„იმედმა“ და POSTV-იმ Meta-ს პლატფორმებზე რეკლამებისთვის ერთ თვეში $27 085 დახარჯეს
24.10.2024


„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ წინასაარჩევნო პერიოდის პირველი თვის განმავლობაში (27 აგვისტო - 25 სექტემბერი) Meta-ს პლატფორმებზე განთავსებული პოლიტიკური რეკლამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ISFED-ის მიმოხილვაში მოხვდა მედიასაშუალებების სარეკლამო დანახარჯებიც.

როგორც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ კვლევაში ვკითხულობთ, Meta-ს რეკლამების ბიბლიოთეკის მიხედვით, 27 აგვისტოდან 25 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში არჩევნების, პოლიტიკის ან სოციალური საკითხების შესახებ მედიასაშუალებების გვერდებზე 30-დან 33 ათასამდე აშშ დოლარის ღირებულების 1 325 რეკლამა გამოქვეყნდა. მათი დიდი უმრავლესობა (1 043 რეკლამა) პროსახელისუფლებო მედიასაშუალებების - „იმედისა“, „პოს ტვ-ის“ გვერდებზე განთავსდა, რისთვისაც ჯამში 27 085 აშშ დოლარი დაიხარჯა. 

„რეკლამების უმრავლესობა შეიცავდა ღია აგიტაციას მმართველი პარტიის სასარგებლოდ და ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების საწინააღმდეგოდ. აღნიშნულმა სარეკლამო კამპანიამ საარჩევნო სუბიექტსა და მოცემულ მედიასაშუალებებს შორის ზღვარი, ფაქტობრივად, წაშალა. ამასთან ერთად, „პოს ტვ-ის“ რეკლამების ნაწილი შეიცავდა შეურაცხმყოფელ ლექსიკას, აწარმოებდა ჰომოფობიურ და ანტიდასავლურ, მათ შორის ევროკავშირის საწინააღმდეგო, კამპანიას“. 

მედიასაშუალებების რეკლამები არჩევნების ან/და სოციალურ-პოლიტიკური საკითხების შესახებ 

საანგარიშო პერიოდში მედიასაშუალებების გვერდებზე არჩევნების, პოლიტიკის ან სოციალური საკითხების შესახებ გამოქვეყნებული 1 325 რეკლამიდან 1 094 პროსახელისუფლებო მედიასაშუალებების - „იმედის“, „პოს ტვ-ისა“ და „ნიუსჰაბის“ გვერდებზე განთავსდა. როგორც ISFED-ი წერს, განსაკუთრებით აღსანიშნავია „პოს ტვ-ის“ რეკორდული აქტივობა, რომელმაც პოსტები 6 გვერდზე („POSTV - ახალი ამბები“, „POSTV - ანალიტიკა“, „ლიბერალიზმის ანატომია“, „ევროკრატია“, „კონსერვატორია“ და „9 თვალი · 9 Tvali“) დაარეკლამა. მათგან მხოლოდ ერთი გვერდის - „POSTV - ახალი ამბები“ მიერ ამ პერიოდში ფეისბუკსა და ინსტაგრამზე 615 რეკლამა გამოქვეყნდა. 




რაც შეეხება Meta-ს პლატფორმებზე მედიასაშუალებების სარეკლამო დანახარჯებს, მათ შორის ყველაზე მეტი - $16 311 POSTV-იმ გადაიხადა, $10 774 კი - „იმედმა“.

„„პოს ტვ“, ამავდროულად, ათავსებდა რეკლამებს, რომლებიც ანტიდასავლურ, ევროკავშირის საწინააღმდეგო პროპაგანდას ემსახურებოდა. მათ შორის, 2 სექტემბერს შეიქმნა გვერდი „ევროკრატია“, რომლის მიზანიც, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეებში ევროკავშირის მიმართ ნდობის შერყევაა. გვერდზე წარმოებული სარეკლამო კამპანია, ისევე, როგორც „პოს ტვ-ის“ სხვა გვერდებზე განთავსებული რეკლამების ნაწილი, ევროპის პოლიტიკურ ელიტებს ქრისტიანობის წინააღმდეგ ბრძოლას მიაწერდა და ასევე, წარმოაჩენდა ევროკავშირის სახელმწიფოების ეკონომიკურ დაცემას რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემდეგ“, - ვკითხულობთ ანგარიშში. 


სოციალური მედიის მონიტორინგის ფარგლებში „სამართლიანი არჩევნები“ აღწერს კომპანია Meta-ს პლატფორმებზე, ფეისბუკზე, ინსტაგრამზე და მესენჯერში, ქართული აუდიტორიისთვის განთავსებული იმ რეკლამების მახასიათებლებს, რომლებიც ეხება არჩევნებს, სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებს. ანგარიში კი ეფუძნება Meta-ს რეკლამების ბიბლიოთეკის (Meta Ad Library) მონაცემებსა და სოციალური მედიის მონიტორების დაკვირვების შედეგებს.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ