„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სადამკვირვებლო მისიამ
წინასაარჩევნო გარემო შეაფასა.
ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდი
მაღალი პოლარიზაციის ფონზე, არათანასწორ გარემოში წარიმართა.
კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებმა და გამოკვეთილმა უარყოფითმა
ტენდენციებმა კი წინასაარჩევნო პროცესებზე დამაზიანებლად
იმოქმედა.
საიამ უარყოფითად შეაფასა კომუნიკაციების კომისიის 4 გადაწყვეტილებაც:
„ნიშანდობლივია, რომ კომისიის და შემდგომ სასამართლოს გადაწყვეტილებები ამ საქმეებზე საარჩევნო ნორმების არასწორ განმარტებებს ემყარებოდა, რაც მმართველ პარტიას, ყველა შემთხვევაში, სხვა საარჩევნო სუბიექტებთან შედარებით, უპირატეს მდგომარეობაში აყენებდა. ნორმების ამგვარი ინტერპრეტაცია ძირს უთხრის თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ წინასაარჩევნო გარემოს და აზიანებს პოლიტიკურ ძალებს შორის თანასწორი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზანს“.
სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში საია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ წერილებზე საჯარო უწყებების რეაგირების მონიტორინგსაც აწარმოებდა. ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაციის მიღების მიზნით სხვადასხვა საჯარო უწყებას 158-ჯერ მიმართა. 48 შემთხვევაში მას პასუხი არ მიუღია, ხოლო 23 წერილზე პასუხი არასრულყოფილი იყო.
„საჯარო ინფორმაციის გაუცემლობა აფერხებს საიას სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგის პროცესს“.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ანგარიშში მოხვდა რუსული სტილის კანონის მიღება და მისი თანმდევი მოვლენებიც.
„„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის ხელახალმა ინიციირებამ და მისმა თანმდევმა პროცესებმა, ასევე, ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო სექტორის სისტემურმა მადისკრედიტირებელმა კამპანიამ და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის რიტორიკამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების შესაძლებლობა“.
საიამ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია 2024 წლის აპრილიდან დაიწყო.