„ევროპის ფონდმა“ ჯილდოს - „საგამოძიებო ჟურნალისტიკა
ცვლილებებისათვის“ 2024 წლის გამარჯვებულები
დაასახელა.
ფონდის განცხადებით, ქართველი გამომძიებელი ჟურნალისტების მხარდაჭერისა და წახალისებისათვის, ვისაც მნიშვნელოვანი საკითხების გასაშუქებლად ხშირად სახიფათო და მტრულ გარემოში უწევთ მუშაობა, „ევროპის ფონდმა“ საგამოძიებო ჟურნალისტიკის ჯილდო დააწესა.
„ჯილდო მიზნად ისახავს გამოავლინოს და წაახალისოს ის ჟურნალისტები და მედია საშუალებები, რომლებმაც არაერთი საჭირბოროტო საკითხი გამოააშკარავეს და ამავდროულად, ბიძგი მისცეს ფართო საზოგადოებრივ მობილიზაციას პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების მოთხოვნით, ან მიაღწიეს სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებს საქართველოს მოქალაქეთა საკეთილდღეოდ“.
2024 წლის გამარჯვებული ავტორები:
ჯილდო საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიებისათვის გადაეცა გელა მთივლიშვილს ფილმისთვის - „დანაშაული შოვში“
„მთის ამბების“ ამ უმნიშვნელოვანესმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ წარმოაჩინა სამსახურეობრივი გულგრილობის დამღუპველი შედეგები და დაადგინა, რომ ბუნებრივი კატასტროფა შოვში, რომელსაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, პროგნოზირებადი იყო; ამის შესახებ ინფორმაცია კი ათწლეულების განმავლობაში არსებობდა. დოკუმენტების, გეოლოგიური რუკების და საექსპერტო კვლევების ზედმიწევნით შესწავლის შემდეგ, მთის ამბებმა გამოავლინა, რომ ხელისუფლების უმოქმედობის და დანაშაულებრივი გულგილობის გამო, საკურორტო ზონას ევაკუაციის გეგმა, უსაფრთხოების ზომები და ადეკვატური ინფრასტრუქტურა არ გააჩნდა; სრულად არ იყო მდინარე ბუბაზე დამცავი ჯებირი აგებული. სტიქიიდან ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი საათების განმავლობაში, სამაშველო ოპერაციები დაყოვნებით და არაკოორდინირებულად მიმდინარეობდა, მაშველებს არ ჰქონდათ სათანადო აღჭურვილობა, რათა სტიქიის შედეგებს გამკლავებოდნენ. ეს გაბედული ჟურნალისტური გამოძიება აკისრებს პასუხისმგებლობას ხელისუფლებაში მყოფებს და ამავდროულად, გვიამბობს იმ ტრაგედიის მსხვერპლთა სათქმელს, რომლის თავიდან აცილებაც შესაძლებელი იყო.
მეორე ჯილდო გადაეცა აიდან იუსუფსა და ნათია მიქელაძეს ჟურნალისტური გამოძიებისათვის - “სანქციებისგან თავის არიდება: როგორ მონაწილეობს საქართველო რუსეთის სამხედრო მომარაგების ჯაჭვში” (აიფაქტი)
ჟურნალისტური გამოძიებით გამოვლინდა რუსეთისთვის სანქცირებული საქონლის მიწოდების ფარული სქემა. გამოძიებამ აჩვენა, რომ 2022 წელს დაწესებული საერთაშორისო სანქციების მიუხედავად, ორმაგი დანიშნულების ნივთები, როგორიცაა დრონები, GPS მოწყობილობები და კომპიუტერული ჩიპები, კვლავ მიეწოდებოდა რუსეთს ისეთი ქვეყნების გავლით, როგორიცაა საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნები. აღმოჩნდა, რომ 2023-2024 წლებში, 10,7 მილიონ დოლარად შეფასებული ეს კრიტიკულად მნიშნველოვანი მარაგი მიემართებოდა რუსეთის სამხედრო ძალისხმევაზე უკრაინასთან მიმდინარე ომში. გამკაცრებულ კონტროლთან დაკავშირებით საქართველოს შემოსავლების სამსახურის მიერ გაკეთებული განცხადებების საპირისპიროდ, IFact-ის ჟურნალისტურმა გამოძიებამ გამოავლინა სანქციების აღუსრულებლობის შემთხვევები. აღნიშნული ნამუშევარი წარმოაჩენს გლობალური ვაჭრობისა და ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებულ სირთულეებს.
მესამე ჯილდო გადაეცა TV პირველის ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს და ასევე, სტუდია მონიტორის ჟურნალისტებს, ზურაბ მოდებაძესა და ნინო ზურიაშვილს.
მაკა ჩიხლაძის ჟურნალისტურმა გამოძიებამ გამოააშკარავა სახელმწიფო სახსრების ბოროტად გამოყენების შემთხვევები და წარმოაჩინა, თუ როგორ იხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი არარსებულ სამუშაოებზე დასაქმებული ფიზიკური პირების ანაზღაურებაში მთელი ქვეყნის მასშტაბით. გამოძიებამ აჩვენა, რომ მუნიციპალური არაკომერციული იურიდიული და საჯარო სამართლის სუბიექტების დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. ამ პიროვნებებს, რომლებიც ხშირად სამსახურშიც კი არ ჩნდებიან, სავარაუდოდ, მთავრობა პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, კერძოდ, საპროტესტო აქციებისას და ამომრჩეველთა მოსყიდვისთვის, რაც არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის პოტენციური სტრატეგიას წარმოადგენს.
ზურაბ მოდებაძისა და ნინო ზურიაშვილის გამოძიებამ „სისტემა ხალხის წინააღმდეგ“ გამოავლინა თუ როგორ იყენებდა ხელისუფლება უკანონო დაკავებებს, ე.წ. “უცხოური გავლენის აგენტების” კანონის წინააღმდეგ პროტესტის ჩასახშობად. ჟურნალისტურმა გამოძიებამ წარმოაჩინა პოლიციის მიერ ცრუ ჩვენებების საფუძველზე აქტიური მოქალაქეების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების დაკავების შემთხვევები. გამოძიებამ აჩვენა, თუ როგორ იყენებს ხელისუფლება დაკავებებს საზოგადოების დაშინებისა და გაჩუმებისათვის, რაც ერთგვარი მსუსხავი ეფექტია საპროტესტო მოძრაობებზე. ამის პარალელურად კი, მოსამართლეები, რომლებიც ამ საქმეებს უძღვებიდნენ, უვადოდ დაინიშნენ.
ჟიურის განსაკუთრებული აღიარება დაიმსახურა სამხრეთის კარიბჭემ და მისმა ჟურნალისტებმა - ნუკა სტეფნაძემ, თაკო ფეიქრიშვილმა და თემო ინასარიძემ, მცირე ადგილობრივი მედიასაშუალების მიერ გაწეული გამორჩეული ძალისხმევისა და მონდომებისთვის.
შეზღუდული რესურსებისა და რთული გარემოს მიუხედავად, ჟურნალისტებმა ჩაატარეს გამოძიებების შესანიშნავი სერია, რომლებმაც გამოააშკარავეს არაერთი დარღვევა, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, კორუფციის და საბიუჯეტო რესურსების არასათანადო ხარჯვის შემთხვევები. მათ მიერ გაწეულმა შრომამ გაახმოვანა ადგილობრივი თემების წინაშე მდგარი პრობლემები, რომლებიც სხვა შემთხვევაში საზოგადოებისათვის შეუმჩნეველი დარჩებოდა.