ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა ხვალამდე გადაიდო
13.07.2020
მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი გაწვეული იქნება, ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვა კი გადადო. ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ დღეს კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

კაკულიას თქმით, "ელექტრონული კომუნიკაციების" შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით მარეგულირებელსა და ოპერატორებს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს და კანონპროექტი კომიტეტის ხვალინდელ სხდომაზე განსახილველად გადაიდო.

“ამასთან დაკავშირებით შაბათს იყო მარეგულირებელსა და ოპერატორებს შორის ინტენსიური კონსულტანციები. მე ვფიქრობ, რომ ამ კონსულტაციების გაგრძელება ისევ საჭიროა დღესაც. გარკვეული შესაძლებლობები არის, რომ უფრო დაახლოვდეს პოზიციები”, - განმარტა რომან კაკულიამ კომიტეტის სხდომაზე.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 6 ივლისს დარეგისტრირებული საკანონდებლო ინიციატივის მიხედვით, კომისიის სამართლებრივი აქტების სასამართლოში გასაჩივრება კვლავინდებურად შესაძლებელია, თუმცა სასამართლოში სარჩელის მიღება, ამ აქტების მოქმედების შეჩერების წინაპირობა აღარ იქნება. აგრეთვე, კომისიას უფლებამოსილება ენიჭება, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებში მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისთვის სპეციალური მმართველი დანიშნოს.

საქართველოს მთავრობისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონებში ინიცირებული ცვლილებებში მაუწყებლები და მედიის საკითხებზე მომუშვე ორგანიზაციებ საფრთხეებს ხედავენ. 10 ივნისს ტელე-რადიომაუწყებლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობასთან აქცია გამართეს და პარლამენტს მოუწოდეს, რომ არ დაამტკიცოს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებლად შეზღუდვის რისკებს შეიცავს და მისი დამტკიცება მედიაგარემოს დიდ ზიანს მიაყენებს.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ