საპარლამენტო არჩევნების დღეს, 26 ოქტომბერს „აჭარის ტელევიზიის“
საინფორმაციო გამოშვება „მთავარის“ წამყვანმა, გიორგი მიქელაძემ
პირდაპირ ეთერში, 20:40 საათზე, განაცხადა, რომ ორგანიზაცია
„სირცხვილია“ რამდენიმე წევრმა დატოვა.
გიორგი მიქელაძის თქმით, „ისინი აცხადებენ, დღეს მიიღეს ისეთი ტიპის დავალებები, რომელიც გულისხმობდა საარჩევნო პროცესის სპეციალურად ჩაშლას და სიტუაციის დაძაბვის მცდელობას, რათა შემდგომ ოპოზიციას ესაუბრა უბნებზე მიმდინარე დაპირისპირებებზე და საარჩევნო პროცესზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის მოხდენაზე“. წამყვანის ტექსტის შემდეგ კადრში მარიამ მჭედლიძე და გიორგი პაქსაშვილი გამოჩნდნენ, რომლებმაც თქვეს, რომ საარჩევნო უბანზე, პროცესისთვის ხელის შესაშლელად, ორგანიზაცია მათ მითითებებს აძლევდა.
„სრულიად კარგად ჰქონდათ იმის გეგმა დალაგებული, როგორ ჩაეშალათ არჩევნები. გვეუბნებოდნენ, რომ ხალხი, რომელიც ოპოზიციას დაუჭერდა მხარს, ჩვენ მათთვის ანალოგიურად მხარი უნდა დაგვეჭირა, თუმცა ხალხი, რომელიც მათ არ დაუჭერდა მხარს, მათზე უამრავი საჩივარი უნდა დაგვეწერა და ასე უნდა გაგრძელებულიყო მთელი დღე. დაგვირეკავდნენ და ანალოგიურ რაღაცეებს გვეტყოდნენ, რაც ჩვენ აუცილებლად უნდა შეგვესრულებინა. თუ მოვიდოდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც დარწმუნებულები არ იყვნენ თავიანთ გადაწყვეტილებაში, ვისთვის მიეცათ ხმა, მათთვის უნდა გვერჩია, რომ მათ ოპოზიციისთის დაეჭირათ მხარი“, - თქვა „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში მარიამ მჭედლიძემ.
გიორგი პაქსაშვილმა კი აღნიშნა, რომ ორგანიზაციიდან მას მითითებები მისცეს, რაც შეიძლება მეტი საჩივარი დაეწერა და პროცესისთვის ხელი შეეშალა:
„გვინდოდა, რომ ობიექტურად, ხალხის ხმები დამეცვა, მაგრამ სულ სხვა რეალობა დამხვდა. როცა მივედი არჩევნებზე, მითითებას მაძლევდნენ, რომ რაც შეიძლება მეტი საჩივარი დაგვეწერა, მაქსიმალურად ხელი შეგვეშალა საარჩევნო უბნის პროცესში. ბეიჯი მოვიხსენი, წამოვედი. არ მინდოდა, ამათი მანიპულაციისთვის ხელი შემეწყო“.
გუშინ, 3 ნოემბერს კი, ტელეკომპანია „იმედის“ კვირის შემაჯამებელ გადაცემა „იმედის კვირაში“ გავიდა საბა ხვიჩიას მიერ მოამზადებული სიუჟეტი სათაურით - „ტოპვერაგების საბოტაჟი“. ავტორის მტკიცებით, „რადიკალები“ არჩევნების საბოტაჟს ცდილობდნენ და „დირექტივებს აძლევდნენ საუბნო და საოლქო კომისიის წევრებს, რომ როგორმე კენჭისყრის პროცესი ჩაშლილიყო“. ერთ-ერთ რესპონდენტად „იმედის კვირასაც“ მარიამ მჭედლიძე ჰყავდა ჩაწერილი:
„ხალხი, ვინც არ იცოდა, ვისთვის უნდა დაეჭირა მხარი, მათთვის აუცილებლად უნდა გვერჩია, რომ ოპოზიციისთვის დაეჭირათ მხარი. ხოლო, ხალხს თუ შევატყობდით, რომ „ქართულ ოცნებას“ უჭერდა მხარს, მათთვის აუცილებლად საჩივრები უნდა დაგვეწერა ისეთ წვრილმან რაღაცეებზე, რაც ყოვლად დაუშვებელია,“ - იმეორებს მჭედლიძე „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში ნათქვამს.
საბა ხვიჩიას თქმით, მჭედლიძე ვარკეთილში, ერთ-ერთ უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იყო მივლენილი. ის „სირცხვილიას“ წარმოადგენდა და ორგანიზაცია 26 ოქტომბრის საღამოს, არჩევნების დღესვე დატოვა. როგორც „იმედის კვირის“ ჟურნალისტმა აღნიშნა, მიზეზი „უკანონო დირექტივები“ გახდა, რომელსაც „სირცხვილიას“ კოორდინატორი მჭედლიძეს მთელი დღის განმავლობაში შეტყობინებების სახით უგზავნიდა.
გიორგი პაქსაშვილისა და მარიამ მჭედლიძის მიერ „სირცხვილიას“ დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, თავად ორგანიზაციაც გამოეხმაურა.
„სირცხვილიას“ განცხადებით, ეს ადამიანები მოძრაობის წევრები არასდროს ყოფილან:
“„სირცხვილიას“ არსებობის მანძილზე, ეს ადამიანები არასდროს ყოფილან მოძრაობის წევრები. როგორც ჩანს, მათ მოძრაობის მიერ საარჩევნო დამკვირვებლებისთვის შექმნილი ონლაინ ტრენინგი გაიარეს, რათა შემდეგ ეს სასაცილო კამპანია ეწარმოებინათ.
მარიამ მჭედლიძეს და გიორგი პაქსაშვილს სამსახიობო ოსტატობისთვის აუცილებლად გადავცემდით დამსახურებულ ჯილდოს, რომელიმე ოდესმე თვალით რომ გვენახა“.
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ პირველი პრინციპით, „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.
მე-11 პრინციპის მიხედვით კი, ჟურნალისტმა ფაქტის განზრახ დამახინჯება უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს.
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ წევრობაზე დაფუძნებული დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომლის ხელმომწერიც 300-ზე მეტი ჟურნალისტია.