„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ პროკურატურას დანაშაულებრივი ფაქტების სწრაფი და ეფექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს
29.11.2024


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ გმობს საპოლიციო ძალების მიზანმიმართულ და მასობრივ ძალადობას ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე და საქართველოს პროკურატურას დანაშაულებრივი ფაქტების სწრაფი და ეფექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით, 29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის დროს საპოლიციო ძალებმა ზიანი არაერთ ჟურნალისტსა და ოპერატორს მიაყენეს. მათ უმრავლესობას სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა. 

„თვითმხილველთა თქმით, საპოლიციო ძალების წარმომადგენლები, მათ, ვისაც კამერა ან მიკროფონი ეჭირა, დამიზნებით ასხამდნენ სახეში ქიმიურ გამაღიზიანებლებს, თავს  ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. 

დაზარალებული ჟურნალისტების შეფასებით, აქციაზე ამჯერად გამოყენებული ქიმიური გამაღიზიანებლები გაცილებით უფრო ძლიერმოქმედი იყო. ისინი ვარაუდობენ, რომ წყლის ჭავლში, რომელიც საპოლიციო ძალებმა აქციის დასაშლელად გამოიყენა, გარეული იყო გაურკვეველი ქიმიური ნივთიერება, რომელიც იწვევდა კანისა და თვალების წვას, აზიანებდა მხედველობას და აძნელებდა სუნთქვას. დაზარალებულ ჟურნალისტებს უჭირდათ საუბარიც“.

ქარტია აქციის დარბევისას საპოლიციო ძალების მიერ ჟურნალისტებისა და ოპერატორების დევნის, მათთვის მუშაობაში მიზანმიმართული ხელშეშლის, ტექნიკის მიზანმიმართულად დაზიანებისა და წართმევის გამო პროტესტს გამოთქვამს. ორგანიზაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დაუბრუნდეს კანონის ჩარჩოებს და შეწყვიტოს ძალადობა და თვითნებობა. 


28-29 ნოემბრის ღამეს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დარბევისას 40-მდე ჟურნალისტი დაშავდა. შსს-ის ძალები მედიის წარმომადგენლების მიმართ მიზანმიმართული აგრესიით გამოირჩეოდნენ, ჟურნალისტების ნაწილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილს კი სპეციალური საშუალებები, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი შეასხეს. მათ უმრავლესობას დასჭირდა სამედიცინო დახმარებაც. ნაწილს დაუზიანეს ანდა წაართვეს აღჭურვულობა. 

28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების პროცესს აჩერებს, რასაც საპროტესტო აქცია მოჰყვა. 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ