პრორუსულმა ტელევიზიამ „ალტ-ინფომ“ მაუწყებლობა შეწყვიტა
29.10.2024



პრორუსულმა ტელევიზიამ - „ალტ-ინფო“ ფინანსური პრობლემების გამო მაუწყებლობა შეწყვიტა. ამის შესახებ „ალტ-ანალიტიკის“ სპეციალური ეთერის ერთ-ერთმა წამყვანმა, გიორგი ქარდავამ განაცხადა:

„ჩვენი ტელევიზია ამ ფორმატით ვერ გააგრძელებს მუშაობას იმ მარტივი მიზეზთა გამო, რომ თქვენ იცით, თავიდან ბოლომდე ჩვენი ტელევიზია იყო თქვენი დახმარებით, თქვენი ფინანსების დახმარებით. პირველი თეთრიდან ბოლო თეთრამდე ეს ტელევიზია და, ზოგადად, ჩვენი პარტიული ინფრასტრუქტურა არსებობს და არსებობდა ჩვეულებრივი ხალხის, ჩვენი მაყურებლის, თანამებრძოლის შემოწირულობებით და სახსრებით. ცხადია, ჩვენ ვერ ვეტყვით და მოვუწოდებთ მაყურებლებს, რომ მუდმივ რეჟიმში შეინახონ ამხელა ტელევიზია. ეს ძალიან რთულია. რესურსებიდან გამომდინარე წარმოუდგენელია. ამიტომ, მოგვიწევს გარკვეული რეორგანიზაცია და მაუწყებლობის შეცვლა“.

გიორგი ქარდავას თქმით, თუ რა ფორმატით გააგრძელებენ „პოლიტიკურ და საინფორმაციო ბრძოლას“, ჯერ ინფორმაცია არ აქვთ.

გადაწყვეტილებას „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერები არჩევნებში მიღებული დაბალი შედეგით ხსნიან. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „კონსერვატიული მოძრაობა“ „პატრიოტთა ალიანსთან“ ერთად მონაწილეობდა. „ცესკოს“ მონაცემებით, მათ 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს.

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის მიერ 16 სექტემბერს დასანქცირებულ პირებს შორის პრორუსულ  ორგანიზაცია „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშიაც არიან. ასევე, 20 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ myvideo.ge-მ „ალტ-ინფო“ არხების ჩამონათვალიდან ამოიღო.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ