„აქტუალური თემა“ განსხვავებული აზრის გარეშე
04.11.2024


ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, 31 ოქტომბერს „პირველი არხის“ ეთერში დაბრუნდა გადაცემა „აქტუალური თემა“ მაკა ცინცაძესთან ერთად, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ტოქშოუა. როგორც მის აღწერაში ვკითხულობთ: “გადაცემაში მაყურებელი ნახავს დღის თუ კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი თემის შესახებ მომზადებულ რეპორტაჟებს, შემოგვთავაზებს ამ თემებზე სხვადასხვა მხარის შეფასებებს, პოზიციას, იმ გადაწყვეტილებებს, რაც ცვლის ჩვენს ყოველდღიურობას.”


საზოგადოებრივი მაუწყებლის შინაარსობრივ ვალდებულებებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს. კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი მათ შორის ვალდებულია: ​​ე) პროგრამებში არ გამოხატოს თავისი აზრი; ვ) ასახოს საზოგადოებაში არსებულ მოსაზრებათა პლურალიზმი. 

იმის საჩვენებლად, რამდენად შესთავაზა მაკა ცინცაძემ მაყურებელს „სხვადასხვა მხარის შეფასებები“ „აქტუალური თემის“ 31 ოქტომბრის გადაცემა განვიხილოთ. ანონსი, საიდანაც მაყურებელი წამყვანის პოზიციას თავიდანვე ხვდება,  გვატყობინებს: „არაღიარებული მარცხი და „მაკკეინის ინსტიტუტის“ სცენარი ქართულ პოლიტიკურ სცენაზე. ნაადრევი ზეიმი, შეცვლილი რიტორიკა და სალომე ზურაბიშვილი ისევ კონსტიტუციის წინააღმდეგ. ქუჩა, დახმარების თხოვნა საერთაშორისო პარტნიორებისთვის და პროტესტი გეგმის გარეშე. ხმების პარალელური დათვლის შედეგები და „ისფედის“ მიერ გასაიდუმლოებული მონაცემები. ოპოზიცია გაყალბებაზე საუბრობს და ამ დრომდე მტკიცებულებების გასაჯაროებით იმუქრება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის პასუხი და არგუმენტები – გადაცემის პირველ ნაწილში – საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარე აქტუალური თემით. გარე აქტორები, მოწოდებები და ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის კარზე. პოლიტიკური ნიშნით ძალადობა დემოკრატიის საფარქვეშ, ბულინგი ევროპელობის სახელით, საზოგადოების დაყოფა, ფსიქოლოგიური ტერორი, თავდასხმები სოციალურ ქსელებში და ადამიანის უფლებების დარღვევაზე მდუმარე უფლებადამცველები. ისევ ქუჩაში გადატანილი პოლიტიკური პროცესი და ოპოზიციის უცვლელი სტრატეგია. კვირის და წლის ყველაზე აქტუალური თემა, ხუთშაბათს 22 საათზე, პირველ არხზე.” 

რაც შეეხება გადაცემის სტუმრებს, ისინი იყვნენ: ყოფილი აქტივისტი, პოლიტპატიმარი და ამჟამად „საქართველოს რკინიგზის“ ფილიალ მგზავრთა გადაყვანის დირექტორი დაჩი ცაგურია, 90-იანი წლებიდან მოყოლებული სხვადასხვა დროის პარლამენტის წევრი და მინისტრი, ეკოლოგი ბიძინა გიორგობიანი, ადვოკატი ირმა ჭკადუა, ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი, „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ და „გაერთიანებული დემოკრატების“ ყოფილი წევრი, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ხათუნა ხოფერია,  საქართველოს კულტურის ცენტრის თანამშრომელი, მსახიობი ნიკა გაბელია, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი. 

ვიდრე მაკა ცინცაძე სტუმრებთან საუბარს დაიწყებს, ის ჟურნალისტ სალომე ქოქიაშვილის რეპორტაჟს წარადგენს. შესავალი ტექსტის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი „მაკკეინის ინსტიტუტის გზამკვლევზეა“, რომელიც გადაცემის განმავლობაში კიდევ არაერთხელ გაიჟღერებს და რომელიც „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორის, ლორა თორნტონის მიერ მომზადებული და 2024 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული ანგარიშია.

 

სალომე ქოქიაშვილის სიუჟეტში ხაზგასმით არის აღნიშნული 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი პერიოდი, როცა ოპოზიციის ლიდერები, ისევე როგორც ახლა, არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ და ხალხს პროტესტისკენ მოუწოდებენ. სიუჟეტში თავმოყრილია ნაწყვეტები ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ძველი და ახალი ინტერვიუებიდან და მათი მიტინგზე წარმოთქმული სიტყვები. სიუჟეტის ტენდენციურობას ქოქიაშვილის საავტორო ტექსტიც განსაზღვრავს, რომელშიც ამგვარი შეფასებითი ტონი უხვად არის: “პრეზიდენტმა ბრძოლაში ბოლომდე ერთგულება აღუთქვა რუსთაველზე შეკრებილ ხალხს, რომელსაც ძველი პოლიტიკური ლიდერები, აგერ უკვე მერამდენე არჩევნებია არწმუნებენ, რომ მათ არჩევანს იპარავენ”.  (იხილეთ სიუჟეტი გადაცემის  03:00 წუთზე).

ვიდრე გადაცემის პირველი სტუმრის, გიორგი კალანდარიშვილის ჩართვა დაიწყებოდა, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წარმატებულად ჩატარებაზე ისაუბრა, სტუდიის სტუმრებმა მიმდინარე მოვლენები შეაფასეს. „საქართველოს რკინიგზის“ ფილიალ მგზავრთა გადაყვანის დირექტორის, დაჩი ცაგურიას სიტყვებში, რომელიც არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით წარმოთქმულ ბრალდებებს პასუხობდა, საერთაშორისო პარტნიორებისა თუ დამკვირვებლების დისკრედიტაციის აშკარა მცდელობა ისმოდა:

„დედამიწაზე, ამ პლანეტაზე ჯერ არ ჩატარებულა არჩევნები, ერთ სულ მოსახლეზე რომ გადაიყვანო და უბანზე, რომ ამდენი დამკვირვებელი სადმე ესწრებოდეს. ეგეთი რამეც არ არის. ამ ევროპელებს კიდევ ძალიან დიდი პატივისცემით მინდა ვუთხრა, რომ ამდენი ფული რომ დახარჯეთ, თქვე ოჯახაშენებულებო, გოგო ბიჭს და ბიჭი გოგოს რომ პატიჟებს კაფეში, გოგო გოგოსას იხდის, ბიჭი - ბიჭისას. ამდენი ფული რომ დაახარჯეთ ამათ და ერთ მტკიცებულებას რომ ვერ დებენ გაყალბებისას, პასუხი მაინც მოსთხოვეთ, სად წაიღეს ეს ამდენი ფული?!“ 

გადაცემის შემდეგი სტუმარი უკვე „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილია, რომელიც თითქმის 20 წუთი ეთმობა. იქიდან გამომდინარე, რომ გადაცემის მთავარი თემა საპარლამენტო არჩევნებია, საინტერესოა, რა კითხვები დაუსვა წამყვანმა მთავარ სტუმარს და რის შესახებ სცადა ინფორმაციის მიღება: 1. ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან შეხვედრის დეტალები. 2. საარჩევნო კომისიაში შესული საჩივრების კლების ტენდენცია (რას უკავშირდება ის და რა შინაარსის არის). 3. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ გაცხადებული ბრალდება ვერიფიკაციის აპარატში სავარაუდოდ ჩატვირთული დუბლირებული სიების შესახებ 4. თუკი დარღვევებს ჰქონდა ადგილი, რატომ არის კომისიებში ოპოზიციის წარმომადგენელთა ხელმოწერა დღის ბოლოს? უკანასკნელი კვირის ყველაზე აქტუალური თემის მთავარ აქტორთან მაკა ცინცაძე ამ საკითხებით შემოიფარგლა.

ამის შემდეგ საუბარი, როგორც გადაცემის ანონსში იყო გაცხადებული, „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორის, ლორა თორნტონის შეფასების დოკუმენტზე იწყება, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ეხება. (შეფასების დოკუმენტის მოკლე ვერსია იხილეთ აქ)  ამ საკითხთან დაკავშირებით წამყვანი ბიძინა გიორგობიანს მიმართავს: “არჩევნებამდე სულ ცოტა ხნით ადრე, საზოგადოებამ იხილა „მაკკეინის ინსტიტუტის“ დოკუმენტი, ერთგვარი სცენარი და შეიძლება ითქვას გზამკვლევი ოპოზიციისთვის. როგორც მმართველი გუნდი აანონსებდა, არჩევნებიდან 5 დღის შემდეგ შეგიძლიათ თუ არა თქვათ, რომ ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური გეგმები სცენარს ერთგვარად სიზუსტით მიჰყვება?” 

მაყურებელს, რომელიც გადაცემას თვალს ადევნებს და ინფორმაცია არც „მაკკეინის ინსტიტუტის“ და არც მისი პროგრამების დირექტორის, ლორა თორნტონის შეფასების დოკუმენტის შესახებ არ აქვს, წამყვანი არაფერს უყვება. მაყურებელმა, ალბათ, არც ის იცის, ამ დოკუმენტში რა წერია. ამიტომ გადაცემის წამყვანისა და მისი სტუმრების საუბრიდან გამომდინარე შეიძლება ჩათვლის, რომ დოკუმენტში რევოლუციის სცენარია მოცემული და „მაკკეინის ინსტიტუტი“ გასცემს განკარგულებებს როგორც საქართველოს, ისე ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისთვის. 

“გაქვთ თუ არა აღქმა, რომ საერთაშორისო აქტორები („მაკკეინის ინსტიტუტის“ წარმომადგენლები) ზედმეტად აქტიურად ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში?” - ამ კითხვით მაკა ცინცაძე უკვე ხათუნა ხოფერიას მიმართავს, რომელიც აღნიშნავს, რომ „„მაკკეინის ინსტიტუტი“ სინამდვილეში არის გლობალური ომის პარტიის ფასადური სახე.” 

ხათუნა ხოფერია ამ ინსტიტუტის მიერ საქართველოში „დაგეგმილ არეულობაზე“ კიდევ დიდხანს საუბრობს და მასში მონაწილე ქართველ პოლიტიკოსებსაც ამხელს, რომელთა შორის სალომე ზურაბიშვილი საკვანძო ფიგურაა. ხოფერიამ დაახლოებით 10 წუთი ისაუბრა, გადაცემის წამყვანს მისთვის დამატებითი ან დამაზუსტებელი კითხვა არ დაუსვამს, მას მხოლოდ ერთხელ დაეხმარა რეპლიკით: “ტელეფონით შეწუხებული ჰყავს თურმე ნახევარი სამყარო სალომე ზურაბიშვილს. ამბობს მაგალითად, შალვა პაპუაშვილი.” 

არჩევნების გავლენა და მოსალოდნელი აქციების სავარაუდო ზიანი ქართული ეკონომიკისთვის - ამ საკითხით უკვე მაკა ცინცაძემ გადაცემის მერვე სტუმარს, „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელს, გიორგი აბაშიშვილს მიმართა. 

გადაცემის მიწურულს “აქტუალური თემის” წამყვანმა რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის: მამუკა ხაზარაძის, ზურაბ ჯაფარიძის, ალეკო ელისაშვილის და ნიკა მელიას გაკეთებული კომენტარები წაიკითხა. როგორც ჩანს, სწორედ ეს იყო „სხვა მხარის“ პოზიცია, რადგან 2-საათიან პოლიტიკურ ტოქშოუში, რომელშიც 8 სტუმარი მონაწილეობდა, მაყურებელს სხვა განსხვავებული აზრი ან რეპლიკა არ მოუსმენია. 

„პირველი არხის“ მთავარი პოლიტიკური ტოქშოუ, რომელსაც განსხვავებული მოსაზრებების ასახვას კანონი ავალდებულს, საკუთარი ცევის კოდექსი კი უზუსტებს, მაყურებელს მაინც მხოლოდ ცალმხრივ ინფორმაციის აწვდის. 

“ვიყოთ მიუკერძოებლები. შევისწავლოთ და სამართლიანად ავსახოთ განსხვავებული პოზიციები საკამათო საკითხის შესახებ. დავიცვათ ბალანსი და არ გამოვხატოთ არც ერთი პოზიციის მხარდაჭერა. უყურადღებოდ არ დავტოვოთ არც ერთი საგულისხმო და ღირებული აზრი“, - ვკითხულობთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსში. 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ