09.06.2023
2022 წელს ევროკავშირში ძალაში შევიდა „ციფრული სერვისების აქტი“, რომელზეც ჩემს ერთ-ერთ წინა ბლოგშიც ვწერდი. ახალი კანონის მიხედვით, ის სოციალური პლატფორმები, რომლებსაც ევროკავშირის ქვეყნებში 45 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავდათ, გამკაცრებული რეგულაციების ქვეშ მოექცევიან.
25 აპრილს ევროკავშირმა გამოაქვეყნა განსაკუთრებით დიდი სოციალური ქსელებისა და ძიენის სისტემების სია, რომელშიც გვხვდება ისეთი მსხვილი ინტერნეტ პლატფორმები, როგორებიცაა „ფეისბუქი“, „ტვიტერი“, „ამაზონი“, „ინსტაგრამი“, „იუთუბი“, „ვიკიპედია“, „ტიკ ტოკი“, „გუგლი“ და სხვა. აღნიშნული რეგულაციების დასაკმაყოფილებლად ამ პლატფორმებს დრო 2024 წლის მარტამდე აქვთ.
ახალი კანონმდებლობის მთავარი სიახლე ის არის, რომ ამიერიდან, მთელ რიგ შემთხვევებში, მსხვილ სოციალურ პლატფორმებს მესამე პირების მიერ განთავსებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ.
აღსანიშნავია, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში აქამდე არსებული კანონები, როგორც წესი, სოციალურ ქსელებს მთლიანად უხსნიდა პასუხისმგებლობას მათი მომხმარებლების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე; მიიჩნეოდა, რომ სოციალური პლატფორმა დაახლოებით ისეთივე სივრცეა, როგორიც ქალაქის საჯარო მოედანია.
2024 წლიდან, თუკი ევროკავშირში მოქმედი რომელიმე მსხვილ სოციალურ პლატფორმას არ ექნება ადეკვატური რეაგირება მომხმარებლების არალეგალურ ქცევაზე, რეგულატორი მას მსუყე ჯარიმას დააკისრებს. რეგულაციებთან მუდმივი შეუსაბამობის შემთხვევაში, ინტერნეტ კომპანიები ევროკავშირის უზარმაზარი ბაზრის დაკარგვის რისკის ქვეშ დადგებიან.
ახალი რეგულაციებით მიხედვით, მსხვილმა სოციალურმა პლატფორმებმა უნდა გაანალიზონ თავიანთი სისტემები და გამოავლინონ მათში არსებული ჩავარდნები. მათ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ისეთ რისკებს, რომლებიც დაკავშირებულია არალეგალურ აქტივობებთან, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვასთან, საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და საარჩევნო მანიპულაციებთან, გენდერული ხასიათის ძალადობასთან, საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან, არასრულწლოვნების დაცვასა და მენტალურ და ფიზიკურ კეთილდღეობასთან.
ჯერჯერობით, ისე ჩანს, რომ აღნიშნულ რეგულაციებთან ყველაზე მეტი პრობლემა ილონ მასკის „ტვიტერს“ ექნება. თუმცა შესაძლოა, რომ ახალ სამართლებრივ ჩარჩოში მოქმედება სხვა მსხვილ აქტორებსაც გაუჭირდეთ. ამის მიზეზი ის არის, რომ როგორც ზემოთ აღვნიშნე, სოციალური ქსელები აქამდე, არსებითად, ნეიტრალურ საჯარო სივრცეებად იყო მიჩნეული.
ევროკავშირის ახალმა პოლიტიკამ, შესაძლოა, მსხვილი სოციალური პლატფორმების ქცევა მსოფლიოს დანარჩენ ნაწილებშიც შეცვალოს. იქიდან გამომდინარე, რომ ინტერნეტ კომპანიებისთვის ევროპის ქვეყნები მომხმარებელთა განსაკუთრებით დიდ ბაზარს წარმოადგენენ, სოციალური ქსელების დიდ ნაწილს, სავარაუდოდ, მაინც მოუწევს ახალი რეგულაციების დაკმაყოფილება. ადრე თუ გვიან, ახლად დანერგილი პრაქტიკები, ინერციით, შესაძლოა მსოფლიოს სხვა ქვეყნებზეც გავრცელდეს. ისიც სავსებით შესაძლებელია, რომ მაგალითად, აშშ-ში, კანონმდებლებმა ევროკავშირის მაგალითს მიბაძონ და სოციალურ პლატფორმებს თავიანთ ქვეყანაშიც მკაცრი რეგულაციები დაუწესონ.
ევროკავშირის ახალი რეგულაციები რომ განსაკთრებით მნიშვნელოვანია, ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ამ საკითხზე ევროპის ქვეყნების ოფიციალური პირების მხრიდან გამოთქმული კომენტარები უჩვეულოდ მკაცრია. მაგალითად, ერთ-ერთ ბოლო გამოსვლაში საფრანგეთის ციფრული ტრანზიციისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრი ჟან-ნოელ ბარო „ტვიტერს“ დაბლოკვით დაემუქრა. „დეზინფორმაცია ჩვენი დემოკრატიებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხეა. თუ ტვიტერი განმეორებით დააღვევს ჩვენს წესებს, ის ევროკავშირში აიკრძალება,“ განაცხადა მან.
გამოდის, რომ 2024 წლიდან სოციალურ ქსელებისთვის ახალი ეპოქა იწყება. ყველაზე ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, ამ ეპოქამ შეიძლება მოიტანოს ის, რომ ბოროტი ზრახვების მქონე აქტორებმა ნაკლებად შეძლონ დეზინფორმაციის გავრცელებით დემოკრატიული ინსტიტუტების შერყევა; ასევე, ჩნდება იმის იმედიც, რომ მომავალში, კოვიდ-19-ის მსგავს გლობალურ პანდემიებს საზოგადოებები უფრო ეფექტურად გაუმკლავდებიან, ვინაიდან ისინი ნაკლებად მოექცევიან ყალბი ინფორმაციის ზემოქმედების ქვეშ. აღიშნული ცვლილებები ჩვენნაირ მცირერიცხოვან საზოგადოებებზეც კი, ადრე თუ გვიან, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენენ.