მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
14.01.2025


,,ბათუმელებისა“ და ,,ნეტგაზეთის" დამფუძნებელსა და დირექტორს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სახელაშვილმა ამ გადაწყვეტილებით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, მზია ამაღლობელის დაცვის მხარემ გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა. მოსამართლემ წინასასამართლო სხდომა 4 მარტს ჩანიშნა. 

მზია ამაღლობელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამართულ დღევანდელ სხდომაზე ფილიპინელი ჟურნალისტის, ნობელის პრემიის ლაურეატის, მარია რესას წიგნით - „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“ მივიდა.

მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში „ბათუმელების“ დირექტორს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


მზია ამაღლობელის საქმე

„ბათუმელებისა“ და ,,ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. მზია ამაღლობელი პოლიციამ პირველად კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, მოგვიანებით ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა, მალევე მეორედ ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწნის გამო დააკავეს.  

ამაღლობელთან ადვოკატებს რამდენიმე საათის განმავლობაში არ უშვებდნენ. სახალხო დამცველის წარმომადგენელს კი მონახულობის დროს მან უთხრა, რომ არასათანადოდ მოეპყრნენ.

„ბათუმებელის“ ინფორმაციით, პირველი დაკავების შემდეგ აჭარის პოლიციის დეპარტამენტიდან გამოსულ მზია ამაღლობელს ახლობლები დახვდნენ, რომლებიც სამმართველოსთან მისი დაკავების შემდეგ მივიდნენ:

„მზია ამაღლობელი მის საგულშემატკივროდ მისულ ადამიანებს ესაუბრებოდა, რა დროსაც პოლიციამ დაკავების ახალი ტალღა დაიწყო. უწყვეტ, ლაივ კადრებში ჩანს, რომ პოლიციამ უმიზეზოდ დააკავა ჯერ ერთი პირი, შემდეგ კი მეორე. ორივე დაკავებული მზია ამაღლობელის ახლობლები იყვნენ.

პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებების გამო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება დაიწყო, დაიწყო ჭყლეტა და სწორედ ამ დროს დააკავეს მზია ამაღლობელი“.

როგორც გამოცემა წერს, მზია ამაღლობელის დაკავების პროცესში ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე პირადად მონაწილებდა. „ბათუმელების“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში დგებუაძე ამაღლობელის შესახებ ამბობს: „სისხლით... ბო*იშვილი ვიყო სისხლით დავიჭერ... ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.

ბათუმელები/ნეტგაზეთის 13 იანვრის განცხადებით, „სანამ დეტალებზე არ საუბრობს დაცვის მხარე, “ქართული ოცნების” პროპაგანდისტებმა მიმართეს თავიანთ ჩვეულ ტაქტიკას და გაავრცელეს რამდენიმეწამიანი ვიდეოკადრები კონტექსტის გარეშე ამაღლობელის რეპუტაციის შესალახად. თუმცა TV ფორმულა-ს ვიდეოკადრები აჩვენებს დაკავებამდე სიტუაციას, სადაც ნათლად ჩანს, როგორ ქოლავენ ამაღლობელს პოლიციელები ძირს და აწვებიან მხრებზე. ამაღლობელმა ასევე განაცხადა პოლიციის უფროს დგებუაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ დაკავების შემდეგ“. 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ