MDF: სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მედიებიდან ყველაზე მეტ ანტიდასავლურ გზავნილს PosTV ავრცელებდა
13.11.2024


„მედიის განვითარების ფონდი“ წინასაარჩევნო პერიოდში ტრადიციულ და სოციალურ მედიაში ანტიდასავლურ გზავნილებსა და დეზინფორმაციას იკვლევდა. შუალედურ ანგარიშში - „ანტიდასავლური პროპაგანდა და დეზინფორმაცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე“ 1 ივლისიდან 1 ოქტომბრამდე პერიოდია გაანალიზებული.

ანტიდასავლური გზავნილები ტრადიციულ მედიაში

ანტიდასავლური დისკურსის შესწავლისას „მედიის განვითარების ფონდმა“ სამთვიან პერიოდში 4055 კომენტარი გააანალიზა. გზავნილების უმეტესობა კოლექტიური დასავლეთის (32,9% - 1333) წინააღმდეგ იყო მიმართული, რასაც ანტიამერიკული (23,3% - 945) გზავნილები მოსდევდა. 13,1%-ს კი შეადგენდა რუსეთის მხარდამჭერი პირდაპირი გზავნილები, ან კომენტარები, რომლებიც რუსეთის ქმედებების ირიბ გამართლებას ახდენდა. როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, რუსეთი ერთადერთი სუბიექტია, რომელიც კვლევაში ან პოზიტიურად არის წარმოჩენილი, ან მისი ქმედებების ირიბი გამართლება ხდება, ყველა სხვა სუბიექტი კი ნეგატიურ კონტექსტშია წარმოდგენილი.

MDF-ის შუალედური ანგარიშის მიხედვით, სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მედიები დასავლურ კონსერვატიულ და ჩინურ წყაროებს უფრო ციტირებდნენ, ასევე უკრაინელებს, ვინც ზელენსკის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი, ღიად კრემლისტური გამოცემები კი - რუსეთის და ბელორუსის. არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიზირებულობასა და უცხო ქვეყნის დაკვეთით მოქმედებაზე განცხადებებს კი, სახელისუფლებო პარტიასა და ექსპერტებთან ერთად, სახელისუფლებო პროპაგანდისტული ტელეკომპანიების „იმედისა“ და „პოსტვის“ წამყვანებიც აკეთებდნენ: 

  • მაგდა ანიკაშვილი, ტვ იმედის ჟურნალისტი: ,,...ზღვარი, პრაქტიკულად, პარტიებსა და ენჯეოებს შორის აღარ არსებობს25". 
  • ზვიად ავალიანი, PosTV-ის წამყვანი: “...ისინი რეალურად ასრულებენ დავალებას… ისინი არიან იმ ნარატივში, რასაც ქვია რადიკალური ოპოზიცია და ენჯეო სექტორი და რასაც ამ ნარატივის შემქმნელები ბრძანებენ, ის უნდა გააკეთონ26.’’ 

მედია, როგორც წყარო 

მედიები, რომლებიც ანტიდასავლურ გზავნილებს ავრცელებდნენ ან ასეთი გზავნილების გამტარები რესპონდენტების პოზიციის ხშირი გაშუქების გამო იყვნენ, „მედიის განვითარების ფონდმა“ სარედაქციო პოლიტიკის მიხედვით, კრემლისტურ/ულტრამემარჯვენედ და სახელისუფლებოდ დაყო. 

MDF-ის შუალედური ანგარიშის მიხედვით, კრემლისტური/ულტრამემარჯვენე მედიებიდან ყველაზე მეტ ანტიდასავლურ გზავნილს „სეზონი ტვ“-ის (318) წამყვანები ახმოვანებდნენ. როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, კრემლისტური „ალტ-ინფოს“ ეთერში ძირითადად ამავე ტელევიზიასთან დაკავშირებული კონსერვატიული მოძრაობის წევრები ისხდნენ და მედიისა და პარტიის ერთმანეთისგან გამიჯვნა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, საარჩევნო ციკლის გამო კი, პარტიის წარმომადგენლები რესპონდენტების კატეგორიაში გააერთიანეს.

როგორც კვლევაში ვკითხულობთ, სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მედიებიდან ყველაზე მეტ ანტიდასავლურ გზავნილს PosTV ავრცელებდა (182), რომლის საკონტროლო პაკეტის მფლობელი “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ ჯაფარიძეა. კვლევის ავტორები აღნიშნავენ იმასაც, რომ PosTV განსაკუთრებით ჰომოფობიური და ანტილიბერალური განწყობებით გამოირჩევა, რისთვისაც სპეციალური გადაცემა “ლიბერალიზმის ანატომიაც” კი შექმნა. 

„სახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედში“ (24 - სარედაქციო, 207- რესპონდენტი), ისევე, როგორც ონლაინ სააგენტო “მარშალპრესზე” (7 - სარედაქციო, 815 - რესპონდენტი) ანტიდასავლური კომენტარების სიჭარბე რესპონდენტების ხარჯზე მიიღწევა. ანალოგიური ვითარებაა გაზეთ “რეზონანსშიც” (1 - სარედაქციო, 236 - რესპონდენტი)“, - ვკითხულობთ ანგარიშში.


დეზინფორმაცია და სხვა მანიპულაციური შინაარსი სოციალურ მედიაში

ივლისი-სექტემბრის პერიოდში „მითების დეტექტორმა“ პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ დეზინფორმაციისა და მანიპულაციური შინაარსის 25 შემთხვევა გამოავლინა. 

ანგარიშის მიხედვით, ყალბი ამბების სამიზნეს არჩევნებში მონაწილე კოალიციური გაერთიანებები, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური ლიდერები წარმოადგენდნენ, თუმცა გავრცელებული ყალბი ინფორმაციის უმეტესი ნაწილი, 25-დან 19 შემთხვევა ოპოზიციის წინააღმდეგ იყო მიმართული. წინასაარჩევნო მონიტორინგის დროს გამოკვეთილი სხვადასხვა დარღვევის ტიპებიდან კი, ვიზუალური მანიპულაციების გავრცელება ჭარბობდა. 

„აღსანიშნავია, რომ ყალბი ინფორმაციის წყაროების ტიპოლოგია განსხვავდებოდა სამიზნეების მიხედვით - მმართველი პარტიის საწინააღმდეგო შინაარსის შემთხვევაში, წყაროები ძირითადად იყვნენ ოპოზიციის მხარდამჭერი ფეისბუქ მომხმარებლები და კოალიცია “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წევრები, ხოლო ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ გავრცელებულ ყალბი ინფორმაციის წყაროებში ჭარბობდა სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მედია, სახელისუფლებო ექსპერტები და ოპოზიციის მადისკრედიტირებელი ანონიმური ფეისბუქ გვერდები/ანგარიშები“. 

რეგიონული მედიის სახელით მოქმედი სახელისუფლებო ფეისბუკ გვერდები

წინასაარჩევნოდ „მითების დეტექტორი“ 1 რეგიონული მედიისა (STV.GE) და 3 ფეისბუკ გვერდის აქტივობასაც დააკვირდა, რომლებიც რეგიონულ მედიად პოზიციონირებენ („Guria Times • გურია თაიმსი“, „ჭიათურის საათი“, „სამეგრელოს ქრონიკა“). ანგარიშის მიხედვით, გამოვლინდა, რომ ოთხივე ფეისბუკ გვერდი “ქართული ოცნების” აქტიურ მხარდაჭერას ავლენს. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ STV.GE იმ მედიათა შორისაა, ვინც ყოველწლიურად იღებს სამთავრობო კონტრაქტებს საბიუჯეტო რეკლამებისა და ინფორმაციის გავრცელების მიზნით. 

„დანარჩენი სამი ფეისბუქ გვერდის შემთხვევაში ჩანს, რომ მათ რეგიონული მედიის მხოლოდ სახელწოდებები აქვთ, თუმცა არ აქვთ რეგისტრირებული ვებ-საიტები და რეალურად არა მედიას, არამედ მმართველი პარტიის მხარდამჭერ და ოპოზიციის მადისკრედიტირებელ გვერდებს წარმოადგენენ“. 

„მითების დეტექტორი“ ყურადღებას „გურია თაიმსზე“ ამახვილებს, რომელიც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდშიც იყო გამოვლენილი. როგორც MDF-ის შუალედურ ანგარიშში ვკითხულობთ, Guria Times • გურია თაიმსი შეიმჩნეოდა სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიებთან კოორდინირებულ გავრცელებაში, როდესაც მათ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარის, მიხეილ როთის განცხადებები არჩევნებში ჩარევად შეაფასეს და მასალები იდენტური ტექსტით გაავრცელეს.

წინასაარჩევნო პერიოდში (ივლისი-სექტემბერი) გამოკვეთილი ტენდენციების შესახებ ვრცლად წაიკითხეთ ანგარიშში - „ანტიდასავლური პროპაგანდა და დეზინფორმაცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე“

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ