Covid 19 - როგორ მუშაობს დისტანციური ჟურნალისტიკა აშშ-ში
17.03.2020
კორონავირუსთან დაკავშირებით აშშ-ში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ამან ცვლილებები შეიტანა მედიასაშუალებების მუშაობის სტილში. ამ საკითხებზე ვესაუბრეთ ჟურნალისტ ეკა გურგენიძეს, რომელიც ვაშიგნტონში ერთ-ერთი ონლაინ პუბლიკაციის მთავარი რედაქტორია.

- აშშ-ში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული კორონავირუსთან დაკავშირებით. შეცვალა თუ არა ამან მედიის მუშაობის ფორმა და რაში გამოიხატება ეს?

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ერთი კვირით ადრე მედიაორგანიზაციების უმრავლესობა თავის თანამშრომლებს სთხოვდა, რომ მაქსიმალურად, თუკი ჰქონდათ ამის საშუალება, ემუშავათ სახლიდან. ისეთმა ცნობილმა ნიუსრუმებმა, როგორიცაა Washington Post, cbsnews, NewYork Times, buzzfeed, NewYork Magazine, Politico და ა.შ. - თანამშრომლების უმრავლესობა გასული კვირიდან გადაიყვანა სახლიდან მუშაობაზე.

როდესაც საქმე ეხება გაზეთებს და ონლაინ გამოცემებს, ეს იმდენად დიდ სირთულესთან არ არის დაკავშირებული. ასევე, არ არის იმდენად პრობლემატური რედაქტორებისა და პროდიუსერების მუშაობა სახლიდან. თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჟურნალისტების მუშაობაც გადართულია ონლაინ რეჟიმზე. საბედნიეროდ, ინტერნეტი და ონლაინ აპლიკაციები იძლევა კარგ შესაძლებლობას რესპონდენტებთან აუდიო და ვიდეო ინტერვიუების ჩასაწერად.

ამას გარდა, მუშაობის ასეთ ფორმაზე გადასვლა მოითხოვა იმანაც, რომ ძალიან ბევრი ღონისძიება გაუქმდა ან გადავიდა ონლაინ რეჟიმში, კონფერენციები და სხვადასხვა სახის ღონისძიებები იმართება ონლაინ. ეს ყველაფერი ჟურნალისტებს აძლევს შესაძლებლობას, რომ ონლაინ რეჟიმში იმუშაონ.

- ონლაინ მუშაობის რეჟიმი, როგორც უკვე აღნიშნეთ, დიდ სირთულეს არ წარმოადგენს გაზეთებისა და ონლაინ გამოცემებისთვის, მაგრამ ტელევიზიების შემთხვევაში როგორ ხდება შემთხვევის ადგილიდან ვიდეომასალის ან კომენტარების მოპოვება?

რომ გადახედოთ ტელევიზიების მუშაობას, 90%-ის შემთხვევაში, თუ მეტი არა, რესპონდენტები იმყოფებიან სახლის პირობებში, თვითონ ერთვებიან საკუთარი სახლებიდან. საერთაშორისო კორესპონდენტებიც კი, მაგალითად, იტალიიდან თუ ნახავთ, ჩართვის დროს არიან აივანზე და საცხოვრებელ სახლთან ახლოს, ვიდეოდ ძირითადად იყენებენ ადგილობრივი მედიის მასალას. საერთაშორისო სააგენტოებს ამ მხრივ აქვთ უდიდესი მნიშვნელობა. მიუხედევად იმისა, რომ Associated Press-მა თავისი ოფისი ვაშინგტონში დახურა Covid 19-ის გამო, ამ სააგენტოს სხვა ოფისები მუშაობს აქტიურად და მის მასალებს აქტიურად ვიყენებთ სხვადასხვა ორგანიზაციები. მათ შორის მეც, ჩემი სტატიებისთვის აქტიურად ვიყენებ ამ სააგენტოს მასალებს, რომლებიც უწყვეტად მომდის.

- როდესაც Associated Press-ს დაკეტილი აქვს ვაშინგტონის ოფისი, როგორ აშუქებს მაგალითად ვაშინგტონის ამბებს?

ჩვეულებრივად აშუქებენ, ოფისია დაკეტილი, თორემ ჟურნალისტები ჩვეულებრივად დისტანციურად, სახლებიდან მუშაობენ და აშუქებენ ყველა მნიშვნელოვან მოვლენას.

- რა ტიპის უსაფრთხოების ღონისძიებებს მიმართავენ რედაქციები, რომ დაიცვან რეპორტიორების უსაფრთხოება, რომლებიც უშუალოდ ნიუსრუმში მუშაობენ?

ყველა რედაქციას ჰყავს რამდენიმე ისეთი თანამშრომელი, რომელიც აუცილებელია, რომ ადგილზე იმყოფებოდეს რედაქციაში, მათი მუშაობა სახლიდან შეუძლებელია. ვინაიდან ასეთი ადამიანების რიცხვი მცირეა, ოთახებში უკვე არის იმის შესაძლებლობა, რომ ისინი იზოლირებულად, საჭირო დისტანციის დაცვით ისხდნენ. ამას გარდა, საეთეროებში დამონტაჟებულია დისტანციური თერმომეტრები. ცვლილებებია დიდი შოუების ფორმატშიც. მაგალითად, ცნობილი შოუ Goodmorning America და სხვა ცნობილი შოუები უკვე დიდი ხანია ისე იწერება, რომ სტუდიაში აღარ ზის მაყურებელი, როგორც ეს ადრე იყო. CNN-ის და სხვა ტელევიზიების ეთერებს თუ დააკვირდებით, ნახავთ, რომ წამყვანები ერთმანეთისგან გარკვეული დისტანციის დაცვით სხედან.

თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ჟურნალისტს ყველა ვარიანტში უწევს გარეთ გასვლა და ინფორმაციის ასე მოპოვება. ასეთ შემთხვევაში, როგორც “ნიუ-იორკ ტაიმსის” ერთ-ერთმა ჟურნალისტმა თქვა ამას წინათ, ჟურნალისტი აგრძელებს მუშაობას სიცოცხლის რისკის ფასად და ასეთი რისკის წინაშე დგანან ჟურნალისტები, როდესაც ისინი აშუქებენ ომებს, სტიქიურ უბედურებებს და ა.შ. შესაბამისად, გარკვეული რისკის ქვეშ ერთეულები იქნებიან, მაგრამ მაქსიმალური უსაფრთხოების ზომებს იღებენ მედიაორგანიზაციები ისე, როგორც სხვა დანარჩენი დაწესებულებები.

- რომელიმე მედიამ თუ შეაჩერა მუშაობა ან შეცვალა საეთერო ბადე?

ზოგიერთ გადაცემას, როგორც წესი, ახლავს რეპორტაჟები, რომლის მოსამზადებლად საჭიროა სხვადასხვა ადგილზე მოგზაურობა. ასეთი ტიპის სიუჟეტები გაუქმებულია და ძირითადად, სამაუწყებლო ბადეში დომინირებს კორონავირუსის თემა. თუმცა სხვა ცნობილი გადაცემები აგრძელებენ მუშაობას. ალბათ ყველაზე დიდი პრობლემა შეექმნება სპორტულ ამბებზე მომუშავე რეპორტიორებს, რადგან ხშირად ამერიკაში Breaking ამბები სწორედ სპორტს უკავშირდებოდა და ახლა ძალიან ბევრი სპორტული ღონისძიება არის გაუქმებული, თუმცა შესაძლოა, რომ ეს ღონისძიებებიც გაიმართოს ონლაინ ტრანსლაციის რეჟიმში, მაყურებლის გარეშე.

აქვე მინდა გითხრათ, რომ თეთრ სახლს, კონგრესს და ყველა სახელმწიფო უწყებას აქვს თავისი ტექნიკური შესაძლობლები, რომლითაც უზრუნველყოფს ტელევიზიებისთვის პირდაპირ ტრანსლაციას პრესკონფერენციებისა და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ, თუკი შეიზღუდება ჟურნალისტების დასწრება ამ ღონისძიებებზე ახლო მომავალში.

- თუკი ასეთ ფორმატში, ჟურნალისტების გარეშე მოხდება სახელმწიფო უწყებებიდან განცხადებების ტრანსლაცია, ეს ხომ არ შეუშლის ხელს მოსახლეობის სრულყოფილ ინფორმირებას, რომ ჟურნალისტები ვეღარ დასვამენ საჭირო შეკითხვებს და ამით ხომ არ ისარგებლებენ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებიც, რომლებსაც შეიძლება გაუჩნდეთ ინფორმაციის დამალვის სურვილი?

ჯერ არ ყოფილა ასეთი შემთხვევა, რომ ჟურნალისტებს შეეზღუდათ სადმე, სახელმწიფო დაწესებულებებში შესვლა და დასწრება. თუმცა იმის პრობლემა არ არის, რომ ჟურნალისტმა შეკითხვებზე პასუხი მოიპოვოს სხვა გზებითაც, გარდა პრესკონფერენციისა. ამისთვის არსებობენ პრესსამსახურები, რომლებთანაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ ჟურნალისტებს დარეკვა და შეკითხვების დასმა. ასევე, სოციალური მედიითაც შეიძლება ურთიერთობა - ყველა სახელმწიფო ორგანიზაციას და მოხელეებსაც აქვთ თავიანთი ექაუნთები თვითერზე და შეიძლება მათთან დაკავშირება.

- პირადად თქვენი მედია როგორი მუშაობის სტილზე გადავიდა?

ჩვენ ძირითადად საერთაშორისო ამბებს ვმუშაობთ, ამიტომ ჩემი ჟურნალისტები ფიზიკურად ამერიკაში არ არიან, არიან სხვა ქვეყნებში და ამ მხრივ, ჩემთვის პრობლემა არ არსებობს, იმიტომ, რომ მე სახლიდანაც შემიძლია მათ ვეკონტაქტო. თუმცა რადგან კორონავირუსია მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, ჩვენ ვეუბნებით ჩვენს ჟურნალისტებს, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ინტერნეტ აპლიკაციების კომუნიკაციისთვის რესპონდენტებთან. თუ ძალიან აუცილებელია, შეუძლია თვითონ რესპონდენტმა ჩაწეროს ვიდეო და გამოაგზავნოს Viber ან Whatsapp-ის საშუალებით.

თუმცა გაცილებით უფრო მეტად პრობლემატურად მეჩვენება კონტენტის საკითხი. ფაქტობრივად, მხოლოდ კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხები შუქდება მაშინ, როცა ჩვენ უფრო სხვა ტიპის კონტენტზე ვმუშაობდით და ამან შესაძლოა გამოიწვიოს ჩვენი გაიდლაინების გადახედვა მომდევნო თვეების განმავლობაში.

ამას გარდა, ჩვენ, როგორც წესი, გვაქვს ხოლმე ე.წ. Staff meeting-ები, თათბირები, სადაც ვგეგმავთ კვირის განრიგს და ეს თათბირიც ამ კვირაში პირველად გვექნება ონლაინ, ერთერთი აპლიკაციის გამოყენებით და ვნახოთ, როგორ გაამართლებს.

- რა ტიპის სირთულეებს ქმნის მუშაობის ეს სტილი, თუ პირიქით, უფრო მოსახერხებელი აღმოჩნდა მედიასაშულებებისთვის?

ჩემ შემთხვევაში ვერ ვიტყვი, რომ მნიშვნელოვნად გაართულა ონლაინ მუშაობამ პროცესი. ერთადერთი პრობლემა არის ის, რომ როდესაც სახლში არიან ბავშვები, რა თქმა უნდა, რთულია ამ შემთხვევაში მუშაობა. მაგრამ სხვა მხრივ, ონლაინ რეჟიმში მუშაობა არის უფრო მოსახერხებელი რედაქტორისთვის, მაგალითად, მაგრამ ტელევიზიებზე იგივე შეიძლება ვერ ვთქვათ.

ჯერჯერობით ამერიკაში არის საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ თუკი სრული ჩაკეტვა, სრული იზოლაცია გამოცხადდება ქვეყანაში, როგორც ეს არის იტალიში, ალბათ კიდევ უფრო მეტი შეზღუდვები და აკრძალვები იქნება მედიის წარმომადგენლებისთვისაც.

ავტორი : მაია მეცხვარიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ