სასამართლომ სადიგოვისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე მიგრაციის დეპარტამენტის უარი ძალაში დატოვა
18.11.2024

სქრინი - TV პირველი


თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვის სარჩელი შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა. სადიგოვი იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვდა, რომლითაც მიგრაციის დეპარტამენტმა აზერბაიჯანელ ჟურნალისტს საქართველოში ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. 

სასამართლოს გადაწყვეტილებას „სოციალური სამარლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე გამოეხმაურა. მისი თქმით: „ამით სასამართლო თანამონაწილეობს აფგან სადიგოვის ალიევისთვის გადაცემის დანაშაულში და ბრმად და უნამუსოდ ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანში რისკების წინაშე არ დადგება ეს ადამიანი. ადამიანი, რომელიც ორჯერ უკვე იყო დაპატიმრებული უკანონოფ ბაქოში. პროკურატურაც აჩქარებს ექსტრადიციის მოთხოვნით სასამართლოში შესვლას.

ყველა რგოლი ჩართულია ამ ოჯახის გადაგურებაში და ალიევის „ზაკაზის“ შესრულებაში. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დიქტატორების და ავტორიტარების გარიგებისგან დავიცვათ ეს პატიოსანი და გაბედული ჟურნალისტების ოჯახი“.

თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ინტერესებს სწორედ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იცავს. ორგანიზაციის იურისტის, ქეთი ჩუთლაშვილის თქმით, საქალაქო სასამართლოს მიერ სადიგოვისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ძალაში დატოვა სააპელაციოში გასაჩივრდება. 

ცენტრის განცხადებით, მათ სასამართლოში, სხვა მნიშვნელოვან მტკიცებულებებთან ერთად,  Amnesty International-ის წერილიც წარადგინეს. ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას აფგან სადიგოვის ექსტრადიციის დაუშვებლობისკენ მოუწოდებს და წერს, რომ აზერბაიჯანში დაბრუნების შემთხვევაში, სადიგოვის უფლებები სერიოზულად დაირღვევა, მათ შორის არსებობს უკანონო დაკავების, წამების და სხვა არასათანადო მოპყრობის, ასევე არასამართლიანი გასამართლების მომეტებული რისკები. 

„ექსტრადიციაზე დათანხმებით საქართველო დაარღვევს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებას (არგაძევების პრინციპს), არ გადააგზავნოს ნებისმიერი პირი ისეთ ადგილას, სადაც ის დადგება ადამიანის უფლებების ისეთი სერიოზული დარღვევის რეალური რისკის წინაშე, როგორიცაა წამება და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმები. წამების და სხვა არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა საერთაშორისო კანონმდებლობით დაცული აბსოლუტური უფლებაა“.

აფგან სადიგოვს შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი 16 სექტემბერს უთხრა. 21 სექტემბრიდან კი, ჟურნალისტმა შიმშილობა დაიწყო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორც მეუღლე, სევინჩ სადიგოვა ამბობს, ძალიან  მძიმეა. 

სადიგოვს საექსტრადიციო პატიმრობა კიდევ 3 თვით თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 ნოემბერს გაუხანგრძლივა. ის შემდგომი ექსტრადირების მიზნით 3 აგვისტოს დააკავეს. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბრიდან იმყოფება და მას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობა აქვს. აფგან სადიგოვი ონლაინ მედია “Azel.Tv”-ის მთავარი რედაქტორია. 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ