ეუთო/ოდირის მისია: „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ სხვა პარტიებთან შედარებით, „ქართულ ოცნებას“ მნიშვნელოვნად მეტი დრო დაუთმო
28.10.2024


საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შეაფასა. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია მედიაგარემოზეც. 

ეუთოს (OSCE) დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა (NATO PA) და ევროპარლამენტის (EP) ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, საქართველოს მედიაგარემო მრავალფეროვანი, მაგრამ მეტისმეტად პოლარიზებულია და დაფინანსების თვალსაზრისით პოლიტიკურ აქტორებზეა დამოკიდებული. სადამკვირვებლო მისიის მიერ განხორციელებულმა მედიამონიტორინგმა კი, ყველა მედიასაშუალების მკვეთრი პოლიტიკური მიკერძოება აჩვენა მაშინ, როცა მიუკერძოებელი გაშუქების ვალდებულება კომერციულ ტელეკომპანიებში უგულვებელყოფილი იყო.

„მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კანდიდატთა გაშუქება მეტწილად პოზიტიური ან ნეიტრალური იყო, მან მმართველ პარტიას, სხვა პარტიებთან შედარებით, მნიშვნელოვნად მეტი დრო დაუთმო“.

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ანგარიშის მიხედვით, ჟურნალისტთა უსაფრთხოება კვლავაც შეშფოთების უმთავრესი საგანია ბოლო დროს დაფიქსირებული თავდასხმების, დაშინებისა და ზეწოლის უწყვეტი ინციდენტების გამო.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელის, იულიან ბულაის თქმით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ხასიათდებოდა „პოლიტიკური და მედია ლანდშაფტის მძაფრი პოლარიზებით, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული სიძულვილის ენითა და პრეზიდენტის აპარატის წინააღმდეგ მიმართული ანტაგონიზმით“.

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ჯამში 42 ქვეყნის წარმომადგენელი 529 დამკვირვებლით მუშაობდა. მათ შორის იყო დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მიერ გამოგზავნილი 380 ექსპერტი, გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლების, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) 60 პარლამენტარი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 39-წევრიანი დელეგაცია (PACE), ევროპარლამენტის 12-წევრიანი დელეგაცია (EP) და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 38-წევრიანი დელეგაცია (NATO PA).

 
 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ