80-მდე ჟურნალისტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ქართულ მედიას მხარდაჭერას უცხადებს
13.12.2024

ფოტო : EPA-EFE/DAVID MDZINARISHVILI

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის“გლობალური ქსელის წევრი რედაქტორები და ჟურნალისტები ერთობლივგანცხადებას ავრცელებენ და ქართულ მედიას მხარდაჭერას უცხადებენ.

„ჩვენ, IPI-ის გლობალური ქსელისა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დამოუკიდებელი მედიის ქსელის წევრები, კატეგორიულად ვგმობთ ჟურნალისტებზემიზანმიმართულ და სასტიკ თავდასხმებს სახელმწიფო უსაფრთხოების ძალებისა და კერძო პირების მხრიდან, საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, რომლებიც მოჰყვა მთავრობის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები 2028 წლის ბოლომდე შეეჩერებინა.

საქართველოსთვის პრესის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ამ მძიმე პერიოდში, ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ გაბედულ ქართველ ჟურნალისტებს, რომლებიც აგრძელებენ თავიანთ უმნიშვნელოვანეს საქმეს – საზოგადოების ინფორმირებას, უკიდურესად მტრულ და სახიფათო გარემოშიც კი. მათი საქმიანობა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებისთვის, არამედ მსოფლიოსთვისაც, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ წვდომა სანდო ინფორმაციაზე იმ მოვლენების შესახებ, რაც ახლა საქართველოში ვითარდება.

ჟურნალისტებს სასტიკადსცემენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ, ემუქრებიან და აკავებენ. ამას გარდა, მათ აპარატურას ართმევენ და ანადგურებენ და მუშაობაში ხელს უშლიან. ამავდროულად, მთავრობა აგრძელებს დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის დისკრედიტაციას.

ადგილობრივი მედიის თავისუფლებაზე მომუშავე ორგანიზაციების ინფორმაციით, 28 ნოემბრის შემდეგ, სულ მცირე, 90 ჟურნალისტს ფიზიკური, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ან მუშაობაში შეუშალეს ხელი. დაზარალებულთა უმეტესობა წარმოადგენს  თბილისში მდებარე დამოუკიდებელ და კრიტიკულად განწყობილ მედიასაშუალებებს.

მედიაზე ეს უპრეცედენტო თავდასხმები ხდება პრესის თავისუფლების სწრაფი გაუარესებისა და დემოკრატიის უკუსვლის ფონზე. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მედიის გარემო უფრო მეტად მტრული და საშიში გახდა, რადგან კრიტიკული ხმების ჩასახშობად სამართლებრივი და ინსტიტუციური ბერკეტები გამოიყენება.

ჩვენთვის  საქართველოს თავისუფალი მედიის სიმამაცე და გამძლეობა შთამაგონებელია. თქვენი საქმიანობა უმნიშვნელოვანესია, ხოლო თქვენი სიმამაცე – შთაგონების წყაროა ჩვენთვის. კიდევ ერთხელ, ჩვენთქვენ სრულ სოლიდარობას გიცხადებთ“, - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც ხელს 80-მდე ჟურნალისტი აწერს.

28 ნოემბრიდან დაწყებული პროევროპული აქციების გაშუქებისას მედიას პროფესიულ საქმიანობაში ხელი 90-ზე მეტ შემთხვევაში შეეშალა. მედიის წარმომადგენლების მიმართ შსს-ის ძალები აგრესიით გამოირჩევიან. ისინი ჟურნალისტების ნაწილს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. მათ დასჭირდათ სამედიცინო დახმარებაც. განსაკუთრებულად დაშავდნენ: გურამ როგავა, ალექსანდრე ქეშელაშვილი, მარიამ გაფრინდაშვილი, მაკა ჩიხლაძე და გიორგი შეწირული. მედიის წარმომადგენლების ნაწილს დაუზიანეს ანდა წაართვეს აღჭურვულობაც.

28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს აჩერებს, რასაც თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა. 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ