ტელევიზიებში გაზრდილია ეთიკური დარღვევის ფაქტები - წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური შედეგები
24.09.2020
წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური შედეგები აჩვენებს, რომ წინა წლებთან შედარებით, სატელევიზიო ახალ ამბებში ეთიკური დარღვევის ფაქტები გაზრდილია. წინა წლების მსგავსად, თითქმის ყველა არხზე პრობლემად რჩება საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებული სიღრმისეული, მოკვლევითი სიუჟეტების სიმცირე, რაც ამომრჩეველს ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება. ასევე, წინა წლების მსგავსად, თითქმის ყველა არხზე, პრობლემას წარმოადგენს გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შემცველი განცხადებების უცვლელად და უკომენტაროდ გაშუქების ფაქტები.

12 ტელევიზიის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ პარტიებს შორის ყველაზე მეტი დრო „ქართულ ოცნებას“ დაეთმო, რომელიც ყველაზე დადებითად “იმედის” ეთერში გაშუქდა, ყველაზე უარყოფითად კი „მთავარი არხის“ ეთერში. დათმობილი დროის მიხედვით, “ქართულ ოცნებას” “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მოსდევს, რომელიც ყველაზე დადებითად “მთავარმა არხმა”, ყველაზე უარყოფითად კი - “ობიექტივმა” გააშუქაა. რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს“, პარტიას ყველაზე მეტი დრო ტელეკომპანია „ფორმულამ“ დაუთმო. „ობიექტივი“ ერთადერთი არხია, რომელიც კვლავ დიდ დროს უთმობს „პატრიოტთა ალიანსის“ გაშუქებას.

პოლიტიკური სუბიექტებიდან დიდი დრო დაეთმო მიხეილ სააკაშვილის გაშუქებას - მას ტელევიზიებიდან ყველაზე მეტი დრო “იმედმა” დაუთმო. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ყველაზე ნეგატიურად “იმედსა” და “პოსტ ტვ”-ზე გაშუქდა. მიხეილ სააკაშვილი “პოსტ ტვ-იმ” 80%-ით, “იმედმა” კი 74%-ით უარყოფითად გააშუქა.

ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი მაუწყებლები

მონიტორინგმა აჩვენა, რომ რამდენიმე ტელევიზია აშკარად მიკერძოებულია ხელისუფლებისადმი, ნაწილი კი “ქართული ოცნების” მთავრობის მიმართ ლოიალური განწყობით გამოირჩევა.

მონიტორინგის შუალედურ ანგარიშში ტელეკომპანია “პოსტ ტვ” პირდაპირ პროსახელისუფლო არხადაა მოხსენიებული და ნათქვამია, რომ იგი მმართველი პარტიის პროპაგანდის იარაღია. გარდა ამისა, ანგარიშში კვითხულობთ, რომ არხი ოპოზიციის წარმომადგენლების შესახებ მომზადებულ სიუჟეტებში, არ ერიდება გადაუმოწმებელი და ყალბი ამბების გამოქვეყნებას:

“არხი მმართველ პარტიას მუდმივად დადებითად წარმოაჩენს და ასევე მუდმივად ცდილობს ოპოზიციის დისკრედიტაციას, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ოპოზიციურ პარტიას ეხება საქმე. ოპოზიციის დაკნინების მიზნით, ჟურნალისტები მიმართავენ დამცინავ ტონს და ტექსტებს; ძირითადად, ოპოზიციის წარმომადგენლებს, “რადიკალებად” მოიხსენიებენ.

altalt

ხელისუფლებისადმი მიკერძოება გამოვლინდა ტელეკომპანია “იმედზე”. მონიტორინგმა აჩვენა, რომ საინფორმაციო გადაცემის პათოსი თითქმის სრულად ემთხვევა „ქართული ოცნების” და ხელისუფლების რიტორიკას.

“იმედზე“ პრაქტიკულად არ გვხვდება ხელისუფლების მიმართ კრიტიკული და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებზე მომზადებული ექსკლუზიური და სიღრმისეული სიუჟეტები.” - ვკითხულობთ ანგარიშში.

დაკვირვებამ აჩვენა, რომ მონიტორინგის პერიოდში, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საინფორმაციო პოლიტიკა ხელისუფლებისადმი ლოიალური იყო.

“კვლავ მთავარ პრობლემად რჩება სიუჟეტების ზედაპირულობა, სიღრმისეული რეპორტაჟების ნაკლებობა. ,,პირველ არხს“, სამონიტორინგო პერიოდში, თითქმის არ ჰქონია მწვავე ექსკლუზიური მასალა - არ გამოვლენილა კორუფციული და ადამიანის უფლებების შემლახავი ფაქტები. გარკვეულ შემთხვევებში, ბალანსი ფორმალურად იყო დაცული. მონიტორინგის პერიოდში იყო ფაქტები, როდესაც “მოამბე” ავლენდა “ქართული ოცნებისადმი” მიკერძოებას და არღვევდა ეთიკურ პრინციპებს.”

რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის “აჭარის ტელევიზიის”, მონიტორინგის ანგარიშში ნათქვამია, რომ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, მეტნაკლებად, დაცული იყო მხარეებისა და მოსაზრებების მრავალფეროვნება, თუმცა, რიგ შემთხვევებში, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ სარედაქციო პოლიტიკა სამთავრობო გუნდის და მმართველი პარტიის მიმართ მიკერძოებული იყო.

ხელისუფლებისადმი დადებით განწყობა გამოიკვეთა ტელეკომპანია “მაესტროზეც”. ანგარიშში ნათქვამია, რომ აშკარაა, „ქართული ოცნების“ მიმართ შედარებით რბილი, ოპოზიციისდმი კი კრიტიკული დამოკიდებულება ჟურნალისტების მხრიდან:

“ტელეკომპანია “მაესტრო” უმეტეს დროს უთმობს მმართველი პარტიისა და მთავრობის პოზიტიურად გაშუქებას. რჩება შთაბეჭდილება, რომ საინფორმაციო გადაცემებში ხელისუფლების დადებით ნაბიჯებზე ხდება მიზანმიმართულად ხაზგასმა.

ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მაუწყებლები


მონიტორინგმა აჩვენა, რომ ხელისუფლებისადმი ყველაზე კრიტიკული ტონი „მთავარ არხს“ აქვს. შესაბამისად, კრიტიკული სიუჟეტები ხელისუფლების მიმართ, ყველაზე ხშირად, ამ არხის ეთერში გადის. 

alt“მთავარი არხი” ხშირად და მწვავედ აკრიტიკებს ხელისუფლებას და მმართველ პარტიას. წინასაარჩევნო პერიოდში არხი ძირითად აქცენტს ბიძინა ივანიშვილის, ,,ქართული ოცნებისა” და ხელისუფლების უარყოფით გაშუქებაზე აკეთებს. ,,მთავარი არხის“ ჟურნალისტები არ ერიდებიან ცინიკური, დამცინავი, ხშირად შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიით ხელისუფლების წარმომადგენელთა შეფასებას” - ვკითხულობთ ანგარიშში.

ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ არხებად არიან დასახელებული “ფორმულა”, “ტვ პირველი” და “კავკასია”. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ,,ფორმულა“ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი არხია და განსაკუთრებით უარყოფითად საინფორმაციო გამოშვებებში ბიძინა ივანიშვილი შუქდება. გარდა ამისა, აშკარად შესამჩნევია ლოიალური დამოკიდებულება “ევროპული საქართველოს” მიმართ.

რაც შეეხება ,,ტვ პირველს“, მონიტორინგმა აჩვენა, რომ მაუწყებელი მთავარ საინფორმაციო გამოშვებები გამოირჩევა ხელისუფლების მიმართ მკვეთრად კრიტიკული, უარყოფითი დამოკიდებულებით. “აღნიშნული გამოიხატება, როგორც საინფორმაციო გამოშვებაში გაშუქებული საკითხების თემატიკით, ასევე ჟურნალისტების საავტორო ტექსტებით, ხშირად ირონიული ან დამცინავი შეფასებებით: ,,ქართველი დეპუტატების მადა ჭამაში მოდის. ჭამენ, ოღონდ ჩვენი ფულით,“ - თქვა ,,ტვ პირველის“ ჟურნალისტმა ერთ-ერთ სიუჟეტში.”

altalt














მონიტორინგის შესახებ:


საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევის შუალედური შედეგები დღეს 24 სექემბერს გამოქვეყნდა. მონიტორინგი მიმდონარეობდა 15 ივნისი - 31 აგვისტოს პერიოდში.

ამ დროის განმავლობაში მონიტორები 12 სატელევიზო არხს აკვირდებოდნენ: პირველი არხი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელეკომპანია მთავარი, რუსთავი 2, იმედი, ფორმულა, ტვ პირველი, მაესტრო, ობიექტივი, კავკასია, პალიტრა ტვ, პოსტ ტვ.

მთავარი სატელევიზიო საინფორმაციო გამოშვებების წინასაარჩევნო მედია მონიტორინგი რაოდენობრივ და თვისებრივ კომპონენტებს მოიცავს. რაოდენობრივში შედის სუბიექტებისთვის დათმობილი დრო, პირდაპირი და ირიბი საუბარი და გაშუქების ტონი. თვისებრივი მონიტორინგის კომპონენტები კი არის ბალანსი, სიზუსტე, ფაქტებზე დაფუძნებული გაშუქება, კადრებით და მუსიკით მანიპულირება.

 

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ