საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მათ წინააღმდეგ მიმართული
საპროტესტო აქციების შემდეგ ეთერი გახსნა — „პირველი არხის“ საეთერო
დროის მცირე ნაწილი დაუთმო საზოგადოების ისეთ წარმომადგენლებს,
რომლებიც წლებია, მათ ძირითად საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში
საერთოდ არ ჩანან. თუმცა, მაუწყებელმა გადაწყვიტა, რომ
ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ ადამიანთა ეთერში გამოჩენა
დააბალანსოს, თან, ეს გააკეთოს ეთერში „ქართული ოცნების“ იმ
მხარდამჭერთა მიწვევით, რომლებსაც თავიანთ ეთერს აქამდეც საკმაოდ
ხშირად უთმობდნენ.
ეს მიდგომა 100 მილიონზე მეტი ლარით დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებლის გამოგონილი არ არის და მედიამკვლევრები მსგავს პოლიტიკას სხვადასხვა ტერმინებით აფასებენ: „ცრუ ბალანსი“, „დამაზიანებელი ბალანსი“, „ცრუ ეკვივალენტი“ და ა.შ.
ირლანდიელი მკვლევარი და სამეცნიერო ჟურნალისტი დეივიდ რობერტ გრაიმსი სამეცნიერო ჟურნალ EMBO reports-ში გამოქვეყნებულ კვლევაში დეტალურად მიმოიხილავს, მეცნიერების გაშუქების კონტექსტში თუ რას ნიშნავს „დამაზიანებელი დაბალანსება“. ამის საილუსტრაციოდ ის კლიმატის ცვლილების საკითხს იხსენებს.
როგორც დეივიდ რობერტ გრაიმსი წერს, ძალიან ბევრი მონაცემი მიუთითებს, რომ კლიმატი ადამიანთა ზემოქმედების შედეგად იცვლება. მეცნიერები ამ შეფასებაზე არ დავობენ. თუმცა, ამერიკული მედიის ანალიზი აჩვენებს, რომ მედიაში მეცნიერებსა და კლიმატის ცვლილების უარმყოფლებს თანაბარი გაშუქება აქვთ — ჟურნალისტები „ბალანსის“ მისაღწევად მეცნიერულ ცოდნას თანაბარი დოზით უპირისპირებენ საწინააღმდეგო აზრს, რომელიც არც შესაბამისი მონაცემებით არის გამყარებული და არც სამეცნიერო ცოდნით.
დაახლოებით მსგავსი შემთხვევა გვაქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაშიც. ნაცვლად იმისა, რომ მაუწყებელს ისედაც ჰქონოდა მეტად გახსნილი საინფორმაციო სივრცე საზოგადოების მრავალფეროვანი ჯგუფებისთვის, ეს მხოლოდ პროტესტის შედეგად გააკეთა, ისიც ლიმიტირებულად და „დაბალანსებულად“, უფრო სწორად, თავისებური ცრუ ბალანსის შექმნით.
ცრუ ბალანსის მარტივი მაგალითია, როცა სხვადასხვა სიმძიმისა და მნიშვნელობის საკითხს ჟურნალისტი ერთ წონასა და მნიშვნელობას ანიჭებს — ფაშიზმსა და ბულინგს უწოდებს ხელისუფლების მომხრეთა მიმართ სოციალურ ქსელებში დაწერილ მოსაზრებებს, ხოლო იმ შემთხვევებში, როცა ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით თანამდებობიდან გაშვებით ემუქრებიან, აქტივისტებს დაკავების შემდეგ ფიზიკურად უსწორდებიან და.ა.შ პირად შეფასებას ერიდება და ამბობს, რომ ის მიუკერძოებელი ჟურნალისტია.
ცრუ და დამაზიანებელი ბალანსის ერთ-ერთი ნიმუშია ეთერში არარელევანტური სტუმრების მიწვევა. მაგალითად, 7 დეკემბრის გადაცემაში მაკა ცინცაძემ პირდაპირ ეთერში ჩართო სახელმწიფო კომპანია „საქართველოს რკინიგზის“ დირექტორთა საბჭოს წევრი დაჩი ცაგურია. რკინიგზის მაღალჩინოსანი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მაყურებელს „ყოფილი პოლიტპატიმრის“ სტატუსით წარუდგინა. ცაგურიამ, ტრადიციულად, 2007 წლის 7 ნოემბერს მომხდარ დარბევასა და მიმდინარე მოვლენებთან პარალელებზე ისაუბრა.
მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ბოლო 12 წელია, დაჩი ცაგურია „საქართველოს რკინიგზის“ მენეჯმენტშია. საზოგადოებრივ მაუწყებელს ნამდვილად რომ აინტერესებდეს საზოგადოების ინტერესების დაკმაყოფილება, ნაცვლად 17 წლის წინ მომხდარი ამბისა, „საქართველოს რკინიგზის“ დირექტორთა საბჭოს წევრს აუცილებლად ჰკითხავდა, მაგალითად, რამ გამოიწვია რამდენიმე თვის წინ თბილისში, სარკინიგზო ხაზზე წინასწარი დაგეგმილი სამუშაოებისას სარკინიგზო ავარია, რასაც რკინიგზის ორი თანამშრომელი ემსხვერპლა, ამის გამო აგო თუ არა ვინმემ პასუხი, რატომ არ იყო უსაფრთხოება უზრუნველყოფილი, რკინიგზის მენეჯმენტმა მიიღო თუ არა ზომები მსგავსი ფაქტების თავიდან ასაცილებლად და ა.შ. საზოგადოების ინტერესზე მზრუნველი მაუწყებელი რკინიგზის მაღალჩინოსან დაჩი ცაგურიას ასევე აუცილებლად დაუსვამდა კითხვას, როგორ მოახერხა მასთან დაკავშირებულმა კომპანიამ ბოლო წლებში სახელმწიფო კლინიკებთან მილიონამდე ლარის კონტრაქტის გაფორმება და სხვ.
თუმცა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზანი ამ შემთხვევაში ცხადია — შექმნას ცრუ ბალანსი და ნიღბიანი სპეცრაზმელების მიერ პროევროპული აქციის მონაწილეთა სამაგალითო დასჯასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებას დაუპირისპიროს 2007 წელს მომხდარი დარბევა, ამით კი ერთგვარი ლეგიტიმაცია მისცეს 2024 წელს ჩადენილ ძალადობას.
დამაზიანებელი და ცრუ ბალანსის მაგალითია, როცა მწერალი ნაირა გელაშვილი გადაცემის დასაწყისში „ქართულ ოცნებას“ ძალადობისა და ქვეყნის დასავლური კურსის ცვლილების გამო აკრიტიკებს, გადაცემის ბოლოს კი „ოცნების“ დეპუტატ ნინო წილოსანს ეძლევა საშუალება, ისაუბროს ყველაფერზე, გარდა თავისი პარტიისა და დანაშაულის ჩამდენთა პასუხისმგებლობისა.
ხელისუფლების კრიტიკოსთა ეთერში გამოჩენის მსგავსი ფორმით დაბალანსება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველმა არხმა“ წესად აქცია. ამ წესის მიხედვით კი, „ქართული ოცნების“ წევრები და მათი მხარდამჭერი სპიკერები აუცილებლად გადაცემის ბოლო ბლოკში საუბრობენ, ბოლო, დასკვნითი სიტყვა მათია. წამყვანის როლი ასეთ შემთხვევაში, ძირითადად, მოსმენით შემოიფარგლება, „ქართული ოცნების“ როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ სპიკერებს შეუზღუდავად შეუძლიათ, გაავრცელონ სიცრუე, ჰომოფობია და ა.შ.
18 დეკემბერს მაკა ცინცაძის გადაცემის ბოლო ბლოკის სტუმრები „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია და მსახიობი ნიკოლოზ გაბელია იყვნენ.
ჯონდი ბაღათურიას ანტიდასავლური, სიცრუით გაჯერებული სატელევიზიო მონოლოგისას წამყვანის როლი, ძირითადად, მოსმენითა და პერიოდულად, თანამოაზრის რეპლიკებით შემოიფარგლა. ჯონდი ბაღათურიამ ახსენა, რომ აქციის მონაწილეები „მამა შალვა კეკელიას მიუვარდნენ“, რაც სიცრუეა. თავად სასულიერო პირმაც აღნიშნა, რომ მასთან ეკლესიაში არავინ მივარდნილა, თუმცა, საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანს მისთვის ამის შესწორება არც კი უცდია. მაკა ცინცაძემ გადაცემის ორივე სტუმარს საშუალება მისცა, ჰომოფობიური ტექსტებით დაეცინათ გერმანელი პოლიტიკოსის მიხაილ როთისთვის.
დაკვირვება აჩვენებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი თავის გადაცემებში ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების „დასაბალანსებლად“, ძირითადად, ისეთ ადამიანებს იწვევს, რომლებიც ხელისუფლების ღიად პროპაგანდისტული ტელეარხის, „იმედის“ სტუმრები არიან. ამ გადაცემებში მაუწყებლის წამყვანები ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ დისკუსიის აუცილებლობაზე, დებატებზე, რათა ქვეყანაში შექმნილი კრიზისული სიტუაცია განიმუხტოს. თუმცა, ავიწყდებათ მთავარი: დისკუსიისთვის სივრცე თავად დახურეს და ახლა, როცა საზოგადოების ზეწოლის შედეგად ეთერი ნაწილობრივ გახსნეს, ცდილობენ, მმართველი პარტიის კრიტიკა ცრუ, პროპაგანდისტული ნარატივებით დააბალანსონ.
მიუხედავად იმისა, რომ „პირველი არხის“ წამყვანმა, მაკა ცინცაძემ პირდაპირ ეთერში არაერთხელ თქვა, რომ ტელეარხი მუდამ თავისუფალი იყო და არ არსებობდა იმ ადამიანთა „შავი სია“, ვისი ეთერში მიწვევაც აკრძალული იყოო, სხვა სურათს აჩვენებს ის, თუ რა გადიოდა „პირველი არხის“ ეთერში.
2024 წლის გაზაფხულ-ზაფხულში, მაშინ, როცა საქართველოს
საკანონმდებლო ორგანომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
შემზღუდავი „რუსული კანონი“ მიიღო, მაკა ცინცაძის ყოველკვირეული
გადაცემის სტუმრები, ძირითადად, ხელისუფლების წარმომადგენლები, ან
მასთან აფილირებული სპიკერები იყვნენ:
- ირაკლი გოგავა – პოლიტოლოგი
- დაჩი ცაგურია – „საქართველოს რკინიგზის“ მაღალჩინოსანი ყოფილი პოლიტპატიმრის სტატუსით
- ვლადიმერ ბოჟაძე (ორჯერ) – თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი
- ბიძინა გიორგობიანი – ყოფილი პოლიტპატიმარი
- გურამ მაჭარაშვილი – საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“
- იაგო ხვიჩია – საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩი“ თავმჯდომარე
- ნიკოლოზ გაბელია – მსახიობი
- რამაზ საყვარელიძე (ორჯერ) – პოლიტოლოგი
- ალექსანდრე რაქვიაშვილი – პარტია „გირჩი“, პარლამენტის წევრი
- სოზარ სუბარი – საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე
- ჯონდი ბაღათურია – „ქართული დასის“ თავმჯდომარე
- მამუკა არეშიძე – პოლიტოლოგი, უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი
- ვასილ მაღლაფერიძე – საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე
- გიორგი გვიმრაძე – საქართველოს პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი
აღნიშნული სია არის ყველაზე კარგი ილუსტრაცია იმისა, თუ რა სარედაქციო პოლიტიკა აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს და როგორია თავად ერთი კონკრეტული წამყვანის, მაკა ცინცაძის დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის ხარისხი.
იმ რამდენიმეთვიან პერიოდში, როცა „რუსული კანონის“ წინააღმდეგ ქვეყანაში მრავალათასიან აქციებს მართავდა საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედია, რატომღაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის ამ წამყვანისთვის ამ თემაზე სასაუბროდ რელევანტური სტუმარი იყო ჯონდი ბაღათურია, დაჩი ცაგურია, ლადო ბოჟაძე, მამუკა არეშიძე და სხვები. ხოლო იმ ადამიანებისთვის, ვისაც კანონი უშუალოდ შეეხო და ვინც პირადად ეწინააღმდეგებოდა მის მიღებას, მაუწყებლის ეთერი დაიხურა და არხს ამ ეთერის ფორმალურად დაბალანსებაც კი არ უცდია.