მედიაჩეკერმა" აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია "მედიაჩეკერი". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ავტორი : მაია მეცხვარიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ