კომუნიკაციების კომისიის წევრად კახა ბექაური აირჩიეს
11.12.2019

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) წევრად, 11 დეკემბერს პარლამენტმა 6 წლის ვადით კახა ბექაური აირჩია. მის კანდიდატურას 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კომუნიკაციების კომისიაში ეს ვაკანსია კახა ბექაურის, როგორც კომისიის წევრის ადგილზე იყო გამოცხადებული.

კახა ბექაური 2014 წლიდან კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი, 2017 წლიდან კი - თავმჯდომარეა. მას კომისიის წევრობის უფლებამოსილების ვადა 2020 წლის 24 იანვარს ეწურება.  მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, ვაკანტურ ადგილზე კონკურსი კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 100 დღით ადრე, ან ვადის გასვლიდან 10 დღეში უნდა გამოცხადებულიყო.

საქართველოს მთავრობამ ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი 17 ოქტომბერს გამოაცხადა. კონკურსში ოთხი განმცხადებელი მონაწილეობდა: კახა ბექაური, ივანე მახარაძე, მარიამ სულაბერიძე და მაია მეცხვარიშვილი. მათგან მაია მეცხვარიშვილის გარდა, სამივე განმცხადებელი კომისიის მოქმედი თანამშრომელია.

ოთხი განმცხადებლიდან საქართველოს მთავრობამ სამი შეარჩია: კახა ბექაური, ივანე მახარაძე და მარიამ სულაბერიძე. "მედიაჩეკერი" შეეცადა გაერკვია, რა კრიტერიუმებით შეარჩიეს საქართველოს მთავრობაში ეს სამი კანდიდატი. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განგვიმარტეს, რომ ამ საკითხზე ინფორმაცია წერილობით უნდა გამოვითხოვოთ და აუცილებლად მოგვაწვდიან (ინფორმაციის მიღებისთანავე სტატია განახლდება. რედ.)

25 ნოემბრიდან 11 დეკემბრამდე აღნიშნული კანდიდატების სიამ რამდენიმე ინსტანცია გაიარა. შესაბამისი პროცედურების შემდეგ კი, 11 დეკემბერს, პარლამენტის წევრებმა შერჩეულ კანდიდატებს უყარეს კენჭი. 

ვინაიდან, კახა ბექაურს, როგორც კომისიის წევრს უფლებამოსილების ვადა 2020 წლის 24 იანვარსეწურება, მისი წევრად დანიშვნის შესაბამისი დადგენილება 25 იანვრიდან ამოქმედდება.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს მარეგულირებელი ორგანოა, რომელმაც საქმიანობა 2000 წლის 1 ივლისს დაიწყო. კომისია ექვსი წლის ვადით არჩეული ხუთი წევრისგან შედგება.


ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ