„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ შეშფოთებას გამოთქვამს
„აჭარა თაიმსის“ რედაქტორზე სიტყვიერი თავდასხმის გამო. როგორც
ორგანიზაციის
განცხადებაში ვკითხულობთ, ეს არ არის პირველი
შემთხვევა, როცა სულხან მესხიძე კრიტიკული გაშუქების გამო მსგავსი
შეურაცხყოფის ობიექტი გახდა.
„11 ოქტომბერს ბათუმის ახალი შემოვლითი გზის 14 კმ.-იანი მონაკვეთი საზეიმოდ გახსნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აჭარის მთავრობამ. საღამოს გაირკვა, რომ სინამდვილეში მშენებლობა დასრულებული არ არის - მძღოლებმა, რომელთაც სასიხარულო ახალი ამბავი მედიით შეიტყვეს, გზით სარგებლობა იმ საღამოსვე გადაწყვიტეს, თუმცა მათ ის ბეტონის ფილებით გადაკეტილი დახვდათ და უკან გაბრუნება მოუწიათ. ეს ამბავი ონლაინ მედიასაშუალების, „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელმა და რედაქტორმა, სულხან მესხიძემ ლაივით გააშუქა, რის შემდეგაც მას უცნობმა პირმა შეურაცხმყოფელი შეტყობინებები გაუგზავნა ტელეფონზე.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სულხან მესხიძე მსგავსი შეურაცხყოფის ობიექტი გახდა კრიტიკული გაშუქების გამო. ის არც ერთადერთი ჟურნალისტია, რომელიც ბოლო თვეებში იმავე მიზეზით მსგავსი თავდასხმის ობიექტი გახდა“.
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, აიღოს პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე, შეცვალოს დამაზიანებელი რიტორიკა და უზრუნველყოს ჟურნალისტთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების დროული და ეფექტური გამოძიება.
„საქართველოს ხელისუფლება უკვე წლებია, მიზანმიმართულად და სისტემურად ეწევა ჟურნალისტიკის, როგორც პროფესიის დისკრედიტაციას. მაღალი თანამდებობის პირთა გახშირებულ თავდასხმებს ცალკეულ ჟურნალისტებზე, ზიზღისა და სიძულვილის ენის გამოყენებით, წახალისებულ და ზოგ შემთხვევაში, ორგანიზებულ ძალადობას და დაუსჯელობას ჟურნალისტთა მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, შედეგად მოსდევს ის, რომ ჟურნალისტები საქართველოში, პროფესიული მოვალეობის განხორციელებისას, თავს დაცულად ვეღარ გრძნობენ. დამძიმებული ვითარების მსუსხავი ეფექტი საქართველოს მოსახლეობას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გარეშე ტოვებს“.
„აჭარა თაიმსის“ დამფუძნებლმა, სულხან მესხიძემ სექტემბრის დასაწყისშიც ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა, რომ უცნობი პირი მის სახლში შეჭრას ცდილობდა.
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ წევრობაზე
დაფუძნებული დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომლის ხელმომწერიც 300-ზე
მეტი ჟურნალისტია.
„აჭარა თაიმსის“ დამფუძნებლის სახლში უცნობი პირი შეჭრას ცდილობდა