„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ საარჩევნო უბნებთან მობილიზებული პირების მხრიდან ჟურნალისტთა მიმართ გამოხატული აგრესიის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და საგამოძიებო სამსახურს შემთხვევების ეფექტურად გამოძიებისკენ მოუწოდებს
26.10.2024


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ საარჩევნო უბნებთან მობილიზებული პირების მხრიდან ჟურნალისტთა მიმართ გამოხატული აგრესიის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ყველა შემთხვევის ეფექტურად გამოძიებისკენ მოუწოდებს. 

როგორც ორგანიზაციის განცხადებაში ვკითხულობთ, „მთავარი არხისა“ და „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს ისნის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, 11:00 საათისთვის, უცნობი პირი დაუპირისპირდა და დარბევით დაემუქრა. 

„უბანზე ჟურნალისტები ქეთა ციცქიშვილი და მარიამ გაფრინდაშვილი იღებდნენ აგრესიულად განწყობილ პირებს, რომლებიც ხმის მისაცემად მისულ ამომრჩევლებს და ჟურნალისტებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ“.

ახმეტის რაიონის სოფელ მატანში, 11:30 საათისთვის მოქალაქეები თავს დაესხნენ ჟურნალისტ გელა მთივლიშვილსაც, რომელიც უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა. 

„გელა მთივლიშვილმა არაუფლებამოსილ პირებს უბნის შესასვლელის და მიმდებარე ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. აგრესიულმა პირებმა მას ტელეფონი წაართვეს, გადაღებაში ხელი შეუშალეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მთივლიშვილმა საქმის კურსში ჩააყენა 112. მოგვიანებით ის შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს“.

ქუთაისში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, CNews-ის ინფორმაციით, სამი პირი ფიზიკურად გაუსწორდა ჟურნალისტს, გიგა გელხვიიძეს.

„ჟურნალისტმა გიგა გელხვიიძემ აღმოაჩინა სიები, სადაც მოქალაქეების პირადი მონაცემები იყო დაფიქსირებული. აქტივისტების გაღიზიანება ამ ფაქტმა გამოიწვია“.

მარნეულში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე კი, რადიო “მარნეულის” ჟურნალისტებს ვლადიმერ ჩხიტუნიძესა და თიკო დავაძეს დამკვირვებელმა, რომელიც მათი ინფორმაციით, “ქართული ოცნების” მხარდამჭერია, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, “აგენტები” და “ქვეყნის გამყიდველები” უწოდა და ანგარიშსწორებით დაემუქრა. 

„დამატებით, უბნის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს ვიდეოგადაღება შეუზღუდა“.

საპარლამენტო არჩევნების გადაღების პროცესში ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის შემთხვევებზე სათანადო რეაგირებისთვის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა „მედიაომბუდსმენმა“. 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ