ISFED: 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მედიაგარემო პოლარიზებული იყო
25.10.2024



„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ წინასაარჩევნო გარემო შეაფასა. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მედიაგარემო პოლარიზებული იყო. მმართველი პარტიის კანდიდატები არ მონაწილეობდნენ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიასაშუალებების საინფორმაციო გადაცემებში, ხოლო პროსახელისუფლებო მედია არ იწვევდა ძირითადი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მის სატელევიზიო გადაცემებში.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა კი კრიტიკულ მედიასაშუალებებთან მიმართებით კომისიის საქმიანობის სადამსჯელო მექანიზმად გამოყენებისა და მისი ინსტრუმენტალიზების რისკები შექმნა.

„მაგალითად, წინასაარჩევნო პერიოდში მედიაორგანიზაციებმა ეთერში არ განათავსეს ომში მყოფი უკრაინელი ხალხის ტრაგედიის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების ამსახველი და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მადისკრედიტირებელი შინაარსის მქონე პოლიტიკურ რეკლამები, მედიაეთიკის სტანდარტის დარღვევის არგუმენტით. კომუნიკაციების კომისიამ კი აღნიშნული შემთხვევები კანონმდებლობის დარღვევად მიიჩნია და მედიაორგანიზაციებს ფინანსური პასუხისმგებლობაც დააკისრა.

პრობლემური და რისკის შემცველი იყო სასამართლოსა და კომუნიკაციების კომისიის მიერ განვითარებული მსჯელობა, იმასთან დაკავშირებით, რომ პირის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადება სხვა პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანების თაობაზე, იმ პირობებში, როდესაც პარტიაში რეორგანიზაცია ან/და შერწყმა არ განხორციელებულა, საკმარისად შეიძლება ჩაითვალოს იმისათვის, რომ საარჩევნო სუბიექტის აქტივობა, სხვა საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ იქნას მიჩნეული. ასევე, მედიაორგანიზაციების მხრიდან გამოიკვეთა უფასო თუ ფასიანი პოლიტიკური რეკლამების შერჩევითად განუთავსებლობის შემთხვევებიც“.

„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, კომუნიკაციების კომისიამ რუსული კანონის წინააღმდეგ გაშუქებული ვიდეორგოლი პოლიტიკურ რეკლამად მიიჩნია, რითაც სახიფათო პრეცედენტი და კრიტიკული მედიაორგანიზაციების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რისკი შექმნა. 

როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, წინასაარჩევნო პერიოდში საკანონმდებლო ორგანოში კრიტიკული მედიასაშუალებების ჟურნალისტების მიმართ აკრედიტაციის შეჩერების რამდენიმე შემთხვევაც გამოვლინდა. ასევე, გამოვლინდა ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევები. მსგავსი ფაქტები კი, ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების ხელშეშლად შეიძლება იქნას მიჩნეული. 

„არჩევნების წინ, ქვეყნის შიგნით არსებული დეზინფორმაციული და საინფორმაციო მანიპულაციების პარალელურად, მნიშვნელოვნად გააქტიურდა რუსული საინფორმაციო ოპერაციები პოლიტიკურ პროცესებში. სოციალურ მედიაში მოქმედმა ქსელმა, რომელიც რუსეთთან არის დაკავშირებული და წინა წლებში, ძირითადად, ანტიდასავლურ გზავნილებს, კერძოდ კი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საწინააღმდეგო ნარატივებს ავრცელებდა, წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლების მხარდამჭერი კამპანია გაააქტიურა“. 


სოციალური მედიის საარჩევნო მიზნებით გამოყენება 

როგორც „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში ვკითხულობთ, ოფიციალური გვერდების აქტიურობის პარალელურად, სოციალურ ქსელებში ანონიმურად

მიმდინარე არაეთიკურმა კამპანიამ, რომლის სამიზნეც პოლიტიკურ აქტორებთან ერთად, სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებიც იყვნენ, პარტიების (ძირითადად, მმართველი პარტიის) ნარატივებში გადაინაცვლა. ამ მიმართულებით განსაკუთრებით აქტიური ოპოზიციური პარტიების მადისკრედიტირებელი და მმართველი გუნდის მხარდამჭერი ანგარიშები იყვნენ.

„შეთქმულების თეორიები, ნაციონალისტური, ანტიდასავლური, ანტილიბერალური და ჰომოფობიური გზავნილები განსაკუთრებით ხშირი იყო პროსახელისუფლებო და ოპოზიციის მადისკრედიტირებელ კამპანიებში. მსგავს კამპანიებში აქტიურად იყვნენ ჩართული პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებიც. მათი რეკლამების უმრავლესობა შეიცავდა ღია აგიტაციას მმართველი პარტიის სასარგებლოდ და ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების საწინააღმდეგოდ. აღნიშნულმა სარეკლამო კამპანიამ საარჩევნო სუბიექტსა და მოცემულ მედიასაშუალებებს შორის ზღვარი, ფაქტობრივად, წაშალა. ამასთან ერთად, „POSTV-ის“ რეკლამების ნაწილი შეიცავდა შეურაცხმყოფელ ლექსიკას, აწარმოებდა ჰომოფობიურ და ანტიდასავლურ, მათ შორის ევროკავშირის საწინააღმდეგო, კამპანიას“.

ხვალ, 26 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ქვეყნის ისტორიაში პირველად, საქართველოს მოქალაქეები უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. საქართველოს პარლამენტის 150 მანდატი განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 %-ს მაინც მიიღებენ.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ