სადამკვირვებლო მისიამ - „ჩემი ხმა“ წინასაარჩევნო გარემოს შეფასება
დაასრულა. მასში მონაწილეობა მისიის არაერთმა
წევრმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ მიიღო. სადამკვირვებლო
მისიის საერთო შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ არჩევნებში
მონაწილეობის მხრივ პარტიები შეზღუდული არ ყოფილან, 2024 წლის 26
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემო იყო
არათანაბარი, ხოლო სახელმწიფო ინსტიტუტების გადაწყვეტილებები და
მიდგომები საარჩევნო დარღვევების მიმართ უსამართლო და მმართველი
პარტიის სასარგებლოდ მიკერძოებული.
როგორც წინასაარჩევნო გარემოს შეფასების დოკუმენტში ვკითხულობთ, ეს პერიოდი მასიური დეზინფორმაციული კამპანიის ფონზე მიმდინარეობდა.
„პრაქტიკულად მთელი სახელმწიფო მანქანა, ასევე ხელისუფლების მიერ კონტროლირებული და მართული პროპაგანდისტული მედიასაშუალებები ემსახურებოდა მმართველი პარტიის საარჩევნო მიზნებს. ამ პროცესში, სხვადასხვა ფორმითა და მასშტაბით მონაწილეობდნენ არა მხოლოდ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, არამედ სასამართლო ხელისუფლებაც და ე.წ. დამოუკიდებელი ინსტიტუტებიც - ცენტრალური საარჩევნო კომისია, კომუნიკაციების კომისია და ანტიკორუფციული ბიურო“.
სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მხრიდან მუდმივი თავდასხმების სამიზნე ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედია იყო.
„კომუნიკაციების კომისია, რომელიც ხელისუფლების პროპაგანდისტული არხების დაჯარიმების რამდენიმე შემთხვევით ამაოდ ცდილობდა ნეიტრალურობის ფასადის შექმნას, უმეტესწილად უკანონოდ და დაუსაბუთებლად სწორედ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ სამაუწყებლო კომპანიებს აჯარიმებდა“.
ანგარიშის მიხედვით, მკვეთრად უთანასწორო იყო საარჩევნო პერიოდში მედიაზე წვდომა საარჩევნო სუბიექტებისათვისაც.
„სახელისუფლებო რედაქციის მქონე მედიასაშუალებები დახურული იყო ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოებისათვის. ამას ემატება ისიც, რომ მმართველი პარტიის წევრები კრიტიკულ მედია-საშუალებებს არ სტუმრობდნენ, რამაც დააზიანა ამომრჩევლის ჯეროვანი ინფორმირების პროცესი“.
ხვალ, 26 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ქვეყნის ისტორიაში პირველად, საქართველოს მოქალაქეები უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. საქართველოს პარლამენტის 150 მანდატი განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 %-ს მაინც მიიღებენ.