26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს, მარნეულის მე-4
საარჩევნო უბანთან „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფს პროფესიულ
საქმიანობაში ხელი შეუშალეს.
უბანთან მობილიზებულმა პირებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა
მიაყენეს ჟურნალისტ ნინო ელიკაშვილს და მის ოპერატორს. „TV პირველის“
გადამღებ ჯგუფს უბნის დატოვებისკენ მოუწოდებდა „ქართული ოცნების“
საარჩევნო შტაბის უფროსი, ამირან გიორგაძე.
"ზეგავლენას ახდენთ თქვენ, თქვენ თქვენი ტელევიზიით,
რადგან კამერა გიკავიათ, მიკროფონი გიკავიათ, ყველაფრის უფლება გაქვთ,
თქვენ ესე გგონიათ. ეგრე არ გამოვა," - ეუბნება
ვიდეოჩანაწერში ამირან გიორგაძე „TV პირველის“ ჟურნალისტს.
ნინო ელიკაშვილის თქმით, მარნეულის მე-4 საარჩევნო უბანთან დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დამკვირვებელს, გიორგი გოცირიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტის თქმით, ჯგუფი ადგილზე „ქართული ოცნებისა“ და „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებას იღებდა.
„აქ იმყოფება „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსი, ამირან გიორგაძე, რომლის ოჯახის წევრებიც არიან მობილიზებულები მე-4 საარჩევნო უბანთან. სწორედ მათი მხრიდან განხორციელდა ჩვენ მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ფიზიკური დაპირისპირება. ისინი ცდილობდნენ, ჩვენი კამერის გადაგდებას შემაღლებული ტერიტორიიდან და ამის შემდგომ ჩვენ უკვე გამოვედით შედარებით უსაფრთხო ადგილას“ - აცხადებს ჟურნალისტი ადგილიდან ჩართვისას.
ნინო ელიკაშვილმა ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს ჰკითხა, მომხდართან დაკავშირებით დაიწყებოდა თუ არა გამოძიება, სამართალდამცავმა კი ჟურნალისტი პრესცენტრთან გადაამისამართა.