04.09.2019
ტორესა მოსიმ "ბათუმელებთან" აღნიშნა, რომ მას ჰქონდა 3 მოთხოვნა - წაეშალათ ვიდეო, მოეხადათ ბოდიში და ფილმის ავტორებს დაკისრებოდათ პასუხისმგებლობა, რაც არ შესრულდა. პაატა შამუგიამ კი თქვა, რომ "იმ პრორუსული ვიდეოს ავტორის" და მისი ერთ ტელევიზიაში ყოფნა არ შეიძლებოდა.
ფილმის ეთერში გასვლის შემდეგ, 13 აგვისტოს "მედიაჩეკერმა" მასზე ანალიზი მოამზადა და ხაზი გაუსვა იმ მანიპულაციებს, ფაქტების დამახინჯებას და მნიშვნელოვანი დეტალების მიჩქმალვას, რაც ფილმში იყო. ამის შემდეგ ფილმს საზოგადოების დიდი გამოხმაურება და კრიტიკა მოჰყვა. უავტორო ფილმზე პასუხისმგებლობა არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ლალიაშვილმა აიღო.
ტორესა მოსი და პაატა შამუგია იყვნენ "იმედის" ის თანამშრომლები, რომლებიც პირველები 15 აგვისტოს გამოეხმაურნენ ფილმის ეთერში გაშვებას. სოციალური ქსელში ტორესა მოსიმ აღწერა ის პროტესტი, რაც ფილმს მოჰყვა თავად მაუწყებელში. "კომპანიის მფლობელებს მინდა მივმართო, გასაგებია, რომ თქვენი გადაწყვეტილებაა ნიკა ლალიაშვილს დატოვებთ თუ გაუშვებთ, ასევე თქვენი გადაწყვეტილებაა საკუთარ არხს პუტინის პროპაგანდისტულ მანქანად გადააქცევთ თუ არა, მაგრამ არ ფიქრობთ, რომ როდესაც კომპანიის თანამშრომლებს აყენებთ ისეთ მდგომარეობაში, რომ მორალური კომპრომისის ხარჯზე მოუწევთ იძულებით იმის კეთება, რისიც აღარ სჯერათ, კომპანია შეიძლება ჩამოიშალოს?" - აღნიშნავდა ტორესა მოსი და მაშინაც ზემოთ აღნიშნულ 3 პირობას აყენებდა.
ტორესა მოსის და პაატა შამუგიას მიერ პრეტენზიის გამოთქმას მოჰყვა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" "იმედის" ჟურნალისტების იდენტური ტექსტები, რომლებიც თითქმის ერთდროულად გამოჩნდა, ისინი ამბობდნენ, რომ არ იზიარებენ "ფილმის ერთ-ერთ მთავარ ხაზს".
თავად არხის ხელმძღვანელობას და ნიკა ლალიაშვილს ამ ფილმის გამო არ მოუხდია ბოდიში, პირიქით თქვა, რომ არ იზიარებს ჟურნალისტების შეხედულებას - "აგვისტოს ფილმი ძალიან სასარგებლო და დროული იყო", - განაცხადა ნიკა ლალიაშვილმა.