მაუწყებლობისა და
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონებში დაგეგმილი ცვლილებების
პარლამენტის დარგობრივ კომიტეტში განხილვის დაწყებამდე, ტელე და
რადიომაუწყებლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა
პარლამენტის შენობასთან აქცია გამართეს.
ისინი პარლამენტს მოუწოდებენ
არ დაამტკიცოს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გამოხატვის
თავისუფლების გაუმართლებლად შეზღუდვის რისკებს შეიცავს და მისი
დამტკიცება მედიაგარემოს დიდ ზიანს მიაყენებს.
აქცია კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" ორგანიზებით დაიგეგმა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან
სალაძე ამბობს, რომ ორივე კანონპროექტი ნაჩქარევად, ექსპერტული
ჩარევების გარეშე მომზადდა და არსებითად აუარესებს ქვეყანაში
მედიაგარემოს მდგომარეობას.
"შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის კანონპროექტები, რომელიც მარეგულიებელ
კომისიას აძლევს საშუალებას გრძელი ხელის საშუალებით მუდმივად ერეოდეს
მაუწყებლების და ელექტრონული კომუნიკაციების სუბიექტების
საქმიანობაში. მარეგულირებელი კომისია ხშირად საუბრობს, რომ ეს
კანონპროექტი არ ეხება მედიას, თუმცა ეს არის ტყუილი, ეს ასე
ნამდვილად არ არის. ჩვენ საქართველოში ვიცით არაერთი სუბიექტი,
რომელიც ექცევა როგორც ელექტრონული კომუნიკაციების რეგულირების
სფეროში, ასევე მაუწყებლობის სფეროში".
მისივე შეფასებით, ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ მოსალოდნელ
ცვლილებებს აპროტესტებენ ელექტრონული კომუნიკაციების სუბიექტებიც,
რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს არის საკუთრების უფლებაში ჩარევა: "ეს აღარ
არის მხოლოდ მედიის მხრიდან და მედიის მხარდამჭერების მიერ გაკეთებული
განცხადება. ეს პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ მარეგულირებელი
კომისია და, დიდი ალბათობით, უშუალოდ მთავრობაც, მარეგულირებელი
კომისიის საშუალებით, ითავისუფლებს სივრცეს და ქმნის გარკვეულ
შესაძლებლობას იმისათვის, რომ მომავალში, საჭიროებისდა მიხედვით, მათ
შეძლონ გამოხატვის თავისუფლების შეზთუდვა. ამიტომაც, მნიშვნელოვანია,
რომ დღეს დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე ამ საკითხებზე იყოს არსებითი
მსჯელობა და არ მოხდეს მთლიანობაში ამ კანონპროექტების
მხარდაჭერა".
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)
ხელმძღვანელი გიორგი კლდიაშვილი პროცესის გაუმჭვირვალობაზე საუბრობს,
რაც, მისი თქმით, ერთ-ერთი ძალიან სერიოზული პრობლემაა. კლდიაშვილი
ხაზს უსვამს, რომ ამ ცვლილებების შემუშავების პროცესში არცერთი
დაინტერესებული მხარე ჩართული არ ყოფილა. იგი ფიქრობს, რომ ეს კანონი
ძალაში ვერ შევა, რადგან არაკონსტიტუციურია.
"ეს კანონი უსწრებს იმ დანარჩენ ცვლილებებს, რომელიც აუცილებელია
იმისათვის, რომ კანონი შევიდეს ძალაში. კომისიას ენიჭება ისეთი
უფლებამოსილება, რომელიც სცილდება მის კომპეტენციას. დროებითი
მმართველის დანიშვნის ერთ-ერთი საფუძველი საზოგადოებრივი
უსაფრთხოებაა, რისი განსჯაც მარეგულირებელ კომისიას არ შეუძლია,
შესაბამისად, ეს კანონი ვერ შევა ძალაში, რადგანაც არაკონსტიტუციურად
იქნება ჩათვლილი. დარწმუნებული ვარ, ის ორგანიზაციები რომლებსაც
ეხება, ამას გაასაჩივრებენ", - ამბობს გიორგი კლდიაშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობისა და კომუნიკაციების ეროვნული
კომისიის მიერ მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ
კანონებში ინიცირებულია ცვლილებები, რომლებშიც მაუწყებლები და მედიის
საკითხებზე მომუშვე ორგანიზაციები მთელ რიგ საფრთხეებს ხედავენ.
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 6 ივლისს დარეგისტრირებული საკანონდებლო
ინიციატივის მიხედვით, კომისიის სამართლებრივი აქტების სასამართლოში
გასაჩივრება კვლავინდებურად შესაძლებელია, თუმცა სასამართლოში
სარჩელის მიღება, ამ აქტების მოქმედების შეჩერების წინაპირობა აღარ
იქნება. აგრეთვე, კომისიას უფლებამოსილება ენიჭება, ელექტრონული
საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებში მის მიერვე
მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისთვის სპეციალური მმართველი
დანიშნოს.