„უკანონობას აკეთებ, როცა გვიღებ“, - რუსთავის მერიის მუნიციპალური სამსახურის წარმომადგენელი QvemoQartli.ge-ს ჟურნალისტს
24.10.2024

 

როგორც ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი - QvemoQartli.ge წერს, გუშინ, 23 ოქტომბერს ჟურნალისტი ქეთევან მოსიავა „ქართული ოცნების“ ღონისძიებისთვის თბილისში მოქალაქეების გადაყვანის პროცესის გადაღებას ცდილობდა, რა დროსაც, რუსთავის მუნიციპალური აიპის თავმჯდომარის მოადგილემ, კარლო ნოდიამ მას ფოტო/ვიდეო გადაღების უფლება შეუზღუდა.

ქალაქ რუსთავის მუნიცილიტეტის მერიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, კარლო ნოდია ერთ-ერთი მუნიციპალური სამსახურის, ,,რუსთავის კორპუსის” დირექტორის მოადგილეა. 

„ნოდია ჟურნალისტისგან მოითხოვდა მედიის ბეიჯის წარდგენას მისთვის. ასევე, აცხადებდა, რომ არ აძლევდა ჟურნალისტს მისი გადაღების უფლებას. დაპირისპირების დროს ისმის მისი მხრიდან გაჟღერებული მუქარაც: „მე ვერ აგიკრძალავ შენ, შეგეხები ხელით რომ ჩაგიშალო გადაღება.“

მედიის წარმომადგენლის შეურაცხყოფას ცდილობენ, მის გარშემო შემოკრებილი ადამიანებიც: „შენ თავიდან ბოლომდე ვირუსი ხარ“, „25 წლის ხარ, არ გეტყობა.“

მედიის წარმომადგენელი ადგილზე მარტო მუშაობდა, შესაბამისად, მას თავდაცვისთვის მხოლოდ უწყვეტი ვიდეოგადაღება შეეძლო. უხსნიდა შეკრებილებს, რომ არის ჟურნალისტი და ვიდეოგადაღებას აწარმოებს საჯარო სივრცეში, სადაც ამისი უფლება ნებისმიერ პირს აქვს.

შეგახსენებთ, რომ მედია არ მუშაობს ბეიჯით და სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშნებით მხოლოდ იმის გამო, რომ არ გახდეს ადვილი სამიზნე აგრესიული ჯგუფებისთვის და შეძლოს კრიტიკული ფაქტების გადაღება", - ვკითხულობთ QvemoQartli.ge-ს განცხადებაში.

ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალის ინფორმაციით, მათ ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. „ასევე, საია-ს ადგილობრივი ოფისის სამართლებრივი მხარდაჭერით, შესაბამისი ახსნა-განმარტებითი ჩვენება მისცა, რუსთავის საქალაქო სამმართველოს I განყოფილებაში“.

QvemoQartli.ge ფაქტის სათანადო გამოძიებასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის გამო კარლო ნოდიას სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.

„მედიაჩეკერი“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც დაუკავშირდა, ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება. 

 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ